წვდომის მენიუ

შპს „ივერია ინტერმედიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F85 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 10 თებერვლის №135/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 237 / 23

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2017 15:14

მიღების თარიღი აპრილი 06, 2017

შპს „ივერია ინტერმედიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F85 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 10 თებერვლის №135/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/2300-17, 10.03.2017) მიმართა შპს „ივერია ინტერმედიამ“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F85 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ივერია ინტერმედია“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F85 ლიცენზიას კომისიის 2012 წლის 10 თებერვლის №135/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 10453 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: ქ.თბილისი, გორგასლის ქ. №73–დან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 0.5 ვატამდე;

ბ) გადამცემი სადგურების რაოდენობა - 1 სადგური;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა - 2022 წლის 10 თებერვლამდე;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: 2013 წლის 10 თებერვლამდე;

აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70% - 1408,09 (ათას ოთხას ცხრა ლარი და რვა თეთრი) ლარი კომპანიას უნდა გადაეხადა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი გრაფიკის  მიხედვით:

117.42 ლარი    -   2012 წლის 10 მარტამდე;

117.42 ლარი    -   2012 წლის 10 აპრილამდე;

117.42 ლარი    -   2012 წლის 10 მაისამდე;

117.42 ლარი    -   2012 წლის 10 ივნისამდე;

117.42 ლარი    -   2012 წლის 10 ივლისამდე;

117.42 ლარი    -   2012 წლის 10 აგვისტომდე;

117.42 ლარი    -   2012 წლის 10 სექტემბრამდე;

117.42 ლარი    -   2012 წლის 10 ოქტომბრამდე;

117.42 ლარი    -   2012 წლის 10 ნოემბრამდე;

117.42 ლარი    -   2012 წლის 10 დეკემბრამდე;

117.42 ლარი    -   2013 წლის 10 იანვრამდე;

117.46 ლარი    -   2013 წლის 10 თებერვლამდე;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ივერია ინტერმედიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F85 ლიცენზიაში მთლიანად გადასახდელი ჰქონდა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური - 2,014.08 (ორი ათას თოთხმეტი ლარი და რვა თეთრი) ლარი. 2017  წლის 30 მარტის მდგომარეობით კომპანიას გადახდილი აქვს 605.99 ლარი და ერიცხება 1,408.09 ლარის დავალიანება. ამავე დროს კომპანიის მიერ მოთხოვნილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F85 ლიცენზიის გაუქმება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 7 ნოემბერს N03/2285-14 წერილით თბილისის სააღსრულებო ბიუროს გაეგზავნა კომისიის 2014 წლის 7 ნოემბრის N03/2286-14 სააღსრულებო ფურცელი „შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2012 წლის წლის 10 თებერვლის N135/1 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. ასევე კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის №750/18 გადაწყვეტილებით შპს „ივერია ინტერმედიას“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირს,  მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების, კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების და „შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2012 წლის 10 თებერვლის N135/1 გადაწყვეტილების მე-2  და მე-3 პუნქტების, ასევე შპს „ივერია ინტერმედიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF85 ლიცენზიის სალიცენზიო ვალდებულების ბ) პუნქტის დარღვევის გამო.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლიცენზიებთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიის გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „ივერია ინტერმედიას“ განცხადების საფუძველზე დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F85 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 10 თებერვლის №135/1  გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ივერია ინტერმედიას“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F85 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 10 თებერვლის №135/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;

2.    ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2017 წლის 11 მაისს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ივერია ინტერმედიასთვის გაგზავნა (ი. ხარებავა);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                       ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                       ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                       კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                       გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                       მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები