წვდომის მენიუ

საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

ნომერი: 216 / 23

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2017 11:58

მიღების თარიღი მარტი 30, 2017

საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიას წერილებით მიმართეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირებმა: შპს „მაგთიკომმა“ (წერილი №2677-17, 24.03.2017), შპს „ჯეოსელმა“ (წერილი №2679-17 24.03.2017) და შპს „მობიტელმა“ (წერილი №2692 - 17 27.03.2017), საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით. კომპანიები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად შემომავალი საერთაშორისო ტრაფიკის კლების ტენდენციისა, რეგულაციის გაუქმება უარყოფითი შედეგების მომტანია როგორც კომპანიებისათვის, ასევე ქვეყნის ბიუჯეტისათვის. ეს კომპანიები გამოთქვამენ მზადყოფნას, დროებითი რეგულაციის დადგენის შემთხვევაში, მაქსიმალურად გაამკაცრონ და კონტროლს დაუქვემდებარონ SIM ბარათების რეალიზაციის პროცესი, ასევე უზრუნველყონ საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მომსახურების დროს ეფექტური კონტროლის და მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება, იმავდროულად ეფექტურად ითანამშრომლონ სამართალდამცავ სტრუქტურებთან.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით მოქმედების ვადა არ გაუგრძელდა „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებას. ამავე დროს, კომისიამ გამოთქვა მზადყოფნა, გააგრძელოს მუშაობა ავტორიზებულ პირებთან ერთად ოპტიმალური შედეგის მომტანი დროებითი რეგულაციის მოდელის შექმნის მიზნით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, სამი ხმა ერთის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრები: ვახტანგ აბაშიძე, კახი ბექაური, მერაბ ქათამაძე, წინააღმდეგი კომისიის წევრი ელისო ასანიძე):

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დასადგენად;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2017 წლის 2 მაისს 12.00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

კომისიის თავმჯდომარე                                         ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                              ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                კახი ბექაური        

კომისიის წევრი                                                         მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები