ქ. ჭიათურაში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2017 12:22
მიღების თარიღი მარტი 09, 2017
ქ. ჭიათურაში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N851/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი ქ. ჭიათურაში მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში (სიხშირეზე 93,5მჰც) კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N851/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 30 იანვარის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2017 წლის 2 თებერვლის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2017 წლის 2 მარტის 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2017 წლის 9 მარტი 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 4,475.25 (ოთხი ათას ოთხასსამოცდათხუთმეტი ლარი და 25 თეთრი) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და 2016 წლის 29 დეკემბრის N851/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ შპს ”რადიო ეფ-ემ”-მა. (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/891-17, 30.01.2017წ).
კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 2 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე, რომელსაც კომპანიის წარმომადგენელი მიხეილ შათაშვილი ესწრებოდა, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 29 დეკემბრის N851/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს. ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში ხარვეზით იყო წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაცია, კერძოდ დეკლარაციის მე-5 პუნქტში მითითებული იყო შპს ”რადიო ეფ-ემ”-ის დამფუძნებლის მფლობელობაში არსებული სხვა კომპანიაც. ასევე ხარვეზით იყო წარმოდგენილი ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ.
კომისიის 2017 წლის 2 თებერვლის №59/10 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ”რადიო ეფ-ემ”-ს დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2017 წლის 9 თებერვლის 19:00 საათამდე. კომპანიის მიერ 2017 წლის 8 თებერვალს წარმოდგენილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია (წერილი №6/1176-17).
ზეპირი მოსმენა ქ. ჭიათურაში (სიხშირეზე 93,5მჰც) კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2017 წლის 2 მარტს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა კომპანიის წარმომადგენელი მიხეილ შათაშვილი და ზაქარია ზალიკაშვილი.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №10/1979-17, 28.02.2017) კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, შპს ”რადიო ეფ-ემ”-ს მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. დასკვნაში აღნიშნულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ8) ქვეპუნქტის თანახმად, სპეციალიზებული მაუწყებლობა არის ერთი თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა. შეესაბამისად თუ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში შემოთავაზებულია ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები, აღნიშნული ლიცენზიის მაძიებლის დისკვალიფიკაციის საფუძველია.
წარმოდგენილი კონცეფციის თანახმად შპს „რადიო ეფ-ემ“-ის სამაუწყებლო ეთერი შედგება უმეტესწილად ფონური მუსიკალური ნაწილისგან, რომელიც გაზავებული იქნება მოკლე (5-10 წუთიანი) შემეცნებითი პროგრამებით და რეპორტაჟებით რეგიონალური საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ. რადიოს გააჩნია სარედაქციო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს შემეცნებითი რუბრიკების სტილსა და სიხშირეს. რადიო ეთერში მეტი “ყოფის” შესატანად სამივე ქალაქში (ქუთაისი, ჭიათურა, ზესტაფონი) იმუშავებს თითო კორესპონდენტი, რომლებიც აღწერენ ადგილობრივების დამოკიდებულებას რაიონის ცხოვრებაზე, სურვილებს, ჩაიწერენ მუსიკალურ მიძღვნებს, პირდაპირი ჩანაწერებით გააშუქებენ ადგილობრივთა დამოკიდებულებას თავიანთ რეგიონში მიმდინარე საყოფაცხოვრებო მოვლენების მიმართ. სარედაქციო ჯგუფი ზედამხედველობას გაუწევს შემდეგი რუბრიკების მომზადებას:
ექიმის რჩევები - აქტუალური სამედიცინო პრობლემების გარჩევა მედიცინის სხვადასხვა სპეციალისტებთან. მათი რეკომენდაციები და დაავადებათა პროფილაქტიკური რჩევები. (ყოველდღიური გამოშვება. გამეორდება დღეში ორჯერ). ასევე, მოკლე რჩევები იქნება ხალხური მედიცინიდან;
ავტო-მოტო-სპორტი - ავტო მრეწველობის სიახლეები, ინფორმაციები სხვადასხვა ავტო შოუებიდან და გამოცდილი ავტომოყვარულების რჩევები. (კვირაში ორი გამოშვება; გამეორდება დღეში ორჯერ);
ლიტერატურული განხილვები - უპირატესად ქართულ ენაზე გამოცემული წიგნების განხილვა, მცირე ანოტაციები და ცნობილი ადამიანების რეკომენდაციები მათი საყვარელი წიგნებისა;
ტექნოლოგიური სიახლეები - ადგილობრივი და მსოფლიო ტექნოლოგიური სიაახლების დაიჯესტური თავმოყრა და მსმენელთათვის გაცნობა, შესაბამის დინამიურ მანერაში. (ყოველდღიური გამოშვება. გამეორდება დღეში ორჯერ);
სოფლის ცხოვრება - ადგილობრივი მოსახლეობა გამოხატავს თავის დამოკიდებულებას რაიონის კულტურულ და სპორტულ მოვლენებზე. სადღესასწაულო დღეების გაშუქება. მაგ. ამინდის მოვლენებთან დაკავშირებული ყოფის აღწერა. ისტორიები ოჯახურ თუ ხალხურ ტრადიციებზე. გზავნილები ახლაგაზრდობისთვის;
აგრარული რჩევები - გამოცდილი აგრონომები, სეზონურ რჩევებს მისცემენ ამა თუ იმ კულტურული ჯიშების მოვლა - გამრავლებაში. (ყოველდღიური გამოშვება. გამეორდება დღეში ორჯერ);
რეგიონის აფიშა - იმერეთის რეგიონში კულტურული ცხოვრების გაშუქება. კონკრეტული ღონისძიებების ანონსი და მოკლე ინტერვიუები ღონიძიების მონაწილეებთან და მაყურებლებთან შთაბეჭდილებების გაზიარება;
პერსონალური პროფილი - ადგილობრივი საწარმოების წარმატებული/გამოცდილი მუშების პერსონალური პროფილის მომზადება, მათი კოლეგების, მეგობრების და ოჯახის წევრების დახასიათებით. (ყოველდღიური გამოშვება. გამეორდება დღეში ორჯერ);
მუსიკალური მიძღვნები - საღამოს მუსიკალური ეთერი გაჯერებული იქნება მუსიკალური მიძღვნებით. (ყოველდღიური გამოშვება. დღეში ორჯერ);
რადიო სტუმარი - რადიო წამყვანი ეპატიჟება სტუმრად პირდაპირ ეთერში საზოგადოებისთვის საინტერესო ადამიანს, სხვადასხვა პროფესიული სფეროდან (მუსიკალური, თეატრალური, ბიზნესის, ტექნოლოგიური და ა.შ. სფეროდან) და 30 წუთიანი კითხვა პასუხით აუდიტორიას აცნობს სტუმრის მოღვაწეობის სფეროს ნიუანსებს, მის პროფესიონალურ თუ პიროვნულ ჩვევებს;
რა მინდა გამოვიდე - ახალგაზრდებისთვის ყოველკვირეული რჩევები კონკრეტული პროფესიული კარიერული ზრდის შესახებ. რა პროფესიებია მოთხოვნადი რეგიონში, რომელი სასწავლებლები იძლევიან სპეციალიზირებულ ცოდნას. როგორია ანაზღაურების ზღვარი კონკრეტული დარგის და კვალიფიკაციის მიხედვით. HR-ის სპეციალისტების რჩევა როგორ გაიარონ გასაუბრება, როგორ დაწერონ სამოტივაციო წერილი და რას მიაქციონ ყურადღება პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის;
სიმღერის ისტორია - წამყვანი ყოველდღიურად მსმენელს აცნობს მოკლე, საინტერესო და დინამიურ მანერაში ცნობილი ჰიტების ისტორიას. მასთან დაკავშირებულ უცნობ დეტალებს, შემსრულებლების აზრს მათ ნამუშევარზე და ა.შ.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ შპს „რადიო ეფ ემ“–ის მიერ წარმოდგენილ კონცეფციაში შემოთავაზებულია შემდეგი პუნქტები – „რეპორტაჟები რეგიონალური საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ და ადგილობრივთა დამოკიდებულება თავიანთ რეგიონში მიმდინარე საყოფაცხოვრებო მოვლენების მიმართ“. შესაბამისად მიზანშეწონილია ზეპირ მოსმენაზე კომპანიის მიერ დაზუსტებულ იქნას კონცეფციაში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული პუნქტები.
კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომპანიის წარმომადგენელმა მიხეილ შათაშვილმა დააზუსტა კონცეფციაში მითითებული პუნქტები და აღნიშნა, რომ კომპანიის მიზანია განახორციელოს გასართობი მაუწყებლობა და არ სურს საერთო ან სათემო მაუწყებლობის განხორციელება. გამომდინარე იქიდან, რომ კონცეფციაში მითითებულმა პუნქტებმა გამოიწვია გარკვეული კითხვები შპს ”რადიო ეფ-ემ”-ი ამოიღებს აღნიშნულ პუნქტებს სამაუწყებლო კონცეფციიდან და იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი ქ. ჭიათურაში (სიხშირეზე 93.5 მჰც) კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2017 წლის 9 მარტს 15:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა კომპანიის წარმომადგენელი მიხეილ შათაშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს “რადიო ეფ ემ“-ის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნისა და კომპანიის წარმომადგენლის მიერ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გაკეთებული დაზუსტების საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ8) პუნქტის მოთხოვნებს.
კომისია დამატებით მიუთითებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “რადიო ეფ ემ“-ის წარმომადგენელმა მიხეილ შათაშვილმა სალიცენზიო გადასახდელის - 4,475.25 (ოთხი ათას ოთხასსამოცდათხუთმეტი ლარი და 25 თეთრი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლისა და კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N851/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ქ. ჭიათურაში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „რადიო ეფ ემ”-ი;
2. უზრუნველყოს შპს „რადიო ეფ ემ”-მა ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის - 895.05 (რვაასოთხმოცდათხუთმეტი და 05 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300773062
3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის ანუ 3,132.67 (სამი ათას ასოცდათორმეტი და 67 თეთრი) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) შპს „რადიო ეფ ემ”-ისთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „რადიო ეფ ემ”-ისთვის ჩაბარების დღიდან.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
