წვდომის მენიუ

შპს „მოგზაურობის დროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 135 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2017 12:24

მიღების თარიღი მარტი 02, 2017

შპს „მოგზაურობის დროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

 I.             აღწერილობითი ნაწილი 

2017 წლის 10 იანვარს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/135-17; 10.01.2017), საიდანაც ირკვევა, რომ შპს „მოგზაურობის დრო“ ავტორიზაციის გავლის დღიდან არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს. ამასთან, როგორც სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული, შპს „მოგზაურობის დროსთვის“ 2016 წლის პირველ ნოემბერს გაგზავნილი წერილობითი შეტყობინება N05/3906-16, რომლითაც მოეთხოვა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება, ადრესატს არ ჩაბარდა (გზავნილის კოდი: AP01001406555; გაგზვნის თარიღი: 1.11.2016; სტატუსი: დაბრუნებულია გამომგზავნთან; გზავნილის კოდი: AP01001886421; გაგზვნის თარიღი: 28.11.2016; სტატუსი: დაბრუნებულია გამომგზავნთან). 2016 წლის 26 დეკემბერს ზემოაღნიშნული შეტყობინება საჯაროდ გამოქვეყნდა  კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://gncc.ge/ge/news/shetyobinebebi/avtorizirebul-pirebs-da-licenziis-mflobeli-kompaniebis-sayuradgebod2.page) და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომ ადგილას. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედებები.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, 2017 წლის 25 იანვრის №10/747-17 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2017 წლის 26 იანვრის  №შ-10/828-17 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ შპს „მოგზაურობის დროს“ ავტორიზაციის მიღების დღიდან (16.05.2016) კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასურის ჩარიცხვა განუხორციელებია კომისიის ანგარიშზე.

კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№შ-10/135-17; 10.01.2017) და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათის (№შ-10/828-17; 26.01.2017) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მოგზაურობის დროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 16 თებერვალი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „მოგზაურობის დრის“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. კომისიის  (N03/398-17, 7.02.2017) შეტყობინება კომპანიას  არ ჩაბარდა, შესაბამისად, 2017 წლის 16 თებერვლის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2017 წლის 2 მარტს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „მოგზაურობის დროს“ ეცნობა კომისიის 2017 წლის 20 თებერვლის N03/472-17 შეტყობინებით, რომელიც ასევე საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალური ვებგვერდზე (http://gncc.ge/ge/news/shetyobinebebi/shetyobineba-shps-mogzaurobis-dro-s.page) და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომ ადგილას. კომისიის 2017 წლის 20 თებერვლის N03/472-17 შეტყობინება კომპანიას ჩაბარდა ხელზე 2017 წლის 23 თებერვალს.

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2017 წლის 28 თებერვლის Nშ-10/1962-17 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „მოგზაურობის დრომ“ 2017 წლის 23 თებერვლის  თვის ჩათვლით წარმოადგინა რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და რეგულირების საფასურის დავალიანება კომისიის წინაშე არ გააჩნია.

კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის 2017 წლის 28 თებერვლის Nშ-10/1997-17 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ  შპს „მოგზაურობის დრომ“ სრულად წარმოადგინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2017 წლის 2 მარტის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „მოგზაურობის დროს“ წარმომადგენელი მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას შეტყობინება (№03/472-17, 20.02.2017) სხდომის გამართვის თაობაზე ჩაბარდა ხელზე 2017 წლის 23 თებერვალს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიას“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II.    ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი ტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/135-17; 10.01.2017);

2. კომისის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (შ-10/747-17; 25.01.2017)

3. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/828-17; 26.01.2017);

4. კომისიის 2016 წლის პირველი ნოემბრის №05/3906-16 წერილი და აღნიშნული წერილის შპს „მოგზაურობის დროსთვის“ გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტები (გზავნილის კოდი: AP01001406555 და AP01001886421);

5. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება;

6. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება;

7. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება N12;

8. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „მოგზაურობის დროს“ შესახებ მონაცემები;

9 კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის (№შ-10/1962-17; 28.02.2017) სამსახურებრივი ბარათი;

10. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის (№შ-10/1997-17; 28.02.2017) სამსახურებრივი ბარათი;

11. კომისიის 2017 წლის 20 თებერვლის №03/472-17 შეტყობინება და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

III.         კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

  1. შპს „მოგზაურობის დრო“ 2016 წლის 16 მაისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
  2. შპს „მოგზაურობის დრო“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  3. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებისა  და „კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით  ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
  4. შპს „მოგზაურობის დროს“, შესავსები და კომისიაში წარმოსადგენი ჰქონდა ავტორიზაციის გავლის დღიდან (16.05.2016) სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები; 2017 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით შპს „მოგზაურობის დრომ“ სრულად შეავსო და წარმოადგინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები;
  5. შპს „მოგზაურობის დორს“ ავტორიზაციის გავლის დღიდან (16.05.2016) კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არ ჰქონდა ჩარიცხული რეგულირების საფასური. გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო რეგულირების საფასურის დავალიანება ვერ დგინდებოდა; 2017 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, შპს „მოგზაურობის დრომ“ კომისიაში წარმოადგინა რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები ავტორიზაციის გავლის დღიდან (16.05.2016) 2017 წლის  23 თებერვლის თვის ჩათვლის და წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად, შპს „მოგზაურობის დროს“ კომისიის წინაშე რეგულირების საფასურის დავალიანება არ გააჩნია.
  6. შპს „მოგზაურობის დროს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების  წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც  ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული  ფორმით  წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მოგზაურობის დროს“ მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების და რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების  წარმოდგენასთან დაკავშირებით ვადების დარღვევა სახეზეა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა)  ნებაყოფლობით, კერძოდ,  შპს „მოგზაურობის დროს“ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია  ყველა ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე,  კომისიას მიაჩნია, რომ უფლებამოსილია დარღვევის აღმოფხვრის ფაქტის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს შპს „მოგზაურობის დრო“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და  შეწყვიტოს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „მოგზაურობის დროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

V.  სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-14 და მე-17 პუნქტების,  „რეგულურების საფასურის განხაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა: 

1. შეწყდეს შპს „მოგზაურობის დროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების  შპს „მოგზაურობის დროსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge ) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „მოგზაურობის დროსთვის“   ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „მოგზაურობის დროსთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა);

კომისიის თავმჯდომარე                                           ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                          კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                          გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                          მერაბ ქათამაძე

                                                 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები