წვდომის მენიუ

შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 214 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2017 13:54

მიღების თარიღი მარტი 30, 2017 13:54

შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიასათვისადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/1860-17; 23.02.2017) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში 2016 წლის 16 მარტს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიასათვის“   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის გამო.  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/1860-17; 23.02.2017) თანახმად, შოტლანდიაში დარეგისტრირებული შპს „Hallbrook invest L.P“-დარეგისტრირდა კომისიაში, როგორც ავტორიზებული პირი და დაიწყო საქმიანობა საერთაშორისო ხმოვანი კავშირით მომსახურებაზე. აღნიშნულმა კომპანიამ  ურთიერთჩართვა განახორციელა შპს „ჯეოსელთან“ და მუშაობდა საერთაშორისო ტრაფიკის ტერმინაციაზე 2016 წლის თებერვლის თვიდან 2016 წლის მაისის თვის ჩათვლით.

შპს „Hallbrook invest L.P.“-მ 2016 წლის 2 თებერვლის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის  №შ-7/1979-16) მოითხოვა მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა.  ვინაიდან, შპს „Hallbrook invest L.P“ არ  დარეგისტრირდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, როგორც გადასახადის გადამხდელი, კომისიამ განუხილველად დატოვა ზემოაღნიშნული განცხადება.

შპს „Hallbrook invest L.P“-ის ქართულმა წარმომადგენლებმა დაარსეს საქართველოში შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯია“, რომელიც დარეგისტრირდა კომისიაში, როგორც ავტორიზებული პირი, კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N 135/4 გადაწყვეტილებით მიიღო მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის ნებართვა ნუმერაციის რესურსით სარგებლობაზე. 

2017 წლის იანვრის თვის,  შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიას“ და შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი ტრაფიკის შესახებ, დეტალური ინფორმაციის (СDR)  ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიამ“ დაიწყო საქმიანობა,  კერძოდ შპს „Hallbrook invest L.P“-ის გავლით შპს „ჯეოსელში“ დაასრულა 2403 წუთის რაოდენობის საერთაშორისო სატელეფონო ზარი, რომელზეც მოახდინა  რეალური ”ა” ნომრის ცვლილება  ადგილობრივი ნომრით. რეალური საერთაშორისო „ა“ ნომერი ჩაანაცვლა საკუთარი ნუმერაციის რესურსით 995 50200 XXXX.

შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიას“ მიერ დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებიდან გამავალი ან/და შემომავალი ან/და ტრანზიტული საერთაშორისო კავშირის განხორციე­ლების დროს გამოძახებების იდენტიფიცირებისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გამომძახებელი აბონენტის საერთაშორისო ნომრის გამჭვირვალედ გადაცემა ან/და მიღება ან/და ტრანზიტი.

შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიასათვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის  23 მარტს,  რის თაობაზეც შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიასათვის“   ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2017 წლის 23 მარტის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიას“  წარმომადგენელი და საკითხის განხილვა გადაიდო 2017 წლის 30 მარტისთვის. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიამ“ შპს „ჯეოსელის“ ქსელში დაასრულა საერთაშორისო სატელეფონო ზარები, კომისიის 2017 წლის 30 მარტის სხდომაზე, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით მოწვეული იქნა შპს „ჯეოსელი“.

2017 წლის 30 მარტის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიას“ წარმომადგენელი, გამოცხადდა შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი ლევან გიორგაძე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიას“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.

შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ 2017 წლის თებერვალში შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიას“ ქსელიდან დაფიქსირდა არაბუნებრივი ტრაფიკი, დაახლოებით 30 მობილური სატელეფონო ნომერი რეკავდა შპს „ჯეოსელის“ ქსელში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კომპანიას 30 აბონენტი უნდა ჰყოლოდა. ტექნიკურმა სამსახურმა ე.წ. „Callback”-ის მეშვეობით გადაამოწმა ეს ზარები და აღმოჩნდა, რომ ბილინგში დაფიქსირებულ ნომრებზე დარეკვისას, შემავალი სატელეფონო ხმოვანი კავშირი აბონენტთან არ მყარდებოდა. შპს „ჯეოსელის“ მიერ ეს მიმართულება ჩაიკეტა და შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიას“ დაერიცხა თანხა საერთაშორისო ზარის მომსახურების ღირებულებით. შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯია“ თავიდან უარყოფდა საერთაშორისო ზარის განხორციელების ფაქტს, შემდეგ კი შპს „ჯეოსელს“ მიმართა ელექტრონული ფოსტის საშუალებით და დაადასტურა, რომ ტექნიკური შეცდომის გამო, ეს ზარები იყო საერთაშორისო. შპს „ჯეოსელმა“ კომპანიას ჩამოაჭრა დეპოზიტზე დადებული თანხა  და ამის შემდეგ ამ კომპანიის მომსახურება გათიშულია.

II. კომისიის მიერ გამოკვლეული  მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/1860-17; 23.02.2017);

2. შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიასა“ და შპს „ჯეოსელის“  მიერ წარმოდგენილი CDR-ები;

3. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების საჯარო რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიას“ თაობაზე;

4. შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიასთვის“ კომისიის სხდომის დღის თაობაზე გაგზავნილი შეტყობინებები  და ამ შეტყობინებების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები;

5.  შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლის ლევან გიორგაძის მიერ 2017 წლის 30 მარტს კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება; 

III.   კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯია“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 20.05.2016). ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემიების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

2. 2017 წლის იანვრის თვის  შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიას“ და შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი ტრაფიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის (СDR)  ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიამ“ შპს „Hallbrook invest L.P“-ის გავლით შპს „ჯეოსელში“ დაასრულა 2403 წუთის რაოდენობის საერთაშორისო სატელეფონო ზარი, რომელზეც მოახდინა  რეალური ”ა” ნომრის ცვლილება  ადგილობრივი ნომრით. რეალური საერთაშორისო „ა“ ნომერი ჩაანაცვლა საკუთარი ნუმერაციის რესურსით 995 50200 XXXX. აღნიშნული გარემოება დაადასტურა შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ, კომისიის 2017 წლის 30 მარტის  სხდომაზე;

3.  შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯია“,  როგორც ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუქნტით განსაზღვრული მოთხოვნები, საერთაშორისო ზარის განხორციელებისას  გამომძახებელი აბონენტის საერთაშორისო ნომრის გამჭირვალედ გადაცემის თაობაზე, ხოლო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ასევე შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა, აგრეთვე არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა;

4. შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიას“  მიმართ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ანალოგიური დარღვევისათვის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.   

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეინარჩუნოს  ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა;

3. „ელექრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ყ) ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები (ელექტრო-კავშირგაბმულობის ქსელები) – გამოძახებებისა და სხვადასხვა საინფორმაციო სიგნალების ელექტრონული დამუშავების, დამისამართების (კომუტაციის), გატარების და გადაცემის ტექნოლოგიური სისტემაა, რომელიც მოიცავს სადენიან (მათ შორის, ოპტიკურ-ბოჭკოვან), თანამგზავრულ, რადიოსიხშირულ ან ოპტიკურ აღჭურვილობას, სხვა ტექნოლოგიურ საშუალებებს და საოპერაციო ტექნიკურ რესურსებს, მათ შორის, ფიქსირებული (არხული და პაკეტური კომუტაციის, მათ შორის, ინტერნეტის) და მობილური კომუნიკაციების, ციფრული მაუწყებლობის, საეთერო და საკაბელო ქსელებს;

4. „ელექრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ13) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის სისტემა არის სიმბოლოების განსაზღვრული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების პროცესში ელექტრონული საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის ან მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიცირებისათვის;

5. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუქნტის შესაბამისად, საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებიდან გამავალი ან/და შემომავალი ან/და ტრანზიტული საერთაშორისო კავშირის განხორციე­ლების დროს გამოძახებების იდენტიფიცირებისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გამომძახებელი აბონენტის საერთაშორისო ნომრის გამჭვირვალედ გადაცემა ან/და მიღება ან/და ტრანზიტი;

კომისია აღნიშნავს, რომ როგორც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით“ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის დაცულობა, ასევე საერთაშორისო კავშირის განხორციელების დროს გამომძახებელი აბონენტის საერთაშორისო ნომრის გამჭირვალედ გადაცემის ვალდებულება ეკისრება მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევ ავტორიზებულ პირს,   შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიას“ ეკისრება ვალდებულება არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა, შეინარჩუნოს ქსელის  დაცულობა, უზრუნველყოს გამომძახებელი აბონენტის საერთაშორისო ნომრის („A” ნომერი) იდენტიფიცირება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომიდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიას“ მიერ დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებიდან გამავალი ან/და შემომავალი ან/და ტრანზიტული საერთაშორისო კავშირის განხორციელების დროს გამომძახებლის იდენტიფიცირებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამომძახებელი აბონენტის საერთაშორისო ნომრის გამჭვირვალედ გადაცემა. აღნიშნული შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიასათვის“   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიას“ მიმართ  ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისათვის არ ყოფილა გამოყენებული სანქცია, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე,  99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიას“ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიასათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიასათვის“  ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიასათვის“   ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპატამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) წინამდებარე გადაწყვეტილებით შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიასათვის“ დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე მონაცემების კომისიის ავტორიზებულ და ლიცენზიის მფლობელ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს (ც. უჯმაჯურიძე).

   კომისიის თავმჯდომარე                  ვახტანგ აბაშიძე

   კომისიის  წევრი                               ელისო ასანიძე

   კომისიის წევრი                                კახი ბექაური

   კომისიის წევრი                                გიორგი ფრუიძე

   კომისიის წევრი                                მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები