წვდომის მენიუ

ქ. გორში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 223 / 10

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2017 18:40

მიღების თარიღი აპრილი 06, 2017

  ქ. გორში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად   გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის  26 იანვრის  N42/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი ქ. გორში  მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში (სიხშირეზე 97,3მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

კომისიის 2017 წლის 26 იანვრის  N42/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 27 თებერვლის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2017 წლის 2 მარტი 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2017 წლის 4 აპრილი 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად –2017 წლის 6 აპრილი 15:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 6,075.00 (ექვსი ათას სამოცდათხუთმეტი და 00) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და 2017 წლის 26 იანვრის  N42/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ შპს „რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამ“ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/1932-17, 27.03.2017წ).

კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 2 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე, რომელსაც შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას” უფლებამოსილი წარმომადგენელი გვანცა წერეთელი ესწრებოდა ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ  წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2017 წლის 26 იანვრის  N42/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს. კერძოდ ხარვეზით იყო წარმოდგენილი სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის ქვითარი. თანხა 1000 ლარი (ნაცვლად 2000 ლარისა) გადარიცხული იყო არასწორ სახაზინო კოდზე.

კომისიის 2017 წლის 2 მარტის №126/10 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას” დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2017 წლის 13 მარტის 19:00 საათამდე. შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას” მიერ 2017 წლის 6 მარტს (წერილი №6/2175-17) წარმოდგენილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია.

 ზეპირი მოსმენა ქ. გორში (სიხშირეზე 97,3მჰც) კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2017 წლის 4 აპრილს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას” წარმომადგენლები ირაკლი ჩხიკვაძე, გვანცა წერეთელი, მაია მაზანაშვილი, რეზო კაკულია, გიორგი მშვენიერაძე და ნატალია ხარაშვილი.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №10/2862-17, 28.02.2017) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. საფუძველია.

ზეპირ მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №10/2861-17, 03.04.2017) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, შპს “რადიო ჰოლდინგი ფორტუნას” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - საერთო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ”საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა”. შესაბამისად, თუ წარმოდგენილ სამაუწყებლო  კონცეფციაში არ არის შემოთავაზებული ახალი ამბებისა ან/და საზოგადოებრივ პოლიტიკური თემატიკის პროგრამები, აღნიშნული ლიცენზიის მაძიებლის დისკვალიფიკაციის საფუძველია.

შპს “რადიო ჰოლდინგი ფორტუნას” სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:

საინფორმაციო გამოშვება

საინფორმაციო გამოშვება ეთერში გადის საათში ორჯერ, სრულ საათსა და ნახევარზე. გამოშვება ეთერშია დილის 08:00 დან ღამის 00:00 საათამდე. სრულ საათზე საინფორმაციო გამოშვება გრძელდება 6-7 წთ-ის განმავლობაში, ხოლო მოკლე საინფორმაციო გამოშვება 1-2 წთ-ს.

საინფორმაციო გამოშვებების მთავარ თემებს რადიო საინფორმაციო სამსახურის მიერ მომზადებულ ინფორმაციებს წარმოადგენს. ეთერში გასული ინფორმაციის თაობაზე გადაწვეტილაბას იღებს რადიო „ფორტუნას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი. სარედაქციო ჯგუფი დამოუკიდებელია გადაწყვეტილებაში.

ბიზნეს-ნიუსი

ბიზნეს-ნიუსი ესაა გადაცემა მათთვის, ვისაც სურს იყოს საქმიანი ცხოვრების ეპიცენტრში. მიმდინარე დღის ბიზნეს სიახლეები, ექსპერტული შეფასებები, პირდაპირი ჩართვები, აქციები, უახლესი კოლექციები, ეროვნული ვალუტის კურსი, საწვავისა და სამშენებლო სექტორის ფასები, ახალი კომპანიები, საინტერესო შემოთავაზებები და მრავალი სხვა. ბევრი ბიზნესზე და ცოტაც ეკომონიკაზე, გადაცემაში ბიზნეს-ნიუსი მარიამ მჭედლიშვილთან ერთად. გადაცემა დღეში სამჯერ გადის ფორტუნას პირდაპირ ეთერში, 11:30, 14:30 და 18:30 წუთზე, ხოლო კვირის შემაჯამებელი თემით მაია მამულაშვილი სტუმარს პარასკევს პირდაპირ ეთერში მასპინძლობს. გადაცემის მიზანია, ფორტუნას მსმენელმა პირველმა შეიტყოს ბიზნესის სექტორში მიმდიარე ახალი ამბების შესახებ; 11:30, 14:30, 18:30

პრეს-ნიუსი

პრესის ყველაზე ვრცელი და ამომწურავი მიმოხილვა რადიო ფორტუნას დილის ეთერში, 09:40 წუთზე. ეკა საათაშვილი დილიდან პრესის ყველაზე ცხელ ამბებს მიმოიხილავს და პირველი გიყვებათ იმაზე, რაც აქტუალურია ბეჭდურ მედიაში. ესაა დრო, როცა საზოგადოების დიდი ნაწილი სამსახურისკენ მიემართება და შესაბამისად, საუკეთესო საშუალება უმოკლეს დროში გაეცნოთ ცნობილი გამოცემების ყველაზე რეიტინგულ მასალებს. თუ არ გაქვთ დრო გადაავლოთ თვალი პრესას, თუ გინდათ ხუთი წუთის მანძილზე გაიგოთ ყველაზე მთავარი დღეს, თუ კომპეტენტური შეფასებისა და ანალიზის მოსმენა გსურთ, მაშინ დაელოდეთ ეკა საათაშვილს, რომელიც უმოკლეს დროში მოგიყვებათ, რას წერენ გაზეთები, გადაცემაში პრეს-ნიუსი. გადაცემის წამყვანი მიმოიხილავს კონკრეტულ დღეს გამოსულ ბეჭდური გამოცემების მთავარ მასალებს.

ასტროლოგიური პროგნოზი

კომპეტენტური ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს 12-ივე ნიშნის ასტრო პროგნოზს გვიყვება. ყოველ დილას 08:50, 09:50 და 10:50 წუთზე თქვენ გელით ამომწურავი ინფორმაცია: წარმატებულია თუ არა კონკრეტული დღე, სარფიანი თუ არა ის ბიზნეს გარიგებებისთვის, ნაყოფიერია თუ არა კარიერული წინსვლისთვის, იღბლიანია თუ არა ის პირადი ურთიერთობებისთვის, რას გვმართებს  მოვერიდოთ ამ დღეს, რაზე მეტად უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომელი ქვა ავირჩიოთ დღის თილისმად და მრავალი სხვა მათთვის, ვისაც ჰოროსკოპის სჯერა. მიხეილ ცაგარელი ექსკლუზიურად მხოლოდ ფორტუნას მსმენელს უყვება დღის წარმატებული და წარუმატებელი ნიშნების შესახებ. ასე რომ დაელოდეთ დილიდან მიხეილ ცაგარელის ასროლოგიურ პროგნოზს რადიო ფორტუნას ეთერში.

არტ-FM

გადაცემა მათთვის, ვისაც სურს იყოს ქვეყნის კულტურული მოვლენების ეპიცენტრში. კინოპრემიერები, საკონცერტო  ტურნეები, თეატრალური გასტროლები, სიმღერის პრემიერები, საქველმოქმედო კონცერტები, მოდური ჩვენებები, გამოფენები და ყველაფერი ის, რაც ქართული არტ-კულტურის ნაწილია. დღის და კვირის არტ-მოვლენების შეჯამება, დაგეგმილი ივენთების ანონსი და პირდაპირი ჩართვები მოვლენათა ეპიცენტრიდან. არტ-FM ესაა გადაცემა, სადაც მსმენელი პირველი იგებს სიახლეს, პირველი მასპინძლობს საპატიო სტუმარს და პირველი გიყვებათ ექსკლუზიური ამბების შესახებ. თუ გსურთ, ერთი საათის მანძილზე გაიგოთ ყველაფერი, რაც ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ხდება, დაელოდეთ სამშაბათ დღეს. 16:00 საათზე ჩვენი ჟურნალისტის, თათა სადრაძის საავტორო გადაცემა არტ-FM იწყება.12:40, 16:40

ჰიტების გალერეა

ლეგენდარული მუსიკოსების მსოფლიო ჰიტები და მათი შექმნის უცნობი ისტორია. როგორ იწერებოდა ყველასთვის პოპულარული და საყვარელი სიმღერები, ვინ იყო მათი თავდაპირველი შემსრულებელი, რა ისტორია უძღოდა წინ მათ შექმნას, როგორ აღმოჩნდა ისინი მსოფლიო ჩარტების სათავეში. ოქროს ჰიტები, რომლებმაც გადალახეს ოქროს სტანდარტის ზღვარი, სიმღერები, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ინტერპრეტაციით გაჟღერდა და რომელთა მოსმენა ყოველთვის სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება. ყველა ჟანრის, ყველა დეკადის, ყველა მომღერლის ყველაზე პოპულარული ჰიტები დ მათი შექმნის საინტერესო ისტორიები ნიკა კაციას გადაცემაში ჰიტების გალერეა. შემოაღეთ ჰიტების გალერეის კარი ყოველდღე რადიო ფორტუნას ეთერში და გაიგეთ მეტი საყვარელი სიმღერის შესახებ, მოისმინეთ მათი ყველაზე ორიგინალური ქავერები და დატკბით საყვარელი მელოდიებით

7 რჩევა ფსიქოლოგისგან

შეცდომები, რომელიც ბავშვის აღზრდისას არ უნდა დავუშვათ, როგორ დავაღწიოთ თავი დეპრესიას, რა არის ნევროზი და როგორ ვუმკურნალოთ ნერვულ აშლილობას; შესაძლებელია თუ არა, ნარკოდამოკიდებულებისგან თავის დახსნა და რა გავაკეთოთ, რომ უფრო მეტი პოზიტივით დავიმუხტოთ – „ფორტუნა“ და საქართველოში ყველაზე კომპეტენტური ფსიქოლოგები ყოველ შაბათს, 15:00 საათზე სიმშვიდისთვის რჩევას მოგცემენ. 7 რჩევა ფსიქოლოგისგან – მარტა ქარუმიძესთან ერთად.

ბლოგერები საუბრობენ

გაინტერესებთ რას წერენ და რაზე საუბრობენ ბლოგერები? პირველად “ფორტუნას” ეთერში სხვადასხვა სფეროს ცნობილი ბლოგერები თავად მოგიყვებიან. ისინი წერენ თქვენზე, ისინი წერენ საკუთარ თავზე, გაიცანით ბლოგერები FM სივრციდან, მარტა ქარუმიძის საავტორო გადაცემაში „ბლოგერები საუბრობენ”. ყოველ კვირას, 15:00 საათზე “ფორტუნაზე” ბლოგერების დროა.

25-ე კადრი

„25 კადრი“ ესაა რუბრიკა კინომანებისთვის. მათთვის, ვისაც უყვარს კინო, ვისაც სურს გაიგოს მეტი საყვარელი ფილმებისა და მსახიობების შესახებ. როგორ იქმნებოდა თქვენთვის საყვარელი კინოსურათი, რა საინტერესო ისტორია ახლავს თან ამა თუ იმ სცენარის შექმნას, როგორ შეარჩიეს მთავარ როლზე მსახიობები და რეალურად რაზე გვიყვება ფილმი, რომელიც ბევრჯერ გვაქვს ნანახი. კომპანიის არქივში მოხვდა ლეგენდად ქცეული კინოკლასიკა და თანამედროვეობის ყველაზე გამხაურებული ფილმები. გადაცემის წამყავნია ნიკა კუხალეიშვილი.

სპორტ ნიუსი

ესაა გადაცემა სპორტის ნამდვილი მელომანებისთვის. სპორტის ყველა სახეობის მიმოხილვა და გასული დღის სპორტული მოვლენების სრული შეჯამება, მიმდინარე სიახლეების ანონსი და პირდაპირი ჩართვები მოვლენათა ეპიცენტრიდა. 10:40, 17:40

გადაცემა ბიზნეს-კურიერი

ეს გადაცემა ყოველდღიურად 12:30 წუთზე გადის ეთერში და მიმოიხილავს ბიზნეს სექტორში მიმდინარე საინტერესო პროცესებს. ეროვნული ვალუტის კურსი უცხოურთან მიმართებაში, საწვავის ფასები, სასაქონლო ბირჟის მიმოხილვა და სხვ.

პულსი

პულსი ესაა სამედიცინო გადაცემა მათთვის, ვისაც სურს მეტი შეიტყოს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ. გადაცემის წამყვანი, თიკო დაბრუნდაშვილი ყველასთვის საინტერესო თემებზე ამახვილებს ყურადღებას, საუბრობს დაავადებებზე, რომელთა შესახებ უფრო მეტის ცოდნაა საჭირო, გიყვებათ სიმპტომებზე, გავრცელების გზებზე, პრევენციასა და მკურნალობის მეთოდებზე. მასთან ერთად რჩევებს იძლევიან ქვეყნის ყველაზე კომპეტენტური ექიმები, რომელთან ვიზიტიც ხშირად ბევრისთვის ხელმისაწვდომი არაა. პულსი ესაა საუკეთესო საშუალება დაზოგოთ დრო და ფული და უმოკლეს დროში შეიტყოთ ყველაფერი ჯანმრთელობის შესახებ. ყოველ პარასკევს, 15:30 წუთზე, გადაცემის შემაჯამებელ ნაწილში თქვენ გელით შეხვედრა სტუმართან. პულსის სტუმრები სხვადასხვა პროფილის ყველასთვის ცნობილი ექიმები არიან, რომელთა რჩევა ყოველთვის აქტუალურია.

ლიმონი

ლიმონი, ესაა ყვითელი გადაცემა ქართულ შოუბიზნესზე. თუ გსურთ პირველმა გაიგოთ, რა ხდება პოპულარული ადამიანების პირად და შემოქმედებით ცხოვრებაში, მოისმინოთ პირველი კომენტარი მიმდინარე მოვლენებზე და გადაამოწმოთ პირველი წყაროდან, რასაც ქართულ პრესაში წერენ, მაშინ გადაცემა ლიმონი თქვენთვისაა. ქორწინებები, განქორწინებები, ახალი შემოთავაზებები, ახალი პროექტები, კულუარული ინფორმაციები, ჭორები, სიყვარულის ისტორიები,  პოპულარული შოუები და მრავალი სხვა მოხვდება ნიკა კაციას რუბრიკის ობიექტივში. არასანქცირებული სატელეფონო ზარით კი, მსმენელი პირველი შეიტყობს ქართული შოუბიზნესის ყველაზე ცხელ და ყვითელ ამბავს. ესაა ყველაზე მწვავე, ყველაზე კულუალური და ყველაზე ექსკლუზიური ლიმონი ნიკა კაციასთან ერთად.

Weekend-Show

დილის შემეცნებით-გასართობი გადაცემა, რომელიც გადის ეთერში შაბათ-კვირას 09-დან 12 საათამდე. Weekend-ის დილის ეთერი განსხვავებულია სამუშაო დღის ფორმატისგან და ის მოიცავს დღის თემას, სატელეფონო ჩართვებს, თხოვნებს, ახალი ალბომების მიმოხილვას, ინფორმაციას მსოფლიო მუსიკალური ტურნეების შესახებ, ახალი ფილმების პრემიერებს, გათამაშებებსა სხვა. განსხვავებით სამუშაო დღისგან, შაბათ-კვირის დილის ეთერი ინტერაქტიულია, მასში ჩართულია თავად მსმენელი და ეთეში გადის  ინფორმაცია სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის განსხვავებული და საინტერესო ამბები, რომელზეც მთელი კვირის მანძილზე აქტიურად წერდა მედია. გადაცემის ცალკე ბლოკი ეთმობა რჩევებს ჯანმრთელი ცხოვრების წესის მოყვარულთათვის და ტექნოლოგიურ სიახლეებს.

სტილი

ესაა რუბრიკა მათთვის, ვისაც უყვარს მოდა, ვინც იცნობს  ლეგენდარულ ბრენდებს, ვისაც აინტერესებს უახლესი ტენდენციები, ვისაც სურს გაიგოს, რა იქნება მოდაში ხვალ. ყველასთვის უცნობი, მაგრამ ძალიან საინტერესო ფაქტები ლეგენდარულ ბრენდებზე, ადამიანებზე რომლებიც მოდის ინდუსტრიას ქმნიან: ინტრიგები, ჭორები, კულუარული ინფორმაციები, პირადი ცხოვრება, კარიერული წარმატების საიდუმლო, წარუმატებლობები და ყველაზე იღბლიანი მომენტები. ის რაც ჯერ არასოდეს და არავისგან გსმენიათ. ნია მოძმანაშვილი პირველი მოგივყვებათ მათზე, ვისი სამოსიც მსოფლიო სელებრითებს აცვიათ, მათზე, ვინც ქმნის მოდის ტრენდს ჩვენთვის და მათზე, ვინც სეზონიდან სეზონამდე გვკარნახობს მოდას. ყველაზე ხმაურიანი დაჯიდლოვებები, ჩვენებები, პრეზენტაციები, შოურუმები, ახალი კოლექციები და მოდის კვირულები. რუბრიკა სტილი, ყოველ დილით 11:40 წუთზე ნიასთან ერთად

წარმატების ფორმულა

წარმატების ფორმულა შემეცნებით-გასართობი ხასიათის გადაცემაა. იგი მოიცავს საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალური თემების ფართო სპექტრს და არ კონცენტრირდება მხოლოდ ერთ, კონკრეტულ საკითხზე. გადაცემას სტუმრობენ ცნობილი ბიზნესმენები, რომლებიც საკუთარი წარმატების ფორმულაზე ყვებიან, აძლევენ რჩევებს დამწყებ ბიზნესმენებს, საუბრობენ მომხმარებლისთვის საინტერესო სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე, პასუხობენ წამყვანის „ჩამჭრელ“ შეკითხვებს. გარდა ამისა, ეს გადაცემა არის კარგი შანსი სხვა კუთხით გაიცნოთ ცნობილი ბიზნესმენი, დაინახოთ მისი ცხოვრება სხვა რაკურსით და გაიგოთ, როგორ უთავსებენ ისინი საქმიანი ცხოვრების რითმს ჰობის, გართობასა და პირად ცხოვრებას. გაასწორეთ ბიზნესის წამზომი ჩვენს ტალღაზე და დაელოდეთ ყოველ ორშაბათს 19:00 საათზე, FM სივრცეში ყველაზე საქმიანი წამყვანის , გვანცა ლაღიძის საავტორო გადაცემას „წარმატების ფორმულა“.

გადაცემა რაკურსი

ყოველ ხუთშაბათს კვირის ყველაზე აქტუალური თემებს რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემა „რაკურსში“ ვაჯამებთ. გადაცემის წამყვანი ეკა საათაშვილი პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, ეკონომისტებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და სხვა უამრავი პროფესიის ადამიანს მასპინძლობს იმისთვის, რომ თქვენთვის საინტერესო თემაზე ამომწურავი პასუხი მიიღოთ. გადაცემა ორი ბლოკისგან შედგება. პირველ ბლოკში აქტუალური პოლიტიკური თემა განიხილება და სტუმრად, ხშირ შემთხვევაში, პარლამენტის წევრები, მინისტრები და ექსპერტები არიან. მეორე ბლოკი კი სოციალურ თემატიკას ეთმობა და სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყების წარმომადგენლები ყველა თქვენგანისთვის საინტერესო კითხვებს პასუხობენ. გადაცემა „რაკურსი“ ყოველ ხუთშაბათს, 20:00 საათზე გელოდებათ.

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი ქ. გორში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2017 წლის 6 აპრილს 15:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდნენ  შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას” წარმომადგენლები ირაკლი ჩხიკვაძე, გვანცა წერეთელი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს “რადიო ჰოლდინგმა ფორტუნას” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე კომისიამ მიიჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) პუნქტისა და პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებს.

კომისია დამატებით მიუთითებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის  მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “რადიო ჰოლდინგმა ფორტუნას” უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ირაკლი ჩხიკვაძემ სალიცენზიო გადასახდელის - 6,075.00 (ექვსი ათას სამოცდათხუთმეტი და 00) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის  43-ე მუხლისა და კომისიის 2017 წლის 26 იანვრის  N42/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  ქ. გორში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს “რადიო ჰოლდინგი ფორტუნა”;

2.  უზრუნველყოს შპს “რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამ” ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის  20%-ის - 1,215.00 (ერთი ათას ორასთხუთმეტი და 00) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22

სახაზინო  კოდი - 300773062

3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

5.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის ანუ 4,252.50 (ოთხი ათას ორასორმოცდათორმეტი და 50) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ ჩაბარების დღიდან.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                              ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                               გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები