ააიპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ განცხადებების განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2017 14:01
მიღების თარიღი მარტი 23, 2017
ააიპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ განცხადებების განხილვის თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა“ განცხადებებით (15.02.17 Nშ-6/1427-17, 27.02.17 Nშ-6/1931-17) მომართა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ. ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ განცხადებების თანახმად, ზემოაღნიშნულ მაუწყებლებს მიმართა სოციალური რეკლამის განთავსების მოთხოვნით, თუმცა, როგორც სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, ისე შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა არ განათავსეს ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ ვიდეო რგოლები იმ მიზეზით, რომ აღნიშნული პროდუქცია არ აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სოციალური რეკლამისათვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს. ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა“ კომისიისგან მოითხოვა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სისწორის შეფასება.
ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტის“ განცხადებების (15.02.17 Nშ-6/1427-17, 27.02.17 Nშ-6/1931-17) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 9 მარტს. სხდომის გამართვის თაობაზე, შეტყობინებებით ეცნობათ, როგორც ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტს“ ისე სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს და ეთხოვათ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მხარეებს ასევე განემარტათ მათი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.
კომისიის მიერ ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ განცხადებების განხილვა შედგა 2017 წლის 9 და 23 მარტის კომისიის სხდომებზე.
კომისიის 2017 წლის 9 მარტის სხდომაზე გამოცხადდა ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ თავმჯდომარე მანანა თევზაძე, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი დიმიტრი ბერძენიშვილი, არ გამოცხადდა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი.
2017 წლის 9 მარტის კომისიის სხდომაზე ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ თავმჯდომარე მანანა თევზაძემ აღნიშნა, რომ მის მიერ წარმოდგენილი ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, განსაკუთრებით კი საგანგებო სიტუაციებში, იქნება ეს ბუნებრივი კატასტროფები თუ შეიარაღებული კონფლიქტი. მათ ერთ-ერთ მიმართულებას კი წარმოადგენს UNESCO-ს ჰააგის კონვენციის შესრულებაში სახელმწიფოსთვის ხელშეწყობა, საგანგებო სიტუაციებისთვის საზოგადოების და სახელმწიფო სტრუქტურების მზადყოფნისთვის დახმარება. ასევე მათი ორგანიზაციის მიმართულებაა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება კულტურული მემკვიდრეობის წინაშე არსებულ საფრთხეებზე, ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე და მის მრავალმხრივ პოტენციალზე.
მანანა თევზაძემ ასევე დასძინა, რომ იგი არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტი და იურისტის გარეშე შეძლებს განსახილველ საკითხზე მსჯელობას. იგი გაეცნო კომისიის მიერ მიღებულ მსგავს გადაწყვეტილებებს და მიაჩნია, რომ უფლება აქვს კომისიისგან მოითხოვოს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დავალდებულება, მათ სამაუწყებლო ბადეში ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ მიერ წარდგენილი ვიდეო რგოლების სოციალური რეკლამის სტატუსით გათავსება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ვიდეო რგოლები არ არის პოლიტიკური ან კომერციული ხასიათის. მანანა თევზაძის განცხადებით, სადაო ვიდეო რგოლებში ნაჩვენებია რამდენიმე მიმართულება, მათ შორის: კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ეკონომიკური რესურსის წინ წამოწევა და მისი დაცვის მნიშვნელობა. კულტურულ მემკვიდრეობას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კონსტიტუციაში და მისი დაცვის ვალდებულება ეკისრება ყველა მოქალაქეს. მანანა თევზაძის აზრით, აღნიშნულ საკითხს არ სჭირდება მეტი დასაბუთება იმისთვის, თუ რატომ უნდა იქნას განხილული მის მიერ წარდგენილი ვიდეო რგოლები, როგორც საზოგადოების პოზიტიური ქცევისკენ მოწოდება და საზოგადოებრივ საკითხზე ცნობიერების ამაღლება.
ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ თავმჯდომარემ, ასევე განაცხადა, რომ სადაო ვიდეო რგოლები შპს „სტუდია მაესტროსა“ და შპს „ტელეიმედის“ ეთერში განთავსებული იქნა სოციალური რეკლამების სტატუსით.
2017 წლის 9 მარტის კომისიის სხდომაზე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელმა დიმიტრი ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის“ მნიშვნელოვანია ის საკითხები, რაც მოცემულია ვიდეო რგოლებში, თუმცა აღნიშნული ვიდეო რგოლები სლოგანური ხასიათისაა და არ ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რაც არ შეესაბამება სოციალური რეკლამის მოთხოვნებს. მისი განმარტებით, ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ მიერ წარმოდგენილი ზოგიერთი ვიდეო რგოლი შეიცავს კომერციული რეკლამისთვის დამახასიათებელ გზავნილებს, მაგალითად თექის ოსტატის თაობაზე ვიდეო რგოლი. რაც შეეხება ბოტანიკური ბაღის თემაზე ვიდეო რგოლს, დიმიტრი ბერძენიშვილის განცხადებით, შეიცავს პოლიტიკურ განცხადებებს, კერძოდ, ვიდეო რგოლში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული წარმოებები კანონდარღვევით მიმდინარეობს სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლობის“ წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ყოველთვის მზადაა თანამშრომლობისთვის, თუმცა საკუთარ სამაუწყებლო ბადეს ვერ დაუთმობს ნებისმიერი სახის განცხადებას უფასოდ. წარმოდგენილი პროდუქცია უნდა ჯდებოდეს შესაბამისი ნორმის შინაარსში და მაუწყებელმა ჩათვალა, რომ ზემოაღნიშნული ვიდეო რგოლები სოციალური რეკლამის შესახებ ნორმის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა.
კომისიის მიერ საკითხის განხილვა და საკითხთან დაკავშირებით კომისიის გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო 2017 წლის 23 მარტისთვის.
კომისიის 2017 წლის 23 მარტის სხდომაზე გამოცხადდა ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტის“ თავმჯდომარე მანანა თევზაძე, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი დიმიტრი ბერძენიშვილი, არ გამოცხადდა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი.
ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ მიერ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის წარდგენილ ვიდეო რგოლებთან დაკავშირებით კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 07 მარტის Nშ-10/2263-17 დასკვნაში აღნიშნულია, რომ:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის წ) ქვეპუნქტის შესაბამისად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას, ხოლო ამავე მუხლის ჰ7) ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.
ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ მიერ სულ წარმოდგენილია 10 ვიდეო რგოლი, რომელთა შინაარსი არის შემდეგი სახის:
პირველი ვიდეო რგოლი - ანა დულარიძე, მეკლდეური საუბრობს, კლდის, როგორც საჯარო სივრცის დაცვის საჭიროებაზე; ბოლოს არის სლოგანი - საჯარო სივრცე არავის მისცე.
მეორე ვიდეო რგოლი - ანანო ცინცაბაძე, იურისტი, საუბრობს, რომ ბოტანიკური ბაღის მაგალითზე, თვალნათელია, თუ როგორ შეთანხმებულად მუშაობდნენ ადმინისტრაციული ორგანოები, რომ საჯარო სივრცე კერძო მესაკუთრისთვის დაესაკუთრებინათ, ბოლოს არის სლოგანი - საჯარო სივრცე არავის მისცე.
მესამე ვიდეო - ანტონ დგებუაძე და გია ჩხატარაშვილი საუბრობენ კლდის უბანზე, რომელიც მიმზიდველია ტურისტებისთვის და რომლის რესტავრაცია და გალამაზება მოხდა კომპანია „ჯორჯიასა“ და ნორვეგიელი ხალხის დახმარებით და გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ დიდი ფასი დაედო შრომას. ბოლოს არის სლოგანი - კულტურული მემკვიდრეობა გვამდიდრებს.
მეოთხე ვიდეო - ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი საუბრობს, რომ ინგრევა რელიგიური მნიშვნელობის ძეგლები, რასაც არ ექცევა სათანადო ყურადღება, რაც ჩუმი ვანდალიზმია. ბოლოს არის სლოგანი - მემკვიდრეობა ჩვენ გვეკუთვნის, მემკვიდრეობა ჩვენი დასაცავია.
მეხუთე ვიდეო - გიორგი ტატულაშვილი, კერამიკის ოსტატი გადაღებულია ქოთნის მზადების პროცესში და საუბრობს თიხის ნაწარმის დამზადების მეთოდზე და რომ მოსწონთ ტურისტებს და აქვს სურვილი შეასწავლოს მსურველებს, რათა ეს ხელობა არ დაიკარგოს. ბოლოს არის სლოგანი - წინდახედული გონება კულტურას აქცევს ქონებად.
მეექვსე ვიდეო - გურო ვაშაყმაძე ბაიკერი, რომელიც გადაღებულია სკვერში, სადაც შესაძლებელია სკეიდბორდით, მოტოროლერით („სამაკატკით“) ვარჯიში, საუბრობს ასეთი საჯარო სივრცეების შემცირებაზე, რაც ბავშვებს ხელს უშლის ამ მიმართულებით განვითარებაში. ბოლოს არის სლოგანი - საჯარო სივრცე არავის მისცე.
მეშვიდე ვიდეო - დეკანოზი ილია ჭიღლაძე საუბრობს, რომ სპეციალისტების გარეშე ისტორიულ ძეგლზე ყოველგვარი სამუშაოს ჩატარება შესაძლოა დამაზიანებელი აღმოჩნდეს ამ ძეგლისთვის. უნდა ვეცადოთ, რომ მომავალ თაობას გადავცეთ შეურყვნელი კულტურული მემკვიდრეობა; ბოლოს არის სლოგანი - ჩვენი მემკვიდრეობა ჩვენი დასაცავია.
მერვე ვიდეო - ლალი სადაღაშვილი, ტრადიციული თექის ოსტატი, საუბრობს ქართულ მატყლზე, ფარდაგზე, და ა.შ. ასევე იმაზე, რომ ოჯახურ ბიზნესად აქცია ეს საქმიანობა და 1500-2000 ლარამდე გამოიმუშავებს ყოველთვიურად. უზიარებს ახალგაზრდებს ამ საქმიანობას, რომ ეს ხელობა არ დაიკარგოს; ბოლოს არის სლოგანი - წინდახედული გონება კულტურას აქცევს ქონებად.
მეცხრე ვიდეო - ოლივერ რაისენი, სამხრეთ კავკასიაში გერმანული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის წარმომადგენელი, საუბრობს, რომ გერმანელი კოლონისტები საქართველოში ჩამოვიდნენ, საქართველოში დასახლდნენ და შექმნეს კულტურული მემკვიდრეობა. გამოთქვამს სურვილს, რომ 2017 წელი იყოს გერმანულ-ქართული მეგობრობის წელი; ბოლოს არის სლოგანი - ჩვენი წარსული - ჩვენი წვლილი მსოფლიო მრავალფეროვნებისთვის.
მეათე ვიდეო - რუსუდან წურწუმია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი, რომელიც საუბრობს, რომ არამატერიალურ კულტურას საზოგადოების ყველა ფენა ქმნის, ტურისტულად მიმზიდველ სოფლებში ლოკალური ტრადიცია ხშირად კომერციულ მიზნებს ეწირება და უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუ დავკარგავთ არამატერიალურ კულტურას, დავკარგავთ იმ მიმზიდველობას, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს და დავკარგავთ საკუთარ თავს. ბოლოს არის სლოგანი დაიცავი მემკვიდრეობა, შეინარჩუნე იდენტობა.
ყოველი ვიდეოს ბოლოს ეკრანზე ამოდის ოთხი ორგანიზაციის, მათ შორის ლურჯი ფარის ლოგო.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახირებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ ვიდეო რგოლებში ხდება ზოგადი საკითხების დეკლარირება (მაგ. კულტური მემკვიდრეობა მნიშვნელოვანია, საჯარო სივრცეები კარგია და საჭიროა მათი დაცვა). ისინი არ ემსახურებიან კონკრეტული პროექტის ან პროცესის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და დეპარტამენტის აზრით, არ ჯდებიან სოციალური რეკლამის დეფინიციის ფარგლებში. ისინი არც ზოგადად რეკლამის დეფინიციის კრიტერიუმებს ამაყოფილებენ და უფრო საგანმანათლებლო სიუჟეტების ხასიათს ატარებენ.
მეხუთე და მერვე ვიდეო რგოლები (გიორგი ტატულაშვილი და ლალი სადაღაშვილი), გარდა ზემოთ აღნიშნული შეუსაბამობისა, შეიძლება დამატებით ჩაითვალოს ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების რეკლამირებად. ამ ორ ვიდეო რგოლში ხდება პიროვნებების დასახელება, შემდეგ იმ ბიზნესის აღწერა, რომლებსაც ისინი ეწევიან და მათ მიერ გაწეული მომსახურებების რეკლამირება ხდება.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
1. ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ განცხადებები (15.02.17 Nშ-6/1427-17, 27.02.17 Nშ-6/1931-17);
2. ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ მიერ მომზადებული ვიდეო რგოლები (10 ცალი) დატანილი CD-ზე;
3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილი (27.01.2017 N319/01) ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულ კომიტეტს“;
4. შპს „სამაუწყბელო კომპანია რუსთავი 2“-ის წერილი (22.02.2017 N-/0107-17) ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულ კომიტეტს“;
5. ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ წერილი ( 02.03.17 Nშ-6/2086-17) თანდართული დოკუმენტაციით;
6. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 07 მარტის Nშ-10/2263-17 დასკვნა;
7. ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ თავმჯდომარის მანანა თევზაძისა და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დიმიტრი ბერძენიშვილის მიერ 2017 წლის 9 და 23 მარტის კომისიის სხდომებზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა“ 2017 წლის 10 იანვარს და 10 თებერვალს მიმართა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს, სამაუწყებლო ბადეში კომერციული რეკლამის სტატუსით 10 ვიდეო რგოლის განთავსების მოთხოვნით;
2. ზემოაღნიშნულმა მაუწყებლებმა მიიჩნიეს, რომ წარდგენილი ვიდეო რგოლები არ აკმაყოფილებდნენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს და უარი უთხრეს ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულ კომიტეტს“ ვიდეო რგოლების სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ბადეში განთავსებაზე;
3. სადაო ვიდეო რგოლები ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულ კომიტეტის“ მიერ სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების მოთხოვნით, ასევე წარედგინათ შპს „სტუდია მაესტროსა“ და შპს „ტელეიმედს“, რომლებმაც გარდა ერთი ვიდეოსი (არ განთავსდა მხოლოდ ლალი სადაღაშვილის მონწილეობით შექმნილი ვიდეო) ყველა ვიდეო რგოლი სამაუწყებლო ეთერში განათავსეს სოციალური რეკლამის სტატუსით.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის თანახმად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7) ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;
5 . „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 1 საათში ჯამში არანაკლებ 60 წამისა, რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს.
კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ მიერ მაუწყებლებისთვის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების მოთხოვნით წარდგენილი ვიდეო რგოლებიდან ორი ვიდეო რგოლი (თიხის ოსტატისა და მატყლისგან ფარდაგების დამზადების თაობაზე) ატარებს კომერციული რეკლამის ნიშნებს, ვინაიდან მათში მოცემულია ფიზიკური პირებისა და ამ პირთა სამუშაოს რეკლამირება, რაც ემსახურება მათი რეალიზაციის ხელშეწყობას; დანარჩენ ვიდეო რგოლებში მოცემულია საზოგადოებისთვის საყოველთაოდ ცნობილ საკითხებზე მოსაზრებების დეკლარირება.
კომისია აღნიშნავს, რომ სოციალური რეკლამის დეფინიციიდან გამომდინარე, სოციალური რეკლამა შესაძლოა იყოს: საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა[1]; საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ მიმართული რეკლამა [2]; მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული რეკლამა [3]; საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა[4]. გარდა ამისა, სოციალური რეკლამა არ უნდა იყოს კომერციული ან წინასაარჩევნო რეკლამის ნიშნების მატარებელი, არ უნდა შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური რეკლამის, როგორც რეკლამის ერთ-ერთი სახეობის მაუწყებლის მიერ გავრცელება უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობასთან, საქველმოქმედო მიზნების მიღწევასთან, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობასთან დაკავშირებული იდეებისა და წამოწყებებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, ანუ ასეთი იდეებისა და წამოწყებების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას, რეკლამირებას.
კომისიას მიაჩნია, რომ ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ მიერ მაუწყებლებისთვის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების მოთხოვნით წარდგენილი ვიდეო რგოლები, არ აკმაყოფილებენ სოციალური რეკლამისთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, რაც უპირველესად გამოიხატება იმაში, რომ ვიდეო რგოლებს არ აქვთ რეკლამის ფორმა, არ ემსახურებიან რაიმე იდეისა და წამოწყების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას, არამედ წარმოადგენენ საყოველთაოდ ცნობილ ჭეშმარიტებათა დეკლარირებას, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სოციალურ რეკლამად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ მიერ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ისთვის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების მოთხოვნით წარდგენილი ვიდეო რგოლები, არ ექვემდებარებიან სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ბადეში განთავსებას, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.
V. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) და ჰ7) ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- არ დაკმაყოფილდეს ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ განცხადებები, მის მიერ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ისთვის წარდგენილი ვიდეო რგოლების სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებასთან დაკავშირებით;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის“, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ისთვის გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ.ჯავახიძე);
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის“, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ისთვის ჩაბარებისთანავე;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
