წვდომის მენიუ

შპს „სტუდია მაესტროს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F96 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 27 მარტის №168/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 07 / 2

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2017 11:20

მიღების თარიღი იანვარი 12, 2017

შპს „სტუდია მაესტროს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F96 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 27 მარტის №168/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) განცხადებით მიმართა შპს „სტუდია მაესტრომ“  (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/9425-16, 07.09.16) ქ.თბილისში მოქმედი  სადგურიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სიგნალის მიწოდებისთვის მისი კუთვნილი, რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის №F96 ლიცენზიით, მობილური  ჩართვებისთვის  განსაზღვრულ  სიხშირეზე (4648 მჰც ± 14) ხელშემშლელი სიგნალის  წარმოქმნის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტუდია მაესტრო“ კომისიის 2014 წლის 27 მარტის №168/1 გადაწყვეტილების შესაბამისად 2024 წლის 27 მარტამდე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F96 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა)  მობილური ჩართვებისთვის, ქ.თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი მობილური გადამცემი სადგურიდან - მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სიგნალის მისაწოდებლად, სიხშირული სპექტრი: 4648მჰც ± 14მჰც; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 1 ვატი.

ბ) რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან - შპს „სტუდია მაესტროს“ სათაო სადგურამდე (ბელიაშვილის ქ. №8) სიგნალის მისაწოდებლად,  რადიოსიხშირული სპექტრი 14272მჰც ± 14მჰც; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი.

კომისია აღნიშნავს, რომ  საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია სიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№10/11802-16, 02.11.2016), რომლის თანახმად  შპს „სტუდია მაესტროს”  განცხადების  განხილვის პროცესში დადგინდა, რომ ხელშემშლელი სიგნალი  წარმოიქმნება შპს „სტერეო+“-ს რადიოსარელეო სადგურის მხრიდან, რაც განლაგებულია მთაწმინდის ანძაზე და ფუნქციონირებს  4642მჰც  ± 14 მჰც   სიხშირული ზოლის ფარგლებში,  შპს „სტერეო+“-სთვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ, კომისიის  2015  წლის  28 აპრილის №224/13   გადაწყვეტილების  შესაბამისად  და  გამოყენებულია  ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის სადისტრიბუციო ქსელის მონაკვეთებზე მაუწყებლობის სიგნალის მიწოდებისთვის.

როგორც სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული  მთაწმინდის სატელევიზიო ანძაზე განთავსებულია და რადიოსიხშირული სპექტრის სხვადასხვა დიაპაზონებში  ფუნქციონირებს მაუწყებლობის, მობილური და ფიქსირებული რადიოკავშირის  ათეულობით  მიმღებ-გადამცემი  მოწყობილობა. ასევე  ანძაზეა  განლაგებული ამავე სისტემების, სხვადასხვა სიმძლავრის და გასხივების დიაგრამის (მიმართული, წრიული ან სხვა ფორმის) მქონე მარტივი და რთული  საანტენო მოწყობილობები. ანძა, ვერტიკალური და დახრილი ცილინდრული ზედაპირების მქონე ლითონის სექციებით აგებული, ღია სივრცის  მოცულობითი კონსტრუქციაა, რაც მიწის ზედაპირიდან  სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარე, შეზღუდული ფართობის რამდენიმე ღია და დახურული ბაქანით არის აღჭურვილი.  ზემოაღნიშნული სხვადასხვა გამსხივებელი (მათ შორის მიმღები)  ანტენები, ცილინდრული ზედაპირების მქონე ანძის ძირითად ღეროზე, ანალოგიური ზედაპირის ლითონის დახრილ სექციებზე და შეზღუდული ფართობის მქონე ბაქნებზეა განლაგებული. ისინი თავმოყრილია ანძის კონსტრუქციის წარმოსახვით  მოცულობაში  და  ერთდროულად   ფუნქციონირებენ. ელექტრომაგნიტური ურთიერთგავლენის ქვეშ  მყოფი გამსხივებელი ანტენებით, ლითონის  ცილინდრული ზედაპირიდან   გაფანტულად არეკლილი ენერგიის მეორადი წყაროებით, სხვადასხვა ინტენსიობის ჰარმონიკული მდგენელებით  და  კომბინაციური  სიხშირეებით, წარმოქმნილია ანძის მომცველი ურთულესი სტრუქტურის  ელექტრომაგნიტური  გარემო. აღნიშნულ  გარემოში ახალი  გამსხივებელის (ან მიმღები მოწყობლობის ანტენის)  ინტეგრაციის  შესაძლებლობა - შეზღუდვის რაოდენობრივი  შეფასება და ანძაზე განლაგების ოპტიმალური ადგილის შერჩევა, თეორიულ ანალიზს არ ექვებდებარება.

რადიოსიხშირათა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად თავისუფალი სიხშირული რესურსის დეფიციტის პირობებში,  შპს „სტერეო+“-სთვის იმ სიხშირული ზოლის შერჩევა, რაც შეხებაშია  შპს „სტუდია  მაესტროს” კუთვნილი №F96 ლიცენზიით განსაზღვრულ ზოლთან,  განპირობებულია, რადიოსარელეო სადგურის ვიწრო დიაგრამის მქონე ანტენით გასხივებული ენერგიის  მკაცრად  მიმართული  ხასიათით. ამ შემთხვევაში  შესაძლებელია არამიმართული  მიმღები ანტენის  მიღების  რეჟიმში ფუნქციონირება, სასარგებლო  (საკუთარი)  სიგნალის დამაკმაყოფილებელი  ინტენსიობით მიწოდების  დროს. შპს „სტერეო+“-ს რადიოსარელეო სადგურის მთაწმინდის ანძაზე განლაგების და ფუნქციონირების დაწყების შემდგომ, შესაძლებელია განვითარდა არასასურველი  (მაგალითად, ლითონის ცილინდრული ზედაპირიდან გაფანტულად  არეკლილი ენერგიის მეორადი წყაროების წარმოქმნა) პირობები, თუმცა, აღნიშნული რადიოსარელეო სადგურის ამოქმედებიდან (2015  წლის აპრილი) 2016 წლის სექტემბრამდე პერიოდის განმავლობაში შპს „სტუდია  მაესტროს” ლიცენზიით გათვალისწინებულ სიხშირეზე ხელშეშლის არსებობის თაობაზე, კომისიისთვის არ მოუმართავს.

კომისია აღნიშნავს, რომ რეალური ხელშეშლის წარმოქმნის მიზეზების გამორიცხვის მიზნით, კომისიის თხოვნით, შპს „სტუდია  მაესტრომ” ლიცენზიით გათვალისწინებული ზოლის გარეთ, ტექნიკური აღჭურვილობის შესაძლებლობიდან გამომდინარე,  28 მჰც  სიგანის რადიოსიხშირული სპექტრის (შეთანხმებით 4672 მჰც ± 14მჰც) ფარგლებში ანძაზე მდებარე მიმღები ანტენის გამოყენებით მიღების უწყვეტ რეჟიმში, განახორციელა დაკვირვება (ავტომონიტორინგი) ხელშეშლებისგან  თავისუფალი ზოლის გამოვლენისთვის. შპს „სტუდია  მაესტროს” ინფორმაციით,  მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოდან დღემდე (ზოლის ფარგლებში) შესაძლო ხელშემშლელი დონის სიგნალები არ შეინიშნებოდა.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2016 წლის 8 ნოემბერს წერილობით (№06/3963-16) მიმართა შპს „სტუდია მაესტროს“ და აცნობა, რომ მათი თანხმობის შემთხვევაში შესაძლებელია კომისიამ დაიწყოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F96 ლიცენზიის მოდიფიცირების ადმინისტრაციული წარმოება. შპს „სტუდია მაესტრომ“  2016 წლის 21 ნოემბერს წერილობით აცნობა კომისიას, რომ თანახმაა მის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F96 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი 4648მჰც ± 14მჰც, ზოლის სიგანით 28 მჰც, შეიცვალოს ანალოგიური 28მჰც სიგანის რადიოსიხშირული სპექტრით 4672 მჰც ± 14მჰც.

კომისიის 2016 წლის 8 დეკემბრის №798/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სტუდია მაესტროს“ №F96 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 27 მარტის №168/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 12 იანვრის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 12 იანვრის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენელი დავით მიქაუტაძე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.

კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოვლენილა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F96 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად კომისიამ მიზანშეწინილად მიიჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე გადაწყვეტილების მიღება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „სტუდია მაესტროს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F96 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 27 მარტის №168/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  მობილური ჩართვებისთვის, ქ.თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი მობილური გადამცემი სადგურიდან - მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სიგნალის მისაწოდებლად, სიხშირული სპექტრი: 4672მჰც ± 14მჰც; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 1 ვატი.“

2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტუდია მაესტროსთვის“ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                  ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                  ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                  კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                  გიორგი ფრუიძე

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები