სს „სილქნეტსა“ და „Mediafon datapro“-სა და „Mediafon“-ს შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2017 11:55
მიღების თარიღი მარტი 02, 2017
სს „სილქნეტსა“ და „Mediafon datapro“-სა და „Mediafon“-ს შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2017 წლის 13 თებერვალს სს „სილქნეტმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (Nშ-6/1355-17) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის „Mediafon datapro“-სა და „Mediafon“-თან 2016 წლის 29 დეკემბერს სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის ცენტრალურ მონაცემთა ბაზის მომსახურების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით, დავის განხილვის მოთხოვნით. სს „სილქნეტის“ განცხადებაში (13.02.2017 Nშ-6/1355-17) აღნიშნულია რომ:
ა) „Mediafon“-ის/ „Mediafon datapro“-ს მიერ, ოპერატორებისთვის განსახილველად წარდგენილი იყო ხელშეკრულების ინგლისურენოვანი რედაქცია, ხოლო ქართული რედაქციით ხელშეკრულება ოპერატორებმა მიიღეს მხოლოდ ხელმოწერის წინ. ამასთან, ორენოვან ხელშეკრულებაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ და არა ქართულ რედაქციას. სს „სილქნეტის“ განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა, უპირატესობა მინიჭებოდა ქართულ რედაქციას;
ბ) სს „სილქნეტის“ განცხადების თანახმად, ასევე გადასახედია ხელშეკრულების N1 დანართის მე-4 მუხლის 4.4. პუნქტში მოცემული ტექნიკური პრობლემის სირთულის დონეები და მათი განმარტებები, სადაც მხოლოდ კრიტიკული სირთულის შემთხვევებზეა განსაზღვრული გაუწეველი მომსახურების პროპორციულად ყოველთვიური საფასურის გადაანგარიშების პირობა, რაც არასწორია, ვინაიდან, სირთულის დონეების განმარტებებს თუ დავეყრდნობით, „კრიტიკული სირთულისაა“ შემთხვევა, როდესაც „სისტემა ვერ მუშაობს და სისტემის გამოყენების შეუძლებლობა კრიტიკულ ზემოქმედებას ახდენს მომსახურების პროვაიდერის (ოპერატორის) მუშაობაზე“, „დიდი სირთულისაა“ შემთხვევა, როდესაც „სისტემის გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ სისტემის ძირითადი/მნიშვნელოვანი კომპონენტი ცუდად მუშაობს და არსებით გავლენას ახდენს მომსახურების პროვაიდერის (ოპერატორის) ნებისმიერ/ყველა ოპერაციაზე“, „მცირე სირთულისაა“ შემთხვევა, როდესაც „სისტემის გამოყენება შეიძლება, მაგრამ იგი არ მუშაობს არსებული სპეციფიკაციების შესაბამისად და შეცდომა არსებით გავლენას არ ახდენს მომსახურების პროვაიდერის (ოპერატორის) ოპერაციებზე“;
გ) სს „სილქნეტის“ განცხადების თანახმად, ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით, სერვისის ხელმისაწვდომობა განისაზღვრება წლიური 99,7%-ით, მაშინ როდესაც N1 დანართის მიხედვით ეს მაჩვენებელი ყოველთვიური უნდა იყოს. ამასთან არ არის განსაზღვრული, უპირატესი ძალა ძირითად ხელშეკრულებას აქვს თუ დანართებს. სს „სილქნეტი“ აღნიშნავს, რომ მის შენიშვნაზე ადმინისტრატორის პასუხი იყო შემდეგი: „დანართ N 1-ში (3.1. და 3.2. პუნქტებში) განზრახ არის დატოვებული თვე, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ხელშეკრულებისა და დანართ N1-ის 6.1. მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სისტემაზე წვდომა შეიზღუდება (ანუ ჩამოცდება 99.7 %-ს), ადმინისტრატორი ოპერატორებს შეუმცირებს თვიურ გადასახდელ თანხას (იხ. N1 დანართის 6.1.1. პუნქტი). შესაბამისად, რადგან გადასახდელის შემცირება მოხდება ყოველთვიურად, საჭიროა, რომ ხელმისაწვდომობის განსაზღვრაც განხორციელდეს ყოველთვიურად, რათა შესაძლებელი გახდეს მიუღებელ მომსახურებაზე მისი პროპორციული საფასურის თვიურ ჭრილში გადაანგარიშება (6.1.1. პუნქტში მოცემული გადასახადის პროპორციულად შემცირების ცხრილის მიხედვით). ხელშეკრულებაში ხელმისაწვდომობის პროცენტული მაჩვენებლის წლიურად განსაზღვრა კი განაპირობა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოთხოვნებმა, ასევე კომისიასა და „მედიაფონს“ შორის გაფორმებულმა ხელშეკრულების პირობებმა, რომლის თანახმადაც NPCDB ბაზაზე ხელმისაწვდომობა უნდა იყოს წლიურად 99.7%;
დ) სს „სილქნეტი“ ასევე დაობს ხელშეკრულების N1 დანართის 6.1.1. პუნქტით განსაზღვრული ცხრილის მიხედვით თვიური გადასახდელის შემცირებაზე იმ შემთხვევებში, როცა სისტემაზე წვდომა ანუ სერვისის ხელმისაწვდომობა შეიზღუდება და ჩამოცდება 99.7 %-ს, მაშინ როდესაც საკონკურსო პირობებით ადმინისტრატორმა კომპანიამ იკისრა ვალდებულება, უზრუნველყოს სერვისის ხელმისაწვდომობა წლიური 99,7%-ით. სს „სილქნეტის“ მოსაზრებით, თუ სერვისის ხელმისაწვდომობა წლიურ 99,7%-ზე ნაკლებია, ოპერატორმა კომპანიამ მომსახურების მიწოდების შეფერხების მქონე დღეებზე (პერიოდზე) საერთოდ არ უნდა გადაიხადოს პორტაბელურობის საფასური. ამავე ცხრილით, მომსახურების მიღება დასაშვებია სერვისზე 10%-იანი წვდომის შესაძლებლობითაც და ასეთი მომსახურება შესაბამისად არ უნდა იყოს ანაზღაურებადი;
ე) სს „სილქნეტის“ განცხადებაში, ასევე აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების 8.5. პუნქტში არ არის გაწერილი ადმინისტრატორი კომპანიის მიერ გაწეული დამატებითი მომსახურების თაობაზე წარსადგენი ინვოისის წარდგენის ვადები, ასევე ასეთ (დამატებით) მომსახურებაზე აქტის გაფორმების ვალდებულება და ვადები.
სს „სილქნეტს“ „Mediafon“/„Mediafon datapro“-სთან დავის კომისიის მიერ განხილვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული აქვს:
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების მე-11 მუხლი, რომლის თანახმად, პორტირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, ბოლო მომხმარებელს (აბონენტსა) და მიმღებ ან დონორ ოპერატორს შორის, მიმღებ და დონორ ოპერატორს შორის, მიმღებ ან დონორ ოპერატორს, აგრეთვე მათსა და სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორს შორის სააბონენტო ნომრების პორტაბელურობასთან დაკავშირებით უნდა გადაწყდეს მხარეთა მოლაპარაკებების გზით; ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ პირებს შორის არსებული დავისას, მოდავე მხარეთა მოურიგებლობის შემთხვევაში, დავა განიხილება კომისიის მიერ ან სასამართლო წესით. კომისია, პორტირებასთან დაკავშირებულ დავებს განიხილავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად (მუხლი 36).“
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს კომისიის მიერ დავის განხილვის წესს.
სს „სილქნეტის“ მოთხოვნები:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შეფასდეს აღნიშნული პირობების შესაბამისობა 2016 წლის 21 აპრილის „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“ კომისიის N259/10 გადაწყვეტილებით დადგენილ პირობებთან, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და „Mediafon“/„Mediafon datapro-ს შორის სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე 2016 წლის 17 ივლისს დადებული ხელშეკრულების პირობებთან;
2. შეუსაბამობის დადგენის ან/და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან სს „სილქნეტის“ შენიშვნების გაზიარების შემთხვევაში, დაევალოს Mediafon“/ „Mediafon datapro-ს შესაბამისი ცვლილებების განხორციელება 2016 წლის 29 დეკემბერს დადებულ სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის ცენტრალურ მონაცემთა ბაზის მომსახურების ხელშეკრულებაში.
სს ,,სილქნეტის“ განცხადების (09.03.2016 Nშ-6/2219-6) საფუძველზე, სს „სილქნეტსა“ და „Mediafon“/ „Mediafon datapro-ს შორის დავის განხილვის მიზნით, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება და მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 23 თებერვალს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებებით ეცნობათ როგორც სს „სილქნეტს“, ისე „Mediafon“/„Mediafon datapro-ს და ეთხოვათ დავასთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მხარეებს ასევე განემარტათ მათი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.
2016 წლის 23 თებერვალს კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი ნინო ნიჟარაძე, არ გამოცხადდა „Mediafon“/„Mediafon datapro-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი, თუმცა კომისიას წარედგინა შუამდგომლობა მოსამზადებელი სხდომის გადადებასთან დაკავშირებით, „Mediafon“/„Mediafon datapro-ს წარმომადგენლის ირაკლი გაფრინდაშვილის საქართველოში არ ყოფნის გამო. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა კომისიის მიერ და დავაზე მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2017 წლის 2 მარტისათვის.
„Mediafon“/ „Mediafon datapro-ს მიერ 2017 წლის 28 თებერვალს კომისიაში წარმოდგენილი იქნა პასუხი სს „სილქნეტის“ საჩივართან დაკავშირებით (Nშ-6/1981-16). „Mediafon“/ „Mediafon datapro-ს შეპასუხებაში აღნიშნულია შემდეგი:
სს „სილქნეტის“ საჩივრიდან არ ჩანს თუ რაში გამოიხატება ადმინისტრატორის მხრიდან კომიის 2016 წლის 21 აპრილის ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემების ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ’’ კომისიის N259/10 გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების და ასევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და ადმინისტრატორს შორის 2016 წლის 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევა. კერძოდ, საჩივარში არ არის მითითება თუ კონკრეტულად რომელი მუხლი/რეგულაცია იქნა დარღვეული ადმინისტრატორის მხრიდან.
„Mediafon“/„Mediafon datapro-ს შეპასუხების თანახმად, სინამდვილეს არ შეესაბამება, რომ თითქოს მონაცემთა გაცვლის მთელ პერიოდზე ოპერატორებისთვის განსახილველად წარდგენილი იყო ხელშეკრულების ინგლისურენოვანი რედაქცია და ხელშეკრულების ქართულენოვანი ვერსია მათ გაეგზავნათ მხოლოდ ხელმოწერის წინ. მოპასუხის განმარტებით, საჩივრის ავტორს ხელშეკრულების ორენოვანი ვერსია გაეგზავნა 2016 წლის 29 დეკემბერს.
„Mediafon“/ „Mediafon datapro-ს შეპასუხაში აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტის“ საჩივრის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ საფასურის გადაანგარიშების პრინციპი უნდა გავრცელდეს ,,დიდი სირუთულის’’ შემთხვევაზეც. მიუხედავად, აღნიშნულისა საჩივრის ავტორი, საჩივრის სხვა პუნქტებში (,,გ’’ და ,,დ’’) მიუთითებს, რომ საფასურის გადაანგარიშების სისტემა საერთოდ უნდა გაუქმდეს. კერძოდ, საჩივრის ავტორი მოითხოვს, რომ იმ შემთხვევაში თუ სერვისის წლიური ხელმისაწვდომობა 99.7%-ზე ნაკლები დაფიქსირდება, მათ იმ დღეებზე (პერიოდზე) საერთოდ არ უნდა გადაიხადონ პორტაბელურობის საფასური. აღნიშნულიდან გამომდინარე, „Mediafon“/ „Mediafon datapro-ს მიაჩნია, რომ ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება გამორიცხავს მეორის დაკმაყოფილებას.
შეპასუხების თანახმად, ხელშეკრულების დანართი N1-ის მე-6 მუხლში საუბარია სერვისის საფასურის/ღირებულების შემცირების მექანიზმე, როდესაც ვერ ხერხდება სერვისის ხელმისაწვდომობის 99.7%-ით მიწოდება და ამ კონკრეტული პერიოდში ადმინისტრატორი უზრუნველყოფს ოპერატორთათვის მომსახურების საფასურის იმ პროპორციით შემცირებას, რომელიც შეესაბამება სერვისით სარგებლობის ხელშეშლას. მოპასუხე აღნიშნავს, რომ აღნიშნული პირობის არარსებობის შემთხვევაში, ადმინისტრატორი მოკლებული იქნება შესაძლებლობას მოახდინოს ოპერატორთაათვის სერვისის ღირებულების შემცირება სერვისით სარგებლობის შეზღუდვის (სერვისის ხელმისაწვდომობის 99.7%-ით ნაკლებობით სარგებლობის) შემთხვევაში, ვინაიდან, ადმინისტრატორის ვალდებულება, უზრუნველყოს სერვისის ხელმისაწვდომობის წლიური 99.7%-ი მაჩვენებლობა დადგენილია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ და მისი შეცვლა არ არის ადმინისტრატორზე დამოკიდებული.
სს“სილქნეტის“ მოთხოვნა, რომ თუ სერვისის წლიური ხელმისაწვდომობა 99.7%-ზე ნაკლები დაფიქსირდება, მათ იმ დღეებზე (პერიოდზე) საერთოდ არ გადაიხადონ პორტაბელურობის საფასური (საჩივრის ,,დ’’ პუნქტი), მოპასუხის მოსაზრებით წარმოადგენს საჩივრის ავტორის მცდელობას შეიქმნას პრივილეგირებულ მდომარეობა და მიიღოს ის სარგებელი, რომლის მიღების საფუძველიც არ გააჩნია. მოპასუხის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ადმინისტრატორი ვერ უზრუნველყოფს სერვისის წლიურ ხელმისაწვდომობას 99.7%-ით, ეს მაინც არ შეიძლება გახდეს ოპერატორთა მხრიდან მათთვის გაწეული მომსახურების საფასურის (იმ დღეებზე (პერიოდზე), როცა ხელმისაწვდომობა ნაკლებია 99.7%-ზე) გადახდისაგან სრულად გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან ამ შემთხვევაში მივიღბთ სურათს, როდესაც ოპერატორებმა რომელიმე დღის (პერიოდში) შეიძლება ისარგებლონ სისტემაზე წვდომის 98% და მათ ამ მომსახურებაში არ გადაიხადონ არანაირი საფასური, რაც თავის მხრივ წარმოადგენს არასამართლიან პირობას.
მოპასუხის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრატორი ვერ უზრუნველყოფს სერვისის მიწოდებას წლიური ხელმისაწვდომობის 99.7%-ით, ეს ჩაითვლება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან 2016 წლის 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების უხეშ დარღვევად, რადგან აღნიშნული ხელშეკრულების 2.5 პუნქტის თანახმად, უხეშ დარღვევად მიიჩნევა ხელშეკრულების პირობების ისეთი დარღვევა, რომელიც იწვევს ,,დებულების’’ დარღვევას. თავის მხრივ, ,,დებულების’’ ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს ადმინისტრატორის ვალდებულება უზრუნველყოს სერვისის მიწოდება წლიური ხელმისაწვდომობის არანაკლებ 99.7%-ით. ადმინისტრატორის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას დაეკისრება პირგასამტეხლო, ხოლო განმეორებითი (სისტემატიური) დარღვევების შემთხვევაში შესაძლებელია მასთან შეწყდეს ხელშეკრულება.
„Mediafon“/ „Mediafon datapro-ს შეპასუხებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრატორის მხრიდან ადგილი არ აქვს კომისიის 2016 წლის 21 აპრილის ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემების ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ’’ კომისიის N259/10 გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების და ასევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და ადმინისტრატორს შორის 2016 წლის 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევას. კომპანიის მოსაზრებით, სს „სილქნეტის“ პოზიცია და მისი მოთხოვნები არის სამართლებრივად დაუსაბუთებელი და ისინი მიზნად ისახავენ საჩივრის ავტორისათვის იმ შეღავათების მოტანას, რომელთა მიღების სამართლებრივი საფუძველი მას არ გააჩნია. შესაბამისად, „Mediafon“/ „Mediafon datapro-მ მოითხოვა კომისიის მიერ უარი ეთქვას სს „სილქნეტს“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
კომისიის 2017 წლის 2 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი კახი ყურაშვილი და „Mediafon“/„Mediafon datapro-ს წარმომადგენლები ირაკლი გაფრინდაშვილი და ნიკოლოზ აბუთიძე.
კომისიის 2017 წლის 2 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე მხარეებმა მხარი დაუჭურეს მათ მიერ კომისიაში წერილობით წარმოდგენილ პოზიციებს (სს „სილქნეტის“ საჩივარი, „Mediafon“/ „Mediafon datapro“-ს შეპასუხება). კომისიამ მხარეებს შესთავაზა მორიგება საკითხის არსებითად განხილვის დაწყებამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების მე-11 მუხლი, რომლის თანახმად, პორტირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, ბოლო მომხმარებელს (აბონენტსა) და მიმღებ ან დონორ ოპერატორს შორის, მიმღებ და დონორ ოპერატორს შორის, მიმღებ ან დონორ ოპერატორს, აგრეთვე მათსა და სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორს შორის სააბონენტო ნომრების პორტაბელურობასთან დაკავშირებით უნდა გადაწყდეს მხარეთა მოლაპარაკებების გზით; ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ პირებს შორის არსებული დავისას, მოდავე მხარეთა მოურიგებლობის შემთხვევაში, დავა განიხილება კომისიის მიერ ან სასამართლო წესით. კომისია, პორტირებასთან დაკავშირებულ დავებს განიხილავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ამდენად, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტსა“ და „Mediafon“/ „Mediafon datapro- შორის დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- სს „სილქნეტსა“ და „Mediafon“/„Mediafon datapro-ს შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2017 წლის 09 მარტს, 15:00 საათზე;
- დავის განხილვის დღის შესახებ სს „სილქნეტი“ და „Mediafon“/„Mediafon datapro გაფრთხილდნენ კომისიის 2017 წლის 2 მარტის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისა“ და „Mediafon“/ „Mediafon datapro“-სთვის გაგზავნის უზრუნველყოფა;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახა ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
