საქართველოში გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამისთვის (UNDP) არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 19, 2017
მიღების თარიღი აპრილი 06, 2017
საქართველოში გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამისთვის (UNDP) არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, საქართველოში გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამამ (UNDP) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-8/2669-17, 24.03.17) ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ საქართველოში გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას (UNDP) წარმოდგენილი აქვს „ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულება დახმარების შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის“, რომლის მე-10 მუხლის 1 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ლიცენზიებისა და ნებართვების სწრაფ და უფასო გაცემას.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ”საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას თავისუფლდებიან რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან“.
შესაბამისად, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების დახმარების შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის“ მე-10 მუხლის 1 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP) განთავისუფლებული უნდა იქნას „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტით დადგენილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადასახადისაგან.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს საქართველოში გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას (UNDP) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1534 ნებართვა და მიენიჭოს 162.525 მჰც და 168.125 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ.თბილისში, ერთი წლის ვადით - 2017 წლის 6 აპრილიდან 2018 წლის 6 აპრილამდემდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. საქართველოში გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;
3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. დაევალოს საქართველოში გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას (UNDP) გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოში გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამისთვის (UNDP) სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) საქართველოში გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამისთვის (UNDP) ნებართვით მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა და სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოში გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამისთვის (UNDP) გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) საქართველოში გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამისთვის (UNDP) ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
