ქ. თბილისში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N40/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლებისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2017 12:14
მიღების თარიღი მარტი 02, 2017
ქ. თბილისში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N40/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლებისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N40/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ქ. თბილისში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - თბილისი, სატელევიზიო ანძა; სიხშირე (მჰც) – 90.8; მოდულაცია – FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 1000 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები -41°41'44.70"N 44°47'6.40"E; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 140 მეტრი, ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) – 5.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა შპს ”რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამ“ და შპს „MS GROUP“-მა.
კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N40/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2017 წლის 2 მარტს 13:00 საათზე კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლების თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდნენ შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას” უფლებამოსილი წარმომადგენელი გვანცა წერეთელი და შპს „MS GROUP“-ის დირექტორი მიხეილ ტარახჩევი.
კომისია აღნიშნავს, რომ ქ. თბილისში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში:
ა) შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას” მიერ ხარვეზით იყო წარმოდგენილი სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის ქვითარი. კერძოდ თანხა გადარიცხული იყო არასწორ სახაზინო კოდზე.
ბ) შპს „MS GROUP“-ის მიერ ხარვეზით იყო წარმოდგენილი ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ და ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ; კომპანიას საერთოდ არ ჰქონდა წარმოდგენილი ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ და მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია;
კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე გადამოწმდა შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას” დირექტორის და პარტნიორების გურამ ჩიგოგიძის (პ/ნ 61001008593), თამარ ჩიგოგიძის (პ/ნ 61001004747) და ზურაბ ჩიგოგიძის (პ/ნ 01008004061), ასევე შპს „MS GROUP“-ის დირექტორის პარტნიორების მიხეილ ტარახჩევის (პ/ნ 01024024195) და ჯიუ ჰუილანის (პ/ნ G61683631) მონაცემები თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge. გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდებზე არ იძებნება.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ11) პუნქტის თანახმად ურთიერთდამოკიდებულება ეს არის ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს; აგრეთვე თუ ერთი მაუწყებელი ახორციელებს მაუწყებლობას მეორე მაუწყებლის მეშვეობით.
კომისია აღნიშნავს, რომ გადამოწმდა შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას”, მისი დირექტორის და პარტნიორების გურამ ჩიგოგიძის (პ/ნ 61001008593), თამარ ჩიგოგიძის (პ/ნ 61001004747) და ზურაბ ჩიგოგიძის (პ/ნ 01008004061) აფილირება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. გადამოწმების შედეგად აფილირება მაუწყებლობის სფეროში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან არ დადგინდა. ასევე აღსანიშნავია, შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნა” ფლობს კერძო საერთო რადიომაუწყებლობის NB63 ლიცენზიას ქ. თბილისში. შესაბამისად შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას” კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში არ დაირღვევა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ გადამოწმდა შპს „MS GROUP“-ის, მისი დირექტორის და პარტნიორების მიხეილ ტარახჩევის (პ/ნ 01024024195) და ჯიუ ჰუილანის (პ/ნ G61683631) აფილირება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ
ა) შპს „MS GROUP“-ი წარმოადგენს შპს „კორტესი-გიდაგოს“ 46%-იანი წილის მფლობელს. შპს „კორტესი-გიდაგო“ ფლობს სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის NB7 ლიცენზიას ქ. თბილისში.
ბ) შპს „MS GROUP“-ი წარმოადგენს შპს „ჰამბურგის“ 100%-იანი წილის მფლობელს. შპს „ჰამბურგი“ფლობს კერძო საერთო რადიომაუწყებლობის NB110 ლიცენზიას ქ. თბილისში.
შესაბამისად შპს „MS GROUP“-ის მიერ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში არ დაირღვევა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N40/10 გადაწყვეტილების შესაბამისად დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უზრუნველყოს შპს ”რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამ” 2017 წლის 13 მარტის 19:00 საათამდე კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N40/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
2. უზრუნველყოს შპს „MS GROUP“-მა 2017 წლის 13 მარტის 19:00 საათამდე კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N40/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
ა) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;
ბ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;
გ) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;
დ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ და შპს „MS GROUP“-ისთვის გაგზავნა (ი. ხარებავა);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ. №6) ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
