შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2017 13:57
მიღების თარიღი აპრილი 04, 2017
შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/2019-17; 28.02.2017) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2017 წლის 16 მარტს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (Nშ-10/2019-17; 28.02.2017) ირკვევა, რომ აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი 2017 წლის 5-15 თებერვლის პერიოდზე, სპონსორობის წესებისა და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (Nშ-10/2019-17; 28.02.2017) აღნიშნულია შემდეგი:
1. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსებულია გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო.“
აღნიშნული გადაცემის ფარგლებში 2017 წლის 15 თებერვალს განთავსდა სიუჟეტი რუბრიკით „ეს უნდა იცოდე“ მაღაზიათა ქსელიდან „ელიტ ელექტრონიქსი“. ჟურნალისტი და კომპანიის მენეჯერი, ასევე კომპანიის აქციაში ჩართული მესამე პირები საუბრობენ კომპანიის მიერ ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი აქციებისა და პროექტების შესახებ. კერძოდ, კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ მენეჯერი საუბრობს სმარტფონების ფართო არჩევანზე, რომელიც წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელში. მისი თქმით, თუ მომხმარებელი შეიძენს „სამსუნგის“ სმარტფონს, მას გადაეცემა ქსელში უკვე ჩართული ვაუჩერი, ხოლო ის, ვინც არჩევანს გააკეთებს „ჰუავეის“ სმარტფონზე, საჩუქრად გადაეცემა ორთვიანი ორკაციანი ულიმიტო კინოს აბონემენტი.
რუბრიკის ავტორი ასევე ამბობს, რომ საჩუქრების გარდა ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით სმარტფონებზე კომპანიაში გამოცხადებულია სპეციალური ფასები და „ელიტ ელექტრონიქსის“ ეს კონკრეტული აქცია-პროექტი სახელწოდებით „გაუთბე გული საყვარელ ადამიანს“ თვის ბოლომდე გასტანს.
2. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსებულია გადაცემა „რენოვაცია“, რომლის ფარგლებშიც, 2017 წლის 12 თებერვალს (გადაცემის დაწყების დრო - 16:57 სთ.) განთავსდა სიუჟეტი (გადაცემის მე-2 ბლოკში, 17:30 სთ.) მაღაზიიდან „ბრენდ არ“, სადაც სტუმრად იმყოფებოდა გადაცემა „რენოვაციის“ ორი წამყვანი. წამყვანები და კომპანიის მენეჯერი საუბრობენ მაღაზიაში წარმოდგენილი ჭაღებისა და ნათურების შესახებ. მენეჯერი საუბრობს გასაყიდი პროდუქტის ხარისხის, ფასებისა და ფასდაკლებების, ვალენტინობის დღის აქციის, ასევე მომსახურეობის სახეების, ექსკლუზიური შეკვეთების, კოლექციის განახლების სიხშირის, ტექნოლოგიური ინოვაციების თაობაზე.
წამყვანები ხაზს უსვამენ ფასდაკლებების 30, 40, 50 და 60 პროცენტიან აქციებს. ამბობენ, რომ აღფრთოვანებულები არიან საქონლის მრავალფეროვნებით, არჩევანით, ხელმისაწვდომობით. საუბრის დროს იყენებენ გამოთქმებს: „ძალიან კარგი ფასებია“, „ჩემთვის არის იდეალური ადგილი, როცა მომინდება განათება, ვიცი სად უნდა მოვიდე“, „საქართველოში, თბილისში პირველად ვხედავ ასეთ პროდუქციას“, „ცოტა დაბნეული ვარ, რადგან დიდი არჩევანი დამხვდა და თან ჩემი ბიუჯეტიდან არ არის შორს“, „აღფრთოვანებული ვარ და აუცილებლად მოვალ“ და ა.შ. სიუჟეტის მიმდინარეობის მანძილზე გარკვევით ჩანს სხვადასხვა პროდუქტის ფასები.
3. გადაცემა „რენოვაციის“ ფარგლებში 2017 წლის 5 თებერვალს 17:33 სთ-ზე განთავსდა სიუჟეტი (გადაცემის მე-2 ბლოკში) მაღაზიათა ქსელიდან „მეგატექნიკა.“ გადაცემის ორი წამყვანი და კომპანიის მენეჯერი ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში საუბრობენ საოჯახო და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის პროდუქტებზე, რომელიც წარმოდგენილია აღნიშნულ სავაჭრო ობიექტში. წამყვანები ყურადღებას ამახვილებენ Hisense-მაცივარზე, აცხადებენ, რომ ფასი ძალზე ხელმისაწვდომია. ფასი კარგად ჩანს კადრში - 1 627 ლარი. ასევე Simferi-ის ფირმის ორთქლის უთოს, რომლის ფასიც ასევე ნათლად ჩანს - 399 ლარი. ყავის მოსადუღებელი, ფასი - 475 ლარი.
სხვადასხვა ელექტროსაქონლის დახასიათებებში წამყვანები იყენებენ გამოთქმებს: „ძალიან მისაღები ფასებია“, „ზაფხულში რა მაგარია (იგულისხმება მაცივარი)“, „ოჯახისთვის ძალიან კარგია, განიერი, ტევადი“.
კომპანიის მენეჯერი ახასიათებს მაღაზიაში წარმოდგენილ ბრენდებს, ხაზს უსვამს მათ ტექნიკურ მახასიათებლებს. ასევე საუბრობს სეზონურ გრანდიოზულ ფასდაკლებებზე, რომელიც შეადგენს 20 პროცენტს და რომელიც გრძელდება კომპანიის მთელი საიუბილეო წლის განმავლობაში. სიუჟეტის ბოლოს წამყვანები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რომ ამ მაღაზიაში ყველაფერია, რაც ოჯახს სჭირდება. განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ აქ ფასები ძალიან დაბალია.
4. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსებულია გადაცემა „პსპ“-ს გათამაშება, აღნიშნული გადაცემის მიმდინარეობისას, საჩუქრების გათამაშების შუალედში ინტეგრირებულია სარეკლამო ხასიათის შემცველი ინფორმაცია კომპანიის ახალი აქციების, ფასებისა და ფასდაკლებების, საქონლის ხარისხისა და უპირატესობის შესახებ, რომელსაც გადაცემის წამყვანები აწვდიან მაყურებელს.
წამყვანი: ჟოლოსფერი „პსპ“-ში - ეს სილამაზის ზონაა, რომელიც მომხმარებელს ფრანგულ და ევროპულ უმაღლესი ხარისხის თავის მოვლის საშუალებებს სთავაზობს. მოდის ვალენტინობა... მრავალი მამაკაცი, ალბათ, ფიქრობს, საყვარელ ადამიანს რა სახის საჩუქარი გაუკეთოს. „პსპ“ აქაც თქვენს გვერდით არის და 13 და 14 თებერვალს, იმისთვის, რომ თქვენთვის საჩუქრის შეძენა უფრო კომფორტული და მოხერხებული იყოს, ფასდაკლებებს გთავაზობს სილამაზის საშუალებებზე.
წამყვანი: ვალენტინობაზე გამახსენდა, მამაკაცებს მინდა ვურჩიო, რომ თქვენს მეორე ნახევრებს აჩუქოთ „კოდალის“ სასაჩუქრე ნაკრები, რომელზედაც „პსპ“-ში 30 პროცენტიანი ფასდაკლებაა... ყვითელ ფერში არის გადაწყვეტილი ოჯახზე ზრუნვის დონე. ეს განსაკუთრებით აინტერესებს მას, ვისაც პატარა ჰყავს, ან უბრალოდ თავის მოვლისთვის ახალ იდეებსა და პროდუქტებს ეძებს. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ თებერვალი არის ბავშვთა თვე „პსპ“-ში, რაც იმას ნიშნავს, რომ საფენებზე, საკვებზე, ჭურჭელზე და სათამაშოებზე 30 პროცენტიანი ფასდაკლებებია დაწესებული.
5. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსებულ გადაცემა „პროფილის“ ფარგლებში, 9 თებერვალს, 22:12 სთ-ზე განთავსდა 10 წამიანი „ტაიდის“ სასპონსორო ვიდეო-რგოლი, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: გადაცემის სპონსორია „ტაიდი“. დარწმუნდით, რომ თქვენი ბავშვები სისუფთავისგან ბზინავენ, თქვენ კი ეკონომიას აკეთებთ. მარტივად მისაღწევი სიქათქათე „ტაიდთან“ ერთად.
6. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსებულ გადაცემა „ექიმების“ ფარგლებში, 12 თებერვალს, 18:33 სთ-ზე განთავსდა 10 წამიანია „ბლენდ ა მედის“ და 9 წამიანი „პამპერსის“ სასპონსორო ვიდეო-რგოლები, რომლებშიც აღნიშნულია:
ა) გადაცემის სპონსორია „ბლენდ ა მედი“. ის აცილებს ნადების ოთხმოცდაათ პროცენტამდე ხუთ დღეში. „ბლენდ ა მედ სამი დე უაით ლუქს გლამური“, ცხოვრება გეგებება თვალისმომჭრელი ღიმილით;
ბ) გადაცემის სპონსორია „პამპერსი“. ახალ „პამპერსს“ სამი შემწოვი არხი აქვს, რომლებიც სისველეს თანაბრად ანაწილებენ და ამცირებენ სველ ნარჩენებს. თქვენ გაოცდებით, თუ სად წავიდა მთელი სითხე.
7. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსებულია გადაცემა „რენოვაცია“. აღნიშნული გადაცემის ფარგლებში, 16:57 სთ-ზე განთავსდა მაღაზიათა ქსელი „მეგატექნიკის“ 13 წამიანი სასპონსორო ვიდეო-რგოლი, სადაც აღნიშნულია: რენოვაციის პარტნიორია მაღაზიათა ქსელი „მეგატექნიკა“. „მეგატექნიკა“ უკვე ოცი წელია გთავაზობთ მსოფლიოს საუკეთესო ბრენდების საოჯახო და წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას. „მეგატექნიკის“ ქსელში შეგიძლიათ თანამედროვე ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანი იხილოთ.
ზემოაღნიშნული სიუჟეტების შესწავლის საფუძველზე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული სიუჟეტები არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე–2 პუნქტს, ვინაიდან სიუჟეტებში პროდუქტს ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა და ხშირ შემთხვევაში შეიცავს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებში ჩამოთვლილ პროგრამებში სპონსორზე მითითება ხდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევით.
შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 23 მარტს, რის თაობაზეც შეტყობინებით ეცნობა, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს და ეთხოვა საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. კომპანიას ასევე განემარტა მისი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.
2017 წლის 21 და 22 მარტს კომისიას წერილობით მომართეს კომპანიებმა: „key communications”-მა (21.03.17 Nშ-6/2583-17), „ინტერ მედიამ“ (21.03.17 Nშ-6/2597-17), „ჯეპრამ“ (22.03.17 Nშ-6/2623-17), „ბრენდ არ“-მა (22.03.17 Nშ-6/2624-17) და „ჯორჯია მედია იქსჩეინჯმა“ (22.03.17 Nშ-6/2617-17) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ მხარედ ჩართვის მოთხოვნით. კომპანიებმა თავიანთი მოთხოვნა დაასაბუთეს იმ გარემოებით, რომ სარეკლამო, სასპონსორო რგოლების დამზადება და მაუწყებლებისათვის მიწოდება წარმოადგენს მათ საქმიანობას და ამის გამო წარმოადგენენ დაინტერესებულ მხარეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, დაინტერესებული მხარე ეს არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.
2017 წლის 22 მარტს კომისიას წერილობით (22.03.17 Nშ-6/2616-17) მომართა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა და მოითხოვა შემდეგი ინფორმაცია:
ა) განხორციელდა თუა არა სხვა მაუწყებლების სამაუწყებლო არხების ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი სპონსორობის წესებისა და პროდუქტის განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით 2017 წლის 5-15 თებერვლის პერიოდში. ამასთანავე, კომპანიამ მოითხოვა ასეთი ადმინისტრაციული წარმოების მასალები;
ბ) კომისიის არსებულ შემადგენლობას, ოდესმე დაუკისრებია თუა არა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა რომელიმე სხვა მაუწყებლისათვის, გარდა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ისა, სპონსორობის წესებისა და პროდუქტის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით. ამასთანავე, კომპანიამ მოითხოვა ასეთი ადმინისტრაციული წარმოების მასალები სრულად;
შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ასევე მოითხოვა საკითხის განხილვის გონივრული ვადით გადადება, კომისიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გააანალიზების შემდგომ, საკუთარი მოსაზრების სრულყოფილად წარსადგენად.
კომისიის 2017 წლის 23 მარტის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი. კომისიამ იმსჯელა კომპანიების „key communications”-ის, „ინტერ მედიას“, „ჯეპრას“, „ბრენდ არ“-ისა და „ჯორჯია მედია იქსჩეინჯის“ მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქმეში დაინტერესებულ მხარედ ჩართვის თაობაზე და მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ მხარეს არ წარმოადგენენ კომპანიები „key communications”, „ინტერ მედია“, „ჯეპრა“, „ბრენდ არ“ და „ჯორჯია მედია იქსჩეინჯი“, ვინაიდან აღნიშნული კომპანიები წარმოადგენენ ტელეკომპანიის კონტრაქტორ კომპანიებს, რომლებთან მიმართებაშიც არ ღებულობს კომისია გადაწყვეტილებას, შესაბამისად, აღნიშნული კომპანიების კანონიერ ინტერსესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ვერ მოახდენს კომისიის მიერ მისაღები ადმინისტრაციული აქტი. აღნიშნულის თაობაზე წერილობით (29.03.17 N03/907-17, 29.03.17 N03/908-17, 29.03.17 N03/909-17, 29.03.17 N03/910-17, 29.03.17 N03/911-17) ეცნობათ კომპანიებს „key communications”-ს, „ინტერ მედიას“, „ჯეპრას“, „ბრენდ არ“-ს და „ჯორჯია მედია იქსჩეინჯს“. მათ ასევე განემარტათ, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის სხდომა საჯაროა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კომისიის ღია სხდომაზე დასწრების უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს. შესაბამისად, მათ მიერ სხდომაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ დაესწრონ კომისიის სხდომას, ასევე შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე მიიღონ მონაწილეობა, როგორც შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლებმა და დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრება.
შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა გადაიდო 2017 წლის 30 მარტის სხდომისთვის.
შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს კომისიამ გადასცა (27.03.17 N03/866-17) მის მიერ 2017 წლის 22 მარტს წერილობით (Nშ-6/2616-17) გამოთხოვილი ინფორმაცია სრულად. კომპანიას განემარტა, რომ 2017 წლის თებერვლის თვეში გარდა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო ბადისა, სპონსორობის წესებისა და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით, განხორციელდა შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „სტუდია მაესტროს“ და შპს „იბერია-TV“-ს სამაუწყებლო ბადეების მონიტორინგი. აღნიშნულ მაუწყებელთათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიამ იმსჯელა 2017 წლის 23 მარტის სხდომაზე, მაუწყებლებს - შპს „ტელეკომპანია პირველსა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო შპს „იბერია-TV“-ს საკითხი გადაიდო 2017 წლის 30 მარტისთვის. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს გაეგზავნა აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოებების მასალები, ასევე ეცნობა, რომ 2017 წლის თებერვლის თვეში, სპონსორობის წესებისა და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ასევე შემოწმდა სხვა მაუწყებლებიც და განემარტა, რომ წარმოების მასალები მომზადების პროცესშია და აღნიშნულ მაუწყებლებთან მიმართებაში ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყება უახლოეს მომავალში. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ს ასევე გადაეცა ჩამონათვალი კომისიის გადაწყვეტილებებისა, რომლებიც მიღებული იქნა 2015-2016 წლებში სპონსორობისა და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებით (სულ 8 გადაწყვეტილება). კომპანიას გადაეცა მის მიერ გამოთხოვილი ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
2017 წლის 30 მარტის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი თამთა მურადაშვილი, რომელმაც დააყენა შუამდგომლობა კომპანიების „key communications”-ის, „ინტერ მედიას“, „ჯეპრას“, „ბრენდ არ“-ისა და „ჯორჯია მედია იქსჩეინჯის“ მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ მხარეებად ჩართვასთან დაკავშირებით. თ. მურადაშვილის განმარტებით, ის პროდუქტი, რომელთან დაკავშირებითაც კომისია ედავება შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს, მომზადებულია აღნიშნული კომპანიების მიერ, ამჟამად კი შეჩერებულია ამ პროდუქციის ეთერში გადაცემა, რაც ზიანს აყენებს აღნიშნული კომპანიების ინტერესებს.
კომისიამ კიდევ ერთხელ იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მაუწყებლის ეთერში გადაცემულ პროგრამაში პროდუქტის განთავსებისა და სპონსორობის წესების დაცვა მხოლოდ მაუწყებლის ვალდებულებაა და შესაბამისად, მაუწყებლისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხთან მიმართებაში ზემოაღნიშნული კომპანიების ინტერესს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, კომისიამ უარი განაცხადა თამთა მურადაშვილის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელმა კომისიის წინაშე ასევე იშუამდგომლა საკითხის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით, იმ საფუძვლით, რომ კომპანიის პოზიცია აგებული იყო დაინტერესებულ მხარეთა საქმის განხილვაში მონაწილეობის გათვალისწინებით და ესაჭიროება დამატებითი დრო სხვაგვარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. საკითხის განხილვა გადაიდო 2017 წლის 4 აპრილისათვის.
2017 წლის 4 აპრილის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი, კომპანიის პოზიცია წარმოდგენილი იქნა წერილობით (04.04.17 Nშ6/2920-17), რომლის თანახმად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ არ ეთანხმება კომისიის მოსაზრებას და მიაჩნია, რომ მაუწყებლის მიერ არ დარღვეულა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტი (product placement) და არც ამავე კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილების (სპონსორობაზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციები) მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები (სპონსორობის ნაწილში). შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წერილობით პოზიციაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ 2014 წლის N1 დადგენილება „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის მიერ მიღებული იქნა დაჩქარებული წესით, დაინტერესებული პირების ჩართვის გარეშე, მიუხედავად კომისიის დაპირებისა, რომ რეგულაციები შემუშავდებოდა საჯარო დისკუსიის საფუძველზე. შესაბამისად, კომისიამ ზემოაღნიშნული მარეგულირებელი სახელმძღვანელო მიიღო მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად, რათა მოეხდინა კანონის მხოლოდ საკუთარი ინტერპრეტაცია და ეს ინტერპრეტაცია აესახა რეგულაციაში. მაუწყებლის წერილობით პოზიციაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისია არასწორად განმარტავს კანონს და მაუწყებლის ეთერში განთავსებულ product placement-სა და სპონსორობას (ინფორმაციას) უსაფუძვლოდ თვლის კანონდარღვევად.
შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის განმარტებით, ინფორმაციის უფლება მოიცავს ინფორმაციის მიღების, გავრცელებისა და შეგროვების უფლებას. პირს უფლება აქვს იცოდეს ყველაფერი, რაც ეხება საჯარო საკითხებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე ბიზნეს, ეკონომიკურ თუ სხვა სახის სიახლეებს, მომხდარ და მიმდინარე ფაქტებს და ა.შ. თავისი, როგორც შინაარსობრივი, ისე სამართლებრივი გაგებით. ინფორმაციის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება ერთი საკითხის ორი მხარეა. პირის მიერ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლების ერთ-ერთი პრინციპია ინფორმაციის მიღების უფლება. სახელმწიფოს არა აქვს უფლება შეზღუდოს ან ხელი შეუშალოს პირს იმ ინფორმაციის მიღებაში, რომლის გადაცემაც მისთვის უნდათ. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის განმარტებით, ინფორმაციის მიღების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევბში. ამასთან, გამოყენებული შეზღუდვები აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მორალის დასაცავად. ,,პროდუქტის განთავსების“ დეფინიციიდან გამომდინარე, „პროდუქტის განთავსება“ თავისი ბუნებით არის ისეთი ტიპის სარეკლამო მომსახურება, რომელიც ინტეგრირებულია გადაცემაში. შესაბამისად, ის ინტეგრირებული სარეკლამო მომსახურებაა, რაც თავის მხრივ გულისხმობს, რომ გადაცემაში ინტეგრირებისას შესაძლოა ,,პროდუქტის განთავსება“ ორგანულად მიესადაგოს გადაცემაში წარმოდგენილ თემატიკას, სტუმრებს, მუსიკას და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას მიაჩნია, რომ ,,პროდუქტის განთავსების“ შესახებ მსჯელობისას არ შეიძლება ინტეგრირებული რეკლამის ავკარგიანობაზე, მისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებაზე და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საკითხზე მსჯელობისას ხისტი მიდგომა. საქმეზე ვირჯინიის შტატის ფარმაცევტთა საბჭო ვირჯინიის მომხმარებელთა წინააღმდეგ, სასამართლომ განმარტა: „სიტყვის თავისუფლება თავის თავში მოიცავს პირს, რომელსაც სურვილი აქვს, ისაუბროს. თუმცა, სადაც საუბრის მსურველი არსებობს, მაშინ დაცვის მექანიზმები ვრცელდება როგორც გავრცელებულ ინფორმაციაზე, ასევე მის წყაროზეც და მის მიმღებზე, თუ არსებობს რეკლამის უფლება, მაშინ არსებობს შესაბამისი უფლება, რომ პირმა მიიღოს ამ რეკლამით გავრცელებული ინფორმაცია.“ ამავე საქმეზე, სასამართლომ დაადგინა: „რეკლამა, რამდენად უგემოვნო და გაზვიადებულიც უნდა მოგვეჩვენოს, მაინც შეიცავს ინფორმაციას, თუ რა პროდუქცია იყიდება, რა ფასად და სად შეიძლება მისი შეძენა. საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ჩვენი რესურსების განაწილება უმეტესწილად დამოკიდებულია კერძო ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე. შესაბამისად, არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი, რომ ადამიანებს მიეცეთ საშუალება, მიიღონ ინფორმირებული და გონივრული გადაწყვეტილებები. ამ მიზნისათვის კი კომერციული ინფორმაციის თავისუფალი მიმოქცევა ხელშეუვალია“. აშშ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (ცენტრალ ჰადსონის საქმე, Uhaul Internationali vs Jartran) იცნობს ე.წ. ოთხნაწილიან ტესტს, რომელიც იმის გასარკვევად გამოიყენება, თუ როდის არ შეიძლება კომერციული სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა: 1) კომერციული გამოხატვა არ უნდა ეხებოდეს კანონით აკრძალულ საქმიანობას; 2) ის არ უნდა იყოს მცდარი ან შეცდომაში შემყვანი; 3) სახელმწიფომ უნდა დაადასტუროს ის არსებითი ინტერესი, რომლის გამოც ხდება კომერციული გამოხატვის რეგულირება ან შეზღუდვა; 4) რეგულირება უნდა ემსახურებოდეს სამთავრობო ინტერესს, რომელიც მაქსიმალურად კონკრეტულ ცნებებშია გამოხატული. შპს „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიაჩნია, რომ ვინაიდან „პროდუქტის განთავსება“ ხასიათდება განსაკუთრებული ბუნებითა და თავისებურებებით, ყოველ სადავო დარღვევაზე მსჯელობისას შეფასება თითოეულ საქმეს უნდა მიეცეს ინდივიდუალურად და ამასთან, გამოყენებულ იქნას ე.წ. ,,ოთხნაწილიანი ტესტი“, აგრეთვე შეფასებულ იქნას სადავო დარღვევა მომხმარებელთან მიმართებაში. კერძოდ, თუ არსებობს სადავო სარეკლამო მომსახურებით მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის ფაქტი უნდა დადასტურდეს მხოლოდ მომხმარებლის მიერ. არ შეიძლება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის დადასტურება მხოლოდ იმით, რომ რეკლამის გამავრცელებლის განზრახვა სწორედ ეს იყო (შეცდომაში შეყვანა). ანალოგიური მსჯელობის სახით უნდა იქნას განხილული სხვა ტიპის დარღვევები მომხმარებელთა უფლებების დასაცავად. მაგ. არსებობს თუ არა რეალურად დაზარალებული მომხმარებელი და კონკრეტული სახის ზიანის არსებობის ფაქტი უნდა იქნას დადასტურებული კონკრეტული მომხმარებლის მიერ; კონკრეტულად მომხმარებლის რა სახის უფლება დაირღვა და ა.შ. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის განმარტებით, აშშ უზენაესმა სასამართლომ საქმეზე CBS-ი ეროვნულ-დემოკრატიული კომიტეტის წინააღმდეგ განმარტა, რომ ,,კომუნიკაციის ფედერალური კომისია ვალდებულია გაარკვიოს და შეაფასოს ის, თუ რამდენად მზადაა ლიცენზიის მიმღები ანგარიში გაუწიოს საზოგადოების მთავარ ინტერესს - იყოს სრულად და სამართლიანად ინფორმირებული“. აქედან გამომდინარე, საზოგადოების ინფორმირებულობის პრინციპის დაცვა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის, როგორც სახელმწიფო სტრუქტურის ვალდებულებაა. საზოგადოების ინფორმირებისათვის კი მთავარი ინსტრუმენტი სწორედ მაუწყებელია. შესაბამისად, მაუწყებლისათვის არათანაზომადი შეზღუდვების დაწესება სარეკლამო მომსახურების გაწევისას ლახავს როგორც თავად მაუწყებლის უფლებას თავისუფლად გაწიოს მომსახურება სამოქალაქო ბრუნვის ფარგლებში, ისე რეკლამის დამკვეთის კომერციული სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის უფლებას, თავისუფალი ინტელექტუალური შემოქმედების უფლებას, აგრეთვე საზოგადოების, ე.ი. მომხმარებლის უფლებას იყოს ინფორმირებული. „მთავრობის ჩარევის ალბათობის გათვალისწინებით, სასურველია, გამოხატვის შინაარსის კონტროლის წინააღმდეგ მიმართული კონსტიტუციით გარანტირებული პრინციპები ნაკლებად მკაცრი იყოს რეკლამასთან დაკავშირებით.“ ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ არ დარღვეულა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
- II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი თანდართული CD-ით (შ-10/2019-17; 28.02.2017);
- შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;
- კომპანიების „key communications”-ის, „ინტერ მედიას“, „ჯეპრას“, „ბრენდ არ“-ის და „ჯორჯია მედია იქსჩეინჯის“ წერილები (21.03.17 Nშ-6/2597-17) (21.03.17 Nშ-6/2583-17) (22.03.17 Nშ-6/2617-17), (22.03.17 Nშ-6/2623-17), (22.03.17 Nშ-6/2624-17) და კომისიის საპასუხო წერილები (29.03.17 N03/907-17, 29.03.17 N03/908-17, 29.03.17 N03/909-17, 29.03.17 N03/910-17, 29.03.17 N03/911-17);
- შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წერილი (22.03.17 Nშ-6/2616-17) კომისიას;
- კომისიის წერილი შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს (27.03.17 N03/866-17);
- შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წერილობითი პოზიცია (04.04.17 Nშ6/2920-17);
- „„სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 03 დეკემბრის N745/23 გადაწყვეტილება;
- კომისიის 2015 წლის 31 დეკემბრისა და 2016 წლის 5 იანვრის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმები (N42 და N1);
- „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის დადგენილების პროექტთან დაკავშირებით, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ 2015 წლის 28 დეკემბერს წერილობით წარმოდგენილი შენიშვნები;
- შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლის თამთა მურადაშვილის მიერ კომისიის 2017 წლის 30 მარტის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
III. ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა, მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა, მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა, ავტორიზაციის თარიღი:15.07.2015);
2. 2017 წლის 15 თებერვალს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსებული გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ფარგლებში განთავსდა სიუჟეტი რუბრიკით „ეს უნდა იცოდე“ მაღაზიათა ქსელიდან „ელიტ ელექტრონიქსი“. ჟურნალისტი და კომპანიის მენეჯერი, ასევე კომპანიის აქციაში ჩართული მესამე პირები საუბრობენ კომპანიის მიერ ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი აქციებისა და პროექტების შესახებ. კერძოდ, კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ მენეჯერი საუბრობს სმარტფონების ფართო არჩევანზე, რომელიც წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელში. მისი თქმით, თუ მომხმარებელი შეიძენს „სამსუნგის“ სმარტფონს, მას გადაეცემა ქსელში უკვე ჩართული ვაუჩერი, ხოლო ის, ვინც არჩევანს გააკეთებს „ჰუავეის“ სმარტფონზე, საჩუქრად გადაეცემა ორთვიანი ორკაციანი ულიმიტო კინოს აბონიმენტი;
რუბრიკის ავტორი ასევე ამბობს, რომ საჩუქრების გარდა ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით სმარტფონებზე კომპანიაში გამოცხადებულია სპეციალური ფასები და „ელიტ ელექტრონიქსის“ ეს კონკრეტული აქცია-პროექტი სახელწოდებით „გაუთბე გული საყვარელ ადამიანს“ თვის ბოლომდე გასტანს;
3. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსებული გადაცემა „რენოვაციაში“, 2017 წლის 12 თებერვალს (გადაცემის დაწყების დრო - 16:57 სთ.) განთავსდა სიუჟეტი (გადაცემის მე-2 ბლოკში, 17:30 სთ.) მაღაზიიდან „ბრენდ არ“, სადაც სტუმრად იმყოფებოდა გადაცემა „რენოვაციის“ ორი წამყვანი. წამყვანები და კომპანიის მენეჯერი საუბრობენ მაღაზიაში წარმოდგენილი ჭაღებისა და ნათურების შესახებ. მენეჯერი საუბრობს გასაყიდი პროდუქტის ხარისხის, ფასებისა და ფასდაკლებების, ვალენტინობის დღის აქციის, ასევე მომსახურეობის სახეების, ექსკლუზიური შეკვეთების, კოლექციის განახლების სიხშირის, ტექნოლოგიური ინოვაციების თაობაზე;
წამყვანები ხაზს უსვამენ ფასდაკლებების 30, 40, 50 და 60 პროცენტიან აქციებს. ამბობენ, რომ აღფრთოვანებულები არიან საქონლის მრავალფეროვნებით, არჩევანით, ხელმისაწვდომობით. საუბრის დროს იყენებენ გამოთქმებს: „ძალიან კარგი ფასებია“, „ჩემთვის არის იდეალური ადგილი, როცა მომინდება განათება, ვიცი სად უნდა მოვიდე“, „საქართველოში, თბილისში პირველად ვხედავ ასეთ პროდუქციას“, „ცოტა დაბნეული ვარ, რადგან დიდი არჩევანი დამხვდა და თან ჩემი ბიუჯეტიდან არ არის შორს“, „აღფრთოვანებული ვარ და აუცილებლად მოვალ“ და ა.შ. სიუჟეტის მიმდინარეობის მანძილზე ნათლად ჩანს სხვადასხვა პროდუქტის ფასები;
4. გადაცემა „რენოვაციის“ ფარგლებში 2017 წლის 5 თებერვალს 17:33 სთ-ზე განთავსდა სიუჟეტი (გადაცემის მე-2 ბლოკში) მაღაზიათა ქსელიდან „მეგატექნიკა.“ გადაცემის ორი წამყვანი და კომპანიის მენეჯერი ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში საუბრობენ საოჯახო და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის პროდუქტებზე, რომელიც წარმოდგენილია აღნიშნულ სავაჭრო ობიექტში. წამყვანები ყურადღებას ამახვილებენ Hisense-მაცივარზე, აცხადებენ, რომ ფასი ძალზე ხელმისაწვდომია. ფასი კარგად ჩანს კადრში - 1 627 ლარი. ასევე Simferi-ის ფირმის ორთქლის უთოს, რომლის ფასიც ასევე ნათლად ჩანს - 399 ლარი. ყავის მოსადუღებელი, ფასი - 475 ლარი;
სხვადასხვა ელექტროსაქონლის დახასიათებებში წამყვანები იყენებენ გამოთქმებს: „ძალიან მისაღები ფასებია“, „ზაფხულში რა მაგარია (იგულისხმება მაცივარი)“, „ოჯახისთვის ძალიან კარგია, განიერი, ტევადი“;
კომპანიის მენეჯერი ახასიათებს მაღაზიაში წარმოდგენილ ბრენდებს, ხაზს უსვამს მათ ტექნიკურ მახასიათებლებს. ასევე საუბრობს სეზონურ გრანდიოზულ ფასდაკლებებზე, რომელიც შეადგენს 20 პროცენტს და რომელიც გრძელდება კომპანიის მთელი საიუბილეო წლის განმავლობაში. სიუჟეტის ბოლოს წამყვანები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რომ ამ მაღაზიაში ყველაფერია, რაც ოჯახს სჭირდება. განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ აქ ფასები ძალიან დაბალია;
5. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსებული გადაცემის „პსპ“-ს გათამაშების“, მიმდინარეობისას, საჩუქრების გათამაშების შუალედში ინტეგრირებული იყო სარეკლამო ხასიათის შემცველი ინფორმაცია კომპანიის ახალი აქციების, ფასებისა და ფასდაკლებების, საქონლის ხარისხისა და უპირატესობის შესახებ, რომელსაც გადაცემის წამყვანები აწვდიან მაყურებელს;
წამყვანი: ჟოლოსფერი „პსპ“-ში - ეს სილამაზის ზონაა, რომელიც მომხმარებელს ფრანგულ და ევროპულ უმაღლესი ხარისხის თავის მოვლის საშუალებებს სთავაზობს. მოდის ვალენტინობა... მრავალი მამაკაცი, ალბათ, ფიქრობს, საყვარელ ადამიანს რა სახის საჩუქარი გაუკეთოს. „პსპ“ აქაც თქვენს გვერდით არის და 13 და 14 თებერვალს, იმისთვის, რომ თქვენთვის საჩუქრის შეძენა უფრო კომფორტული და მოხერხებული იყოს, ფასდაკლებებს გთავაზობს სილამაზის საშუალებებზე;
წამყვანი: ვალენტინობაზე გამახსენდა, მამაკაცებს მინდა ვურჩიო, რომ თქვენს მეორე ნახევრებს აჩუქოთ „კოდალის“ სასაჩუქრე ნაკრები, რომელზედაც „პსპ“-ში 30 პროცენტიანი ფასდაკლებაა... ყვითელ ფერში არის გადაწყვეტილი ოჯახზე ზრუნვის დონე. ეს განსაკუთრებით აინტერესებს მას, ვისაც პატარა ჰყავს, ან უბრალოდ თავის მოვლისთვის ახალ იდეებსა და პროდუქტებს ეძებს. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ თებერვალი არის ბავშვთა თვე „პსპ“-ში, რაც იმას ნიშნავს, რომ საფენებზე, საკვებზე, ჭურჭელზე და სათამაშოებზე 30 პროცენტიანი ფასდაკლებებია დაწესებული;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სიუჟეტში პროდუქტს ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა.
6. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსებულ გადაცემა „პროფილის“ ფარგლებში, 9 თებერვალს, 22:12 სთ-ზე განთავსდა 10 წამიანია „ტაიდის“ სასპონსორო ვიდეო-რგოლი, რომელშიც აღნიშნულია, რომ გადაცემის სპონსორია „ტაიდი“. დარწმუნდით, რომ თქვენი ბავშვები სისუფთავისგან ბზინავენ, თქვენ კი ეკონომიას აკეთებთ. მარტივად მისაღწევი სიქათქათე „ტაიდთან“ ერთად;
7. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსებულ გადაცემა „ექიმების“ ფარგლებში, 12 თებერვალს, 18:33 სთ-ზე განთავსდა 10 წამიანია „ბლენდ ა მედის“ და 9 წამიანი „პამპერსის“ სასპონსორო ვიდეო-რგოლები, რომლებშიც აღნიშნულია:
ა) გადაცემის სპონსორია „ბლენდ ა მედი“. ის აცილებს ნადების ოთხმოცდაათ პროცენტამდე ხუთ დღეში. „ბლენდ ა მედ სამი დე უაით ლუქს გლამური“, ცხოვრება გეგებება თვალისმომჭრელი ღიმილით;
ბ) გადაცემის სპონსორია „პამპერსი“. ახალ „პამპერსს“ სამი შემწოვი არხი აქვს, რომლებიც სისველეს თანაბრად ანაწილებენ და ამცირებენ სველ ნარჩენებს. თქვენ გაოცდებით, თუ სად წავიდა მთელი სითხე;
8. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსებული გადაცემა „რენოვაციის“ ფარგლებში, 12 თებევალს, 16:57 სთ.-ზე განთავსდა მაღაზიათა ქსელი „მეგატექნიკის“ 13 წამიანი სასპონსორო ვიდეო-რგოლი, სადაც აღნიშნულია, რომ: რენოვაციის პარტნიორია მაღაზიათა ქსელი „მეგატექნიკა“. „მეგატექნიკა“ უკვე ოცი წელია გთავაზობთ მსოფლიოს საუკეთესო ბრენდების საოჯახო და წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას. „მეგატექნიკის“ ქსელში შეგიძლიათ თანამედროვე ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანი იხილოთ;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაცემის სპონსორის მითითებისას ადგილი აქვს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას პროდუქტზე სპეციალური მითითებით და სასპონსორო მითითება შეიცავს სარეკლამო შეტყობინებას;
9. შპს „რუსთავი 2“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განავლობაში ანალოგიური დარღვევისათვის არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ17 ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით;
4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის შესაბამისად, სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით;
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით;
6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით. სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება არ შეიცავდეს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას;
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
კომისია განმარტავს, რომ „სპონსორობაზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილების მიღების მიზნით, კომისიაში 2015 წლის 03 დეკემბერს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება (კომისიის გადაწყვეტილება 03.12. 2015 N745/23) და იმავე დღეს კომისიის ვებგვერდზე, საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნდა დადგენილების პროექტი, რომელზედაც საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონდა ყველა დაინტერესებულ პირს 20 სამუშაო დღის განმავლობაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიაში გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლები სხვადასხვა სფეროდან (იურისტი, მარკეტოლოგი, პროდიუსერი და ა.შ.). შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა დადგენილებასთან დაკავშირებული შენიშვნები წერილობით წარუდგინა კომისიას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2015 წლის 28 დეკემბერს. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზეპირი მოსმენა გაიმართა 2015 წლის 31 დეკემბერსა (კომისიის N42 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი) და 2016 წლის 5 იანვარს (კომისიის N1 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი). ზეპირი მოსმენის სხდომებს სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად ესწრებოდა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი თამთა მურადაშვილი, რომელმაც ისაუბრა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის შენიშვნებზე, კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ შენიშვნებთან დაკავშირებით, ამდენად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის მიერ „სპონსორობაზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილება მიღებული იქნა ნაჩქარევად და დაინტერესებული პირების ჩართულობისა და საჯარო დისკუსიების გამართვის გარეშე, სიმართლეს არ შეესაბამება.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული და დაცულია გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება. ამასთან აღნიშნავს, რომ ამ უფლებათა განხორციელება შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას გარკვეული პირობების დაცვით: ჩარევა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით [1]; ემსახურებოდეს ჩამოთვლილ მიზნებს [2]; ჩარევა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში [3].
,,ჩარევა“ ნიშნავს ,,ფორმალობებს“, ,,პირობებს“, ,,შეზღუდვებს“, ან ,,სანქციებს“, ხოლო ,,გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით“ გულისხმობს იმას, რომ გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვები უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ კანონმდებლობას. როგორც წესი, ეს ნიშნავს, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიულ კანონიერებას, რაც მხოლოდ საპარლამენტო განხილვებისა და ხმის მიცემის პროცედურის გზით მიიღწევა. სწორედ ეროვნულმა პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, შესაძლებელია თუ არა ამგვარი შეზღუდვა. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს პრეცედენტული სამართლის ნორმებით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით, საქართველომ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ასოცირების ხელშკერულება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან, მათ შორის, მაუწყებლობის სფეროში „აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 10 მარტის 2010/13/EU დირექტივასთან (“AVMS” დირექტივა). სწორედ აღნიშნული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 19 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ცვლილებები შეეხო დირექტივით განსაზღვრული კომერციული კომუნიკაციის ისეთ სახეობებს, როგორიც არის: 1. კომერციული რეკლამა; 2. სპონსორობა და 3. პროგრამაში საქონლის (მომსახურების) განთავსება (ე.წ. „Product Placement”-ი). აღსანიშნავია, რომ თავად დირექტივა, ყველა ღნიშნულ მომსახურებას განიხილავს ე.წ. „კომერციული კომუნიკაციის“ ფარგლებში, თუმცა თითოეული მათგანისთვის აწესებს რეგულირების სხვადასხვა რეჟიმებსა და ლიმიტებს.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში გათვალისწინებულ იქნა კომერციული კომუნიკაციის ახალი სახე ე.წ. “Product Placement” და მასთან დაკავშირებული რეგულაციები, ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია დირექტივის მე-11 მუხლით. ე.წ. “Product Placement”-ის განთავსებასთან დაკავშირებით კანონმა კომერციული კომუნიკაციის ამ სახეობის - „Product Placement“-ს განთავსება დასაშვებად ცნო, მაგრამ ამავე დროს გაითვალისწინა თავად დირექტივით გათვალისწინებული რიგი შეზღუდები (რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში პრაქტიკულად იდენტურად იქნა გადმოტანილი თავად დირექტივის ტექსტიდან), კერძოდ განისაზღვრა, რომ პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს.
კანონით ასევე გათვალისწინებულ იქნა დირექტივის მე-11 მუხლის ისეთი შეზღუდვა, რომლის თანახმად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება მკაფიოდ იდენტიფიცირებული უნდა იყოს. იმ პროგრამის დასაწყისში და დასასრულს, აგრეთვე ყოველი სარეკლამო ან სხვა სახის წყვეტის შემდეგ, რომელშიც ხდება პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, ნათლად უნდა მიეთითოს ამის შესახებ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების (“Product Placement”) მარეგულირებელი ნორმები სრულ შესაბამისობაშია „აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 10 მარტის 2010/13/EU დირექტივასთან.
კომისია აღნიშნავს, რომ კომერციული სიტყვის თავისუფლება და გამოხატვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცული უფლებების სფეროს განეკუთვნება. კომერციული გამოხატვა მოიცავს ასევე კომერციულ, მათ შორის ტელევიზიის მეშვეობით გადაცემულ რეკლამას და განმარტავს, რომ კომერციული გამოხატვა, გამოხატვის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, ექვემდებარება კონტროლის განსხვავებულ სტანდარტებს. ხელისუფლების ორგანოები სარგებლობენ შეფასების ფართო ზღვრით მასზე შეზღუდვის დაწესების აუცილებლობასთან მიმართებაში. კომერციული რეკლამის შეზღუდვა დასაშვებია არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ან არასარწმუნო ან/და შეცდომაში შემყვანი რეკლამის თავიდან აცილების მიზნით, ხოლო განსაკუთრებულ გარემოებებში, შეიძლება აკრძალულ იქნას ობიექტური და სარწმუნო რეკლამისა და იმ სტატიების გამოქვეყნებაც კი, რომლებიც აღწერს უტყუარ ფაქტებს და ასახავს რეალურ მოვლენებს სხვათა პირადი ცხოვრების პატივისცემის ან გარკვეული კომერციული ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის მიზნით. აშშ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მცდარი გამოხატვა არასდროს ყოფილა დაცული და ,,კომერციული სიტყვის რეგულირება უდავოდ დასაშვებია“ . კომერციული სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია, თუ კომერციული გამოხატვა ეხება კანონით აკრძალულ საქმიანობას; ის არის მცდარი ან შეცდომაში შემყვანი; თუ სახელმწიფომ დაადასტურა კომერციული გამოხატვისა და შეზღუდვის არსებითი ინტერესი. აშშ-ის სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, კომერციული სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია არამხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება არაკეთილსინდისიერი რეკლამის გავრცელებას, არამედ იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქმე ეხება კეთილსინდისიერი რეკლამის გავრცელებას.
კომისია ყურადღებას ამახვილებს ევროპული ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე პროდუქტის (საქონელი/მომსახურება) განთავსების (Product Placement) წესების დარღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელმა ორგანომ (Ofcom) 2015 წლის 1 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაში (Brit Asia TV Music Awards) აღნიშნა, რომ AVMS დირექტივის მოთხოვნაა, რომ სამაუწყებლო პროგრამა, რომელიც შეიცავს ე.წ. „Product Placement”-ს, არ უნდა შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას და მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოს. მარეგულირებელი ორგანო მიუთითებს AVMS დირექტივასა და თავად Ofcom-ის მიერ მიღებულ „სამაუწყებლო პროგრამაში სარეკლამო მითითებების სახელმძღვანელო წესებზე“ (Guidence Notes; Section Nine: Commercial references in television programming) და აღნიშნავს, რომ პროდუქტის/მომსახურების და სასაქონლე ნიშნისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება განხილულ უნდა იქნას იმ სამაუწყებლო პროგრამის სარედაქციო შინაარსთან მიმართებით, სადაც ხდება მისი განთავსება. პროგრამაში განთავსებული პროდუქტი/მომსახურება გავლენას არ უნდა ახდენდეს პროგრამის შინაარსზე და თავად პროგრამა არ უნდა იყოს შექმნილი მასში განთავსებული პროდუქტის/მომსახურებისთვის. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მარეგულირებელი ორგანო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პროგრამის წამყვანის მიერ სარეკლამო ე.წ. „ბრენდული“ შეტყობინებების გავრცელებას და მოწოდებებს კონკრეტული ქმედებისკენ. შესაბამისად „Ofcom”-მა მაუწყებლის ქმედება დააკვალიფიცირა როგორც პროგრამაში პროდუქტის/მომსახურების და სასაქონლე ნიშნის განთავსებისას სარეკლამო შეტყობინებების გავრცელება, რაც მიზნად ისახავდა რეკლამირებას და არ იყო გამართლებული სარედაქციო შინაარსით.
საფრანგეთის მარეგულირებელმა ორგანომ ტელევიზიით გადაცემულ სერიალში - ,,Nos chers voisins“ კარებების მონტაჟის სცენა (სადაც ჩანდა რეალური კომპანიის დასახელება; მუშას ამ კომპანიის სამუშაო ტანისამოსი ეცვა) მიიჩნია პროდუქტისათვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებად; ასევე აღნიშნა, რომ მან გავლენა მოახდინა პროგრამის შინაარსზე, ვინაიდან სიუჟეტი დაწერილი იყო განთავსებული პროდუქციისთვის.
გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ, გადაცემაში - ,,Dschungelcamp“ განთავსებული შოკოლადი -,,Pickup“-ის განთავსება მიიჩნია გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებად ვიზუალური და აუდიო აქცენტირების გამო და ასევე იმის გამო, რომ პროდუქტს ხშირად ახსენებდნენ თამაშის მონაწილეები საუბარში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ:
1. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო ბადეში 2017 წლის 5, 12, 15 თებერვალს განთავსებული გადაცემების - ,,დილა მშვიდობისა საქართველო“ და „რენოვაციის“ სიუჟეტებში პროდუქტს ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა და სიუჟეტი შეიცავს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას, რითაც შპს ,,რუსთავი 2“-ის მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტები და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი.
2. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო ბადეში 2017 წლის 9 და 12 თებერვალს განთავსებულ გადაცემებში - ,,პროფილი“, „ექიმები“ და „რენოვაცია“, სასპონსორო მითითებებისას ადგილი აქვს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას პროდუქტზე სპეციალური მითითებით და ამასთან, სასპონსორო მითითებები შეიცავენ სარეკლამო შეტყობინებებს, რითაც შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები.
იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა ანალოგიური დარღვევისათვის ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება, ხოლო დარღვევების აღმოსაფხვრელად მიეცეს გონივრული ვადა 5 დღის ოდენობით.
V. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) და ჰ17) ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტებისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს მიეცეს გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების და 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევის გამო;
- შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) ამ გადაწყვეტილების შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) გადაწყვეტილების შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ჩაბარების დღიდან;
- კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
