შპს ,,სტუდია მაესტროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2017 16:47
მიღების თარიღი მარტი 23, 2017
შპს ,,სტუდია მაესტროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/2014-17; 28.02.2017) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2017 წლის 16 მარტს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სტუდია მაესტროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (Nშ-10/2014-17; 28.02.2017) ირკვევა, რომ აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ,,სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი 2017 წლის 10 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით პერიოდზე, სპონსორობის წესებისა და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (Nშ-10/2014-17; 28.02.2017) აღნიშნულია, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს „სტუდია მაესტროს“ ეთერში განთავსებულ გადაცემა „სელფი-მაესტროს “ ფარგლებში 2017 წლის 11 თებერვალს 19:49 სთ.-ზე განთავსდა სიუჟეტი, რომელშიც გადაცემის წამყვანი ესტუმრა ბრენდულ მაღაზიას „სამსუნგს“ და მაღაზიის მენეჯერთან ერთად მაყურებელს წარუდგინა ახალი „სამსუნგ-გალაქსი ა5“. წამყვანმა და მენეჯერმა ისაუბრეს ახალი მოდელის ტექნიკურ და თვისობრივ მხარეზე, წინა მოდელებთან შედარებით უპირატოსებებზე. ასევე, გადაცემის ბოლო ნაწილში წამყვანის მოთხოვნით მენეჯერმა მაყურებელს წარუდგინა ტელეფონის ღირებულება ბრენდულ მაღაზიაში არსებულ ამ მოდელზე.
- 2.1. 2017 წლის 11 თებერვალს შპს „სტუდია მაესტროს“ გადაცემა „ქვიშის საათში“ განთავსდა ლიმონათი „ყაზბეგის“ და „კულას“ სასპონსორო ვიდეო-რგოლები, რომელშიც აღნიშნულია:
ა) ქვიშის ზღაპრის სპონსორია ლიმონათი „ყაზბეგი“. უგემრიელესი, შუშხუნა, სადღესასწაულო. თქვენი და თქვენი პატარების რჩეული ლიმონათი „ყაზბეგი“.
ბ) ქვიშის ზღაპრის სპონსორი „კულა“ გთავაზობთ სიახლეს. გასინჯეთ და ისიამოვნეთ ახალი, არაგაზირებული ლიმონათით „კულასგან“. ჩვენ ვზრუნავთ თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობაზე. „კულა“ - დალიე ხილი!
2.2. 2017 წლის 11 თებერვალს, შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო ბადეში განთავსდა კლინიკა „ავერსის“ სასპონსორო ვიდეო-რგოლი, სადაც აღნიშნულია, რომ გადაცემის პარტნიორია „ავერსის“ კლინიკა. თანამედროვე სამედიცინო აპარატურა და მაღალკვალიფიციური პერსონალი. „ავერსის“ კლინიკა 10 წელია ზრუნავს თვენს ჯანმრთელობაზე.
ზემოაღნიშნული სიუჟეტების შესწავლის საფუძველზე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული სიუჟეტები არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე–2 პუნქტს, ვინაიდან სიუჟეტებში პროდუქტს ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა და ხშირ შემთხვევაში შეიცავს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ წინამდებარე სამსახურებრივი ბარათის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ პროგრამებში სპონსორზე მითითება ხდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევით.
შპს ,,სტუდია მაესტროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 23 მარტს, რის თაობაზეც შეტყობინებით (03/769-17) ეცნობა შპს ,,სტუდია მაესტროს“.
კომისიის 2017 წლის 23 მარტის სხდომას ესწრებოდა შპს ,,სტუდია მაესტროს“ იურისტი ვლადიმერ მამულია, რომელმაც აღიარა დარღვევა და კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო ბადეში 2017 წლის თებერვლის თვეში განთავსებულ პროგრამებში ირღვეოდა სპონსორობის და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების წესები.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი თანდართული CD-ით (შ-10/2014-17; 28.02.2017);
- შპს ,,სტუდია მაესტროს“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;
- შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
- III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,სტუდია მაესტრო“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა, მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა, მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა, ავტორიზაციის თარიღი:13.07.2012);
მტკიცებულება: შპს ,,სტუდია მაესტროს“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან
2. 2017 წლის 11 თებერვალს შპს ,,სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ გადაცემა „სელფი-მაესტროს“ ფარგლებში 19:49 სთ-ზე განთავსდა სიუჯეტი, რომელშიც გადაცემის წამყვანი ესტუმრა ბრენდულ მაღაზიას „სამსაუნგს“ და მაღაზიის მენეჯერთან ერთად მაყურებელს წარუდგინა ახალი „სამსაუნგ-გალაქსი ა5“. წამყვანმა და მენეჯერმა ისაუბრეს ახალი მოდელის ტექნიკურ და თვისობრივ მხარეზე, წინა მოდელებთან შედარებით უპირატესობაზე (16 მეგაპიქსელი მთავარი და ფრონტალური კამერა, წყალგამძლე და მტვერ გამძლე, ცუდ განათებაში საუკეთესო სურათები, ფერების ფართო არჩევანი). გადაცემის დაწყებისთანავე წამყვანმა წარმოთქვა შემდეგი ფრაზა: „სელფი-მაესტრო“ საუკეთესო სელფი კამერის გარეშე წარმოუდგენელია“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სიუჟეტში პროდუქტს ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი თანდართული CD-ით (N10/2014-17; 28.02.2017)
3. 2017 წლის 11 თებერვალს, 07:47 სთ-ზე, შპს ,,სტუდა მაესტროს“ სამაუწყებლო ბადეში, გადაცემა „ქვიშის ზღაპარში“ განთავსდა 20 წამიანი ხანგრძლივობის ლიმონათი „ყაზბეგის“ და „კულას“ სასპონსორო ვიდეო-რგოლები, რომელშიც აღნიშნულია:
ა) ქვიშის ზღაპრის სპონსორია ლიმონათი „ყაზბეგი“. უგემრიელესი, შუშხუნა, სადღესასწაულო ლიმონათი. თქვენი და თქვენი პატარების რჩეული ლიმონათი „ყაზბეგი“.
ბ) ქვიშის ზღაპრის სპონსორი „კულა“ გთავაზობთ სიახლეს. გასინჯეთ და ისიამოვნეთ ახალი, არაგაზირებული ლიმონათით „კულასგან“. ჩვენ ვზრუნავთ თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობაზე. „კულა“ - დალიე ხილი!
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაცემის საპონსორის მითითებისას ადგილი აქვს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას პროდუქტზე სპეციალური მითითებით და სასპონსორო მითითება შეიცავს სარეკლამო შეტყობინებას.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი და თანდართული CD.
3. 2017 წლის 11 თებერვალს, 21:30 სთ-ზე შპს ,,სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო ბადეში განთავსდა 11 წამიანია კლინიკა „ავერსის“ სასპონსორო ვიდეო-რგოლი, რომელშიც აღნიშნულია: გადაცემის პარტნიორია „ავერსის“ კლინიკა. თანამედროვე სამედიცინო აპარატურა და მაღალკვალიფიციური პერსონალი. „ავერსის“ კლინიკა 10 წელია ზრუნავს თვენს ჯანმრთელობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასპონსორო მითითება შეიცავს სარეკლამო შეტყობინებას.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი და თანდართული CD.
7. შპს ,,სტუდია მაესტროს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.
მტკიცებულება: შპს ,,სტუდია მაესტროს“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ17) ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით;
4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის შესაბამისად, სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით;
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით;
6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით. სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება არ შეიცავდეს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას;
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ:
1. შპს ,,სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო ბადეში 2017 წლის 11 თებერვალს განთავსებული გადაცემის - ,,სელფი მაესტროს“ სიუჟეტებში პროდუქტს ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა და სიუჟეტი შეიცავს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას, რითაც შპს ,,სტუდია მაესტროს“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტები და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი.
2. შპს ,,სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო ბადეში 2017 წლის 11 თებერვალს განთავსებულ გადაცემაში - ,,ქვიშის საათი“ სასპონსორო მითითებებისას ადგილი აქვს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას პროდუქტზე სპეციალური მითითებით და ამასთან, სასპონსორო მითითებები შეიცავენ სარეკლამო შეტყობინებებს, რითაც შპს ,,სტუდია მაესტროს“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები.
იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,სტუდია მაესტროს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,სტუდია მაესტროს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება, ხოლო დარღვევების აღმოსაფხვრელად მიეცეს გონივრული ვადა 5 დღის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) და ჰ17) ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტებისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს ,,სტუდია მაესტროს“ მიეცეს გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების და 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევის გამო;
- შპს ,,სტუდია მაესტროს“ დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) ამ გადაწყვეტილების შპს ,,სტუდია მაესტროსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) გადაწყვეტილების შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ჩაბარების დღიდან;
- კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
