წვდომის მენიუ

შპს ,,ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 192 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 04, 2017 18:34

მიღების თარიღი მარტი 23, 2017

შპს ,,ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/2018-17; 28.02.2017) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში 2017 წლის 16 მარტს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების (Nშ-10/2018-17; 28.02.2017; Nშ/10-2302-17; 10.03.2017) შესაბამისად, სპონსორობის წესებისა და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით, აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი 2017 წლის 4 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით. შედეგად გაირკვა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. 2017 წლის 4 თებერვალს, შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში განთავსებული გადაცემა  „უძრავი ქონების“ ფარგლებში განთავსდა სიუჟეტი ჩინური ელექტრო და დამხმარე ხელსაწყოების მწარმოებელი ბრენდის  ,,INGCO“-ს (ინგკოს) შესახებ. ავტორი ყვება ინგკო-ს პროდუქციის მიერ მსოფლიო ბაზრის დაპყრობის ისტორიას და ამ წარმატებას მიაწერს ბრენდის დახვეწილ დიზაინს, უმაღლეს ხარისხსა და, რაც მთავარია, მისაღებ ფასებს. ამის შემდეგ ავტორი გადაინაცვლებს ქართველ მომხმარებელზე, რომელსაც ინგკო-ს პროდუქციას სთავაზობს კომპანია „ნოვას“ სარეალიზაციო ქსელი მთელს საქართველოში. ავტორი ყურადღებას ამახვილებს კომპანია „ნოვას“ მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი ინგკო-ს პროდუქციის ენერგოეფექტურობაზე, ხარისხზე, საიმედოობაზე, მოსახერხებელ ფასებზე. მისი თქმით, „ნოვას“ მაღაზიათა ქსელი თბილისსა და ბათუმში მომხმარებელს ფართო არჩევანს სთავაზობს. „ნოვას“ გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები, თავის მხრივ, საუბრობენ ასორტიმენტის მრავალფეროვნებაზე, „ნოვას“ აქციებზე ინგკო-ს პროდუქციასთან მიმართებაში. ასევე, ასახელებენ ინგკო-ს ვებ-გვერდის მისამართს და მომხმარებელს მოუწოდებენ, მუდმივად განახლებად ინფორმაციას სწორედ ამ გვერდზე გაეცნონ.

სიუჟეტის მიმდინარეობის მანძილზე ორჯერ ამოანათა „ნოვას“ მაღაზიათა ქსელის მისამართებმა და ტელეფონის ნომერმა თბილისსა და ბათუმში: თბილისი, აგლაძის ქუჩა 45, ბათუმი - ბაგრატიონის ქუჩა 105. ტელ.: 593 300 300. 170-წამიანი სიუჟეტის განმავლობაში სრულად ჩანს ინგკო-ს სხვადასხვა დასახელების პროდუქცია როგორც მსხვილი კადრით, ისე ასორტიმენტის ზოგადი ჩვენებით.

2. იმავე გადაცემის ფარგლებში 2017 წლის 12 თებერვალს ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა კომპანია „ნოვას“ საგამოფენო და სარეალიზაციო დარბაზებში გასაყიდად წარმოდგენილ სამშენებლო და კერამიკულ-სააბაზანო მასალებსა და პროდუქციას. ავტორი დეტალურად ყვება „ნოვაში“ წარმოდგენილი კერამიკული ფილების, ასევე სააბაზანო ინვენტარისა და აქსესუარების შესახებ, ამ პროდუქციის ხარისხსა და ფასდაკლების აქციებზე. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თურქული ბრენდის  ,,Bien“-ის კერამიკული ნაწარმის ექსკლუზიური კოლექციის შეფასებას. ავტორი პირდაპირი მოწოდებით მიმართავს მომხმარებელს, სანამ რემონტს დაიწყებდეს, ესტუმროს „ნოვას“. კომპანიის მენეჯერების საუბარი ეხება აღნიშნული ბრენდის ნაწარმის პოპულიზაციას, ასევე უპრეცენდენტო ფასდაკლებებსა და სიურპრიზებს. 

3. 2017 წლის 11 თებერვალს, 11:10 სთ-ზე, გადაცემაში „უძრავი ქონება“ განთავსდა 10 წამიანი ხანგრძლივობის შემდეგი სასპონსორო მითითება: ,,გადაცემის სპონსორია „იზოჯამი“. დაზოგე 90 პროცენტამდე ენერგოხარჯი ენერგოეფექტიანი საიზოლაციო მასალებით. „იზოჯამი“.

2017          წლის 11 თებერვალს, 12:24 სთ-ზე   გადაცემაში „ავტორბოლა“, განთავსდა 12 წამის ხანგრძლივობის შემდეგი სასპონსორო მითითება: ,,გადაცემა ავტორბოლის სპონსორია მათე მოტორსი, ყველაზე მსხვილი მულტიბრენდული ცენტრი საქართველოში.“

2017 წლის 12 თებერვალს, 03:48 სთ-ზე გადაცემაში „საქმიანი დილა“ განთავსდა შემდეგი სასპონსორო მითითება: ,,გადაცემის გენერალური სპონსორია სამშენებლო მასალების კომპანია „ნოვა“. წარმოება, იმპორტი, ექსპორტი  -  „ნოვა“  -  იყიდე პირველისგან!“

ზემოაღნიშნული სიუჟეტების შესწავლის საფუძველზე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული სიუჟეტები არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე–2 პუნქტს, ვინაიდან სიუჟეტებში პროდუქტს ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა და ხშირ შემთხვევაში შეიცავს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას. 

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ წინამდებარე სამსახურებრივი ბარათის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილ პროგრამებში სპონსორზე მითითება ხდებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევით.

შპს ,,ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 23 მარტს, რის თაობაზეც შეტყობინებით (№03/771-17; 16.03.2017) ეცნობა შპს ,,ტელეკომპანია პირველს“.

კომისიის 2017 წლის 23 მარტის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,ტელეკომპანია პირველის“  კომერციული დირექტორი ნ. აბურჯანიძე და კომპანიის იურისტი გ. ჯანგავაძე, რომელთაც ვერ წარმოადგინეს კომპანიის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა. შესაბამისად, კომისიის 2017 წლის 23 მარტის სხდომას არ ესწრებოდა შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. კომისიის შეტყობინება (№03/771-17; 16.03.2017) შპს ,,ტელეკომპანია პირველს“ ჩაბარდა 2017 წლის 17 მარტს (შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ ადრესატისთვის წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი; გზავნილის კოდი:AP01002306716). შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომისიის მიერ შესრულებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ დაუსწრებლად.

კომისიის 2017 წლის 23 მარტის სხდომაზე შპს ,,ტელეკომპანია პირველის“  კომერციულმა დირექტორმა ნ. აბურჯანიძემ დაადასტურა, რომ გადაცემაში პროდუქტები განთავსებული იყო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით, კერძოდ, მათ მინიჭებული ჰქონდა გადაჭარბებული მნიშვნელობა და ადგილი ჰქონდა პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ  მოწოდებას, განსაკუთრებით სიუჟეტის იმ ნაწილში, სადაც საუბარია აქციებზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მათი შეცდომა იყო, რომ მათთვის მოწოდებულ სასპონსორო მითითებების რგოლები არ მიიჩნიეს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებად. ნ. აბურჯანიძემ ასევე განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული რგოლების შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსება გრძელდებოდა და კომპანიას სჭირდებოდა გონივრული ვადა დარღვევების აღმოსაფხვრელად.

II.      გამოკვლეული მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი თანდართული CD-ით (შ-10/2018-17; 28.02.2017);

2. კომისიის აპარატის აუდიო ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (შ-10/2302-17; 10.03.2017);

3. შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;

4. შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ კომერციული დირექტორის ნ. აბურჯანიძის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

III.    დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს ,,ტელეკომპანია პირველი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა, მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა, მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა, ავტორიზაციის თარიღი:14.01.2015);

მტკიცებულება: შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

2. 2017 წლის 4 თებერვალს შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ გადაცემაში ,,უძრავი ქონება“ ,,INGCO“-ს შესახებ სიუჟეტში აღნიშნულია: „შექმენი სამყარო შენივე ხელით. ამ ლოზუნგით INGCO ოც წელზე მეტია მსოფლიო ბაზარს იპყრობს. ,,INGCO“-ს პროფესიონალი და დამხმარე ხელსაწყოები მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია წარმოდგენილი. ჩინური ბრენდი წლებია კონკურენციას უწევს ევროპულ ბრენდებს, რომლებიც მრავლადაა ბაზარზე. დახვეწილი დიზაინით, უმაღლესი ხარისხით და მისაღები ფასებით, „INGCO-მ“ ქართველი მომხმარებლის ფასებით მოხიბვლაც მოახერხა და დღეს უკვე „INGCO“-ს ოფიციალური დილერი ,,ნოვას“ სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის დასახელებების რაოდენობაც იზრდება.“

სიუჟეტში კომპანია ,,ნოვას“ გაყიდვების დირექტორი განმარტავს: ,,INGCO“-ს რეალიზაცია კომპანია ,,ნოვამ“ დაიწყო 2016 წლის აპრილის თვიდან და ის აღმოჩნდა საკმაოდ წარმატებული პროდუქცია, გამომდინარე მისი ხარისხისა და ფასებიდან. „INGCO“-ს პირველადი ასორტიმენტი შეადგენდა დაახლოებით 70 დასახელების საქონელს. დღესდღეობით გვაქვს დაახლოებით 400-მდე სახეობის ასორტიმენტი ამ პროდუქციაში. ეს ასორტიმენტი შედგება ძირითადად ელექტრო და დამხმარე ხელსაწყოებისაგან, რომელიც საკმაოდ წარმატებულად იყიდება ქართულ ბაზარზე. კომპანია ,,ნოვას“ მომხმარებლებს შეუძლიათ  „INGCO“-ს პროდუქცია შეიძინონ როგორც თბილისის, ასევე ბათუმის ფილიალებში. გარდა ამისა, საქართველოს მთელ მასშტაბში… საქართველოს... კომპანია ,,ნოვას“ სარეალიზაციო ქსელში საახალწლო აქციის ფარგლებში ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ ,,INGCO“-ს საქონელი როგორც თბილისში, ასევე ბათუმის საგამოფენო დარბაზებში.“

სიუჟეტში ასევე აღნიშნულია: ,,გუნდს, რომელიც „INGCO“-ს ქმნის, სჯერა რომ ხარისხი არ გამოიხატება მხოლოდ ინსტრუმენტის ფუნქციებში, გამოყენებითობაში და ვიზუალში. არანაკლებ მნიშვნელოვანია ენერგოეფექტურობა, შრომითი გამოყენების ინტენსივობა და საექსპლუატაციო საიმედოობა. „INGCO“ მუდმივად მუშაობს, რომ წარმოებული პროდუქცია უფრო მეტად ეკონომიური იყოს, მოსახერხებელი და დიდხანს გამოსადეგი. როგორც ყველა ბრენდი ,,ნოვას“ სივრცეში, „INGCO“-ც განსაკუთრებული სიფრთხილით შეირჩა. ბრენდმა სატესტო პერიოდი წარმატებით გაიარა. მომხმარებლები ენდობიან „INGCO“.

სიუჟეტში კომპანია ,,ნოვას“ პიარ და მარკეტინგის მენეჯერი აღნიშნავს შემდეგს: ,,ნოვას“ განახლებული ასორტიმენტის ხილვა მომხმარებელს შეუძლია ingco.ge-ზე, ვებ-გვერდზე, რომელზეც ასორტიმენტის განახლებასთან ერთად ხდება ინფორმაციის განახლება. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მომხარებელთა თხოვნით „INGCO“-ს აქციები გრძელდება შემდეგი ორი კვირის განმავლობაში.“ სიუჟეტში ასევე აღნიშნულია: ,,შექმენი სამყარო შენივე ხელით. „INGCO“-ს პროდუქციის შეძენა მთელს საქართველოშია შესაძლებელი. „INGCO“-ს ინოვაციური და ნოვატორული პროდუქციის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე იხილოთ, ingco.ge.“

სიუჟეტის მიმდინარეობის მანძილზე ორჯერ ამოანათა „ნოვას“ მაღაზიათა ქსელის მისამართებმა და ტელეფონის ნომერმა თბილისსა და ბათუმში: თბილისი, აგლაძის ქუჩა 45, ბათუმი - ბაგრატიონის ქუჩა 105. ტელ.: 593 300 300. 170-წამიანი სიუჟეტის განმავლობაში სრულად ჩანს ინგკო-ს სხვადასხვა დასახელების პროდუქცია როგორც მსხვილი კადრით, ისე ასორტიმენტის ზოგადი ჩვენებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სიუჟეტში პროდუქტს ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა და სიუჟეტი ხშირ შემთხვევაში შეიცავს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას;

მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/2018-17; 28.02.2017) და თანდართული CD, კომისიის აპარატის აუდიო ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ/10-2302-17; 10.03.2017).

3. 2017 წლის 12 თებერვალს შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ გადაცემაში ,,უძრავი ქონება“ კომპანია ,,ნოვას“ შესახებ სიუჟეტში აღნიშნულია: ,,ნოვას“ თბილისის საგამოფენო დარბაზი მომხარებლებს განსხვავებული ასორტიმენტით ხვდება. ,,ნოვას“ მიერ წარმოებული პროდუქციის და სარემონტო მასალების გარდა ,,ნოვა“ კერამიკული ფილების, აბაზანის აქსესუარების, ლამინირებული იატაკის, ინტერიერის და ექსტერიერის კარების, ევროპული შპალერის ფართო არჩევანს გთავაზობთ.“ სიუჟეტში კომპანია ,,ნოვას“ გაყიდვების მენეჯერი აღნიშნავს შემდეგს: ,,კერამიკული ფილებისა და აბაზანის აქსესუარების ფართო არჩევანი უკვე ,,ნოვას“ თბილისის ფილიალშიცაა წარმოდგენილი. აგერთვე, მომხმარებელს ვთავაზობთ ,,Bien”-ის კერამიკული ფილების ექსკლუზიურ კოლექციას.“

სიუჟეტში აღნიშნულია: ,,საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილია თურქული ბრენდის ,,Bien”-ის ექსკლუზიური კოლექცია. ,,Bien”-ი ,,ნოვაში“ კერამიკული ფილების და კერამიკული ნაწარმის განსაკუთრებულ კოლექციებს წარმოადგენს. მომხმარებელს აქვე შეუძლია ისარგებლოს 3D მომსახურების უფასო სერვისით და მისი გემოვნებით შექმნას აბაზანის დიზაინი. ,,Bien”-ის კერამიკული ნაწარმი ექსკლუზიური კოლექცია შექმნილია ევროპელი მომხმარებლისთვის. დახვეწილი ფაქტურა, ორიგინალური ფორმები, განხსვავებული და შენი. ასე იცნობენ ევროპაში ,,Bien”-ს.“

სიუჟეტში კომპანია ,,ნოვას“ პიარის და მარკეტინგის მენეჯერი აღნიშნავს: ,,ნოვას“ საგამოფენო დარბაზის თბილისის ფილიალში მომხმარებელს ელოდება განახლებული ასორტიმენტი, კერამიკული ფილების ექსკლუზიური კოლექციები, ინტერიერის და ექსტერიერის კარები, შპალერის ფართო არჩევანი. ასევე, აბაზანის ავეჯი და აბაზანის აქსესუარები. ამჯერად საგამოფენო დარბაზში მიმდინარეობს უპრეცედენტო ფასდაკლებები აბაზანის აქსესუარებზე. ასევე, პროდუქციის უმრავლესობას მიყვება სასიამოვნო სიურპრიზი საჩუქრის სახით.“

სიუჟეტში აღნიშნულია: ,,ნოვას“ სივრცეში ათი ათასზე მეტ სამშენებლო-სარემონტო მოსაპირკეთებელ მასალასა და ათასზე მეტ პროდუქტზე უპრეცედენტო აქციასთან ერთად სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. ესტუმრეთ ,,ნოვას“ სანამ რემონტს დაგეგმავთ.“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სიუჟეტში პროდუქტს ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა და სიუჟეტი ხშირ შემთხვევაში შეიცავს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას;

მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/2018-17; 28.02.2017) და თანდართული CD.

4. 2017 წლის 11 თებერვალს, 11:10 სთ-ზე, შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსდა გადაცემა „უძრავი ქონების“ სპონსორის კომპანია ,,იზოჯამის“ 10 წამიანი ხანგრძლივობის  სასპონსორო მითითება, რომელშიც აღნიშნულია: ,,გადაცემის სპონსორია „იზოჯამი“. დაზოგე 90 პროცენტამდე ენერგოხარჯი ენერგოეფექტიანი საიზოლაციო მასალებით. „იზოჯამი“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაცემის საპონსორის მითითებისას ადგილი აქვს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას პროდუქტზე სპეციალური მითითებით და სასპონსორო მითითება შეიცავს სარეკლამო შეტყობინებას;

ტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/2018-17; 28.02.2017) და თანდართული CD.

5. 2017 წლის 11 თებერვალს, 12:24 სთ-ზე შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსდა გადაცემა ,,ავტორბოლის“ სპონსორის ,,მათე მოტორსის“ სასპონსორო მითითება, რომელშიც აღნიშნულია: ,,გადაცემა ავტორბოლის სპონსორია მათე მოტორსი, ყველაზე მსხვილი მულტიბრენდული ცენტრი საქართველოში.“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაცემის საპონსორის მითითებისას ადგილი აქვს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას პროდუქტზე სპეციალური მითითებით და სასპონსორო მითითება შეიცავს სარეკლამო შეტყობინებას;

მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/2018-17; 28.02.2017) და თანდართული CD.

6. 2017  წლის 12 თებერვალს, 03:48 სთ-ზე შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსდა გადაცემა ,,საქმიანი დილის“ სპონსორის, კომპანია ,,ნოვას“ სასპონსორო მითითება, რომელშიც აღნიშნულია: ,,გადაცემის გენერალური სპონსორია სამშენებლო მასალების კომპანია „ნოვა“. წარმოება, იმპორტი, ექსპორტი  -  „ნოვა“  -  იყიდე პირველისგან!“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაცემის სპონსორის მითითებისას ადგილი აქვს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას პროდუქტზე სპეციალური მითითებით და სასპონსორო მითითება შეიცავს სარეკლამო შეტყობინებას;

ტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/2018-17; 28.02.2017) და თანდართული CD.

7. შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.

მტკიცებულება: შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ17)  ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით.

4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის შესაბამისად, სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი  სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით.

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს, ხოლო 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით.

6.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით. სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება არ შეიცავდეს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას.

7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ:

1.  შპს  ,,ტელეკომპანია პირველის“ სამაუწყებლო ბადეში 2017 წლის 4 და 12 თებერვალს განთავსებული გადაცემის - ,,უძრავი ქონება“ სიუჟეტებში პროდუქტს ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა და სიუჟეტები შეიცავენ პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას (იხ. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მე-2 და მე-3 პუნქტები), რითაც შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ მიერ დაირღვა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტები და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი.

2. შპს  ,,ტელეკომპანია პირველის“ სამაუწყებლო ბადეში 2017 წლის 11 თებერვალს განთავსებულ გადაცემებში - ,,უძრავი ქონება“ და ,,ავტორბოლა“ და ასევე, 12 თებერვალს განთავსებულ გადაცემაში - ,,საქმიანი დილა“ სასპონსორო მითითებებისას ადგილი აქვს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას პროდუქტზე სპეციალური მითითებით და ამასთან, სასპონსორო მითითებები შეიცავენ სარეკლამო შეტყობინებებს (იხ. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები), რითაც შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები.

იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელეკომპანია პირველს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება, ხოლო დარღვევების აღმოსაფხვრელად მიეცეს 5 დღე.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) და ჰ17) ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტებისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შპს ,,ტელეკომპანია პირველს“ მიეცეს გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების და 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევის გამო;
  2. შპს ,,ტელეკომპანია პირველს“ დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5   დღის ვადაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) ამ გადაწყვეტილების შპს ,,ტელეკომპანია პირველისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“   ჩაბარების დღიდან;
  7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
  8. კონტროლი გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ. ბერია).

კომისიის თავმჯდომარე                                 ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                 ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                 კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                 გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                 მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები