ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2017 17:12
მიღების თარიღი თებერვალი 23, 2017
ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს „ჩვენმა რადიომ“ და შპს „ახალმა მედია ჯგუფმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №№7/460-17 18.01.17; 7/646-17, 23.01.17) ქ. ბათუმში მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია საეთერო (სიხშირული სპექტრის გამოყენებით) მაუწყებლობის ლიცენზიას გასცემს კონკურსის საფუძველზე.
”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, 87.5მჰც-დან 108.0მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში ადგილობრივი რადიომაუწყებლობის ზონა არის საკონკურსო პირობით განსაზღვრული, ერთი ან რამდენიმე გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
კომისია აღნიშნავს, რომ შეისწავლა რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების საკითხი და კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 13 თებერვლის №შ-10/1317-17 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე გამოარკვია, რომ ქ. ბათუმში არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი და შესაბამისად, შესაძლებელია კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადება სიხშირეზე 95.3 მჰც:
კომისია აღნიშნავს, რომ ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” კომისიის 2016 წლის 10 მარტის №160/22 გადაწყვეტილების და ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილების შესაბამისად ქ. ბათუმი, რომელიც მდებარეობს ზონა №252-ში, რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დადგენილია შემდეგი თანმიმდევრობით:
1. სათემო რადიომაუწყებლობა;
2. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა.
3. საერთო რადიომაუწყებლობა;
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის თანახმად საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ ვინაიდან ქ. ბათუმში არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი, მიზანშეწონილია გამოცხადდეს კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და თ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, 371-ე, 38-ე და 43-ე მუხლების, ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს კონკურსი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 18 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:
ვ.ა) გადამცემის და ანტენის განლაგების ადგილი - ქ. ბათუმი, საქართველოს ტელერადიოცენტრის ანძა;
ვ.ბ) ანტენის განლაგების გეოგრაფიული კოორდინატები - 410 41’ 37’’ N; 410 42’ 54’’ E;
ვ.გ) ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) - 35 ± 5 მ;
ვ.დ) ანტენის მაქსიმალური გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) - 8.0 დბ;
ვ.ე) პოლარიზაცის სიბრტყე V/H – V;
ვ.ვ) გასხივების დიაგრამა ჰორიზონტალურ სიბრტყეში - წრიული;
შენიშვნა : შესუსტება აზიმუტალურ სექტორში (2500 ± 300) - 6,5დბ
ვ.ზ) სიხშირე (მჰც) - 95,3 მჰც;
ვ.თ) მოდულაციის სახეობა - FM (სიხშირული);
ვ.ი) დაკავებული ზოლის სიგანე (კჰც) - 300 კჰც;
ვ.კ) გადამცემის სიმძლავრე ( ვტ) - 500 ვტ.
შენიშვნა: ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
2. პროგრამირების მინიმალური მოთხოვნები: არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;
3. კონკურსში გამარჯვებული, კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის აღების შემთხვევაში ვალდებული იქნება:
ა) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ვადაში;
ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ზ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
თ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
ი) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
კ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.
ლ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:
მ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;
ნ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
ო) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
პ) უზრუნველყოს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;
ჟ) უზრუნველყოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
რ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;
ს) კომისიას წარმოუდგინოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის დაწყებიდან/შეწყვეტიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
4. სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვროს 8100.00 (რვა ათას ასი ლარი და 00 თეთრი) ლარით;
5. კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2017 წლის 2 მაისი 13:00 საათი;
6. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2017 წლის 23 მარტის 17:00 საათამდე;
7. მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2017 წლის 28 მარტი 13:00 საათი;
8. ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2017 წლის 27 აპრილი 13:00 საათი;
9. რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;
ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;
გ) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახე, სახეობა და ქვესახეობა, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;
დ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა;
ე) მაუწყებლობის ენა/ენები;
ვ) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.
10. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს (დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული სახით):
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში –შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი;
ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის შესაბამისი საბანკო რეკვიზიტების მოპოვების მიზნით დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს +995 32 239 40 29); ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს აღნიშნული თანხა უკან არ უბრუნდება.
გ) შესაბამისობის დეკლარაცია (დეკლარაციის ფორმა დამტკიცებულია კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილებით, რომელშიც ცვლილება შევიდა კომისიის 2016 წლის 30 ივნისის №438/19 გადაწყვეტილებით);
დ) ფიზიკური პირისათვის – ამ პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია (ქონებრივი დეკლარაციის ფორმა დამტკიცებულია კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილების დანართი №1-ით);
ე) იურიდიული პირისათვის – ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია (ქონებრივი დეკლარაციის ფორმები დამტკიცებულია კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილების დანართი №2-ით და დანართი №3-ით), ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;
ვ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა;
ზ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
თ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე;
ი) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებსა (რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დამტკიცებულია კომისიის 2016 წლის 10 მარტის №160/22 გადაწყვეტილებით) და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ პროგრამულ მოთხოვნებს;
კ) სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე:
მიმღები: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ბანკი: სს ,,თიბისი ბანკი’’;
- ა/ანგარიში: GE 11 TB 06 000 000 006 093 26;
- კოდი: TBC BGE 22;
- საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;
ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით;
11. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი პირი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი. რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის მიღება, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, ეკრძალება:
ა) საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს;
ბ) საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს;
გ) საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს;
დ) საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ პარტიას/ პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს;
ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს;
ვ) იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
აგრეთვე, იმ პირს, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 37’-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად;
შენიშვნა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი (კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირის გარდა) აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს, ერთი მხრივ, სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის/ორგანოს მიერ დაფუძნებული მაუწყებლისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობის უფლების მინიჭებას და, მეორე მხრივ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის/ორგანოს მიერ დაფუძნებული მაუწყებლისათვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ მაუწყებლობის უფლების მინიჭებას.
12. "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს.
13. მოსამზადებელ სხდომაზე ხდება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებების განხილვა და მათზე დართული დალუქული დოკუმენტაციის ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით გახსნა. აღნიშნული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია საჯარო გაცნობისათვის. ლიცენზიის მაძიებლის მიერ დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებელს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით. იკრძალება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილის სახით მიწოდება კომისიისთვის.
14. კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში ხელმისაწვდომია საჯარო გაცნობისათვის.
15. დოკუმენტაციის არასრულყოფილების, პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.
16. კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე.
17. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება პროგრამირების ასპექტის მიხედვით. პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება:
ა) შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა;
ბ) მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.
18. პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა თანაბარი შეფასების შემთხვევაში გამარჯვებულად ცხადდება კონკურსში მონაწილე ის ლიცენზიის მაძიებელი, რომელიც ადრე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებდა მაუწყებლობას საკონკურსოდ გამოტანილი სიხშირეების გამოყენებით.
19. თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.
20. კომისია იღებს და აქვეყნებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ. კომისიის გადაწყვეტილების ასლი კონკურსის შედეგების შესახებ ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ქვეყნდება კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) ინტერნეტში; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა და გადახდის პირობები მითითებული უნდა იყოს კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში;
21. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი 70% -ის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
22. კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება.
23. კონკურსის საფუძველზე ლიცენზიის მიღებისას საკონკურსო პირობები და ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნული პირობები აისახება კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის განსაკუთრებულ პირობებში, როგორც რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის სალიცენზიო ვალდებულებები;
24. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
25. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა (ხ. ყურაშვილი);
26. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.
27. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჩვენი რადიოსთვის“ და შპს „ახალი მედია ჯგუფისთვის“ დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით გაგზავნა;
28. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
