შპს „სამნეტ (samnet)“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2017 15:03
მიღების თარიღი აპრილი 06, 2017
შპს „სამნეტ (samnet)“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N10/1119-17, 6.02.2017) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სამნეტ (samnet)“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „სამნეტ (samnet)“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია 2013 წლის თებერვლის თვის და 2014 წლის აპრილის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები, ასევე კომპანიას არ წარმოუდგენია 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის თვის ჩათვლით რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები. ზემოაღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს „სამნეტ (samnet)”-ს ჩარიცხული აქვს კომისიის ანგარიშზე 1,892.15 ლარი.
შპს „სამნეტ (samnet)“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 30 მარტს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (03/743-17), რომელიც მას გაეგზავნა მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებზე. შეტყობინებით, შპს „სამნეტ (samnet)“ მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გადმოეცა კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (29.03.17, N10/2753-17), რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ შპს „სამნეტ (samnet)”-მა 2017 წლის 20 მარტს კომისიაში წარმოადგინა 2017 წლის თებერვლის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება, რის თანახმად, კომპანიას კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული აქვს 1,841.36 ლარი რეგულირების საფასური.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2017 წლის 30 მარტს. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „სამნეტ (samnet)”-ის წარმომადგენელი და არც მისთვის სხდომის გამართვის თაობაზე წერილობითი შეტყობინების ჩაბარების ფაქტი არ დადასტურდა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე აქედან, კომისიამ გადადო საკითხის განხილვა 2017 წლის 6 აპრილისთვის.
კომისიის 2017 წლის 6 აპრილის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „სამნეტ (samnet)”-ის წარმომადგენელი და არც მისთვის სხდომის გამართვის თაობაზე წერილობითი შეტყობინების ჩაბარების ფაქტი არ დადასტურდა, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის შეტყობინება (№03/937-17; 03.04.2017) სხდომის გადადების თაობაზე გადაგზავნილ იქნა კომპანიის იურიდიულ მისამართზე (სამტრედია, რესპუბლიკის ქ. 2/1), რომელიც კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, ამავდროულად წარმოადგენს კომპანიის ფაქტობრივ მისამართს.
შეტყობინება შპს „სამნეტ (samnet)”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საკითხის განხილვის დღის, დროისა და ადგილის შესახებ შეტყობინება გამოაქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://gncc.ge/ge/news/shetyobinebebi/shetyobineba-shps-new-net-s.page ).
შეტყობინების კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებით კომისიამ უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „სამნეტ (samnet)”-ის წარმომადგენლის დაუსწრებლად.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N10/1119-17; 06.02.2017);
- კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N10/2753-17; 28.03.2017);
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „სამნეტ (samnet)“ შესახებ მონაცემები;
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „სამნეტ (samnet)“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 01.06.2011; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: WiFi );
2. შპს „სამნეტ (samnet)“-ს 2017 წლის 10 მარტის მდგომარეობით (ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღი), კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი 2013 წლის თებერვლის თვის, 2014 წლის აპრილის თვის და 2016 წლის იანვრის თვიდან დეკემბრის თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების ფორმები, ამასთან, კომპანიას კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული ჰქონდა 1841.36 ლარი;
3. შპს „სამნეტ (samnet)“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
5. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, განსაზღვრულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სამნეტ (samnet)“-ის მიერ, რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ფორმების წარმოუდგენლობით დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტი, რაც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „სამნეტ (samnet)“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „სამნეტ (samnet)“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „სამნეტ (samnet)“-მა 10 სამუშაო ვადაში 2012 წლის თებერვლის თვის, 2013 წლის აპრილის თვის და 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის თვის ჩათვლით რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ფორმების კომისიაში წარმოდგენა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების შპს „სამნეტ (samnet)“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „სამნეტ (samnet)“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „სამნეტ (samnet)“-ისათვის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტს (ნ. დევდარიანი);
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
