შპს ,,ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2017 17:57
მიღების თარიღი მარტი 30, 2017
შპს ,,ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/2636-17; 23.03.2017) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2017 წლის 27 მარტს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (Nშ-10/2636-17; 23.32.2017) ირკვევა, რომ აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 8 მარტს განხორციელდა შპს ,,ტელეიმედის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი, სპონსორობის წესებისა და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (Nშ-10/2636-17; 23.03.2017) აღნიშნულია, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს „ტელეიმედის“ ეთერში განთავსებულია გადაცემა „ეკა ხოფერიას თოქ შოუ“. აღნიშნული გადაცემის ფარგლებში 2017 წლის 8 მარტს მოქმედება მიმდინარეობდა სასტუმრო „ლოპოტას“ ტერიტორიაზე, სადაც წამყვანი ეკა ხოფერია და თანაწამყვანი ნიკა წულუკიძე ლოპოტას ტბაზე გაშენებული დასასვენებელი კომპლექსიდან აწარმოებდნენ ქალთა დღისადმი მიძღვნილ ტელე-რეპორტაჟს. რეპორტაჟის დროს, პირველი და მეორე ნაწილის დასაწყისში ეკრანზე ამოანათა წარწერამ: „გადაცემა შეიცავს სარეკლამო ელემენტებს“. წამყვანებმა გადაცემის დაწყებისას დააანონსეს, რომ გადაცემას წარმოადგენს კომპანია „ლიტვური საცხობი“, კერძოდ, „ლიტვური საცხობის“ ორი პროდუქტი - პური „გურმანებისთვის“ და პური „მონადირული“. წამყვანმა დადებითად დაახასიათა პროდუქტი, ხოლო შემდეგ გაიმართა შეჯიბრი თევზაობაში, სადაც ერთი გუნდის სახელი იყო „გურმანებისთვის“, როგორც ლიტვური პურის ერთ-ერთი ახალი ნაირსახეობა, ხოლო მეორე გუნდის სახელი „მონადირული“ (ასევე ლიტვური პურის სახეობა). ერთი პურის სახეობაში შედის აჯიკა, ხოლო მეორეში ნიორი და გადაცემის მონაწილეები გადანაწილდნენ გუნდებში იმის მიხედვით თუ ვის რომელი პროდუქტი უფრო მოსწონს. შემდეგ წამყვანი ამახვილებს ყურადღებას პურის ინგრედიენტებზე და ამბობს, რომ ჭვავი და ხორბალი არის ევროპული ქვეყნებიდან და პური არის ქართულ-ევროპული. ასევე გადაცემის მონაწილეები დგანან კომპანია „ლიტვური საცხობის“ ბანერის წინ და ამ კომპანიის პროდუქციით ხდება საჭმელების მომზადება (სენდვიჩების).
- გადაცემის პირველი ნაწილის ბოლოს წამყვანი ესაუბრება „ლოპოტას“ მარკეტინგის სამსახურის უფროსს დასასვენებელი კომპლექსის მომსახურების ახალი პროდუქტების შესახებ. იგი საუბრობს სასტუმრო ლოპოტას კომპლექსზე, რომ ყოველ წელს აქვთ ახალი პროექტები და მუდმივად ვითარდებიან. შემდეგ ხაზს უსვამს იმ მომსახურებებს, რომლებსაც კომპლექსი სთავაზობს მომხმარებლებს, რა ტიპის დასვენებას სთავაზობს, რომელი შენობა რას წარმოადგენს. საუბარია ახალი დიდი დარბაზის დამატების შესახებ, რომელიც შეიძლება საქორწილოდაც იქნას გამოყენებული, და მენეჯერი პირდაპირ ამბობს, რომ ლოპოტა სწორედ ის ადგილია სადაც ქორწილი შეიძლება დაუვიწყარ ღონისძიებად იქცეს და წამყვანი ემოწმება, რომ მისი აზრით ლოპოტა შექმნილია იმისთვის, რომ იქ გადაიხადო ქორწილი. და ბოლოს, ახსენებს დეტოქს და სპა მომსახურებებს, რომლებიც, როგორც მარკეტინგის მენეჯერი აღნიშნავს, ძალიან პოპულარულია და ბევრი დამსვენებელი სწორედ ამ მომსახურებისთვის ჩამოდის. საუბრის ბოლოს გადაცემის წამყვანი ამბობს, რომ დიდ პაუზას აღარ აპირებს და მალე ისევ ჩამოვა ამ ადგილას.
ზემოაღნიშნული სიუჟეტის შესწავლის საფუძველზე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული სიუჟეტი არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე–2 პუნქტს, ვინაიდან სიუჟეტებში პროდუქტს ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა და ხშირ შემთხვევაში შეიცავს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას.
შპს ,,ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 30 მარტს, რის თაობაზეც შეტყობინებით (03/891-17; 27.03.2017) ეცნობა შპს ,,ტელეიმედს“.
კომისიის 2017 წლის 30 მარტის სხდომას ესწრებოდა შპს ,,ტელეიმედის“ იურისტი ანდრო ლაშხი, რომელმაც აღნიშნა, რომ კანონი არ იძლევა განმარტებას თუ რა არის პროდუქტისათვის გადაჭარბებული მნიშნვენობის მინიჭება. აღნიშნული შეფასების საგანია და მათი შეფასებით წარმოდგენილ ვიდეო რგოლში პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ ენიჭება, თუმცა არც კლასიკური გაგებით პროგრამაში პროდუქტის განთავსებას არ წარმოადგენს.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი თანდართული CD-ით (შ-10/2636-17; 23.03.2017);
- შპს ,,ტელეიმედის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;
- შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლის მიერ 2017 წლის 30 მარტის კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,ტელეიმედი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა, მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა, მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა, ავტორიზაციის თარიღი:15.07.2015; ავტორიზაციის ნომერი: BR-264);
მტკიცებულება: შპს ,,ტელეიმედის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან
2. ა) 2017 წლის 8 მარტს შპს ,,ტელეიმედის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსდა გადაცემა „ეკა ხოფერიას თოქ შოუ“. აღნიშნული გადაცემა ჩაწერილი იყო სასტუმრო „ლოპოტას“ ტერიტორიაზე. გადაცემის წამყვანი ეკა ხოფერია და თანაწამყვანი ნიკა წულუკიძე ლოპოტას ტბაზე გაშენებული დასასვენებელი კომპლექსიდან აწარმოებდნენ ქალთა დღისადმი მიძღვნილ ტელე-რეპორტაჟს. გადაცემის დროს, პირველი და მეორე ნაწილის დასაწყისში ეკრანზე ამოანათა წარწერამ: „გადაცემა შეიცავს სარეკლამო ელემენტებს“. წამყვანმა გადაცემის დაწყებისას დააანონსა, რომ გადაცემას წარმოადგენს კომპანია „ლიტვური საცხობი“, კერძოდ, „ლიტვური საცხობის“ ორი პროდუქტი - პური „გურმანებისთვის“ და პური „მონადირული“. წამყვანმა დადებითად დაახასიათა ლიტვური პური, აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ მიხვდე, რომ პური არის ხარისხიანი, ისეთი როგორც ამ შემთხვევაში ლიტვური პური, უნდა იყოს ცოტა მძიმე, ნამიანი, უსაფუარო და ერთგვაროვანი ზედაპირით. წამყვანმა აღნიშნა, რომ ერთი პურის შემადგენლობაში შედის აჯიკა, ხოლო მეორეში ნიორი და რომ ჭვავი, ალაო და ხორბალი ევროპული ქვეყნებიდან არის იმპორტირებული, ხოლო ნიორი და აჯიკა საქართველოდან. პროდუქტის დახასიათების შემდეგ გაიმართა შეჯიბრი თევზაობაში, სადაც ერთი გუნდის სახელი იყო „გურმანებისთვის“, როგორც ლიტვური პურის სახელი, ხოლო მეორე გუნდის სახელი „მონადირული“, ასევე ლიტვური პურის სახელი. გადაცემის მონაწილეები გადანაწილდნენ გუნდებში იმის მიხედვით თუ ვის რომელი პროდუქტი უფრო მოსწონს. გადაცემის დიდი ნაწილი ჩაწერილია კომპანია „ლიტვური საცხობის“ ბანერის წინ, სადაც გადაცემის მონაწილეები, კომპანიის პროდუქციით ამზადებენ სენდვიჩებს. მზადების პროცეს თან სდევს ისეთი ფრაზები, როგორიც არის: „იცოდეთ, როცა ლიტვურ პურს მიირთმევთ ეს არის ქართულ ევროპული, როგორც ჩვენ წინსვლას, ვიზა-ლიბერალიზაციას შეესაბამება“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სიუჟეტში პროდუქტს ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა.
ბ) გადაცემა „ეკა ხოფერიას თოქ შოუს“ პირველი ნაწილის ბოლოს წამყვანი ესაუბრება სასტუმრო „ლოპოტას“ მარკეტინგის სამსახურის უფროსს დასასვენებელი კომპლექსის მომსახურების ახალი პროდუქტების შესახებ. მარკეტინგის სამსახურის უფროსი საუბრობს ლოპოტას კომპლექსზე, რომ ყოველ წელს აქვთ ახალი პროექტები და მუდმივად ვითარდებიან. შემდეგ ხაზს უსვამს იმ მომსახურებებს, რომლებსაც კომპლექსი სთავაზობს მომხმარებლებს. აღნიშნავს ახალი დიდი საკონფერენციო დარბაზის დამატების შესახებ, რომელიც 2000 კვ.მ იქნება გაშენებული და შეიძლება საქორწილოდაც იქნას გამოყენებული. სასტუმრო ლოპოტას მენეჯერი ამბობს, რომ ლოპოტა სწორედ ის ადგილია, სადაც ქორწილი შეიძლება დაუვიწყარ ღონისძიებად იქცეს, ხოლო წამყვანი უდასტურებს, რომ მისი აზრით ლოპოტა შექმნილია იმისთვის, რომ აქ გადაიხადო ქორწილი. გადაცემის ბოლოს, სასტუმროს მენეჯერი ახსენებს დეტოქსის მომსახურებას. საუბრობს ლოპოტას სპაზე, რომელიც ტყეშია განლაგებული და გადაჰყურებს მთელ სასტუმროს. ხაზს უსმევს, იმას რომ ლოპოტას სპა არის უნიკალური და გამორჩეული, რომელიც ძალიან პოპულარულია და რომ ბევრი დამსვენებელი სწორედ ამ მომსახურებისთვის ჩამოდის. გადაცემის ბოლოს ეკა ხოფერია ამბობს, რომ დიდ პაუზას აღარ აპირებს და მალე ისევ ჩამოვა ლოპოტაზე, რომელიც არის არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის მარგალიტი და ბევრ ქვეყანაში ვერ მოხვდები ასეთ ადგილას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სიუჟეტში პროდუქტს ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა და სიუჟეტის ნაწილი შეიცავს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი და თანდართული CD (N10/2636-17; 23.03.2017)
3. შპს ,,ტელეიმედის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.
მტკიცებულება: შპს ,,ტელეიმედის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ17) ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით;
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელეიმედის“ სამაუწყებლო ბადეში 2017 წლის 8 მარტს განთავსებული გადაცემის - ,,ეკა ხოფერიას თოქ შოუს“ სიუჟეტებში პროდუქტებს (სასტუმრო „ლოპოტას“ და კომპანია „ლიტვურ საცხობს“) ენიჭებათ გადაჭარბებული მნიშვნელობა და სიუჟეტი შეიცავს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას, რითაც შპს ,,ტელეიმედის“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტები და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი.
იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ტელეიმედის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი დარღვევისათვის, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელეიმედის“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) და ჰ17) ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტებისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს ,,ტელეიმედს“ მიეცეს გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების და 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა დარღვევის გამო;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) ამ გადაწყვეტილების შპს ,,ტელეიმედისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) გადაწყვეტილების შპს „ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან;
- კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
