წვდომის მენიუ

შპს „ტელევიზია კახეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 94 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2016 15:41

მიღების თარიღი თებერვალი 11, 2016

შპს „ტელევიზია კახეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 2015 წლის 25 დეკემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 25 დეკემბრის Nშ-10/10350-15 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2015 წლის 18 დეკემბერს შპს „ტელევიზია კახეთის“ მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი N28 თანდართული მასალებით (1 CD, შემოწმების აქტი N28, შპს „ტელევიზია კახეთის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კომისიის 2013 წლის 14 იანვრის წერილი N04/80-13 და ამ წერილის შპს „ტელევიზია კახეთისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი, 2015 წლის 18 დეკემბრის შპს „ტელევიზია კახეთის“ შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის დამადსტურებელი დოკუმენტი), რომელთა თანახმად ირკვევა, რომ 2015 წლის 18 დეკემბერს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „ტელევიზია კახეთის“  შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №28. შემოწმება ჩატარდა ქ. ახმეტაში, ლესელიძის ქუჩა N3,  შპს „ტელევიზია კახეთის“ ოფისში, კომპანიის ტექნიკოსის ზურა ბაგაურის თანდასწრებით.  შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  შპს „ტელევიზია კახეთი“  საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: 1. „იმედი“, 2. „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, 3. „რუსთავი 2“, 4. „აჭარა“, 5. „ერთსულოვნება“, 6. „მაესტრო“, 7. „tv 11“, 8. „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, 9. „კომედი არხი“, 10. „GDS“, 11. „გურჯაანი“, 12. „ობიექტივი“, 13. „ტაბულა“, 14. „მარაო“, 15. „Охота и рыбалка“, 16. „ენკი-ბენკი“, 17. „Наше Кино“, 18. „Авто+“, 19. „Усадьба“, 20. „სტერეო+“.

კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების (ხელშეკრულებები შპს „ტელევიზია კახეთსა“ და შპს „გურჯაანს“, ააიპ „სამოქალაქო განვითარების ფონდსა“, შპს „ჯი-დი-ეს“ და „აჭარის ტელევიზიის“ შორის) და კომისიის აპრატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ 2015 წლის 18 დეკემბრის მდგომგარეობით, კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: 1. „იმედი“, 2. „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, 3. „რუსთავი 2“, 4. „ერთსულოვნება“, 5. „მაესტრო“, 6. „tv 11“, 7. „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, 8. „კომედი არხი“, 9. „ობიექტივი“, 10. „მარაო“, 11. „Охота и рыбалка“, 12. „ენკი-ბენკი“, 13. „Наше Кино“, 14. „Авто+“, 15. „Усадьба“, 16.„სტერეო+“. შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ტელევიზია კახეთის“ მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (25.12.2015; N10/10350-15) საფუძველძე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2016 წლის 11 იანვარს - შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან,  დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელევიზია კახეთისათვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა  დაინიშნა 2016 წლის 28 იანვარს 15:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს „ტელევიზია კახეთს“  ეცნობა შეტყობინებით (11.01.2016; N03/72-16) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს „ტელევიზია კახეთს“  შეტყობინება ჩაბარდა 2016 წლის 13 იანვარს, რაც დასტურდება შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ გაცემული დოკუმენტაციით (გზავნილის კოდი: 07000015838).  კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2016  წლის 28 იანვრის კომისიის სხდომას  არ ესწრებოდა შპს „ტელევიზია კახეთის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა, სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ კომპანიას  ჩაბარდა 2016 წლის 13 იანვარს.  კომისიის მიერ დაცული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნები დაინტერესებული პირის ადმინისტრაციული წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომისიამ 28 იანვრის სხდომაზე საკითხის განხილვა გადადო 2016  წლის 4 თებერვალს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „ტელევიზია კახეთს“  ეცნობა შეტყობინებით (N03/356-16), რომელიც შპს „ტელევიზია კახეთს“ 2016 წლის 2 თებერვალს ჩაბარდა.

2016 წლის 4 თებერვლის კომისიის სხდომას, ესწრებოდა შპს „ტელევიზია კახეთის“ დირექტორი დ. ბაგაური, რომელმაც კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ  მთელ რიგ ქართულ არხებზე მას გააჩნდა სანებართო წერილები, რომლებსაც დაუყოვნებლივ წარმოადგენდა კომისიაში, რის გამოც  მოითხოვა სხდომის ერთი კვირით გადადება. 

კომისიამ დააკმაყოფილა  შპს „ტელევიზია კახეთის“ დირექტორის მოთხოვნა და გადადო სხდომა  2016 წლის 11  თებევლისათვის,  რის შესახებაც დავით ბაგაური გაფრთხილდა კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის სხდომაზე კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 8 თებერვალს, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, შპს „ტელევიზია კახეთის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა  რიგი სამაუწებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (კომისიაში რეგისტრაციის: 08.02.2016; N6/1172-16), კერძოდ:  შპს „ტელევიზია კახეთს“ და შპს „ობიექტივს“  შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევიდა 2013 წლის 7 ოქტომბრიდან და ყოველ ერთ წელში ავტომატურად გრძელდება; საქართველოს საკაბელო ქსელების ასოციაციის სანებართვო წერილი ქართული სამაუწყებლო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხის“,  „საზოგადეობერივი მაუწყებელი II არხის“, „მზე“, „აჭარა“, „კავკასია“, „1 სტერეო“, „ივერია“, „ტელეკომპანია თბილისი (Music Box)” საკაბელო ქსელით  უსასყიდლოდ გავრცელების უფლების მიცემის შესახებ;  შპს „ტელეკომპანია „TV3”-სა და შპს „ტელევიზია კახეთს“  შორის გაფორმებული შეთანხმება (01.12.2014; მოქმედების ვადა: უვადო); შპს „ტელეკომპანია „TV8”-ის შეთანხმება (1.12. 2014; მოქმედების ვადა: უვადო); ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ შეთანხმება (31.10.2013; მოქმედების ვადა: უვადო);  შპს „ტელეკომპანია გურჯაანის“ სანებართვო წერილი (15.12.2014); შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ასლი სამაუწყებლო არხების: „Охота и Рыбалка“,  „Усадьба“,  „Шансон“,  „Music Box ru“, „ Драйв“,  „Детский Мир Телеклуб“, „Наше Кино“, „ Юмор ТВ“,  „RTVI“ საკაბელო ქსელით გავრცელების თაობაზე (01.06.2015 – 31.05.2016); 2016წლის 2 თებერვლის სანებართვო წერილები სამაუწყებლო არხების: „რუსთავი 2“-ის,  „კომედი არხის“ და „მარაოსი“  შპს „ტელევიზია კახეთისათვის“ საკაბელო ქსელით გავრცელების უფლების მიცემის შესახებ; საქართველოს საპატრიარქო ტელევიზიის „ერთსულოვნების“ სანებართვო წერილი (09.02.2016);

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „კახეთის ტელევიზიის“ დირექტორი დავით ბაგაური.  ტელეკომპანიის წარმომადგენელმა  დაადასტურა 2015 წლის 18 დეკემბერს  სამაუწყებლო არხების  1. „იმედი“, 2. „მაესტრო“, 3. „tv 11“, 4. „ენკი-ბენკი“, 5. „Авто+“, 6. „რუსთავი 2“. 7. „მარაო“, 8 „კომედი არხი“, 9. „ერთსულოვნება“ და 10. „სტერეო +“  არამართზომიერი ტრანზიტი, ასევე კომისიაში შესაბამისი ხელშეკრულებების და სანებართვო წერილების წარმოდგენის გარეშე სამაუწყებლო არხების: 1. „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, 2. „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, 3. „ობიექტივი“, 4. „Охота и Рыбалка“, 5. „Усадьба“, 6. „Наше Кино“  გადაცემის ფაქტი.  დ. ბაგაურმა  კომისიის სხდომაზე  წარმოადგინა 2016 წლის 9 თებერვლის შეთანხმება გაფორმებული საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულვონებასა“  და 2012 წლის 20 თებერვალს გაფორმებული შეთანხმება შპს „ტელეიმედთან“, რომელიც ძალაში იყო 2012 წლის 31 დეკემბრამდე.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 25 დეკემბრის  N10/10350-15 სამსახურებრივი ბარათი;
  2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის შემოწმების აქტი N28;
  3. შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი;
  4. შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
  5. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და ამ წერილის შპს „ტელევიზია კახეთისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (16.01.2013);
  6. შპს „ტელევიზია კახეთის“ მიერ 2016 წლის 8 თებერვალს კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტრებელი დოკუმენტაციები (კომისიაში რეგისტრაციის:N6/1172-16; 8.02.2016);
  7. შპს „ტელევიზია კახეთის“  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  8. შპს „ტელევიზია კახეთის“ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
  9. შპს „ტელევიზია კახეთის“ დირექტორის დ. ბაგაურის მიერ კომისიის 2016 წლის 4 და 11 თებერვლის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „ტელევიზია კახეთი“  წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 01.02.2010.); მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე და მაუწყებლობის ტრანზიტზე);  
  2. 2015 წლის 18 დეკემბერს, 15:20 საათზე განხორციელდა შპს „ტელევიზია კახეთის“  შემოწმება ქ. ახმეტაში, ლესელიძის ქუჩა N3 შპს „ტელევიზია კახეთის“ ოფისში, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირკველია, ი.ბაღაშვილი); შემოწმებას ესწრებოდა შპს „ტელევიზია კახეთის“ ტექნიკოსი - ზ. ბაგაური. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N28. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ზ. კვირკველია და ი. ბაღაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე - ზურა ბაგაური;
  3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2015 წლის 18 დეკემბერს  შპს „ტელევიზია კახეთი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: 1. „იმედი“, 2. „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, 3. „რუსთავი 2“, 4. „აჭარა“, 5. „ერთსულოვნება“, 6. „მაესტრო“, 7. „tv 11“, 8. „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, 9. „კომედი არხი“, 10. „GDS“, 11. „გურჯაანი“, 12. „ობიექტივი“, 13. „ტაბულა“, 14. „მარაო“, 15. „Охота и рыбалка“, 16. „ენკი-ბენკი“, 17. „Наше Кино“, 18. „Авто+“, 19. „Усадьба“, 20. „სტერეო+“ .
  4. 2013 წლის 14 იანვარს N04/80-13 წერილით, რომელიც შპს „ტელევიზია კახეთს“ ჩაბარდა 2013 წლის 16 იანვარს, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, მას განემარტა, რომ ტელე ან რადიო არხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ; ამავე წერილით შპს ,,ტელევიზია კახეთს“ განემარტა, რომ წერილში აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების მართლზომიერება დაუდასტურებლად იქნებოდა მიჩნეული. აღნიშნული წერით კომპანიას ასევე განემარტა, რომ მომხმარებლისთვის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ შეთავაზებულ პაკეტში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
  5. შემოწმების სისწორე დადასტურდა 2015 წლის 18 დეკემბრის N28  შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
  6. შპს „კახეთის ტელევიზიამ“  2016 წლის 8 თებერვალს კომისიაში წარმოადგინა რიგი სამაუწყებლო არხის მართლზომიერი ჩვენების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები („ობიექტივი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი 1 არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი 11 არხი“, „აჭარა“, „კავკასია“, „1 სტერეო“, „ივერია (საპატრიარქო)“, „Music box“, „TV3“, „ TV8“, „ტაბულა“, „გურჯაანი“, „რუსთავი 2“, „მარაო“, „კომედი არხი“, „Охота и Рыбалка“,  „Усадьба“,  „Шансон“,  „Music Box ru“, „ Драйв“,  „Детский Мир“, „Наше Кино“, „ Юмор ТВ“,  „RTVI“);
  7. შპს „კახეთის ტელევიზია“ 2015 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით, ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერ რეტრანსლირებას: 1. „იმედი“, 2. „მაესტრო“, 3. „ენკი-ბენკი“, 4. „tv 11“, 5. „რუსთავი 2“, 6.„კომედი არხი“, 7. „მარაო“, 8. „Авто+“ , 9. „ერთსულოვნება“ და 10. „სტერეო +“;
  8. შპს „ტელევიზია კახეთი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  9. შპს „ტელევიზია კახეთის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლებია:

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

4. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

5. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;

6. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

8. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს:

ა) გადაცემის ჩაწერა;

ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც     გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა;

გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;

დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით;

 ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.

ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;

ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;

თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;

9. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ხოლო  მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად;

10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;

12. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე, საქმეზე არსებული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ სატელევიზიო არხების: 1. „იმედი“, 2. „მაესტრო“, 3. „tv 11“, 4. „ენკი-ბენკი“, 5. „Авто+“, 6. „რუსთავი 2“. 7. „მარაო“, 8 „კომედი არხი“, 9. „ერთსულოვნება“ და 10. „სტერეო +“ შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით, შპს „ტელევიზია კახეთის“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი, ხოლო შპს „კახეთის ტელევიზიის“ მიერ სამაუწყებლო არხების: 1. „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, 2. „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, 3. „ობიექტივი“, 4. „Охота и Рыбалка“, 5. „Усадьба“, 6. „Наше Кино“  სამომხმარებლო პაკეტში ჩასმამდე და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებამდე შესაბამისი ხელშეკრულებების (სანებართვო წერილების) კომისიაში წარმოდგენის გარეშე, კომპანიის მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი,   რის გამოც შპს „ტელევიზია კახეთს“ უნდა მიეცეს გაფრთხილება.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ტელევიზია კახეთს“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: 1. „იმედი“, 2.  „მაესტრო“, 3. „tv 11“, 4. „ენკი-ბენკი“, 5. „Авто+“, 6.„სტერეო+“ არამართლზომიერი ტრანზიტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ)  ქვეპუნქტის,   45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის,  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

  1. შპს „ტელევიზია კახეთს“ მიეცეს გაფრთხილება  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და  „ბ“ ქვეპუნქტების   დარღვევის გამო;
  2.  უზრუნველყოს შპს „ტელევიზია კახეთმა“ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების 1. „იმედი“, 2. „მაესტრო“, 3. „tv 11“, 4. „ენკი-ბენკი“ 5. ,„Авто+“, 6.„სტერეო+“ არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტელევიზია კახეთისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „ტელევიზია კახეთისათვის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) შპს „ტელევიზია კახეთისათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელევიზია კახეთისათვის“  ჩაბარების დღიდან;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

კომისიის თავმჯდომარე                         ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                       ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                       გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                       მერაბ ქათამაძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები