საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე შპს „სტერეო+“-ის განცხადებების განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2017 12:07
მიღების თარიღი თებერვალი 16, 2017
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე შპს „სტერეო+“-ის განცხადებების განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) განცხადებებით მიმართა შპს „სტერეო+“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №6/11994-16 №6/11993-16, 6/11992 10.11.2016, 6/214-17 12.01.2017, 6/1249-17 09.02.2017) და მოითხოვა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირება, კერძოდ შპს „სტერეო+“ ითხოვს:
ა) შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების დ.ო) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქსელის ფარგლებში არსებული რესურსი გამოიყენოს, როგორც ღია საეთერო და/ან მომხმარებელთათვის უფასო კრიპტო-კოდირებული (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის), ასევე მომხმარებელთათვის ფასიანი კრიპტო-კოდირებული სატელევიზიო მომსახურების (მაუწყებლობის ტრანზიტის) მისაწოდებლად.“
ბ) კომპანიას სურს განახორციელოს ტექნოლოგიების მხრივ უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრება და მონაცემთა შემჭიდროების H.265 ტექნოლოგიით სარგებლობა მომხმარებელთათვის ფასიანი სერვისის შეთავაზების შემთხვევაში;
გ) კომისიამ განიხილოს საკითხი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის ფარგლებში ორმოცდაორივე გადამცემი სადგურის 2019 წლის 1 იანვრამდე ჩართვასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების დ.ო) ქვეპუნქტების შესაბამისად შპს „სტერეო +“ ვალდებულია ქსელის ფარგლებში არსებული რესურსი გამოიყენოს ღია საეთერო ან/და მომხმარებელთათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის უფასო ან ფასიანი კრიპტო-კოდირებული სატელევიზიო სიგნალის მისაწოდებლად;
ამავე გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების დ.ი) ქვეპუნქტის შესაბამისად შპს „სტერეო +“ ვალდებულია ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის აგება განახორციელოს DVB-T2 (EN 302 755) სტანდარტითა და მონაცემთა შემჭიდროვების H.264 (MPEG 4) ტექნოლოგიით (ISO/IEC 14496);
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში, კომისიის 2014 წლის 14 აგვისტოს №464/19 გადაწყვეტილებით გასწორდა ტექნიკური შეცდომები და აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დ.დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: შპს „სტერეო+“ ვალდებულია უზრუნველყოს კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ძირითადი გადამცემი სადგურების (2016 წლის 1 იანვრამდე - მინიმუმ 21 გადამცემი სადგური) გამოყენებით, ერთიდაიგივე სამაუწყებლო კონტენტის გავრცელების შესაძლებლობის მქონე გადამცემი ქსელისა და სადისტრიბუციო ქსელის, ასევე შესაბამისი სათაო სადგურის (Head-end)/ქსელის მართვის ცენტრის (განთავსების ადგილი ქ.თბილისი) ფორმირება და ექპლუატაციაში გაშვება 2016 წლის 1 იანვრამდე, კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დ.ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით კომისიასთან შეთანხმებული და ამ გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული ვადების დაცვით.
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№10/12722-16, 06.12.2016) თანახმად შესაძლებელია შპს „სტერეო+“-მა გამოიყენოს მონაცემთა შემჭიდროების ახალი, უფრო ეფექტური, H.265/HEVC სტანდარტი მომხმარებლისათვის ფასიანი სერვისის მიწოდების შემთხვევაში. სამსახურებრივი ბარათის თანახმად მაღალი ეფექტურობის ვიდეო კოდირება (HEVC - High Efficiency Video Coding), რომელიც ასევე ცნობილია როგორც H.265, ეს არის ვიდეო კომპრესიის (შეკუმშვის) ახალი სტანდარტი, რომლის პირველადი ვერსიის რატიფიცირებაც მოხდა 2013 წლის იანვარში. HEVC შემუშავებული იქნა იმ მიზნით, რომ მიღწეული ყოფილიყო, წინა H.264/AVC სტანდარტთთან შედარებით, ორჯერ უფრო მაღალი შეკუმშვის შესაძლებლობა. იმისდა მიუხედავად, რომ შეკუმშვის ეფექტურობის შედეგები ცვალებადია და დამოკიდებულია კონტენტის ტიპზე და კოდერის მახასიათებლებზე, მომხმარებლისათვის ვიდეოს მიწოდების ტიპიური სიჩქარეებისათვის ბიტებში HEVC ჩვეულებრივ დაახლოებით ორჯერ უფრო ეფექტურად კუმშავს ვიდეო გამოსახულებას ვიდრე AVC. საბოლოო მომხმარებელმა გაუმჯობესებული შეკუმშვის საფუძველზე მიღებული უპირატესობა შეიძლება გამოიყენოს ორი გზით (ან ამ ორი გზის კომბინაციით):
1. გამოსახულების ხარისხის ერთი და იმავე დონისათვის HEVC საშუალებას იძლევა ვიდეო შეკუმშული იქნას ფაილის ფორმაში, რომელიც დაახლოებით ნახევარი ზომისაა იმ ფაილისა, რომელიც მიიღებოდა AVC-ს მეშვეობით (ანუ დაახლოებით ორჯერ მცირდება სიჩქარე ბიტებში);
2. როდესაც შეკუმშვა ხორციელდება იგივე ფაილის ზომაში როგორიც ეს იქნებოდა AVC-თვის (ანუ ერთი და იგივე სიჩქარეებისათვის ბიტებში), HEVC საშუალებას იძლევა მივაღწიოთ გამოსახულების უკეთეს ხარისხს.
სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ მომხმარებელს მფლობელობაში უნდა ჰქონდეს შესაბამისი სეთ-ტოპ ბოქსი, რომელსაც ექნება H.265 მეთოდით კოდირებული ინფორმაციის დეკოდირების პროცედურის განხორციელების მხარდაჭერა.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.
კომისიის 2017 წლის 16 თებერვლის სხდომას ესწრებოდნენ შპს „სტერეო +“-ის წარმომადგენლები დავით ზილფიმიანი და მარიამ გოგოსაშვილი. კომისიის სხდომაზე მარიამ გოგოსაშვილმა მოხსნა მოთხოვნა №MUXD ლიცენზიის ფარგლებში 42 გადამცემი სადგურის ჩართვის ვადის გადაწევასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს საკითხი კომისიის 2014 წლის 14 აგვისტოს №464/19 გადაწყვეტილებით იყო დაზუსტებული. მოთხოვნის მოხსნა დაადასტურა დავით ზილფიმიანმაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით ოთხი ხმა ერთის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრები: ვახტანგ აბაშიძე, გიორგი ფრუიძე, მერაბ ქათამაძე, ელისო ასანიძე. წინააღმდეგი კომისიის წევრი კახი ბექაური),
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე შპს „სტერეო+“-ის განცხადებების განხილვის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2017 წლის 21 მარტს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტერეო+”-სთვის გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის წევრ კახი ბექაურის განსხვავებული აზრი: კახი ბექაურმა აღნიშნა, რომ მხარს არ უჭერს კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUXD და №MUXE ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე შპს „სტერეო+“-ის განცხადებების განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ ლიცენზიების გაცემის თაობაზე 2014 წლის 10 ივლისს კომისიის მიერ მიღებული №363/1 გადაწყვეტილება თავად იყო ხარვეზიანი და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დროს საკუთარი განსხვავებული მოსაზრება აქვს დაფიქსირებული.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
