ქ. ზუგდიდში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N115/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2017 17:53
მიღების თარიღი მარტი 28, 2017
ქ. ზუგდიდში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N115/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N115/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ქ. ზუგდიდში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში სიხშირეზე 99,1 მჰც.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა მხოლოდ შპს ”ჩვენი რადიომ“.
კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N115/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2017 წლის 28 მარტს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდა შპს „ჩვენი რადიოს“ წარმომადგენელი ნოდარ მოდებაძე.
კომისია აღნიშნავს, რომ ქ. ზუგდიდში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადში არ იყო მითითებული შპს „ჩვენი რადიოს“ იურიდიული მისამართი, არასწორად იყო მითითებული მონაცემები პარტნიორთა შესახებ ასევე თანდართულ დოკუმენტაციაში ხარვეზით იყო წარმოდგენილი მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია, კერძოდ დეკლარაციაში კომპანიის 100%-იანი პარტნიორის ქონების ნაცვლად მითითებული იყო ბენეფიციარი მესაკუთრეების ქონება.
კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე გადამოწმდა შპს ”ჩვენი რადიოს” დირექტორის და ბენეფიციარი მესაკუთრეების გოგა სამუშიას (პ/ნ 51001001920) და არმაზ თავაძის (პ/ნ 01019000873) მონაცემები თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge. გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდებზე არ იძებნება.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ11) პუნქტის თანახმად ურთიერთდამოკიდებულება ეს არის ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს; აგრეთვე თუ ერთი მაუწყებელი ახორციელებს მაუწყებლობას მეორე მაუწყებლის მეშვეობით.
კომისია აღნიშნავს, რომ გადამოწმდა შპს ”ჩვენი რადიოს” პარტნიორის შპს „მედია ჰოლდინგი კომერსანტის“ (ს/კ 405154924), დირექტორის და ბენეფიციარი მესაკუთრეების გოგა სამუშიას (პ/ნ 51001001920) და არმაზ თავაძის (პ/ნ 01019000873) აფილირება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. გადამოწმების შედეგად აფილირება რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან არ დადგინდა. ასევე აღსანიშნავია, რომ შპს ”ჩვენი რადიო” ფლობს კერძო მაუწყებლობის NB72 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს ქ. თბილისში საერთო რადიომაუწყებლობას. შესაბამისად შპს ”ჩვენი რადიოს” კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში არ დაირღვევა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N115/10 გადაწყვეტილების შესაბამისად დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უზრუნველყოს შპს „ჩვენმა რადიომ“ 2017 წლის 4 აპრილის 19:00 საათამდე კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N115/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა:
ა) იურიდიული მისამართი;
ბ) მონაცემები პარტნიორთა შესახებ;
გ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია (ქონებრივი დეკლარაციის ფორმა დამტკიცებულია კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილების დანართი №2-ით).
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჩვენი რადიოსთვის“ გაგზავნა (ი. ხარებავა);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ. №6) ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
