წვდომის მენიუ

ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, მოქალაქეების ა. არგანაშვილისა და ნ. გოჩიაშვილის საჩივრის განხილვის თაობაზე

ნომერი: 193 / 12

გამოქვეყნების თარიღი მაისი 01, 2017 14:32

მიღების თარიღი მარტი 23, 2017

ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, მოქალაქეების ა. არგანაშვილისა და  ნ. გოჩიაშვილის  საჩივრის განხილვის თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) 2017 წლის 11 იანვარს საჩივრით (შ-6/176-17) მომართეს ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“,  მოქალაქე ა. არგანაშვილმა და მოქალაქე ნ. გოჩიაშვილმა ქართულ ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ ვიდეო რგოლთან დაკავშირებით. საჩივრის თანახმად,  ინტერნეტ პროდუქტში - „სანტას თოვლის ბაბუამ წაასწრო!-ბოლო გოზინაყი“ ნაჩვენებია სასტიკი ძალადობის სცენა. კერძოდ, თოვლის პაპა კლავს სანტა კლაუსს, გარდაცვლილის გვამი მოთავსებულია აბაზანაში და ზედ ასხამს მჟავას იმ მიზნით, რომ გაანადგუროს გვამი და დამალოს დანაშაულის კვალი. სანტა კლაუსის მოკვლის სასტიკ სცენას უყურებს ბავშვი (დაახლოებით 5-6 წლის), რომელიც კიდებს საჩუქრებს ხელს და შეშინებული სახით  გადის აბაზანიდან. ვიდეო რგოლი სრულდება სისხლით გაკეთებული წარწერით, რომ ახალ წელს გვილოცავს კომპანია New Studio.

ზემოაღნიშნულ საჩივარში აღნიშნულია, რომ ვიდეო რგოლი განთავსებულია ორ ვებგვერდზე: www.marketer.ge და www.vtube.ge. საჩივრის ავტორთა განმარტებით, www.marketer.ge-ზე მითითებულია ინფორმაცია, რომ ვიდეო რგოლის ნახვა არ არის რეკომენდირებული არასრულწლოვანთათვის, თუმცა ასეთი გაფრთხილება არ ადევს www.vtube.ge-ზე განთავსებულ იგივე ვიდეო რგოლს.

საჩივრის თანახმად, ბავშვთა ფსიქოთერაპევტის მ. ცირამუას დასკვნით, სადავო ვიდეო რგოლში აღწერილი ძალადობრივი სცენა ბავშვისთვის (როგორც მონაწილე ისე მაყურებელი) არის მატრამვირებელი და შეიცავს ძალადობრივ გზავნილებს, რაც დამაზიანებლად აისახება არასრულწლოვნებზე.

საჩივარში მითითებულია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის“ მე-3 მუხლი, რომლის თანახმად განმარტებულია დაუშვებელი პროდუქცია - ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია. საჩივრის ავტორი სადავო ვიდეო რგოლს აფასებს, როგორც დაუშვებელ პროდუქციას. საჩივარში ასევე მითითებულია ამავე რეგლამენტის 103 (2) მუხლი, რომლის თანახმად, ინტერნეტ-დომენის გამცემი (ამ შემთხვევაში შპს  „კავკასუს ონლაინი“) პერიოდულად ამოწმებს მის მიერ რეგისტრირებულ ინტერნეტ-გვერდების შინაარსს იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილოს ინტერნეტ-გვერდზე დაუშვებელი პროდუქციის განთავსება. ასეთის შემთხვევაში, დომენის გამცემმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები მათ აღმოსაფხვრელად.

საჩივარში ასევე მითითებულია აღნიშნული რეგლამენტის 101  მუხლი, რომლის შესაბამისად,  მომსახურების მიმწოდებელი ღებულობს ყველა ზომას მომხმარებლისათვის არასასურველი ელექტრონული კორესპონდენციის მიწოდების აღსაკვეთად და უზრუნველყოფს საკონტაქტო ხაზის არსებობას, რომელიც დაეხმარება მომხმარებელს არასასურველი ელექტრონული კორესპონდენციის შესახებ ინფორმაციისა და პრევენციული ღონისძიებების მიღებაში.

საჩივრის ავტორთა განმარტებით, ვინაიდან ვიდეო ერთ ვებგვერდზე ატვირთულია ყოველგვარი მინიშნების გარეშე, ხოლო მეორე ვებგვერდზე არასრული და ბუნდოვანი აღნიშვნაა,  პროდუქტი უნდა ჩაითვალოს ყველა ასაკისთვის გათვლილ პროდუქტად, რაც შინაარსის გათვალისწინებით, არღვევს კანონმდებლობით დაწესებულ მოთხოვნებს. კერძოდ, რეგლამენტის 107 მუხლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ღებულობს ყველა ზომას მომხმარებლისათვის არასასურველი ელექტრონული კორესპონდენციის მიწოდების აღსაკვეთად და უზრუნველყოფს საკონტაქტო ხაზის არსებობას, რომელიც დაეხმარება მომხმარებელს არასასურველი ელექტრონული კორესპონდენციის შესახებ ინფორმაციისა და პრევენციული ღონისძიებების მიღებაში.

საჩივრის ავტორებმა კომისიისგან მოითხოვეს, რომ  კომისიამ იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება ინტერნეტ სივრციდან სადაო ვიდეო რგოლის მოხსნის ან სხვა ღონისძიების შესახებ.

ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს საკითხოს განხილვაში ფსიქოლოგ მ. ცირამუას ჩართვა.

ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ საჩივრის (11.01.17 შ-6/176-17)) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 2 მარტს.  სხდომის გამართვის თაობაზე შეტყობინებებით ეცნობათ,  როგორც საჩივრის ავტორებს,  ისე შპს „კავკასუს ონლაინს“ და ეთხოვათ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მხარეებს ასევე განემარტათ მათი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვისას მონაწილეობის მისაღებად ასევე მოწვეული იქნა ფსიქოლოგი მ. ცირამუა.

 2017 წლის 2 მარტის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“  წარმომადგენელი ა. სალდაძე, არ გამოცხადდა შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელი და არ გამოცხადდა ფსიქოლოგი მ. ცირამუა. ა. სალდაძემ განაცხადა, რომ მათი სურვილით ჩართული ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ ვერ მოახერხა კომისიის სხდომაზე მოსვლა და იშუამდგომლა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე. საკითხის განხილვა გადაიდო 2017 წლის 9 მარტისათვის.

2017 წლის 9 მარტის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლები: ანა სალდაძე, თ. შველიძე და თ. კურატიშვილი, ფსიქოლოგი მ. ცირამუა, შპს „New Studio“-ს პროდუსერი დ. ქელეხსაშვილი.

ფსიქოლოგ მაია ცირამუას განმარტებით, ნებისმიერი ძალადობის სცენის ნახვა სარისკოა ბავშვებისთვის. აქ არის ორი სახიფათო მომენტი, ერთი, რომ ეს ეხება საკრალურ არსებას, როგორიცაა სანტა კლაუსი და მეორე, აქ არის ნაჩვენები ძალადობა. ბავშვებს აქვთ საოცარი უნარი, მათ საკუთარი წაროსახვა უფრო აშინებთ, რაც აშენდება მატრამვირებელ სიუჟეტზე და წარმოიქმნება ფობიები. მისი აზრით, როდესაც ბავშვს სიკეთის სტერეოტიპს უმსხვრევენ, ეს შეიძლება მისთვის აღმოჩნდეს მატრამვირებელი;

ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“  წარმომადგენლებმა 2017 წლის 9 მარტის კომისიის სხდომაზე დააზუსტეს მოთხოვნა და მოითხოვეს სადაო ვიდეო რგოლზე ისეთი ნიშანდების უზრუნველყოფა, რომელიც მიუთითებს, რომ ვიდეოს ნახვა არ არის მიზანშეწონილი არასრულწლოვნებისათვის. სამართლებრივ საფუძვლად მხარემ მიუთითა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის“ 107 მუხლი, რომლის თანახმად, 1. არასრულწლოვნებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება წარმოებს წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე;  2. დაუშვებელია არასულწლოვნებისთვის ისეთი პროდუქციის, რეკლამის და მომსახურების მიწოდება, რომელიც ზიანს აყენებს ან შეიძლება მიაყენოს არასულწლოვნების ფსიქიკურ ან/და ფიზიკურ ჯანმრთელობას, მათ მორალურ და სოციალურ განვითარებას ან ქმნის ასეთის საფრთხეს ან/და ბოროტად იყენებს მათ ნდობას, გამოცდილების არქონას და ლოიალურობას. 3. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს, რომ სრულწლოვნებზე გათვლილ მასალას ჰქონდეს შესაბამისი გაფრთხილება, რაც მომხმარებელს თავიდან აცნობს აღნიშნული პროდუქციის შინაარსისა და შემცველობის თაობაზე; ბ) მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ მომხმარებელმა შეძლოს არასრულწლოვანთა ეფექტური გაკონტროლება ან დააწესოს შეზღუდული დაშვება იმ ინტერნეტ–გვერდებზე, რომლებიც შეიცავენ სრულწლოვან მომხმარებელზე გათვლილ პროდუქციას; გ) ინტერნეტ–ფორუმის შექმნისას მიუთითოს, იმართება თუ არა ეს ფორუმი ადმინისტრატორის მიერ.

ა(ა)იპ პარტნიორობა ადამაინის უფლებებისათვის“  წარმომადგენელმა  ა.სალდაძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ  ყველათვის ცნობილია, რომ გამოხატვის თავისუფლება უზენაესი უფლებაა, თუმცა ის არ არის აბსოლუტური უფლება. ის შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, როდესაც გამოხატვის თავისუფლება იჭრება სხვა უფლებებში. ამ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს რომელი უფლება უფრო მნიშვნელოვანია. ისინი გამოხატვის თავისუფლებაზე ზეგავლენას არ ახდენენ, მათი მოთხოვნაა გამაფრთხილებელი ნიშანი განთავსდეს ვიდეო რგოლზე, რომელიც მშობელს მისცემს შესაძლებლობას აკონტროლოს ბავშვი. მისი განმარტებით, ფაქტია, რომ ინტერნეტ სივრცემ მოიტანა ის, რომ ბევრად ხელმისაწვდომია ადამიანებისთვის და მათ შორის ბავშვებისთვის იმ ინფორმაციის ნახვა, რაც მათ არ შეუძლიათ ნახონ ტელევიზიით. ტელევიზიას აქვს კარგი საშუალება პულტი, რომლის მეშვეობითაც მშობელს შეუძლია გადართოს სხვა არხზე, როდესაც ხედავს, რომ ბავშვი არასასურველ კონტენტს უყურებს. არასასურველი კონტენტზე კი აუცილებლად განმასხვავებელი ნიშანია დადებული. ამავდროულად, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-10 მუხლში საუბარია ხელშეკრულებით გაფორმებული მომსახურების მიწოდებაზე, თუმცა როდესაც ხელშეკრულებას აფორმებს კონკრეტული ადამიანი, მომსახურების მიმწოდებელი მომსახურებას აწვდის მთელ ოჯახს. მომსახურების მიმწოდებელი არ უნდა აღიქვამდეს, რომ მომსახურებას უწევს მხოლოდ სრულწლოვანს. შესაბამისად, რეგლამენტის 107 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში ჩამოთვლილი ვალდებულება ზოგადი წესის რეგულირებაა. რეგლამენტის  107 მუხლის მე-2 პუნქტი საუბრობს არასრულწლოვანებისთვის ფსიქიკური ან ფიზიკური ჯანმრთელობის და მორალური და სოციალური განვითარებისთვის ხელშემშლელი მასალის განთავსებაზე. ქალბატონმა მაიამ ცირამუამ ისაუბრა, რომ ეს არის მარტრამვირებელი ბავშვებისთვის. რეგლამენტით ასევე გათვალისწინებულია და გაფრთხილების მექანიზმი უნდა გამოიყენებოდეს. ა.სალდაძემ განაცხადა, რომ ისინი არ ედავებიან შპს „ნიუ სტუდიოს“, არამედ ედავებიან შპს „კავკასუს ონლაინს“, რომელმაც არ შეასრულა კანონით დაკისრებული ვალდებულებები, ვებგვერდების გადამოწმებასთან დაკავშირებით.

ა(ა)იპ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა თ.კურატიშვილმა,  აღნიშნა, რომ მათი ორგანიზაცია გამოხატვის თავისუფლებას არ ებრძვის, რადგან ისინი არ ითხოვენ ვიდეო რგოლის ინტერნეტ სივრციდან ამოღებას. მათი მოთხოვნაა, რომ გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად, დაცული იყოს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი. მისი მოსაზრებით, მშობლის პასუხისმგებლობის შესასრულებლად ვიდეო რგოლს უნდა დაედოს მინიშნება მშობლებისთვის. ყველა მშობელი ვერ აცნობიერებს, რომ  მისთვის სასაცილო და კრეატიული ვიდეო, შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მისი შვილისთვის, მაგრამ ნიშანდება მათ მიანიშნებს, რომ ეს ვიდეო რგოლი შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი;

ა(ა)იპ „პარტნიორები ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელმა თ. შველიძემ განაცხადა, რომ www.vtube.ge-ზე განთავსებულ ვიდეო რგოლზე საერთოდ არ არის მინიშნება, ხოლო www.marketer.ge-ზე განთავსებული ვიდეო რგოლის გვერდით მითითებული წინადადება არასაკმარისია იმისთვის, რომ მშობელმა მოახდინოს ეფექტური გაკონტროლება. საჭიროა გამაფრთხილებელი ნიშანი მითითებული იყოს თავად ვიდეოზე. მან აღნიშნა, რომ საჩივრის მიზანს წარმოადგენს, რომ ბავშვების უფლებები არ დაირღვეს, არ ნახონ მათთვის დამაზიანებელი პროდუქცია და ამ ყველაფრის ეფექტური გაკონტროლების საშუალება ჰქონდეს მშობელს.

2017 წლის 9 მარტს კომისიას წარედგინა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თამთა ტეფნაძის წერილობითი პოზიცია (მიმართვა) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული მიმართვის შესაბამისად, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, შვედეთი, ფინეთი) საკანონმდებლო კუთხით ონლაინ კონტენტის რეგულირება ორ ასპექტს მოიცავს: 1) უკანონო კონტენტის ზოგადი აკრძალვა; 2) ბავშვებისთვის შეუფერებელი კონტენტის შეზღუდვა განსაზღვრულ ასაკობრივ ზღვრამდე.

 საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შეფასებით,  სადავო ვიდეო რგოლი ცალსახად არ ექცევა რეგლამენტის მე-3 მუხლის ჰ)2 ქვეპუნქტით განსაზღვრული „დაუშვებელი პროდუქციის“ ცნებაში, რასაც უნდა ჰქონოდა სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი შინაარსი. შესაბამისად, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია, რეგლამენტის 102 მუხლის ა) ქვეპუნქტების თანახმად, www.marketer.ge-სა და www.vtube.ge-ს დაევალოს მათ ინტერნეტ გვერდებზე განთავსებულ სადავო ვიდეო რგოლს სათანადო ფორმით დაერთოს შესაბამისი ინფორმაცია მისი შინაარსისა და შემცველობის თაობაზე, ხოლო .GE დომენის გამცემს დაევალოს აღნიშნული ვალდებულების შესრულების კონტროლი, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში, სათანადო ზომების მისაღებად მიმართოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრულ უფლებამოსილებას.

ვინაიდან, რეგლამენტის 25-ე მუხლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეზღუდული დაშვების მექანიზმები სრულწლოვანისათვის განკუთვნილ მომსახურებაზე (მე-4 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი); ასევე, მიიღოს ზომები მომხმარებელთა დასაცავად მომსახურებით გამოწვეული ნებისმიერი შესაძლო რისკისაგან და, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომხმარებელი საფილტრო პროგრამით (მე-4 პუნქტის ი) ქვეპუნქტი), საზოგადოებრივი დამცველი იძლევა რეკომენდაციას, რათა დაინტერესებულმა პირებმა იხელმძღვანელონ აღნიშნული დებულებებით, ასევე, რეგლამენტის 107 მუხლის მე-3 პუნქტით, რომელიც განსაზღვრავს ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებას,  მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ მომხმარებელმა შეძლოს არასრულწლოვანთა ეფექტური გაკონტროლება ან დააწესოს შეზღუდული დაშვება იმ ინტერნეტ–გვერდებზე, რომლებიც შეიცავენ სრულწლოვან მომხმარებელზე გათვლილ პროდუქციას  (107 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი). შესაბამისად, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია სერვის პროვაიდერისგან მოითხოვოს საფილტრო პროგრამით უზრუნველყოფა ან კონკრეტულ ინტერნეტ გვერდებზე შეზღუდული დაშვება.      

განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო 2017 წლის 23 მარტისთვის. 2017 წლის 23 მარტის სხდომაზე გამოცხადდა შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელი დავით კაპანაძე, რომელმაც გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დააფიქსირა შპს „კავკასუს ონლაინის“ პოზიცია.     დ.კაპანაძე აღნიშნა, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიმართ შესაძლოა თეორიულად მოთხოვნა ან პრეტენზია არსებობდეს ge.დომეინის ადმინისტრატორის სტატუსის გამო. კომისიას მოეხსენება, რომ რეგლამენტი კონკრეტულ დანაწესს მოიცავს, თუ რა ვალდებულება გააჩნია დომენური სახელის ადმინისტრატორს. ეს ვალდებულება ეხება კონკრეტულად დაუშვებელ პროდუქციას და დაუშვებელი პროდუქციის განთავსების შემთხვევაში დომენური სახელის ადმინისტრატორს ვალდებულება აქვს შეატყობინოს შესაბამის მომხმარებელს, ვისზეც არის ეს სახელი გაცემული და თუ თავად არ მოახდენს დაუშვებელი პროდუქციის ამოღებას საიტიდან, უნდა განაკავშიროს იგი. შპს „კავკასუს ონლაინი“ თვლის, რომ ამ საქმეში მოპასუხე არ არის. რამდენიმე მიზეზის გამო არ შეიძლება პრეტენზია წარმოდგენილი იყოს მის მიმართ, კერძოდ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ რაიმე ვალდებულების დარღვევაზე რომ ისაუბრონ, უნდა იყოს დადგენილი ფაქტი, რომ ადგილი ჰქონდა დაუშვებელი პროდუქციის გავრცელებას. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიაში და საქართველოს სასამართლო სისტემაში არის ერთგვაროვანი პრაქტიკა და საპირისპირო მოსაზრება და განმარტება არ არსებობს. სერვის პროვაიდერს, ამ შემთხვევაში ge.დომენური ადმინისტრატორის კომპეტენციას არ წარმოადგენს განსაზღვროს კონკრეტული შინაარსის მქონე პროდუქცია არის თუ არა დაუშვებელი. ხშირად აქამდე  შპს „კავკასუს ონლაინის“ მარწმუნებლებს მიმართავდნენ საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევებზე და ასეთ მიმართვებს ყოველთვის ახლდა მტკიცებულება, რომ ავტორისგან ან შესაბამისი უფლებამოსილი პირისგან მოდიოდა მოთხოვნა. პრაქტიკაში ასეთი პრეტენზიის მიღების შემდეგ, კორესპონდენციას უგზავნიდნენ Ge.დომენური სახელის მქონე მომხმარებელს, განუსაზღვრავდნენ ვადას შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრისთვის. თუ იგი გააპროტესტებდა მოთხოვნას, უბრუნდებოდნენ კომისიას და კომისია თავად ადგენდა მართლაც საავტორო უფლებების დარღვევით იყო თუ არა განთავსებული კონკრეტული პროდუქცია. თუკი დადასტურდებოდა, რომ დაუშვებელ პროდუქციასთან ჰქონდათ საქმე, მას შემდეგ ხდებოდა Ge. დომენური ადმინისტრატორის ვალდებულების ამოქმედება. შპს „კავკასუს ონლაინს“  შეტყობინება არ მიუღია საჩივრის ავტორთაგან, მათ პირდაპირ  კომისიას მიმართეს. შპს „კავკასუს ონლაინში“, რომ შესულიყო მხარის შეტყობინება აღნიშნულ საკითხზე, შპს „კავკასუს ონლაინი“ აუცილებლად გადაუგზავნიდა ამ შეტყობინებას თავად შესაბამისი საიტის ადმინისტრატორს.

დ. კაპანაძემ ასევე აღნიშნა, რომ დღეისთვის არ არის მარეგულირებელი ნორმა ან განმარტება,  ვებგვერდზე განთავსებულ კონტენტთან მიმართებაში. ვებგვერდის მფლობელმა შესაძლოა იდავოს, რომ ეს საკითხი კომისიის რეგულირების სფეროში საერთოდ არ შედის. მან მაგალითად მოიყვანა 2010 წლის ევროდირექტივის პრეამბულის 24-ე პარაგრაფი, სადაც აღნიშნულია, რომ თანამედროვე გამოწვევა მედია კონტენტის არის ის, რომ მომხმარებელს მოლოდინი აქვს, რომ  დღეს ე.წ. video on demand სერვისები არის სატელევიზიო გადაცემების მსგავსი და ზუსტად იგივენაირ დაცვას ელიან სახელმწიფოსგან, როგორც სატელევიზიო გადაცემების შემთხვევაში. საქართველო იმპლემენტაციის გზაზეა და როდესაც იმპლემენტაცია მოხდება და ამას გაიზიარებს კანონმდებელი, შემდეგ იარსებებს კონკრეტული ბერკეტი.                                                                                                                                                                                               

II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

  1. ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“,  მოქალაქე ა. არგანაშვილისა და მოქალაქე ნ. გოჩიაშვილის საჩივარი (11.01.17 Nშ-6/176-17) თანდართული დოკუმენტაციით;
  2. სადაო ვიდეო რგოლი დატანილი CD-ზე;
  3. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თ. ტეფნაძის მიმართვა კომისიას (09.03.2017);
  4. კომისიის 2017 წლის 09 მარტის  სხდომაზე ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები;
  5. კომისიის 2017 წლის 23 მარტის  სხდომაზე შპს „კავკასუს ონლაინის“  წარმომადგენლის დ. კაპანაძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება.

III. ფაქტობრივი გარემოებები

  1. ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ საჩივარში მითითებული ვიდეო რგოლი განთავსებულია ორ ვებგვერდზე: www.marketer.ge და www.vtube.ge.
  2. ვიდეო რგოლი არ შეიცავს ძალადობის კადრებს, არ ჩანს მსხვერპლის მოკვლის ფაქტი, არ ჩანს მიცვალებულის სახე, არ ისმის არავითარი ხმა.
  3. საჩივრის ავტორებს არ მიუმართავთ არც ვიდეო რგოლის შემქმნელებისთვის, არც იმ ვებგვერდებისთვის, რომლებზედაც განთავსებულია სადაო ვიდეო რგოლი, ასევე არ მიუმართავთ შპს „კავკასუს ონლაინისთვის“;
  4. სადაო ვიდეო რგოლი გარდა ზემოაღნიშნული ქართული ვებგვერდებისა, ატვირთულია ცნობილ ვებგვერდზე www.youtube.com-ზე.

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირის კომისიაში წარდგენილი განცხადება იწვევს კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას, თუ იგი შეეხება კომისიის  უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებს;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ2) ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელი პროდუქცია არის ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის“  103 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ინტერნეტ-დომენის გამცემი პერიოდულად ამოწმებს მის მიერ რეგისტრირებულ ინტერნეტ-გვერდების შინაარსს იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილოს ინტერნეტ-გვერდზე დაუშვებელი პროდუქციის განთავსება. ასეთის შემთხვევაში, დომენის გამცემმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები მათ აღმოსაფხვრელად:

ა) გააფრთხილოს დომენის მფლობელი და განუსაზღვროს ვადა დაუშვებელი პროდუქციის ამოღებისათვის; ბ) გაფრთხილების უგულვებელყოფის შემთხვევაში მოახდინოს ინტერნეტ-გვერდის დაბლოკვა.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის“  107 მუხლის თანახმად, 1. არასრულწლოვნებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება წარმოებს წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე. 2. დაუშვებელია არასულწლოვნებისთვის ისეთი პროდუქციის, რეკლამის და მომსახურების მიწოდება, რომელიც ზიანს აყენებს ან შეიძლება მიაყენოს არასულწლოვნების ფსიქიკურ ან/და ფიზიკურ ჯანმრთელობას, მათ მორალურ და სოციალურ განვითარებას ან ქმნის ასეთის საფრთხეს ან/და ბოროტად იყენებს მათ ნდობას, გამოცდილების არქონას და ლოიალურობას. 3. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს, რომ სრულწლოვნებზე გათვლილ მასალას ჰქონდეს შესაბამისი გაფრთხილება, რაც მომხმარებელს თავიდან აცნობს აღნიშნული პროდუქციის შინაარსისა და შემცველობის თაობაზე; ბ) მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ მომხმარებელმა შეძლოს არასრულწლოვანთა ეფექტური გაკონტროლება ან დააწესოს შეზღუდული დაშვება იმ ინტერნეტ-გვერდებზე, რომლებიც შეიცავენ სრულწლოვან მომხმარებელზე გათვლილ პროდუქციას; გ) ინტერნეტ–ფორუმის შექმნისას მიუთითოს, იმართება თუ არა ეს ფორუმი ადმინისტრატორის მიერ. 4. მომსახურების მიმწოდებელი არ უშვებს არასრულწლოვნებისთვის ისეთი დამატებითი მომსახურების მიწოდებას, რომლის ღირებულება აშკარად აღემატება არასრულწლოვნების მობილური ტელეფონის ანგარიშზე რიცხულ თანხას და რომლითაც სარგებლობა იწვევს მათი სატელეფონო ბალანსის სრულ ამოწურვას. 5. არასრულწლოვნის კანონიერი წარმომამდგენლისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია არასრულწლოვნების ანგარიშის, შემოსული და გასული ზარების, ანგარიშზე არსებული ბალანსის და არასრულწლოვნებისთვის მობილური ტელეფონის საშუალებით ხელმისაწვდომი მომსახურებების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ სადაო ვიდეო რგოლი არ არის სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, ასევე აღნიშნული პროდუქციის ფორმა და შინაარსი არ ეწინააღმდეგება კანონს, შესაბამისად აღნიშნული პროდუქცია არ წარმოადგენს დაუშვებელ პროდუქციას „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ2) ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნულის საფუძველზე, შპს „კავკასუს ონლაინის“, როგორც .ge დომენის გამცემის ვალდებულება არ არის სახეზე,  ვინაიდან დომენის გამცემი  ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები დაუშვებელი პროდუქციის განთავსებისას.

კომისია აღნიშნავს, რომ  როდესაც სახეზეა ინტერნეტ სივრცეში განთავსებული დაუშვებელი პროდუქცია, კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთი პროდუქციის ამოღებას ინტერნეტ სივრციდან. დაუშვებელი პროდუქციის შემთხვევაში კანონი არ ითვალისწინებს პროდუქტზე რაიმე ნიშანდებას ან გაფრთხილებას. ამ შემთხვევაში საგულისხმოა, საჩივრის ავტორთა მიერ დაზუსტებული მოთხოვნა, რომლის თანახმად, ითხოვენ ვიდეოზე ნიშანდებას. აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად კი უთითებენ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის“ 107 მუხლს.

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის“ 107 მუხლთან დაკავშირებით, კომისია განმარტავს, რომ იგი ადგენს რეგულაციას იმ შემთხვევისათვის, როდესაც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე ხელშეკრულება ფორმდება არასრულწლოვანისთვის მომსახურების მისაწოდებლად. აღნიშნული მუხლის  თანახმად, არასრულწლოვნებისთვის მომსახურების მიწოდება ხორციელდება წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი პირები, ამ შემთხვევაში ინტერნეტ ოპერატორები ხელშეკრულებას აფორმებენ არასრულწლოვნის მშობელთან (კანონიერ წარმომადგენელთან). აღნიშნული მუხლით განსაზღვრულია, თუ როგორი პროდუქციის მიწოდება არის დაუშვებელი იმ მომხმარებლისთვის, რომლისთვის მიწოდებული მომსახურების მიმღებიც არის არასრულწლოვანი და ამ მუხლის მესამე პუნქტში განსაზღვრულია ის ვალდებულებები, რაც აკისრია მომსახურების მიმწოდებელს არასრულწლოვანისათვის  მომსახურების მიწოდების დროს, კერძოდ: ა) უზრუნველყოს, რომ სრულწლოვნებზე გათვლილ მასალას ჰქონდეს შესაბამისი გაფრთხილება, რაც მომხმარებელს თავიდან აცნობს აღნიშნული პროდუქციის შინაარსისა და შემცველობის თაობაზე; ბ) მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ მომხმარებელმა შეძლოს არასრულწლოვანთა ეფექტური გაკონტროლება ან დააწესოს შეზღუდული დაშვება იმ ინტერნეტ–გვერდებზე, რომლებიც შეიცავენ სრულწლოვან მომხმარებელზე გათვლილ პროდუქციას; გ) ინტერნეტ-ფორუმის შექმნისას მიუთითოს, იმართება თუ არა ეს ფორუმი ადმინისტრატორის მიერ.

ასევე, ზემოაღნიშნული მუხლი შეეხება მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) ინფორმირებას და შესაძლებლობის მიცემას არასრულწლოვნების გაკონტროლების თვალსაზრისით.

განსახილველ საკითხთან მიმართებაში საყურადღებოა საკონსტიტიტუციო სასამართლოს მოსაზრება:

საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე „გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე პარლამენტის წინააღმდეგ“ აღნიშნავს, რომ „ზოგადად, სახელმწიფოს არ შეუძლია, შეზღუდოს ინფორმაციის თავისუფლება იმ საფუძვლით, რომ გარკვეული ინფორმაცია ან იდეები შეიძლება ემოციურად გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს ან მიუღებელი საქციელის წამახალისებელი იყოს. ადამიანებს უფლება აქვთ, მიიღონ და გაავრცელონ იდეები და თავად გადაწყვიტონ, რა არის მათთვის მისაღები ან მიუღებელი. აღნიშნული რაციონალის საფუძველზე დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გარკვეული აკრძალვების გარდა, პირები, მათ შორის მაუწყებლებიც, უფლებამოსილი არიან, გადასცენ ნებისმიერი ინფორმაცია და ითვლება, რომ ადამიანებს ამ იდეებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ. „მე–10 მუხლის დაცვის სფერო მოიცავს არა მხოლოდ იმ „ინფორმაციას“ ან „იდეებს“, რომელთაც იზიარებს საზოგადოება ან არ არის შეურაცხმყოფელი, ან მისდამი ინდიფერენტული დამოკიდებულებაა, არამედ ასევე ისეთს, რომელიც შეურაცხყოფს, შოკის მომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება“ (Handyside v. UK , p. 48).“ ........... „ცხადია, მშობელი თავისუფალია, აღზარდოს შვილი საკუთარი ზნეობრივი შეხედულებების მიხედვით და იქონიოს გავლენა მის მორალურ, მსოფლმხედველობრივ ჩამოყალიბებაზე. თუმცა სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ მშობელს აქვს უფლება, მოითხოვოს მაუწყებლისაგან (ან სხვა კერძო პირებისგან), რომ მათ გადასცენ მხოლოდ ისეთი გადაცემები, რომელიც ესადაგება მის ზნეობრივ ნორმებს. მაუწყებლის მიერ კონკრეტული მშობლისთვის ზნეობრიობის თვალსაზრისით მიუღებელი პროგრამის გადაცემა ვერ ჩაითვლება მშობლის აღნიშნული თავისუფლების ხელყოფად“.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტი“ არ ითვალისწინებს ინტერნეტში განთავსებულ ვიდეო რგოლებზე ნიშანდების უზრუნველყოფის შესაძლებლობას, შესაბამისად, ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, მოქალაქე ა. არგანაშვილისა და მოქალაქე ნ. გოჩიაშვილის  საჩივრის (11.01.17 შ-6/176-17) დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

V. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ2) ქვეპუნქტის, 103 მუხლის მე-2 პუნქტის, 107 მუხლის  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, მოქალაქეების ა. არგანაშვილისა და ნ. გოჩიაშვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
  2. კომისიის აპარატის ადმინისტრაციას დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების მხარეთათვის გაგზავნა;
  3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარეებისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული  ასლის   მხარეებისთვის    ჩაბარების დღიდან; 
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე                           ვახტანგ აბაშიძე

კომისიის  წევრი                                        ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                         კახი ბექაური

კომისიის წევრი                                         გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                         მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები