წვდომის მენიუ

შპს „სინემა კახეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 92 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 29, 2016 12:38

მიღების თარიღი თებერვალი 11, 2016 12:38

შპს „სინემა კახეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 25 დეკემბრის Nშ-10/10349-15 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ შპს „სინემა კახეთის“ მიმართ 2015 წლის 18 დეკემბერს შედგენილი შემოწმების აქტი N29  თანდართული მასალებით (შემოწმების ჩატარების ამსახველი ჩანაწერი CD-ზე, შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და ამ წერილის შპს „სინემა კახეთისთვის“ ჩაბარების დამადასტურებებლი დოკუმენტი; შპს „სინემა კახეთის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია - 2 ფურც.). მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 25 დეკემბრის N10/10349-15 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 18 დეკემბერს კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „სინემა კახეთის“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №29. შემოწმება ჩატარდა ქ. გურჯაანში, მისამართზე  რუსთაველის ქ. N4 შპს „სინემა კახეთის“ ოფისში, კომპანიის მოლარე-ოპერატორის ქეთევან იმერლიშვილის თანდასწრებით.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 25 დეკემბრის N10/10349-15 სამსახურებრივი ბარათიდან ასევე ირკვევა, რომ 2015 წლის 18 დეკემბერს, შპს „სინემა კახეთი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „აჭარა“, „მაესტრო“,„GDS“, „კომედი არხი“, „მარაო“, „ენკი-ბენკი“, „გურჯაანი“, „TV 11“, „ერთსულოვნება“, „ტაბულა“, „პალიტრა ტვ“, „ქართული არხი“, „ივერია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Кинохит“, „Киноклуб“, „Футбол 2“, „Discovery science“,“ Охота и рыбалка“, „Премьера“, „Discovery“, „National Geographic“, „Animal Planet“, „Кухня“, „Боец“, „Индия“, „ОРТ“.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 25 დეკემბრის Nშ-10/10349-15 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „სინემა კახეთს“ 2015 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „აჭარა“, „მაესტრო“,„GDS“, „კომედი არხი“, „მარაო“, „გურჯაანი“, „TV 11“, „ერთსულოვნება“, „ტაბულა“, „პალიტრა ტვ“, „ქართული არხი“, „ივერია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Кинохит“, „Киноклуб“, „Футбол 2“, „Discovery science“,“ Охота и рыбалка“, „Премьера“, „Discovery“, „National Geographic“, „Animal Planet“, „Кухня“, „Боец“, „Индия“, „ОРТ“.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილით (ჩაბარების თარიღი: 16.01.2013; ქვითრის ნომერი: 0100039003655), შპს  „სინემა კახეთს“, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დავალებული ჰქონდა, მის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ პაკეტებსა და საკაბელო ქსელებით გავრცელებული ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე ან/და აღნიშნული არხების პაკეტში ჩასმამდე.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (25.12.15 Nშ-10/10349-15) საფუძველზე, კომისიაში  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2016 წლის 22 იანვარს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს  „სინემა კახეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა  დაინიშნა 2016 წლის 4 თებერვალს 15:00 საათზე;  აღნიშნულის თაობაზე  შპს „სინემა კახეთს“ ეცნობა შეტყობინებით (შეტყობინების თარიღი: 22.01.2016; შეტყობინების სარეგისტრაციო ნომერი: 03/266-16) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. კომისიის 2016 წლის 22 იანვრის N03/266-16 შეტყობინება, კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის სხდომის ჩატარების თაობაზე, შპს „სინემა კახეთს“ ჩაბარდა 2016 წლის 25 იანვარს (გზავნილის კოდი: 070000105566; ჩაბარების თარიღი: 25.01.2016 ; ჩაიბარა: გიორგი მამულაშვილმა).

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სინემა კახეთს“ კომისიის  2016 წლის 29 იანვრის N03/343-16 წერილით დამატებით გაეგზავნა საქმის წარმოების მასალა, რომელიც შპს „სინემა კახეთს“ ჩაბარდა 2016 წლის 2 თებერვალს (გზავნილის კოდი:070000105622; ჩაბარების თარიღი: 02.02.2016; ჩაიბარა: ქეთევან იმერლიშვილმა ).

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სინემა კახეთის“ მიერ 2016 წლის 4 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1110-16; 04.02.2016) წერილით კომისიაში წარმოადგინა რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის სხდომაზე გამოცხადდა შპს „სინემა კახეთის“ დირექტორი გელა ძამუკაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით კომისიაში წარმოადგინა რიგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ასევე განაცხადა, რომ  დამატებით წარმოადგენს ხელშეკრულებებს ან/და სანებართვო წერილებს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სინემა კახეთის“ მიერ 2016 წლის 4 თებერვალს  Nშ-6/1110-16 წერილით წარმოდგენილი რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის სხდომა გადაიდო და შპს „სინემა კახეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 11 თებერვალი, 15 საათი,  რის შესახებაც შპს „სინემა კახეთი“ კომისიის 2016 წლის  4 თებერვლის სხდომაზე გაფრთხილდა და მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სინემა კახეთის“ მიერ 2016 წლის 4 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1110-16; 04.02.2016) წერილით კომისიაში წარმოდგენილ იქნა რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ: 1. შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიასა“ და შპს „სინემა კახეთს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დამატება N1 დათარიღებული 2015 წლის 1 ივნისით (მოაქმედების ვადა: 2015 წლის 1 ივნისიდან 2015 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით), რომლის შესაბამისად, შპს „სი-ენ -ეი ჯორჯია“ გადასცემს უფლებას შპს „სინემა კახეთს“ სატელევიზიო არხების „Охота и рыбалка“, „Шансон“, „Усадьба“, „Драив“ საქართველოს ტერიტორიაზე  რეტრანსლირების უფლებას; 2. შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიასა“ და შპს „სინემა კახეთს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დამატება N2 დათარიღებული 2016 წლის 1 იანვრით (მოქმედების ვადა: 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით), რომლის შესაბამისად, შპს „სი-ენ-ეი ჯორჯია“ გადასცემს უფლებას შპს „სინემა კახეთს“ სატელევიზიო არხების „Охота и рыбалка“, „Шансон“, „Усадьба“, „Драив“ საქართველოს ტერიტორიაზე  რეტრანსლირების უფლებას; 3. შპს „ნიუ კონტენტსა“ და შპს „სინემა კახეთს“ შორის 2015 წლის პირველ ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა: 2015 წლის პირველი ივნისიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით; ხელშეკრულება ითვალისწინებს  ავტომატური წესით გაგრძელლების პირობას), რომლის შესაბამისად, შპს „ნიუ კონტენტი“ გადასცემს შპს „სინემა კახეთს“ სატელევიზიო არხების „Премьера“, „Кинохит“, „Киноклуб“, „Индия ТВ“, „Боец“, „Кухня ТВ“-ის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის უფლებას; 4. 2016 წლის 28 იანვრის შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ სანებართვო წერილი; 5. 2016 წლის 3 თებერვლის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ სანებართვო წერილი; 6. „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივსა“ და შპს „სინემა კახეთს“ შორის 2013 წლის 13 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სატელევიზიო არხ „ობიექტივის“ რეტრანსლირების შესახებ (ხელშეკრულების მოქმედების ვადა: 2013 წლის 13 სექტემბრიდან 2014 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით; ხელშეკრულება ითვალისწინებს ავტომატური წესით გაგრძელების პირობას); 7. ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდსა“ და შპს „სინემა კახეთს“ შორის 2013 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმება სამაუწყებლო არხ „ტაბულას“ ტრანზიტის შესახებ (შეთანხმების მოქმედების ვადა: უვადო); 8. შპს „სტუდია მაესტროსა“ და შპს „სინემა კახეთს“ შორის 2013 წლის 10 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება სატელევიზიო არხ „მაესტროს“ რეტრანსლაციის შესახებ (ხელშეკრულების მოქმედების ვადა: მოქმედებს ერთი წლის ვადით; ხელშეკრულება ითვალისწინებს ავტომატური წესით გაგრძელების პირობას); 9. შპს „პალიტრა TV“-ის სანებართვო წერილი (სანებართვო წერილის გაცემის თარიღი ვერ დგინდება) 10. შპს „ივერია ინტერმედიასა“ და შპს „სინემა კახეთს“ შორის 2011 წლის 31 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება (ხელშეკრულების მოქმედების ვადა: უვადო); 2016 წლის 27 იანვრის შპს „რუსთავი 2“-ის სანებართვო წერილი სამაუწყებლო არხების „რუსთავი 2“, „კომედი არხი“ და „მარაოს“ რეტრანსლირების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სინემა კახეთმა“ 2016 წლის 11თებერვალს კომისიაში Nშ-6/1271-16 წერილით წარმოადგინა სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ: შპს ტელეკომპანია „გურჯაანის“ 2016 წლის 8 თებერვლის და შპს „იბერია TV“-ის 2016 წლის 8 თებერვლის სანებართვო წერილები.

კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის სხდომაზე შპს „სინემა კახეთის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომისიის მიერ შპს „სინემა კახეთი“ 2016 წლის 4 თებერვლის სხდომაზე გაფრთხილებულ იქნა კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის სხდომის თაობაზე, მისი წარმომადგენელი  კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისათვის სხდომის გადადების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „სინემა კახეთი“ კანონით დადგენილი წესით ზემოაღნიშნულის თაობაზე გაფრთხილდა 2016 წლის 4 თებერვლის სხდომაზე და ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ უზრუნველყო დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, კომისიამ მიიჩნია, რომ უფლებამოსილი იყო განეხილა შპს „სინემა კახეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის2015 წლის 25 დეკემბრის Nშ-10/10349 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით (შემოწმების ჩატარების ამსახველი ჩანაწერი CD-ზე, შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და ამ წერილის შპს „სინემა კახეთისთვის“ ჩაბარების დამადასტურებებლი დოკუმენტი; შპს „სინემა კახეთის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია - 2 ფურც.);
  2. შპს „სინემა კახეთის“ 2015 წლის 18დეკემბრის  N29 შემოწმების აქტი;
  3. 2015 წლის 18 დეკემბრის  შპს „სინემა კახეთის“ შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი (1 CD);
  4. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და აღნიშნული წერილის შპს „სინემა კახეთისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  5. კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „სინემა კახეთის“ შესახებ;
  6. შპს „სინემა კახეთის“ 2016 წლის 4 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1110-16; 04.02.2016) წერილი თანდართული მასალით (რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დიკუმენტაცია);
  7. შპს „სინემა კახეთის“ დირექტორის გელა ძამუკაშვილი ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის სხდომაზე;
  8. შპს „სინემა კახეთის“ 2016 წლის 11 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1271-16; 11.02.2016) წერილი თანდართული მასალით (რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია)

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „სინემა კახეთი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 01.02.2010, ავტორიზებული საქმიანობის სახე - A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4  მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
  2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ, 2015 წლის 18 დეკემბერს, 16:50 საათზე განხორციელდა შპს „სინემა კახეთის“ შემოწმება კომპანიის ოფისში, მისამართზე ქ. გურჯაანი, რუსთაველის ქ. N4; აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N29. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში  დასაქმებული უფლებამოსილი პირები: იოსებ ბაღაშვილი და  ზურაბ კვირკველია, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე, კომპანიის წარმომადგენელი (მოლარე-ოპერატორი) ქეთევან იმერლიშვილი;
  3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „სინემა კახეთი“ საკუთარი საკაბელო ქსელით  ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „აჭარა“, „მაესტრო“, „GDS“, „კომედი არხი“, „მარაო“, „ენკი-ბენკი“, „გურჯაანი“, „TV 11“, „ერთსულოვნება“, „ტაბულა“, „პალიტრა ტვ“, „ქართული არხი“, „ივერია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Кинохит“, „Киноклуб“, „Футбол 2“, „Discovery science“,“ Охота и рыбалка“, „Премьера“, „Discovery“, „National Geographic“, „Animal Planet“, „Кухня“, „Боец“, „Индия“, „ОРТ“.
  4. 2015 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით შპს „სინემა კახეთს“ არ ჰქონდა წარმოდგენილი მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „აჭარა“, „მაესტრო“,„GDS“, „კომედი არხი“, „მარაო“, „გურჯაანი“, „TV 11“, „ერთსულოვნება“, „ტაბულა“, „პალიტრა ტვ“, „ქართული არხი“, „ივერია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Кинохит“, „Киноклуб“, „Футбол 2“, „Discovery science“,“ Охота и рыбалка“, „Премьера“, „Discovery“, „National Geographic“, „Animal Planet“, „Кухня“, „Боец“, „Индия“, „ОРТ“;
  5. შპს „სინემა კახეთის“ მიერ 2016 წლის 4 თებერვლის Nშ-6/1110-16 წერილით წარმოდგენილ იქნა მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „მაესტრო“, „ტაბულა“,„პალიტრა ტვ“,„Кинохит“, „Киноклуб“, Охота и рыбалка“, „Премьера“, „Кухня“, „Боец“, „Индия“. შესაბამისად, შემოწმების მომენტში (2015 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით) შპს „სინემა კახეთი“ მართლზომიერად ახორციელებდა ზემოაღნიშნული არხების რეტრანსლირებას საკუთარი საკაბელო ქსელით, თუმცა არხების პაკეტში ჩასმამდე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარმოდგენილი არ ყოფილა.
  6. შპს „სინემა კახეთის“ მიერ 2016 წლის 4 თებერვლის Nშ-6/1110-16  და 2016 წლის 11 თებერვლის Nშ-6/1271-16 წერილებით ასევე წარმოდგენილ იქნა შემოწმების შემდგომ პერიოდში მოპოვებული/გაფორმებული ხელშეკრულებები/სანებართვო წერილები შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „აჭარა“, „რუსთავი 2“, „GDS“, „კომედი არხი“, „მარაო“, „გურჯაანი“. შესაბამისად, 2015 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით შპს „სინემა კახეთის“ მიერ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების ტრანზიტი ხორციელდებოდა არამართლზომიერად;
  7. ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „სინემა კახეთს“ არ აქვს წარმოდგენილი მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „იმედი“, „TV 11“, „ერთსულოვნება“,„ქართული არხი“, „ივერია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Футбол 2“, „Discovery science“, „Discovery“, „National Geographic“, „Animal Planet“, „ОРТ“. შესაბამისად, შემოწმების შედეგად დაფიქსირებულ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება საკუთარი საკაბელო ქსელით შპს „სინემა კახეთის“ მიერ 2015 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით ხორციელდებოდა არამართლზომიერად;
  8. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილით (შპს „სინემა კახეთს“ ჩაბარდა 16.01.2013) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „სინემა კახეთს“ ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე; ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ამავე წერილით შპს „მედია ტვ“-ს ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
  9. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის №29 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
  10. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2015 წლის 18 დეკემბრის №29 შემოწმების აქტით და აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (1 CD);
  11. შპს „სინემა კახეთს“ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში არ დაკისრებია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
  6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
  8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
  9. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქრთველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

კომისიას მიაჩნია, რომ  სამაუწყებლო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „იმედი“, „გურჯაანი“, „TV 11“, „ერთსულოვნება“,„ქართული არხი“, „ივერია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Футбол 2“, „Discovery science“, „Discovery“, „National Geographic“, „Animal Planet“, „ОРТ“, „აჭარა“, „რუსთავი 2“, „GDS“, „კომედი არხი“, „მარაო“-ს შესაბამისი ხელშეკრულებების  გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს „სინემა კახეთის“  მიერ დაირღვა  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენამდე სამაუწყებლო არხების: „მაესტრო“, „ტაბულა“, „პალიტრა ტვ“,„Кинохит“, „Киноклуб“, Охота и рыбалка“, „Премьера“, „Кухня“, „Боец“, „Индия“-ას,  სამაუწყებლო ბადეში ჩასმით, შპს „სინემა კახეთის“ მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სინემა კახეთის“ მიერ 2016 წლის 4 თებერვალს და 2016 წლის 11 თებერვალს კომისიაში წარმოდგენილი (კომისიაში რეგისტაციის Nშ-6/1110-16; 04.02.2016 და შ-6/1271-16; 11.02.2016) წერილებით გაირკვა, რომ შემოწმების შემდგომ პერიოდში, სამაუწყებლო არხებზე: „აჭარა“, „რუსთავი 2“, „GDS“, „კომედი არხი“, „მარაო“, „გურჯაანი“ მოპოვებული/გაფორმებული მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენით, შპს „სინემა კახეთმა“ წარმოების პროცესში ნაწილობრივ აღმოფხვრა დარღვევის ფაქტი.

ვინაიდან, შპს „სინემა კახეთის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ზემოაღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

კომისიას მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „სინემა კახეთს“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ იმ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირება, რომელთა მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიის მიერ კომისიაში წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის წარმოდგენილი არ არის, კერძოდ: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „იმედი“, „TV 11“, „ერთსულოვნება“, „ქართული არხი“, „ივერია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Футбол 2“, „Discovery science“, „Discovery“, „National Geographic“, „Animal Planet“, „ОРТ“.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შპს „სინემა კახეთს“ მიეცეს გაფრთხილება, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
  2. შპს „სინემა კახეთმა“ უზრუნველყოს შემდეგი სატელევიზიო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „TV 11“, „ერთსულოვნება“, „ქართული არხი“, „ივერია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Футбол 2“, „Discovery science“, „Discovery“, „National Geographic“, „Animal Planet“, „ОРТ“-ეს საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სინემა კახეთისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „სინემა კახეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  „სინემა კახეთისთვის“ ჩაბარების დღიდან;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

კომისიის თავმჯდომარე                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები