წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-D და №MUX-E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე

ნომერი: 220 / 2

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2017 15:53

მიღების თარიღი აპრილი 04, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-D და №MUX-E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) განცხადებებით მიმართა შპს „სტერეო+“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №6/11994-16 №6/11993-16, 6/11992 10.11.2016, 6/214-17 12.01.2017, 6/1249-17 09.02.2017) და მოითხოვა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-D და №MUX-E ლიცენზიების მოდიფიცირება, კერძოდ:

ა) შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების დ.ო) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქსელის ფარგლებში არსებული რესურსი გამოიყენოს, როგორც ღია საეთერო და/ან მომხმარებელთათვის უფასო კრიპტო-კოდირებული (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის), ასევე მომხმარებელთათვის ფასიანი კრიპტო-კოდირებული სატელევიზიო მომსახურების (მაუწყებლობის ტრანზიტის) მისაწოდებლად.“

ბ) კომპანიას სურს განახორციელოს ტექნოლოგიების მხრივ უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრება და მონაცემთა შემჭიდროების H.265 ტექნოლოგიით სარგებლობა მომხმარებელთათვის ფასიანი სერვისის შეთავაზების შემთხვევაში;

გ) კომისიამ განიხილოს საკითხი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-D ლიცენზიის ფარგლებში ორმოცდაორივე გადამცემი სადგურის 2019 წლის 1 იანვრამდე ჩართვასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების დ.ო) ქვეპუნქტების შესაბამისად შპს „სტერეო +“ ვალდებულია ქსელის ფარგლებში არსებული რესურსი გამოიყენოს ღია საეთერო ან/და მომხმარებელთათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის უფასო ან ფასიანი კრიპტო-კოდირებული სატელევიზიო სიგნალის მისაწოდებლად;

ამავე გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების დ.ი) ქვეპუნქტის შესაბამისად შპს „სტერეო +“ ვალდებულია ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის აგება განახორციელოს DVB-T2 (EN 302 755) სტანდარტითა და მონაცემთა შემჭიდროვების H.264 (MPEG 4) ტექნოლოგიით (ISO/IEC 14496);

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში, კომისიის 2014 წლის 14 აგვისტოს №464/19 გადაწყვეტილებით გასწორდა ტექნიკური შეცდომები და აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დ.დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: შპს „სტერეო+“ ვალდებულია უზრუნველყოს კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული  ძირითადი გადამცემი სადგურების  (2016 წლის 1 იანვრამდე - მინიმუმ 21 გადამცემი სადგური) გამოყენებით, ერთიდაიგივე  სამაუწყებლო კონტენტის გავრცელების შესაძლებლობის მქონე გადამცემი ქსელისა  და  სადისტრიბუციო ქსელის, ასევე შესაბამისი სათაო სადგურის (Head-end)/ქსელის მართვის ცენტრის (განთავსების ადგილი ქ.თბილისი) ფორმირება და ექპლუატაციაში გაშვება 2016 წლის 1 იანვრამდე, კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დ.ა)  ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით კომისიასთან შეთანხმებული და ამ გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული  ვადების  დაცვით.   

კომისიის 2017 წლის 16 თებერვლის სხდომას ესწრებოდნენ შპს „სტერეო +“-ის წარმომადგენლები დავით ზილფიმიანი და მარიამ გოგოსაშვილი. კომისიის სხდომაზე მარიამ გოგოსაშვილმა მოხსნა მოთხოვნა №MUXD ლიცენზიის ფარგლებში 42 გადამცემი სადგურის ჩართვის ვადის გადაწევასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს საკითხი კომისიის 2014 წლის 14 აგვისტოს №464/19 გადაწყვეტილებით იყო დაზუსტებული.  მოთხოვნის მოხსნა დაადასტურა დავით ზილფიმიანმაც.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 16 თებერვლის №102/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-D და №MUX-E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე შპს „სტერეო+“-ის განცხადებების განხილვის მიზნით, ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 21 მარტი 15:00 საათი.

კომისიის 2017 წლის 21 მარტის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს „სტერეო+“-ის წარმომადგენლები დავით ზილფიმიანი, მარიამ გოგოსაშვილი და გიორგი ხითარიშვილი. სხდომაზე გამოქვეყნებულ იქნა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№10/12722-16, 06.12.2016), რომლის თანახმად შესაძლებელია შპს „სტერეო+“-მა გამოიყენოს მონაცემთა შემჭიდროების ახალი, უფრო ეფექტური, H.265/HEVC სტანდარტი მომხმარებლისათვის ფასიანი სერვისის მიწოდების შემთხვევაში. სამსახურებრივი ბარათის თანახმად მაღალი ეფექტურობის ვიდეო კოდირება (HEVC - High Efficiency Video Coding), რომელიც ასევე ცნობილია როგორც  H.265, ეს არის ვიდეო კომპრესიის (შეკუმშვის) ახალი სტანდარტი, რომლის პირველადი ვერსიის რატიფიცირებაც მოხდა 2013 წლის იანვარში.  HEVC შემუშავებული იქნა იმ მიზნით, რომ მიღწეული ყოფილიყო, წინა H.264/AVC სტანდარტთთან შედარებით, ორჯერ უფრო მაღალი შეკუმშვის შესაძლებლობა. იმისდა მიუხედავად, რომ შეკუმშვის ეფექტურობის შედეგები ცვალებადია და დამოკიდებულია კონტენტის ტიპზე და კოდერის მახასიათებლებზე, მომხმარებლისათვის ვიდეოს მიწოდების ტიპიური სიჩქარეებისათვის ბიტებში HEVC ჩვეულებრივ დაახლოებით ორჯერ უფრო ეფექტურად კუმშავს ვიდეო გამოსახულებას ვიდრე AVC. საბოლოო მომხმარებელმა გაუმჯობესებული შეკუმშვის საფუძველზე მიღებული უპირატესობა შეიძლება გამოიყენოს ორი გზით (ან ამ ორი გზის კომბინაციით): 

1. გამოსახულების ხარისხის ერთი და იმავე დონისათვის  HEVC საშუალებას იძლევა ვიდეო შეკუმშული იქნას ფაილის ფორმაში, რომელიც დაახლოებით ნახევარი ზომისაა იმ ფაილისა, რომელიც მიიღებოდა AVC-ს მეშვეობით (ანუ დაახლოებით ორჯერ მცირდება სიჩქარე ბიტებში); 

2. როდესაც შეკუმშვა ხორციელდება იგივე ფაილის ზომაში როგორიც ეს იქნებოდა AVC-თვის (ანუ ერთი და იგივე სიჩქარეებისათვის ბიტებში),  HEVC საშუალებას იძლევა მივაღწიოთ გამოსახულების უკეთეს ხარისხს. 

სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ მომხმარებელს მფლობელობაში უნდა ჰქონდეს შესაბამისი სეთ-თოფ ბოქსი, რომელსაც ექნება H.265 მეთოდით კოდირებული ინფორმაციის დეკოდირების პროცედურის განხორციელების მხარდაჭერა. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შპს „სტერეო+“–ის წარმომადგენელმა გიორგი ხითარიშვილმა განმარტა, რომ კომპანის სეთ-თოფ ბოქსები უკვე შემოტანილი აქვს საქართველოში და მომხმარებელი მიიღებს მათ შესაბამის საფასურად;

ზეპირი მოსმენის სხდომაზე ასევე გამოქვეყნდა შპს „სტერეო+“–ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 08 თებერვლის N12/715 წერილი:

„თქვენი მიმდინარე წლის 1 თებერვლის N01/02–17 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის N206 განკარგულებით მოწონებული „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების“ 6.1.3 პუნქტის მეორე აბზაცში მოყვანილიი ჩანაწერი „(საქართველოში ავტორიზებული მაუწყებლები)“ ეხება ღია საეთერო და/ან მომხმარებლებისთვის უფასო კრიპტო–კოდირებული სატელევიზიო პროგრამების გავრცელებას“.

შპს „სტერეო+“–ის წარმომადგენელმა მარიამ გოგოსაშვილმა ზეპირი მოსმენის სხდომაზე აღნიშნა, რომ კომპანიის მოთხოვნაა შევიდეს ცვლილება №MUX-D და №MUX-E ლიცენზიებში ფასიანი კრიპტოკოდირებული ფორმით სატელევიზიო პროგრამების გადაცემასთან მიმართებაში. კომპანიის ძირითადი მოთხოვნაა, რომ ზუსტად იგივე ჩანაწერი იყოს სალიცენზიო პირობებში, რაც იყო საკონკურსო პირობებში. როდესაც                              შპს „სტერეო+“ გაეცნო საკონკურსო პირობებს და მიიღო მონაწილეობა კონკურსში, ჰქონდა მოლოდინი, რომ მიიღებდა ყველა იმ უფლებას, რაც იყო განსაზღვრული საკონკურსო პირობებით. იმ რეკომენდაციებსა და მთავრობის განკარგულებასთან დაკავშირებით, რაც საფუძვლად დაედო კომისიის მიერ გამოცხადებულ საკონკურსო პირობებს, კომპანიამ მიმართა საქართველოს მთავრობას და ითხოვა განმარტება. განმარტების თანახმად ჩანაწერი – „საქართველოში ავტორიზებული მაუწყებლები“ ეხება ღია საეთერო, ან მომხმარებლისათვის უფასო კრიპტოკოდირებული სატელევიზიო პროგრამების გავრცელებას და არ ეხება ფასიანი სერვისის შემთხვევაში საქართველოში ავტორიზებულ მაუწყებლებას. პირველადი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც კომისიამ ჩამოაყალიბა საკონკურსო პირობები, იმასვე მეტყველებს, რასაც კომისიის გადაწყვეტილება კონკურსის გამოცხადების შესახებ. თუმცა, სალიცენზიო პირობებში იგივე პირობა არ არის გადმოტანილი. შპს „სტერეო+“–ის მოთხოვნაც სწორედ ისაა, რომ საკონკურსო პირობებში შეტანილი ჩანაწერი ზუსტად იქნეს გადმოტანილი №MUX-D და №MUX-E ლიცენზიების სალიცენზიო პირობებში.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძემ აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2015 წელს შევიდა ცვლილებები საეთერო საერთო მაუწყებლობასთან დაკავშირებით, რაშიც კომისიაც ღებულობდა მონაწილეობას. ამ ცვლილებების მიზანი იყო მიდგომის ჩამოყალიბება უცხო ქვეყნების არხებთან მიმართებაში, რომელთა დამფუძნებელი ან აფილირებული პირი არის სახელმწიფო. ცვლილება გულისხმობდა, რომ ყველა ის აკრძალვა, რაც საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, გავრცელებულიყო სხვა სახელმწიფოს მიერ, ან სახელმწიფოსთან აფილირებული ადმინისტრაციული ორგანოს, ან პოლიტიკური თანამდებობის პირის, ან მასთან აფილირებული პირის მიერ დაფუძნებულ მაუწყებელზე. დადგინდა მხოლოდ ერთი გამონაკლისი - სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი შეთანხმება. ვახტანგ აბაშიძემ აღნიშნა, რომ მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე განსხვავებულ წინადადებას წარმოუდგენს კოლეგებს და კომპანიას, კერძოდ: მიეცეს შპს „სტერეო+“–ს უცხოური არხების ტრანზიტის უფლება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, გარდა სხვა სახელმწიფოს მონაწილეობით, ან მასთან აფილირებული პირის მიერ შექმნილი საერთო არხებისა, თუ არ არსებობს ამასთან დაკავშირებით სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება ან შეთანხმება. მან განმარტა, რომ აკრძალვა არ ეხება სპეციალიზებულ სამაუწყებლო არხებს. თუ ამ წინადადებას კომისიის წევრები გაიზიარებენ, კომისიის გადაწყვეტილებაში იქნება შეტანილი გარკვეული დათქმები, კერძოდ ტრანზიტის განხორციელებამდე კომპანიამ კომისიაში უნდა წარმოადგინოს არხების რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულება, არხების ჩამონათვალი და თუ ჩამონათვალში იქნება არხები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის და კომისიის გადაწყვეტილების მოთხოვნებს, ეს არხები არ უნდა განთავსდეს მულტიპლექსპლატფორმაში.

 შპს „სტერეო+“–ის წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა აღნიშნა, რომ თუ კომპანიის მოთხოვნა დაკმაყოფილდება და საკონკურსო პირობა უცვლელად გადავა სალიცენზიო პირობებში, ამით აღდგება სამართლიანობა და კომპანიაც დაეთანხმება დათქმებს, დაემორჩილება რეგულაციას და კანონს მაუწყებლობის სფეროში, რომელიც აწესებს უცხოური საერთო სახელმწიფო მაუწყებლების არხების გავრცელებაზე შეზღუდვას. ის არ არის წინააღმდეგი ამ აკრძალვის, თუმცა მიაჩნია, რომ აღნიშნული რეგულაცია სხვა აქტით უნდა დადგინდეს და შეზღუდვა სხვა კომპანიებზეც უნდა გავრცელდეს. მისი აზრით, ერთ კომპანიას არ უნდა ჰქონდეს მეტი შესაძლებლობა, შედარებით ადვილად გადალახოს საკონტენტო სივრცე ვიდრე მეორემ; მან მზადყოფნა გამოთქვა ზოგადი შეზღუდვების დაწესებაზე და აღნიშნა, რომ თუ კომისია მიიღებს ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას და შეზღუდავს უცხო ქვეყნის საერთო მაუწყებლების არხების ტრანზიტს, მაშინ    შეზღუდვა უნდა შეეხოს ყველა ტრანზიტორ ოპერატორს. ეს იქნება არადისკრიმინაციული რეგულაცია, ვინაიდან არ შეიძლება მაუწყებლობის ტრანზიტი სხვადასხვა კომპანიისთვის სხვადასხვაგვარად რეგულირდებოდეს; 

კომისიის წევრმა ელისო ასანიძემ აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლში, რომლის საფუძველზეც კომისიის თავმჯდომარემ წარმოადგინა კონკრეტული წინადადება არ არის საუბარი მაუწყებლობის ტრანზიტზე. აკრძალვები ეხება ავტორიზებულ პირს და არა მაუწყებლობის ტრანზიტს. მულტიპლექსით ფასიანი საეთერო მაუწყებლობა არის ტრანზიტი და არ არის მაუწყებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა გადასულია ციფრულ მაუწყებლობაზე, არსებობს სტრატეგია, რომელთანაც შესაბამისობაშია საკონკურსო პირობები, დასაბუთებული და კანონიერია კომპანიის  მოთხოვნა, რომ ლიცენზიაში აისახოს ის ფორმულირება, რაც იყო გათვალისწინებული საკონკურსო პირობაში. თუ მომავალში ცვლილება შევა კანონმდებლობაში, ან კანონი სხვაგვარად იქნება წაკითხული ან იარსებებს რაიმე დათქმა, პირობა, რომელიც შეეხება მაუწყებლობის ტრანზიტს, მაშინ იგი უნდა გავრცელდეს ყველა ტრანზიტორ ოპერატორზე მათ შორის შპს „სტერეო+“-ზე.

2017 წლის 21 მარტს ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ გადაწყვიტა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-D და №MUX-E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე შპს „სტერეო+“-ის განცხადებების განხილვის შესახებ საკითხის ზეპირი მოსმენა ჩაითვალოს დასრულებულად და არსებითი განხილვა დაინიშნოს 2017 წლის 23 მარტს, 15:00 საათზე.

კომისიის 2017 წლის 23 მარტის სხდომას ესწრებოდნენ შპს „სტერეო+“-ის დირექტორი მალხაზ კვარაცხელია და წარმომადგენელი მარიამ გოგოსაშვილი. სხდომაზე გამოქვეყნებულ იქნა შპს „სტერეო+“-ის მიერ 2017 წლის 22 მარტს წარმოდგენილი წერილი. წერილში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2015 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეიცვალა არა მარტო კანონის 37-ე მუხლის რედაქცია, არამედ საეთერო მაუწყებლობის განმარტება, კერძოდ დღეის მდგომარეობით კანონის თანახმად საეთერო მაუწყებლობა არის საქართველოში ავტორიზებული/ლიცენზირებული მაუწყებლის მიერ სიხშირის გამოყენებით განხორციელებული მაუწყებლობა. ცვლილების განხორციელებამდე აღნიშნული ნორმა შემდეგი ფორმულირების იყო:“ საეთერო მაუწყებლობა - სიხშირის გამოყენებით მაუწყებლობა.“ წერილს თან ახლავს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია, რომ „კანონპროექტით ახლებურად განიმარტა საეთერო მაუწყებლობა, რომელიც აკონკრეტებს, რომ მხოლოდ ამ კანონის თანახმად ლიცენზირებული ან ავტორიზებული მაუწყებელი შესაძლოა იყოს საეთერო მაუწყებელი, ვინაიდან, ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლასთან ერთად, სიხშირეების გამოყენებით მოხდება ე.წ. ფასიანი უცხოური ტელევიზიების გადაცემაც და მიზანშეუწონელია ისინიც ჩაითვალონ ამ კანონით გათვალისწინებულ საეთერო მაუწყებლებად, რასაც თავისი უფლებები და ვალდებულებები ახლავს თან.“ წერილში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლი ეხება მხოლოდ ღია ეთერით გავრცელებულ არხებს და კანონიდან გამომდინარე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-D და №MUX-E ლიცენზიების ფარგლებში კომპანია უფლებამოსილია გაავრცელოს როგორც საერთო ისე სპეციალიზებული ფასიანი უცხოური ტელევიზიები, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

კომისიის სხდომაზე კენჭისყრაზე დადგა კომისიის წევრ კახი ბექურის მიერ დაყენებული ალტერნატიული წინადადება - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-D და №MUX-E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე შპს „სტერეო+“-ის განცხადებების განხილვის შესახებ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე. კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით სამი ხმა (წინააღმდეგი კომისიის წევრები ვახტანგ აბაშიძე, ელისო ასანიძე და მერაბ ქათამაძე) ორის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრები კახი ბექაური და გიორგი ფრუიძე)  საკითხი არ იქნა მიღებული. კენჭისყრის შემდგომ კომისიის წევრებმა გადაწყვეტილების მიღების თარიღად განსაზღვრეს 2017 წლის 30 მარტის 15:00 საათი.

კომისიის 2017 წლის 30 მარტის კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს „სტერეო+“-ის წარმომადგენლები დავით ზილფიმიანი, მარიამ გოგოსაშვილი და გიორგი ხითარიშვილი. სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა 2017 წლის 4 აპრილის 15:00 საათი.

კომისიის 2017 წლის 4 აპრილის სხდომას ესწრებოდნენ შპს „სტერეო+“-ის წარმომადგენლები დავით ზილფიმიანი, მარიამ გოგოსაშვილი და გიორგი ხითარიშვილი.

კომისიის 2017 წლის 4 აპრილის სხდომაზე აღინიშნა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის ხ) ქვეპუნქტის თანახმად, საეთერო მაუწყებლობა არის საქართველოში ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის მიერ სიხშირის გამოყენებით მაუწყებლობა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სიხშირული სპექტრის გამოყენებით შეიძლება მაუწყებლობდნენ მხოლოდ საქართველოში ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლები, რომლებსაც 2015 წლის 15 ივნისს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, არსებული შეზღუდვის გარდა, დაუწესდათ დამატებითი შეზღუდვები. კერძოდ, ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციული ორგანო; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე; გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი; დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი; ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი; ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი; ზ) პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი (ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირის გარდა) აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს, ერთი მხრივ, სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის/ორგანოს მიერ დაფუძნებული მაუწყებლისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობის უფლების მინიჭებას და, მეორე მხრივ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის/ორგანოს მიერ დაფუძნებული მაუწყებლისათვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ მაუწყებლობის უფლების მინიჭებას.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების მიზანი აღწერილია განმარტებით ბარათში, რომლის თანახმად, ცვლილება განაპირობა იმან, რომ საქართველოს კანონმდებლობა ზემოაღნიშნულ შეზღუდვას აქამდე ითვალისწინებდა მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირთან, საჯარო მოხელესთან და ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირთან მიმართებაში, რაც არ ასახავდა ადეკვატურად ქვეყნის წინაშე მდგარ მიზნებსა და ამოცანებს. შესაბამისად, რისკების შესამცირებლად და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, უცხო ქვეყნის ხელისუფლებასაც დაუწესდა ანალოგიური შეზღუდვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესში იქნებოდა მისი გავრცელება, რაც გამოიხატებოდა საერთაშორისო ხელშეკრულების დადებაში.

ვინაიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, მულტიპლექსპლატფორმის რეგულაციებთან მიმართებაში დაგეგმილია რიგი ცვლილებების განხორციელება, რაშიც აქტიურად არის ჩართული კომისია,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებისა და კანონმდებლის მიზნიდან გამომდინარე,  კომისიას მიაჩნია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვა, ასევე უნდა გავრცელდეს იმ სამაუწყებლო არხებზე, რომლებიც მომხმარებლებს მიეწოდებათ  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის მეშვეობით ფასიანი კრიპტო-კოდირებული სახით, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში, სატელევიზიო არხები მომხმარებლებს მიეწოდებათ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად კომისიის მიერ გაცემული ლიცენზირებული რადიოსიხშირული სპექტრის მეშვეობით, რაც თავისთავად, სამაუწყებლო არხების სიხშირის მეშვეობით გადაცემას გულისხმობს, მსგავსად საეთერო მაუწყებლობისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2014 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საკონკურსო პირობების მე-4 მუხლის 2.3 პუნქტის გ.ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, MUX-C, № MUX-D და № MUX-E ლიცენზიების მფლობელებისთვის განისაზღვრა, რომ ქსელის ფარგლებში არსებული რესურსი გამოიყენონ, როგორც ღია საეთერო და/ან მომხმარებელთათვის უფასო კრიპტო-კოდირებული (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის), ასევე მომხმარებელთათვის ფასიანი კრიპტო-კოდირებული სატელევიზიო მომსახურების (მაუწყებლობის ტრანზიტის) მისაწოდებლად, შპს ,,სტერეო+“-ს ფასიანი კრიპტო-კოდირებული სახით შეუძლია მომხმარებლებს მიაწოდოს ის სატელევიზიო არხები, რომლის მესაკუთრეები/ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით განსაზღვრულ პირებს.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განასხვავებს კერძო მაუწყებლობის საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ქვესახეობებს. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მაუწყებლები, რომლებიც ავრცელებენ  ახალ ამბებს, იყოფიან შემდეგნაირად: საერთაშორისო ახალი ამბების გამავრცელებელი სამაუწყებლო არხები [International News Channel] და ეროვნული ახალი ამბების გამავრცელებელი სამაუწყებლო არხები [National News Channel].

კომისია იზიარებს მულტიპლექსპლატფორმებში სამაუწყებლო არხების განთავსებასთან დაკავშირებულ ევროპულ პრაქტიკას, რომელიც კვლევის სახით აქვს გამოქვეყნებული ევროპის აუდიოვიზუალურ ობსერვატორიას (2013 წ.). ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორია წარმოადგენს ევროსაბჭოს მიერ დაფუძნებულ ევროპული აუდიოვიზუალური ინდუსტრიის სტატისტიკის, ანალიტიკისა და კინოპოლიტიკის განმსაზღვრელ  ორგანიზაციას, რომლის მონაცემებსაც ეყრდნობა ყველა მსხვილი საკონსულტაციო და კვლევითი კომპანია. აღნიშნული ორგანიზაციის წევრი  არის საქართველო 2016 წლის მარტიდან. სწორედ აღნიშნული პრაქტიკისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების  გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სტერეო+“-ის მიერ ფასიანი კრიპტო-კოდირებული ფორმით მომხმარებლისთვის  მიწოდებული არხები მიზანშეწონილია იყოს: „მაუწყებლობის შესახებ „საქართველოს კანონით განსაზღვრული სპეციალიზებული სამაუწყებლო არხი და ევროპული კანონმდებლობის მიხედვით საერთაშორისო ახალი ამბების გამავრცელებელი სამაუწყებლო არხები [International News Channel], რომელთა დამფუძნებელი/ბენეფიციარი მესაკუთრე არ არის საქართველოს ან სხვა ქვეყნის სახელმწიფო, ადმინისტრაციული ორგანო, საჯარო მოხელე, პოლიტიკური პარტია.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღსანიშნავია ის, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების თაობაზე  შპს „სტერეო +“-ს ასევე ეცნობა კომისიის  2013 წლის  14 იანვრის №04/80-13 წერილით, რომლითაც მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სტერეო+“ ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს სატელევიზიო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე, გონივრული ვადის დაცვით, რათა კომისიას მიეცეს შესაძლებლობა გადაამოწმოს როგორც წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ისე გასავრცელებელი სამაუწყებლო არხების მესაკუთრეების/ბენეფიციარი მესაკუთრეების ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. აღნიშნული ვადა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია განისაზღვროს 10 დღით.

კომისიის სხდომაზე ასევე გაიმართა მსჯელობა შპს „სტერეო+“-ის იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-D და №MUX-E ლიცენზიების ფარგლებში მონაცემთა შემჭიდროების H.265 ტექნოლოგიით სარგებლობას მომხმარებელთათვის ფასიანი სერვისის შეთავაზების შემთხვევაში.

სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით შპს „სტერეო+“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-E ლიცენზიის ფარგლებში არსებულ რესურსს იყენებს ღია საეთერო ან/და მომხმარებელთათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული მაუწყებლის უფასო კრიპტო-კოდირებული სატელევიზიო სიგნალის მისაწოდებლად; სატელევიზიო სიგნალის მიწოდება ხორციელდება DVB-T2 (EN 302 755) სტანდარტითა და მონაცემთა შემჭიდროვების H.264 (MPEG 4) ტექნოლოგიით (ISO/IEC 14496); სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თუ სატელევიზიო სიგნალის მიწოდება განხორციელდება მონაცემთა შემჭიდროვების H.265/HEVC ტექნოლოგიით (ISO/IEC 23008-2), ამ შემთხვევაში მომხმარებელი (მათ შორის ის სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც მთავრობამ უფასოდ გადასცა ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურა)  ვერ მიიღებს სატელევიზიო სიგნალს იმის გამო, რომ დღეის მდგომარეობით ბაზარზე არსებულ სეთ-თოპ ბოქსებს გააჩნიათ სიგნალის H.264 (MPEG 4) ტექნოლოგიით მიღების ტექნიკური შესაძლებლობა.

სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 10 თებერვლის N206 განკარგულებით მოწონებულ იქნა ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და შესაბამისი რეკომენდაციები. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქართველო, რადიოსიხშირეების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების მიზნით, ეროვნული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების დასანერგად გამოიყენებს დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ და აპრობირებულ DVB-T2 (EN 302 755)3 სტანდარტს, მონაცემთა შემჭიდროვების MPEG 4 (ISO/IEC 14496) ტექნოლოგიით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, ერთი მულტიპლექს პლატფორმისათვის გამოყოფილი სიხშირული რესურსის ფარგლებში, გავრცელდეს საშუალოდ 15-მდე სტანდარტული გარჩევადობის (SD) ან 4-დან 6-მდე მაღალი გარჩევადობის (HD) სატელევიზიო პროგრამა.“

კომისიის 2017 წლის 4 აპრილის სხდომაზე შპს „სტერეო+“-ს წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა აღნიშნა, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-E ლიცენზიის ფარგლებში სიგნალის მონაცემთა შემჭიდროვების H.265/HEVC ტექნოლოგიით მიწოდებას განახორციელებს მომხმარებელთათვის ფასიანი კრიპტო-კოდირებული სატელევიზიო მომსახურების (მაუწყებლობის ტრანზიტის) შეთავაზების შემთხვევაში. კომპანია ასევე უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის შესაბამისი სეთ-თოპ ბოქსის გადაცემას. თუმცა მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, შპს „სტერეო+“ იღებს ვალდებულებას უპირობოდ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული მაუწყებლის ქსელში დაშვება და ღია ეთერით გავრცელება. ამ შემთხვევაში სიგნალის მიწოდება განხორციელდება მონაცემთა შემჭიდროვების H.264 (MPEG 4) ტექნოლოგიით (ISO/IEC 14496);

        „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის                           ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3, მე-4, მე-8, მე-9, მე-10 მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტებთან დაკავშირებით, ხოლო ხმათა უმრავლესობით ოთხი ხმა ერთის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრები: ვახტანგ აბაშიძე, გიორგი ფრუიძე, მერაბ ქათამაძე, კახი ბექაური. წინააღმდეგი კომისიის წევრი ელისო ასანიძე) მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წინამდებარე გადაწყვეტილების პირველ, მე-2, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „სტერეო+“-ის  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № MUX-D ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დ.ი.) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ი.) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის აგება განახორციელოს DVB-T2 (EN 302 755) სტანდარტითა და მონაცემთა შემჭიდროვების H.265/HEVC ტექნოლოგიით (ISO/IEC 23008-2)“;

2. მოდიფიცირდეს შპს „სტერეო+“-ის  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № MUX-E ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის დ.ი.) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ი.) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის სიგნალის ღია ეთერით გავრცელება DVB-T2 (EN 302 755) სტანდარტითა და მონაცემთა შემჭიდროვების H.264 (MPEG 4) ტექნოლოგიით (ISO/IEC 14496), ხოლო მომხმარებელთათვის ფასიანი კრიპტო-კოდირებული სატელევიზიო მომსახურების (მაუწყებლობის ტრანზიტის) შეთავაზების შემთხვევაში უზრუნველყოს სიგნალის გავრცელება DVB-T2 (EN 302 755) სტანდარტითა და მონაცემთა შემჭიდროვების H.265/HEVC ტექნოლოგიით (ISO/IEC 23008-2)“;

3. მოდიფიცირდეს შპს „სტერეო+“-ის  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № MUX-D ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დ.ო.) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ო) ქსელის ფარგლებში არსებული რესურსი გამოიყენოს, როგორც ღია საეთერო და/ან მომხმარებელთათვის უფასო კრიპტო-კოდირებული (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის) ასევე მომხმარებელთათვის ფასიანი კრიპტო-კოდირებული სატელევიზიო მომსახურების (მაუწყებლობის ტრანზიტის) მისაწოდებლად“;

4. მოდიფიცირდეს შპს „სტერეო+“-ის  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № MUX-E  ლიცენზია შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის დ.ო.) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ო) ქსელის ფარგლებში არსებული რესურსი გამოიყენოს, როგორც ღია საეთერო და/ან მომხმარებელთათვის უფასო კრიპტო-კოდირებული (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის) ასევე მომხმარებელთათვის ფასიანი კრიპტო-კოდირებული სატელევიზიო მომსახურების (მაუწყებლობის ტრანზიტის) მისაწოდებლად“;

5. მოდიფიცირდეს შპს „სტერეო+“-ის  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № MUX-E  ლიცენზია შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის დ.ო1) ქვეპუნქტი:

„დ.ო1) მიუხედავად წინამდებარე გადაწყვეტილების დ.ო) ქვეპუნქტში მითითებული უფლებამოსილებისა, ლიცენზიის მფლობელი, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია, უპირობოდ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის ქსელში დაშვება და ღია ეთერით გავრცელება;“

6. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შპს „სტერეო +“ უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ ისეთი სამაუწყებლო არხების მაუწყებლობის ტრანზიტი, რომლებიც წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სპეციალიზებულ სამაუწყებლო არხებს და ევროპული სტანდარტის/პრაქტიკის შესაბამისად საერთაშორისო ახალი ამბების გამავრცელებელ სამაუწყებლო არხებს [International News Channels], რომელთა დამფუძნებელი/ბენეფიციარი მესაკუთრე არ არის საქართველოს ან სხვა ქვეყნის სახელმწიფო, ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

7. შპს „სტერეო+“ ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს სატელევიზიო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე 10 დღით ადრე. თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის (Permission Letter) წარმოდგენა, რომელშიც აღნიშნული იქნება:

ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ;

ასევე, შპს „სტერეო+“ ვალდებულია მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების), აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელების შემთხვევაში, კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე; 

8. დაევალოთ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტს             (ი. მახარაძე), კომისიის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურს                       (ი. ვერძეული) და კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია), მულტიპლექსპლატფორმაში მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების განსახორციელებლად წინადადებების მომზადება;

9. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს   (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ  „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტერეო +“-სთვის გაგზავნა;

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) შპს „სტერეო+“-სთვის  ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

12. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „სტერეო+”-სთვის ჩაბარების დღიდან;

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                    ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                    ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                    კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                    გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                    მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები