შპს „RIEDEL“-ისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2017 18:09
მიღების თარიღი მარტი 30, 2017
შპს „RIEDEL“-ისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7-8/2401-17, 14.03.17) მომართა შპს „RIEDEL“-მა, 2017 წლის 30 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ქ. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე დაგეგმილი, ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის TCR international ჩატარებასთან დაკავშირებით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის ოთხი სიხშირის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას. ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირის მინიჭებას მხოლოდ 30 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, ქ. რუსთავში TCR international-ის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაიცეს ნებართვა ხუთი დღის ვადით.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „RIEDEL“-მა ჩარიცხა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის თანხა 374.80 ევრო კომისიის ევროს ანგარიშზე და 400 ევროზე წარმოადგინა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სვიფტი, ხოლო კომისიამ გადარიცხა 2000 ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისიის მიერ ნებართვით გაცემული სიხშირე გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ შპს „RIEDEL“-ის მიერ ავტორბოლაში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა გადაეცეს სხვა პირს.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს „RIEDEL“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა F 1526 და მიენიჭოს 451.425 მჰც, 461.425 მჰც, 410.100 მჰც და 420.100 მჰც სიხშირეები (ზოლის სიგანე 25 კჰც) ქ. რუსთავში, ოთხი დღის ვადით 30 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) შპს „RIEDEL“-სთვის ნებართვით მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა და სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „RIEDEL“-ისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
