ქ. მარტვილში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N116/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2017 17:50
მიღების თარიღი მარტი 28, 2017
ქ. მარტვილში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N116/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N116/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ქ. მარტვილში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში სიხშირეზე 93,5 მჰც.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა მხოლოდ ი/მ ”აკაკი შველიძემ“.
კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N116/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2017 წლის 28 მარტს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდა ი/მ ”აკაკი შველიძე“.
კომისია აღნიშნავს, რომ ქ. მარტვილში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადებაში არ იყო მითითებული ი/მ „აკაკი შველიძის“ იურიდიული მისამართი და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თარიღი. ასევე თანდართულ დოკუმენტაციაში არ იყო წარმოდგენილი პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა.
კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე გადამოწმდა აკაკი შველიძის მონაცემები თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge. გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირის მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდებზე არ იძებნება.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ11) პუნქტის თანახმად ურთიერთდამოკიდებულება ეს არის ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს; აგრეთვე თუ ერთი მაუწყებელი ახორციელებს მაუწყებლობას მეორე მაუწყებლის მეშვეობით.
კომისია აღნიშნავს, რომ გადამოწმდა აკაკი შველიძის აფილირება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. გადამოწმების შედეგად აფილირება რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ პირებთან არ დადგინდა. შესაბამისად ი/მ ”აკაკი შველიძის“ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში არ დაირღვევა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N116/10 გადაწყვეტილების შესაბამისად დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უზრუნველყოს ი/მ „აკაკი შველიძემ“ 2017 წლის 4 აპრილის 19:00 საათამდე კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N116/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა:
ა) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თარიღი;
ბ) იურიდიული მისამართი;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა.
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ „აკაკი შველიძისთვის“ გაგზავნა (ი. ხარებავა);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ. №6) ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
