წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 2 მარტის N123/10 გადაწყვეტილებით კერძო საერთო რადიომაუწებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი განცხადებების განუხილველად დატოვების, ლიცენზიის მაძიებელთათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმისა და კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე

ნომერი: 221 / 10

გამოქვეყნების თარიღი მაისი 01, 2017 16:50

მიღების თარიღი აპრილი 06, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 2 მარტის N123/10 გადაწყვეტილებით კერძო საერთო რადიომაუწებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი განცხადებების განუხილველად დატოვების, ლიცენზიის მაძიებელთათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმისა და კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 2 მარტის N123/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი საქართველოს ტერიტორიაზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში 15 გადამცემი სადგურის გამოყენებით.

კომისიის 2017 წლის 2 მარტის N123/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 3 აპრილის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2017 წლის 6 აპრილი 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2017 წლის 11 მაისი 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად –2017 წლის 16 მაისი 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 68,161.50 (სამოცდარვა ათას ასსამოცდაერთი და 50) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და 2017 წლის 2 მარტის N123/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა შპს ”იბერია TV”-მ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/2865-17, 03.04.2017წ) და             შპს „ეფ ემ ინტეგრაციამ“ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/2860-17, 03.04.2017წ).

კომისიის 2017 წლის 2 მარტის N123/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2017 წლის 6 აპრილს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდნენ შპს „ეფ ემ ინტეგრაციის“ წარმომადგენელი ლიკა გახარია და შპს ”იბერია TV”-ის წარმომადგენელები ზაზა ქანთარია და ლაშა ნასარიძე.

 კომისია აღნიშნავს, რომ  მოსამზადებელ სხდომაზე პირველად გაიხსნა შპს „ეფ ემ ინტეგრაციის“ მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია. შპს „ეფ ემ ინტეგრაციის“ მიერ წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადში არ იყო მითითებული კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი ასევე თანდართულ დოკუმენტაციაში არ იყო წარმოდგენილი:

ა) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;

ბ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

გ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა;

ე) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

ვ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე;

ზ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

თ) სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.                                       

კომისიის სხდომაზე შპს „ეფ ემ ინტეგრაციის“ წარმომადგენელმა ლიკა გახარიამ აღნიშნა, რომ დოკუმენტაცია ამჟამად მომზადების პროცესშია და მზად იქნება რამდენიმე დღეში.

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კომპანიას უნდა წარმოედგინა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილი განცხადება და აღნიშნულ განცხადებაზე უნდა დაერთო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია (სულ 12 დოკუმენტი). შპს „ეფ ემ ინტეგრაციის“ მიერ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტებიდან კომისიაში არ არის წარმოდგენილი რვა დოკუმენტი, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორიცაა სამაუწყებლო კონცეფცია, განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ; ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან და კომისიის 2016 წლის 10 მარტის No160/22  გადაწყვეტილებით დამტკიცებულ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებთან შესაბამისობის დადგენის, ამ კონცეფციების ურთიერთშედარებისა და შეფასების საფუძველზე ხდება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა. შესაბამისად, სამაუწყებლო კონცეფცია არის კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისთვის ერთ-ერთი ძირითადი, არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი, რომელიც შპს ,,ეფ ემ ინტეგრაციას“ არ წარმოუდგენია კანონითა და საკონკურსო პირობებით მოთხოვნილ სხვა დოკუმენტებთან ერთად. აქედან გამომდინარე, ლიცენზიის მაძიებელს ზემოთ მითითებული საკონკურსო დოკუმენტები არათუ არასრულყოფილად, არამედ საერთოდ არ წარმოუდგენია (8 საკონკურსო დოკუმენტი). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესი დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე. ამასთან, კომისია ამახვილებს ყურადღებას ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დანაწესზე, რომლის თანახმად, კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია მომდევნო 20 დღის ვადაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო გაცნობისათვის. ამ კანონისმიერი მოთხოვნის დაცვის პირობებში, ლიცენზიის მაძიებელთა მიერ აქამდე წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისა და შპს ,,ეფ ემ ინტეგრაციისთვის“ დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში, დარღვეული იქნებოდა კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა თანასწორობის პრინციპი, კერძოდ, შპს ,,ეფ ემ ინტეგრაციას“ მიეცემოდა შესაძლებლობა გასცნობოდა კონკურენტის სამაუწყებლო კონცეფციას და ამის საფუძველზე შეედგინა და კომისიაში წარმოედგინა თავისი სამაუწყებლო კონცეფცია, რაც აზრს დააკარგვინებდა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებებზე თანდართული დალუქული დოკუმენტაციის ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით გახსნის შესახებ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისიის სხდომაზე გაიმართა კენჭისყრა შპს „ეფ ემ ინტეგრაციის“  განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ საკითხზე. აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა კენჭისყრაში მონაწილე კომისიის ოთხივე წევრმა (ვახტანგ აბაშიძე, ელისო ასანიძე, გიორგი ფრუიძემ და მერაბ ქათამაძე).

კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 6 აპრილის მოსამზადებელ სხდომაზე გაიხსნა შპს ”იბერია TV”-ის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციაც. შპს ”იბერია TV”-ის მიერ საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი იყო ხარვეზით ან საერთოდ არ იყო წარმოდგენილი, კერძოდ:

ა) შპს ,,იბერია TV”-ის მიერ შევსებული იყო შესაბამისობის დეკლარაციის ძველი ფორმა და არ იყო მითითებული ავტორიზაციის ნომერი;

ბ) შპს ,,იბერია TV”-ის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთის სახით წარმოდგენილი იყო 6,816.00 ლარის გადახდის ქვითარი ნაცვლად 6,816.15 ლარისა;

გ) შპს ,,იბერია TV”-ის მიერ წარმოდგენილი განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია არ შეიცავდა  პროგრამული მიმართულებების მოკლე აღწერილობას;

დ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმისა  და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის  სახით წარმოდგენილ დოკუმენტი არ შეიცავდა მოთხოვნილ ინფორმაციას;

ე)  შპს ”იბერია TV”-ის მიერ საერთოდ არ იყო წარმოდგენილი ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;

ბ) შპს ”იბერია TV”-ის მიერ საერთოდ არ იყო წარმოდგენილი ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

გ)შპს ”იბერია TV”-ის მიერ საერთოდ არ იყო წარმოდგენილი  ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”იბერია TV”-ის მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ საკმაოდ მწირია და არ შეიცავს მოთხოვნილ ინფორმაციას, ხოლო ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მხოლოდ პროგრამების თემატიკის ჩამონათვალს და არ შეიცავს პროგრამული მიმართულებების მოკლე აღწერილობას, არ წარმოადგენს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4) ქვეპუნქტით განმარტებულ სამაუწყებლო კონცეფციას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც ლიცენზიის მაძიებლის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესი დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის სხდომაზე გაიმართა კენჭისყრა შპს ”იბერია TV”-ის განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ საკითხზე. აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა კენჭისყრაში მონაწილე კომისიის ოთხივე წევრმა (ვახტანგ აბაშიძე, ელისო ასანიძე, გიორგი ფრუიძე და მერაბ ქათამაძე).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. განუხილველად დარჩეს შპს „ეფ ემ ინტეგრაციის“ მიერ 2017 წლის 3 აპრილს  წარმოდგენილი განცხადება (განაცხადის რეგისტრაციის №11/2860-17) და უარი ეთქვას მას კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2017 წლის 2 მარტის N123/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობაზე;

2. განუხილველად დარჩეს შპს ”იბერია TV”-ის მიერ 2017 წლის 3 აპრილს  წარმოდგენილი განცხადება (განაცხადის რეგისტრაციის №11/2865-17) და უარი ეთქვას მას კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2017 წლის 2 მარტის N123/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობაზე;

3. ჩაშლილად გამოცხადდეს კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2017 წლის 2 მარტის N123/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსი;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ეფ ემ ინტეგრაციისთვის“ და  შპს ”იბერია TV”-ისთვის გაგზავნა (ი. ხარებავა);

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ. №6) ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                   ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                   ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                   გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                   მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები