წვდომის მენიუ

შპს „იბერია-TV“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 213 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2017 18:02

მიღების თარიღი მარტი 30, 2017

შპს „იბერია-TV“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.    საქმის აღწერა

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 28 თებერვლის №შ-10/2017-17 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით - CD, საიდანაც ირკვევა, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ  განხორციელდა შპს „იბერია-TV“-ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი (შემსრულებელი: ი. ბაღაშვილი) პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით.  შპს „იბერია-TV“-ის მონიტორინგი განხორციელდა 2017 წლის 5 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით პერიოდზე. ზემოაღნიშნული მონიტორინგის შედეგან გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „იბერია-TV“-ის ეთერში განთავსებულია გადაცემა „ავტომანი“.

-   აღნიშნული გადაცემის ფარგლებში 2017 წლის 5 და 12 თებერვალს განთავსდა სიუჟეტი, რომელშიც გადაცემის წამყვანი პროფესიონალ მრბოლელ-ექსპერტთან ერთად ტესტავს სხვადასხვა მარკის ავტომობილს. წამყვანი მაყურებელს აწვდის ინფორმაციას ავტომანქანის ტექნიკური მონაცემების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სხვა მაჩვენებლების შესახებ. გადაცემის ბოლოს წამყვანი მაყურებელს მიმართავს და აცნობებს, რომ, თუ მაყურებელს მოეწონა აღნიშნული ავტომობილი, მას უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლია შპს „ომეგა მოტორსის“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.omegamotors.ge. ასევე, ამობობს, რომ უპროცენტო შიდა განვადების გარდა, შესაძლებელია დაფინანსების მოთხოვნაც.

- გადაცემის ბოლოს ეკრანზე ამოანათებს წარწერა „ომეგა მოტორსის“ ლოგოთი, კომპანიის მისამართით, ავტომობილის ფასითა და ხმოვანი ტექსტით: „ბმვ-ს მესამე სერიის 318 შეგიძლიათ შეიძინოთ „ომეგა-მოტორსში“, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კმ. ამ ავტომობილის საბაზრო ღირებულებაა 22 032 ევრო შესაბამისი კურსით ლარში. „ომეგა-მოტორსში“ მოქმედებს უპროცენტო შიდა განვადება და დაფინანსება“.

- ანალოგიურია 12 თებერვლის სიუჟეტიც, ოღონდ 12 თებერვალს წამყვანი უკვე სხვა ავტომობილს აცნობს მაყურებელს. შესაბამისად, ეკრანზე სხვა მონაცემებია ამონათებული იმავე პრინციპით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ17 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) − საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით. ხოლო, ამავე კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს. 

ზემოაღნიშნული სიუჟეტის შესწავლის სფუძველზე, აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული სიუჟეტი არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტს, ვინაიდან, სიუჟეტში პროდუქტს ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა და შეიცავს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 10 მარტის Nშ-10/2303-17 სამსახურებრივი ბარათიდან ასევე ირკვევა, რომ შპს „იბერია-TV“-ის გადაცემაში - „ავტომანი“, რომელიც ეთერში გავიდა 2017 წლის 05 და 12 თებერვალს, პროდუქტი განთავსდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევით, ვინაიდან პროგრამაში პროდუქტის განთავსებისას არ მოხდა ამის შესახებ ნათლად მითითება, არც პროგრამის დასაწყისში და არც მის დასასრულს.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2017 წლის 16 მარტს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „იბერია-TV“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის  23 მარტს, რის თაობაზეც შპს „იბერია-TV“-ს ეცნობა კომისიის 2017 წლის 16 მარტის N03/770-17 წერილობითი შეტყობინებით (გზავნილის კოდი: AP01002306715; ჩაიბარა: ი. ზურიშვილმა) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2017 წლის 23 მარტის სხდომაზე  შპს „იბერია-TV“-ს წარმომადგენელი არ გამოცხადდა. შესაბამისად, საკითხის გახილვა გადაიდო და ჩაინიშნა 2017 წლის 30 მარტს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას ეცნობა კომისიის 2017 წლის 27 მარტის N03/868-17 შეტყობინებით, რომელიც შპს „იბერია-TV“-ს ჩაბარდა 2017 წლის 28 მარტს (გზავნილის კოდი: AP01002306804; ჩაიბარა: ი. ზუროშვილმა).

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2017 წლის 30 მარტის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „იბერია-TV“-ს წარმომადგენელი მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას შეტყობინება (№03/868-17, 27.03.2017) სხდომის გამართვის თაობაზე ჩაბარდა 2017 წლის 28 მარტს (გზავნილის კოდი: AP01002306804; გაგზავნის თარიღი: 27.03.2017; ჩაიბარა: ი. ზუროშვილმა). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „იბერია-TV“-ს  წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 28 თებერვლის №შ-10/2017-17 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით  (CD);

2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 10 მარტის №შ-10/2303-17 სამსახურებრივი ბარათი;

3. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „იბერია-TV“-ს შესახებ;

4. კომისიის 2017 წლის 16 მარტის N03/770-17 შეტყობინება გაგზავნილი შპს „იბერია-TV“-სთვის და აღნიშნული შეტობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

5. კომისიის 2017 წლის 27 მარტის N03/868-17 შეტყობინება გაგზავნილი შპს „იბერია-TV“-სთვის და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

III.       კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „იბერია-TV“ წარმოადგენს მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი; 14.07.2015);

2. შპს „იბერია-TV“-ის მონიტორინგი, სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ პროგრამებში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით, განხორციელდა 2017 წლის 5 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით პერიოდზე.

3. 2017 წლის 5 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით პერიოდზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ შპს „იბერია-TV“-ის ეთერში განთავსებულია გადაცემა „ავტომანი“;

3.1 აღნიშნული გადაცემის ფარგლებში 2017 წლის 5 თებერვალს განთავსდა სიუჟეტი, რომელშიც გადაცემის წამყვანი პროფესიონალ მრბოლელ-ექსპერტთან ერთად ტესტავს  „BMW -ს მესამე სერიის 318 მარკის ავტომობილს. წამყვანი მაყურებელს აწვდის ინფორმაციას ავტომანქანის ტექნიკური მონაცემების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სხვა მაჩვენებლების შესახებ. გადაცემის ბოლოს წამყვანი მაყურებელს მიმართავს და აცნობებს: „თუ გნებავთ, რომ ეს ავტომობილი გამოსცადოთ შეგიძლიათ შებრძანდეთ „ომეგა მოტორსის“ ოფიციალურ ვებსაიტზე: www.omegamotors.ge და მოითხოვოთ მისი „ტესტ-დრაივი“, ასევე სიახლეა, გარდა უპროცენტო შიდა განვადებისა, ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ დაფინანსება, ამის შესახებაც უფრო მეტ ინფორმაციას საინტზე მიიღებთ“.

გადაცემის ბოლოს ეკრანზე ამოანათებს წარწერა „ომეგა მოტორსის“ ლოგოთი, კომპანიის ვებსაიტის მისამართით, ავტომობილის ფასითა და ხმოვანი ტექსტით: „BMW-ს მესამე სერიის 318 შეგიძლიათ შეიძინოთ „ომეგა-მოტორსში“, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კმ. ამ ავტომობილის საბაზრო ღირებულებაა 22 032 ევრო შესაბამისი კურსით ლარში. „ომეგა-მოტორსში“ მოქმედებს უპროცენტო შიდა განვადება და დაფინანსება“.

3.2. აღნიშნული გადაცემის ფარგლებში 2017 წლის 12 თებერვალს განთავსდა სიუჟეტი, რომელშიც გადაცემის წამყვანი ტესტავს BMW M1 135i მარკის ავტომობილს. წამყვანი მაყურებელს აწვდის ინფორმაციას ავტომანქანის ტექნიკური მონაცემების  და სხვა მაჩვენებლების შესახებ. გადაცემის ბოლოს წამყვანი მაყურებელს მიმართავს და აცნობებს: „ეს მანქანა რამოდენიმე წამში გაგრძნობინებთ, რომ ის თქვენთვისაა შექმნილი, მისი შეძენაც რა თქმა უნდა შესაზლებელია შპს „ომეგა მოტორსში“, სადაც მოქმედებს უპროცენტო შიდა განვადება“.

გადაცემის ბოლოს ეკრანზე ამოანათებს წარწერა „ომეგა მოტორსის“ ლოგოთი, ავტომობილის მარკის მონაცემებით, ფასითა და ხმოვანი ტექსტით: „ამ ავტომობილის საწყისი ღირებულებაა 32 409 ევრო შესაბამისი კურსით ლარში“.

4. შპს „იბერია-TV“-ის გადაცემაში „ავტომანი“, რომელიც ეთერში გავიდა 2017 წლის 05 და 12 თებერვალს, პროგრამაში პროდუქტის (BMW-ს მესამე სერიის 318 მარკის და BMW M1 135i მარკის ავტომობილები) განთავსებისას არ მოხდა ამის შესახებ ნათლად მითითება, არც პროგრამის დასაწყისში და არც მის დასასრულს.

5. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „იბერია-TV“-ის მიმართ იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო  მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ17 ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით;

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი განთავსდება: მხატვრულ ფილმში, ტელეფილმში, სერიალში, ფილმის (გარდა დოკუმენტური ფილმისა) სერიაში, სპორტულ პროგრამასა და გასართობ გადაცემაში (გარდა საბავშვო პროგრამისა), ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს; ხოლო, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება მკაფიოდ იდენტიფიცირებული უნდა იყოს. იმ პროგრამის დასაწყისში და დასასრულს, აგრეთვე ყოველი  სარეკლამო ან სხვა სახის წყვეტის შემდეგ, რომელშიც ხდება პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, ნათლად უნდა მიეთითოს ამის შესახებ. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადეში  განთავსებულ დამოუკიდებელ პროგრამაზე.

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იბერია-TV“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „იბერია-TV“-ის სამაუწყებლო ბადეში 2017 წლის 05 და 12 თებერვალს განთავსებულ პროგრამაში - „ავტომანი“ წამყვანის სიტყვები („თუ გნებავთ, რომ ეს ავტომობილი გამოსცადოთ შეგიძლიათ შებრძანდეთ „ომეგა მოტორსის“ ოფიციალურ ვებსაიტზე: www.omegamotors.ge და მოითხოვოთ მისი „ტესტ-დრაივი“, ასევე სიახლეა, გარდა უპროცენტო შიდა განვადებისა, ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ დაფინანსება, უფრო მეტ ინფორმაციას საინტზე მიიღებთ“ და „ეს მანქანა რამოდენიმე წამში გაგრძნობინებთ, რომ ის თქვენთვისაა შექმნილი, მისი შეძენაც რა თქმა უნდა შესაძლებელია შპს „ომეგა მოტორსში“, სადაც მოქმედებს უპროცენტო შიდა განვადება“) და პროგრამის ბოლოს ამონათება წარწერით და ხმოვანი ტექსტით („BMW-ს მესამე სერიის 318 შეგიძლიათ შეიძინოთ „ომეგა-მოტორსში“, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კმ. ამ ავტომობილის საბაზრო ღირებულებაა 22 032 ევრო შესაბამისი კურსით ლარში. „ომეგა-მოტორსში“ მოქმედებს უპროცენტო შიდა განვადება და დაფინანსება“ და „ამ ავტომობილის საწყისი ღირებულებაა 32 409 ევრო შესაბამისი კურსით ლარში“)  პროდუქტს ანიჭებს გადაჭარბებულ მნიშვნელობას და შეიცავს „ომეგა მოტორსის“ მომსახურების/საქონლის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას, ამასთან კომისია განმარტავს, რომ პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება მკაფიოდ იდენტიფიცირებული უნდა იყოს. იმ პროგრამის დასაწყისში და დასასრულს, აგრეთვე ყოველი  სარეკლამო ან სხვა სახის წყვეტის შემდეგ, რომელშიც ხდება პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, ნათლად უნდა მიეთითოს ამის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „იბერია-TV“-ის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტები და მე-3 პუნქტი, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „იბერია-TV“-ის მიერ ადგილი არ აქვს ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას, შპს „იბერია-TV“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს, ხოლო დარღვევების აღმოსაფხვრელად მიეცეს 5 დღე.

V.         სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე,  98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების და მე-3 პუნქტის,  70-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და 71-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შპს „იბერია-TV“-ის მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების და მე-3 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
  2. შპს „იბერია-TV“-ის დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5   დღის ვადაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „იბერია-TV“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „იბერია-TV“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „იბერია-TV“-სთვის ჩაბარების დღიდან;
  6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) შპს „იბერია-TV“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).         

 კომისიის თავმჯდომარე                                                             ვახტანგ აბაშიძე 

 კომისიის წევრი                                                                               ელისო ასანიძე 

 კომისიის წევრი                                                                               კახი ბექაური

 კომისიის წევრი                                                                               გიორგი ფრუიძე

 კომისიის წევრი                                                                               მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები