შპს „ტვ კომის“ წილის 25%-ის ფიზიკურ პირ ამირან ბიწაძის და 33%-ის ფიზიკურ პირ თედო ფესტვენიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 25, 2017 18:07
მიღების თარიღი აპრილი 20, 2017
შპს „ტვ კომის“ წილის 25%-ის ფიზიკურ პირ ამირან ბიწაძის და 33%-ის ფიზიკურ პირ თედო ფესტვენიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2017 წლის 4 აპრილის №20 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/2939-17 05.04.2017) მიმართა შპს „ტვ კომმა", შპს „ტვ კომის“ წილის 25%-ის ფიზიკურ პირ ამირან ბიწაძის და 33%-ის ფიზიკურ პირ თედო ფესტვენიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „ტვ კომი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1 |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
B.F.4 |
მაუწყებლობის ტრანზიტი |
|
|
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი |
შპს „ტვ კომი“ ასევე წარმოადგენს კერძო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ტვ კომის“ პარტნიორები არიან: ფიზიკური პირი შალვა ხურციძე (წილის 25%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი ომარი ღიბრაძე (წილის 10%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი ნუგზარი ძოწენიძე (წილის 33%-ის მფლობელი) და ფიზიკური პირი ნუგზარ ლეჟავა (წილის 32%-ის მფლობელი). კომპანიის დირექტორია ნუგზარი ძოწენიძე.
ფიზიკური პირის შალვა ხურციძის კუთვნილი შპს „ტვ კომის“ წილის 25%-ის შეძენის მსურველია ფიზიკური პირი ამირან ბიწაძე, ხოლო ფიზიკური პირის ნუგზარი ძოწენიძის კუთვნილი შპს „ტვ კომის“ წილის 33%-ის შეძენის მსურველია ფიზიკური პირი თედო ფესტვენიძე.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ტვ კომის“, შპს „ტვ კომის“ წილის შეძენის მსურველი ფიზიკური პირების - ამირან ბიწაძის და თედო ფესტვენიძის, ასევე შპს „ტვ კომის“ დირექტორის ნუგზარი ძოწენიძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „ტვ კომის“ საქმიანობის ძირითადი სახეა მაუწყებლობის ტრანზიტი, რომელსაც იგი ახორციელებს ქალაქ ქუთაისში. 2016 წლიდან 2017 წლის თებერვლის თვის ჩათვლით შპს „ტვ კომის“ შემოსავლებმა მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან შეადგინა 580,658 ლარი (ხვედრითი წილი 23,9%); ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 მარტის მდგომარეობით შეადგინა 3506 აბონენტი (ხვედრითი წილი 16,5%).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ტვ კომის“ წილის 25%-ის ფიზიკურ პირ ამირან ბიწაძის და 33%-ის ფიზიკურ პირ თედო ფესტვენიძის მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ტვ კომის“ წილის 25%-ის ფიზიკურ პირ ამირან ბიწაძის და 33%-ის ფიზიკურ პირ თედო ფესტვენიძის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „ტვ კომს“, შპს „ტვ კომის“ წილის 25%-ის ფიზიკურ პირ ამირან ბიწაძის და 33%-ის ფიზიკურ პირ თედო ფესტვენიძის მიერ შეძენაზე;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ტვ კომისათვის“ ჩაბარების დღიდან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტვ კომისათვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4. განემარტოს შპს „ტვ კომს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ტვ კომი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტვ კომისათვის“ დაუყოვნებლივ გადაგზავნა;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
