სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2017 11:07
მიღების თარიღი აპრილი 20, 2017
სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში ,,კომისია“) აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№შ-10/2397-17; 14.03.2017) თანახმად, კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით მოქმედების ვადა არ გაუგრძელდა ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებას, რომლითაც საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის დადგენილი იყო საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისთვის ქვედა ზღვრული ტარიფი, რომელიც განსხვავდებოდა ურთიერთჩართვის მომსახურებაზე დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფისაგან. შესაბამისად, 2017 წლის 1 მარტიდან საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურებისთვის ამოქმედდა კომისიის მიერ მობილურ და ფიქსირებულ ქსელში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის ურთიერთჩართვის მომსახურებაზე დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფები.
კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს: შპს ,,ჯეოსელს”, შპს ,,მაგთიკომს”, შპს ,,მობიტელს“, სს „სილქნეტს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“, შპს „ივერია ქსელს“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, დაევალათ 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მათზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა 2017 წლის 1 მარტამდე. აღნიშნულის მიუხედავად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებმა კომისიაში წარმოადგინეს „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 30 ივლისის №446/19 გადაწყვეტილების შესაბამისი მოწვევის ოფერტა.
მოხსენებითი ბარათის (№შ-10/2397-17; 14.03.2017) თანახმად, საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მომსახურების პირობებთან დაკავშირებით კომისიის არაერთი ზეპირსიტყვიერი თუ წერილობითი (2017 წლის 28 თებერვალი, 2 მარტი და 10 მარტი) განმარტებისა, რაც ასევე ეყრდნობოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან კომისიისათვის გამოგზავნილ წერილობით რეკომენდაციებს, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები თავს არიდებენ კომისიის გადაწყვეტილებასთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანონ მოწვევის ოფერტები და გამოსაქვეყნებლად წარმოადგინონ კომისიაში. ამავე დროს, დღემდე განაგრძობენ საერთაშორისო ზარებზე ე.წ. „კომერციული ტარიფებით“ მომსახურების საფასურის მოთხოვნას და მომსახურებისათვის საგარანტიო თანხებისა და ავანსის ოდენობის განსაზღვრა ხდება ე.წ. „კომერციული ტარიფიდან“ გამომდინარე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ადგილი აქვს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ კომისიის გადაწყვეტილებების უგულვებელყოფას, რაც ამავე დროს იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (შN-10/2772-17; 29.03.2017) დამატებით ირკვევა, რომ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ზარების ტერმინაციასთან დაკავშირებით, ავტორიზებულ პირებს დაევალათ 2017 წლის 1 მარტიდან მოწვევის ოფერტის ახალ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც მნიშვნელოვანმა საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირებმა: შპს „ახალმა ქსელებმა“, შპს „ახტელმა“, შპს „მაგთიკომმა“, შპს „ჯეოსელმა“, შპს „მობიტელმა“, სს „სილქნეტმა“, შპს „CGC“-იმ და შპს „ივერია ქსელმა“ არ შეასრულეს. ამავე დროს, სს „სილქნეტმა“, შპს „მაგთიკომმა“, შპს „ჯეოსელმა“, შპს „ახალმა ქსელებმა“, „CGC“-იმ ავტორიზებულ პირებს გაუგზავნეს შეტყობინებები 2017 წლის 1 მარტიდან მოქმედი ტარიფებისა და პირობების თაობაზე, რაც ეწინააღმდეგება კომისიის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათზე (შN-10/2772-17; 29.03.2017) თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ კომისიაში შემოვიდა შპს „კავკასუს ონლაინის“, შპს „მაიფონის“, შპს „სითი ტელეკომის“, „Premium Net Internetional“-ის ფილიალი საქართველოში, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების-გუდვილკომის“, შპს „ნიუ ვიჟენის“ და შპს „ქართული სატელეფონო კომპანიის“ (GTC) ერთობლივი განცხადება (შ-6/2254-17; 07.03.17) თანდართული დოკუმენტაციით, სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N875/19 გადაწყვეტილებით 2017 წლის პირველი მარტიდან საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაცია გაუქმდა და მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირებს დაევალათ ამ გადაწყვეტილების შესაბამისი მოწვევის ოფერტის კომისიაში გამოსაქვეყნებლად წარმოდგენა 2017 წლის პირველ მარტამდე. კომისიის 2017 წლის 28 თებერვლის N08/639-17 წერილის შესაბამისად, საერთაშორისო ზარების ტერმინაციისათვის გამოიყენება კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილებებით დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფი. ამავე წერილში მითითებულია, რომ ოპერატორებმა ზედა ზღვრულ ტარიფთან ერთად მხედველობაში უნდა მიიღონ საგადასახადო კოდექსით საერთაშორისო ზარებისათვის გათვალისწინებული აქციზის გადასახადი და დაამატონ ეს გადასახადი ტარიფს. აღნიშნულის მიუხედავად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიერ არ მომხდარა ახალი ოფერტის გამოქვეყნება. ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპერატორებისაგან 27-28 თებერვალს მიიღეს ელექტრონული შეტყობინებები, სადაც მითითებულია, რომ საერთაშორისო ზარების ტერმინაციისათვის მოქმედებს 2017 წლის პირველ მარტამდე მოქმედი ტარიფი, ლიმიტების გათვალისწინებით, ხოლო პირობის მიუღებლობის შემთხვევაში მოხდება ზარების გათიშვა (მტკიცებულების სახით წარმოდგენილია ელექტრონული მიმოწერის ამონაბეჭდი, მათ შორის სს „სილქნეტის“ ელექტრონული წერილი).
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათზე (შN-10/2772-17; 29.03.2017) თანდართული დოკუმენტაციიდან ასევე ირკვევა, რომ შპს „კავკასუს ონლაინმა“, შპს „მაიფონმა“, შპს „სითი ტელეკომმა“, „Premium Net Internetional“-ის ფილიალმა საქართველოში, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების-გუდვილკომმა“, შპს „ნიუ ვიჟენმა“ და შპს „ქართული სატელეფონო კომპანიამ“ (GTC) მიმართეს (შ-6/2255-17; 07.03.2017), შპს „ჯეოსელს“, შპს „მაგთიკომს“ შპს“ მობიტელს“, სს „სილქნეტს“ შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ შპს „ივერია ქსელს“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ და განუმარტეს, რომ დასრულებული საერთაშორისო სატელეფონო ზარებისთვის გაწეული მომსახურების ღირებულება უნდა დაანგარიშდეს და ანაზღაურდეს ზედა ზღვრული ტარიფზე გაანგარიშებით.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათისა (№შ-10/1559-17; 17.02.2017) და სამსახურებრივი ბარათის (შN-10/2772-17; 29.03.2017) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 13 აპრილი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა სს „სილქნეტს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინება (N03/983-17; 06.04.2017) კომპანიას ჩაბარდა 2017 წლის 7 აპრილს.
კომისიის 2017 წლის 13 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი კ.ყურაშვილი, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა კომისიას საკითხის განხილვის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ კომისიის წერილები (08/634-17 28.02.2017; 08/678-17 02.03.2017; 08/748-17 10.03.2017) სს „სილქნეტმა“ გაასაჩივრა სასამართლოში, ამასთან მოითხოვა აღნიშნული წერილების მოქმედების შეჩერება, რასთან დაკავშირებითაც სასამართლოს განჩინება ჯერ არ მიუღია, ვინაიდან სს „სილქნეტის“ სარჩელს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის აღმოფხვრის შემდგომ, სასამართლოს გაშვებული აქვს შუამდგომლობის განხილვის ვადა. აღნიშნული შუამდგომლობა კომისიის მიერ არ დაკმაყოფილდა. კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საკითხის განხილვის გადადება იმ საფუძვლით, რომ სს ,,სილქნეტს“ სასამართლოში წარდგენილ მის შუამდგომლობაზე კომისიის წერილების მოქმედების შეჩერების თაობაზე, სასამართლოს განჩინება ჯერ არ მიუღია. კომისიამ განმარტა, რომ კომისიის აღნიშნული წერილები წარმოადგენდნენ ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტებს. ამასთან, შპს ,,ჯეოსელს“ და შპს ,,მაგთიკომს“ ანალოგიურ შუამდგომლობაზე, კერძოდ, კომისიის ზემოაღნიშნული წერილების მოქმედების შეჩერების თაობაზე, სასამართლოს მიერ ეთქვა უარი სწორედ იმ საფუძვლით, რომ კომისიის აღნიშნული წერილები წარმოადგენდნენ ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტებს. ამავე დროს, სს ,,სილქნეტის“ განცხადების შესაბამისად, სასამართლოს მიერ სს „სილქნეტის“ შუამდგომლობა ჯერ განხილული არ იყო.
კომისიის 2017 წლის 13 აპრილის სხდომაზე სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელმა კ.ყურაშვილმა შუამდგომლობით მიმართა კომისიას დაინტერესებული პირების (შპს „კავკასუს ონლაინის“, შპს „მაიფონის“, შპს „სითი ტელეკომის“, „Premium Net Internetional“-ის ფილიალი საქართველოში, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების-გუდვილკომის“, შპს „ნიუ ვიჟენის“ და შპს „ქართული სატელეფონო კომპანიის“ (GTC)) ადმინისტრაციული წარმოების მხარედ ჩართვასთან დაკავშირებით, რაც კომისიის მიერ არ დაკმაყოფილდა. კომისიამ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათისა და სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. შესაბამისად, სს „სილქნეტი“, როგორც დაინტერესებული მხარე, ჩაბმული იყო ადმინისტრაციულ წარმოებაში. ავტორიზებულ პირებს (შპს „კავკასუს ონლაინის“, შპს „მაიფონის“, შპს „სითი ტელეკომის“, „Premium Net Internetional“-ის ფილიალი საქართველოში, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების-გუდვილკომის“, შპს „ნიუ ვიჟენის“ და შპს „ქართული სატელეფონო კომპანიის“ (GTC)) კომისიისთვის არ მიუმართავთ ადმინისტრაციულ წარმოებაში მხარედ ჩართავსთან დაკავშირებით. ამასთან, სს ,,სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი პირდაპირ და უშუალო გავლენას ვერ მოახდენდა მათ კანონიერ ინტერესზე და ვერ გაუარესდება მათ სამართლებრივ მდგომარეობას. კომიისიამ ასევე განმარტა, რომ აღნიშნული პირების საქმეში დაინტერესებულ მხარედ ჩართვა ვერ უზრუნველყოფდა სს ,,სილქნეტის“ ინტერესებისა და პოზიციის დაცვას და სს ,,სილქნეტის“ შუამდგომლობა მიზნად ისახავდა ადმინისტრაციული წარმოების გაჭიანურებას.
კომისიის 2017 წლის 13 აპრილის სხდომაზე, სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა კ.ყურაშვილმა ასევე დააყენა შუამდგომლობა კომისიის სხდომის აუდიჩანაწერის ხისტ დისკზე ჩაწერის და გაცემის თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნა, რომ მას, როგორც ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების ასლები, მათ შორის მიმდინარე სხდომის აუდიოჩანაწერი, რაც კომისიის მიერ არ დაკმაყოფილდა. კომისიამ განმარტა, რომ კომისიის სხდომის აუდიოჩაწერა ხორციელდება კომისიის სხდომის ოქმის მომზადების მიზნით. შესაბამისად, ის წარმოადგენს კომისიის სხდომის ოქმის მომზადებასთან დაკავშირებულ, შიდაუწყებრივი ხასიათის მასალას. ამასთან, დღეის მდგომარეობით კომისიაში აუდიო ჩანაწერების დაარქივება/შენახვა არ ხდება. კომისიამ ასევე განმარტა, რომ ანალოგიური განმარტება კომისიას არაერთხელ აქვს მიცემული ავტორიზებული პირებისათვის, რაც ერთ-ერთმა კომპანიამ გაასაჩივრა სასამართლოში. კომისიამ განმარტა, თუ სასამართლო კომისიას დაავალდებულებდა სხდომის აუდიჩანაწერის გაცემას, კომისია მოახდენს აუდიო ჩანაწერების დაარქივება/შენახვასა და გაცემას. კომისიამ ასევე განმარტა, რომ დაინტერესებულ მხარეს შეუძლია გამოითხოვოს კომისიის სხდომის ოქმი, სადაც აისახება სრულყოფილი ინფორმაცია კომისიის სხდომის მიმდინარეობის თაობაზე.
სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა კომისიას სს „სილქნეტის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, ვინაიდან სს „სილქნეტს“ არ დაურღვევია აღნიშნული მუხლი, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა. კომისიამ განმარტა, რომ ამ ეტაპზე ვერ იმსჯელებდა სს „სილქნეტის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, ვინაიდან, აღნიშნული საჭიროებდა დამატებითი მტკიცებულებებისა და გარემოებების გამოკვლევას.
კომისიის 2017 წლის 13 აპრილის სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა კ.ყურაშვილმა აღნიშნა, რომ ამ დავის მიზეზი არის ფორმატი, რომლითაც მოხდა დროებითი რეგულაციის გაუქმება და შემდეგ ამ რეგულაციის შემოღება. მან განმარტა, რომ კომისიის წერილები თუ იყო მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის, კომისიას უნდა შეეტყობინებინა, რომ უნდა ეხელმძღვანელათ ადრე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული ინდივიდუალური აქტით, რომლითაც მობილურ და ფიქსირებულ ქსელში ზარის წამოწყება/დასრულებაზე დაადგინა ტარიფები. კომისიის წერილში პრაქტიკულად მოცემულია არა ზღვრული ტარიფი, არამედ კონკრეტული ტარიფი. სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ კომისიას შეეძლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის ან სხვა ნებისმიერი მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, ყველა გადასახადისა თუ აქციზის ან სხვა რაიმე მოსაკრებლის ან გადასახდელის ჩათვლით ან მის გარეშე, დაედგინა საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე შესაბამისი ტარიფი. ეს შეეძლო გაეკეთებინა ცალკე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ან იმავე გადაწყვეტილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გზით. სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისიის წერილი არის სამართლებრივი შედეგის მომტანი. დაბნეულობა გამოიწვია იმან, რომ ერთ შემთხვევაში მოსამართლე აცხადებს, რომ ეს წერილი სამართლებრივ შედეგს არ იწვევს და არის საინფორმაციო წერილი, რომელიც არ საჩივრდება, თუმცა კომპანია სანქცირდება იმის გამო, რომ კომისიის 2016 წლის გადაწყვეტილების შესაბამისად წარმოადგინა გამოსაქვეყნებლად მოწვევის ოფერტა. ოფერტის გამოქვეყნება იყო კომისიის ვალდებულება. სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენლის განმარტებით, სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ წერილში მითითებულია, რომ ამ მოწვევის ერთიან ოფერტაში არის მოცემული როგორც ურთიერთჩართვის ტარიფები და პირობები, ისე საერთაშორისო ზარების ტერმინაციასთან დაკავშირებული პირობები. კომისიას კომპანიისთვის არ მიუთითებია, რომ გამოსაქვეყნებელი ოფერტის გარკვეული პუნქტები შეუსაბამო იყო ნორმატიულ ბაზასთან. კომისიამ ურთიერთჩართვის ოფერტაც აღარ გამოაქვეყნა. კომისიას არ ჰქონია შენიშვნა ურთიერთჩართვის და ზარის წამოწყება/დასრულების საკითხებზე, თუმცა არც ეს ნაწილი გამოაქვეყნა და, ამავდროულად, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ოფერტის გამოუქვეყნებლობის გამო.
სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სს „სილქნეტს“ არ წარმოუდგენია წერილი, მან წარმოადგინა ოფერტა ახალი თარიღით. ურთიერთჩართვის ადგილობრივ ტარიფებში წერია, რომ ურთიერთჩართვის ტარიფი არის X თანხა, რომელიც მოიცავს მხოლოდ დღგ-ს. კომისიას შეეძლო მიეთითებინა ზღვრული ტარიფი გადასახადებისა და აქციზის გარეშე. ამ შემთხვევაში კომპანიებს გაუჩნდებოდა ვალდებულება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დაემატებინათ გადასახადების გარეშე დადგენილი ტარიფისთვის და ისე წარმოედგინათ ტარიფი კომისიაში გამოსაქვეყნებლად. სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანიას საქართველოს საგადასახადო კოდექსის გაცნობის ვალდებულება არ აქვს იმ პირობებში, როცა ზღვრული ტარიფი კომისიის მიერ აქვს დადგენილი გადასახადების ჩათვლით. თუ რაიმე იცვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსში, კომისიამ უნდა მოიყვანოს მასთან შესაბამისობაში მისივე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი და არ უნდა დაავალდებულოს ოპერატორი ამ კოდექსთან შესაბამისად მოქმედებისთვის. მას შემდეგ, რაც საქართველოს კანონებსა და საგადასახადო კოდექსში შევიდა რიგი შესწორებები, ეს უნდა ასახულიყო ზედა ზღვრულ ტარიფში. სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ის არ ამტკიცებს, რომ წარმოდგენილი ჩანაწერი ეწინააღმდეგება საგადასახადო კანონმდებლობას, არამედ ის რაც არის კომისიის წერილში, უნდა ასახულიყო კომისიის გადაწყევტილებაში.
კომისიის 2017 წლის 13 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა შესვენება 2017 წლის 20 აპრილის 15 საათამდე.
კომისიის 2017 წლის 20 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა სს „სილქნეტის“ წამომადგენელი კ.ყურაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ თუ კომისიის მოსაზრებით, სს „სილქნეტის“ საერთშორისო ზარების ტერმინაციის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფი არ შეესაბამება კომისიის რომელიმე გადაწყვეტილებას, მათ შორის 2010 წლის გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაშიც მიაჩნია, რომ კომისიას შეეძლო ედავა ოპერატორთან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის ფარგლებში სატარიფო რეგულირების ნაწილში, მაგრამ არა ამ კანონის 31-ე მუხლის ნაწილში. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი არის ინფორმაციის გამჭირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, რომლის შესრულებისათვის, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიებს ევალებათ უზრუნველყონ მათი მოწვევის ოფერტების ხელმისაწვდომობა. აღნიშნულის უზრუნველყოფა ხდება შემდეგი წესით - კომპანიამ უნდა წარმოადგინოს გამოსაქვეყნებლად მოწვევის ოფერტა, რომელიც უნდა დაიდოს კომისიის ვებგვერდზე. სს „სილქნეტს“ მოწვევის ოფერტა წარმოდგენილი ჰქონდა. კომისიამ მიიჩნია, რომ მოწვევის ოფერტა საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ნაწილში იყო შეუსაბამო კომისიის გადაწყვეტილებასთან და კანონთან, შესაბამისად საერთოდ არ გამოაქვეყნა მოწვევის ოფერტა. სს „სილქნეტმა“ მიიღო კომისიის წერილი, სადაც განმარტებულია, რომ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, 2017 წლის პირველი მარტისთვის სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი მოწვევის ოფერტა (წარმოდგენის თარიღი 28.02.17) საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ნაწილში უნდა მოეყვანათ შესაბამისობაში კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 28 თებერვლის წერილთან. ამ ქმედებით კომისიამ სს „სილქნეტის“ მოწვევის ოფერტა ლოკალური ურთიერთჩართვის ნაწილშიც არ გახადა საჯაროდ ხელმისაწვდომი. შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლთან მიმართებაში სს „სილქნეტს“ მისი ვალდებულებები შესრულებული ჰქონდა განურჩევლად შინაარსისა. თუ დავა მიმდინარეობს საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ნაწილის შინაარსთან დაკავშირებით, ეს ეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლს. კ.ყურაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელია და არ დასტურდება სს „სილქნეტის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის დარღვევა. აღნიშნულ ნაწილში უნდა მოხდეს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა, როგორც ეს 32-ე მუხლის ნაწილში მოხდა.
სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლი ეხება სატარიფო რეგულირებას. სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის სატარიფო რეგულირების ნაწილში კომპანიას ეკისრება კომისიის გადაწყვეტილებით. სს „სილქნეტს“ მიაჩნია, რომ მათ არ დაურღვევიათ კომისიის არცერთი გადაწყვეტილება, რომელიც ბაზრის შესაბამისი სეგმენტის, მათ შორის სატელეფონო ზარების წამოწყებისა და დასრულების ბაზრის სეგმენტების კვლევის შედეგად მიიღეს. კ.ყურაშვილმა აღნიშნა, რომ რაც იყო დადგენილი, მათ შორის სატარიფო რეგულირების ნაწილში, გამოქვეყნებული აქვთ და ოპერირებენ ამის მიხედვით. ურთიერთჩართვის ბაზრის სეგმენტთან დაკავშირებით, კომისია ვერ წარმოადგენს ვერცერთ დოკუმენტს და გადაწყვეტილებას, სადაც საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მომსახურება რაიმე ფორმით არის დაფიქსირებული, თუნდაც იმ ფორმით, რომ საერთაშორისო ზარების ტერმინაცია წარმოადგენს ურთიერთჩართვის ნაირსახეობას.
სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ზარების ტერმინაცია არ არის ურთიერთჩართვა და ეს არის მომსახურების სხვა სახე, ამ მომსახურების სახეზე კომისიას არც კვლევა ჩაუტარებია და არც სატარიფო რეგულირების ვალდებულება დაუდგენია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლიდან გამომდინარე. კომისიამ გაითვალისწინა რა რეგიონალური გამოწვევები, რამდენჯერმე მიიღო აბსოლუტურად კანონიერი გადაწყვეტილებები დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ. გარკვეული პერიოდით კომისიამ დაადგინა დროებითი რეგულაციები არა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის ფარგლებში, არამედ ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პ) ქვეპუნქტის ფარგლებში, თუმცა ეს დროებითი რეგულაციები 29 დეკემბერს დაასრულა. კ.ყურაშვილის განმარტებით, შეუძლებელია ითქვას, რომ რადგან დროებითი რეგულაცია საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ურთიერთჩართვისგან განსხვავებულ მომსახურების სეგმენტზე გაუქმდა, ამან ავტომატურად განავრცო ამ სერვისსა და პროდუქტზე ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილება. სს „სილქნეტს“ მიაჩნია, რომ დროებითი რეგულაციის დასრულებით, ამ ბაზრის სეგმენტზე საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მომსახურებასთან დაკავშირებით აღარ არსებობს რეგულაცია, იგი დერეგულირებულია და ოპერატორებს აქვთ უფლება დაადგინონ მათთვის მისაღები და მხარის თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე ურთიერთშეთანხმებული ტარიფები.
II.ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/2397-17; 14.03.2017);
2. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (შN-10/2772-17;29.03.2017) თანდართული დოკუმენტაციით (ავტორიზბული პირების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ერთობლივი განცხადება Nშ-6/2254-17; 07.03.17 და შპს „კავკასუს ონლაინის“, შპს „მაიფონის“, შპს „სითი ტელეკომის“, „Premium Net Internetional“-ის ფილიალი საქართველოში, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების-გუდვილკომის“, შპს „ნიუ ვიჟენის“ და შპს „ქართული სატელეფონო კომპანიის“ (GTC) მიერ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებთან გაგზავნილი წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2255-17; 07.03.2017);
3. 2017 წლის პირველ მარტამდე მოქმედი სს „სილქნეტის“ მოწვევის ოფერტა;
4. სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი მოწვევის ოფერტა (კომისიაში რეგისტაციის Nშ-6/2009-17; 28.02.2017);
5. კომისიის წერილები გაგზავნილი სს „სილქნეტისთვის“ და აღნიშნული წერილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (N08/634-17, 28.02.2017; N08/678-17, 02.03.2017 და N08/748-17; 10.03.2017);
6. „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილება;
7. „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილება;
8. „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 გადაწყვეტილება;
9. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან სს „სილქნეტის“ შესახებ;
10. სს „სილქნეტის“ წარმომადგენლის კ.ყურაშვილის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2017 წლის 13 და 20 აპრილის სხდომებზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- სს „სილქნეტი“ 2010 წლის 10 მარტიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა: საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.M.1ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: CDMA; LTE; WIMAX; A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ტექსტური შეტყობინების მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); CDMA; ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up);
- სს „სილქნეტი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, ფიქსირებული სადენიანი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვების და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ სს „სილქნეტი“; ამავე გადაწყვეტილების 8.1 პუნქტის თანახმად, დადგინდა ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, ხოლო 8.5 პუნქტის თანახმად, დადგინდა სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება. ამავე გადაწყვეტილების 8.5 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაუდგინდა სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 2 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნული ტარიფის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა საერთაშორისო შემომავალი და გამავალი ტრაფიკი და მასთან დაკავშირებული დანახარჯები;
- კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებით საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის (მათ შორის სს „სილქნეტისათვის“) 1 წუთზე დადგინდა 0,12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N446/19 გადაწყვეტილებით კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში შევიდა ცვლილება მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებს - შპს ,,ჯეოსელი”, შპს ,,მაგთიკომი”, შპს ,,მობიტელი“, სს „სილქნეტი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს „ივერია ქსელი“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ მიეცათ კუთვნილ საკომუნიკაციო ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) ტარიფისაგან განსხვავებული (საფეხურებრივი) ტარიფის დაწესების უფლება შემდეგი პირობებით: ა) მოძრავ და ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში საერთაშორისო ზარის ტერმინაციაზე საფეხურებრივი ტარიფი უნდა დადგინდეს ოპერატორის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტრაფიკის მოცულობის მიხედვით; ბ) მეორე და შემდგომ საფეხურზე დადგენილი ტარიფი უნდა იყოს პირველ საფეხურზე დადგენილ ტარიფზე 25 %-ით მეტი; გ) მოძრავი და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე დაწესებული ტარიფი არ უნდა იყოს მის მიერ მეორე საფეხურზე დადგენილ ტარიფზე ნაკლები;
- კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით მოქმედების ვადა არ გაუგრძელდა ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებას. შესაბამისად, 2017 წლის 1 მარტიდან საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურებისთვის ამოქმედდა კომისიის მიერ მობილურ და ფიქსირებულ ქსელში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის საბითუმო ბაზრის სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფები - 2 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს ჩათვლით;
- კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით, სს „სილქნეტს“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, დაევალა 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა 2017 წლის 1 მარტამდე;
- 2017 წლის 28 თებერვალს, სს „სილქნეტმა“ კომისიას წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2009-17; 28.02.2017) მიმართა და მოითხოვა კომისიის ვებგვერდზე სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) გამოქვეყნება. სს „სილქნეტის“ მოწვევის ოფერტა (პუნქტი 3.2) წარმოდგენილი იყო შემდეგი პირობებით: პირველი საფეხური განისაზღვროს არაუმეტეს 100,00.00 (ასი ათასი) წუთი, ერთი წუთის დასრულების ტარიფი 0.12 აშშ დოლარი; მეორე საფეხური 100,00.00 (ასი ათასი) წუთის ზემოთ - ერთი წუთის დასრულების ტარიფი 0.15 აშშ დოლარი. სს „სილქნეტის“ მოწვევის ოფერტა აღნიშნული პირობებით არ გამოქვეყნდა კომისიის ვებგვერდზე, ვინაიდან ის ეწინააღმდეგებოდა კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 და 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილებებს და კანონმდებლობას;
- სს „სილქნეტმა“ შეტყობინება გაუგზავნა ავტორიზებულ პირებს 2017 წლის 1 მარტიდან მოქმედი ტარიფებისა და პირობების თაობაზე („გაცნობებთ, რომ 2017 წლის 1 მარტიდან სს „სილქნეტი“ საერთაშორისო ზარების ტერმინაციას განახორციელებს უცვლელი პირობებით კერძოდ: 1. საერთაშორისო ზარები: 1.1. სილქნეტის ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში საერთაშორისო ზარის ტერმინაციაზე: 1.2. პირველი საფეხური განისაზღვროს არაუმეტეს 100,00.00 (ასი ათასი) წუთი, ერთი წუთის დასრულების ტარიფი 0.12 აშშ დოლარი; 1.3. მეორე საფეხური 100,00.00 (ასი ათასი) წუთის ზემოთ - ერთი წუთის დასრულების ტარიფი 0.15 აშშ დოლარი; 1.4. ოფერენტის მობილურ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფი -ერთი წუთი 0.16 აშშ დოლარი;“);
- კომისიის მიერ სს „სილქნეტს“ წერილობით (N08/634-17, 28.02.2017; N08/678-17, 02.03.2017 და N08/748-17; 10.03.2017) განემარტა, რომ კომისიის 2016 წლის N857/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, 2017 წლის 1 მარტიდან საქართველოში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე მოქმედებს მობილურ და ფიქსირებულ ქსელში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურებაზე დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფები (კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილებები). ასევე განემარტა, რომ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისათვის ტარიფის დაწესებისას ოპერატორებმა უნდა გაითვალისწინონ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთაშორისო ზარის საქართველოში მობილურ და ფიქსირებულ ქსელში დასრულების მომსახურებაზე დაწესებული აქციზის გადასახადი. შესაბამისად, სს „სილქნეტის“ მიერ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისათვის ტარიფის დაწესებისას, კომისიის მიერ დადგენილ ზედა ზღვრულ ტარიფს უნდა დაემატოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული აქციზის გადასახადი. ამასთან, სს „სილქნეტს“ ეთხოვა, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა;
- ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს სს „სილქნეტს“ კომისიაში გამოსაქვეყნებლად არ წარმოუდგენია მასზე დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებთან და კომისიის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანილი მოწვევის ოფერტა;
- სს „სილქნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ამოცანაა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა მიერ იმ სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი, რომლებიც მათ შეიძლება დაეკისროს ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი მე-2 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს ავტორიზებული პირის მიერ ამ კანონის V თავით განსაზღვრული და კომისიის გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობას;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ობიექტურად განაპირობებს ავტორიზებული პირისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის ხასიათს და მიზეზებს, ეკისრება ავტორიზებულ პირს. ობიექტურად დასაბუთებული მტიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის ხასიათის გათვალისწინებით ცვლილებები შეიტანოს ამ ვალდებულებების პირობებში. ხოლო, კომისიის მიერ დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებში ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ცვლილებების შეტანა არ ათავისუფლებს ავტორიზებულ პირს სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობისაგან;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალეობა და საჯაროდ გამოაქვეყნოს: ა) მისი საქმიანობის ამსახველი ფინანსური საანგარიშგებო დოკუმენტაცია; ბ) ქსელის შესაბამისი ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, ფუნქციონალური რესურსებისა და ინტერფეისების აღწერილობა, აგრეთვე ინფორმაცია თავისუფალი სიმძლავრეების შესახებ; გ) ქსელის ტექნიკური მახასიათებლები, მათ შორის, გამოყენებული ინტერფეისების აღწერილობა, თანალოკაციის ფართობები და ურთიერთჩართვის წერტილები; დ) ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების პირობები, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნების გათვალისწინებით; ე) დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფები, ანგარიშსწორების პირობები;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდება უნდა განახორციელოს დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ დაწესებული ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს მომსახურებისათვის გამოყენებულ ქსელის შესაბამის ელემენტებზე, რესურსების და სიმძლავრეების უზრუნველყოფაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას, ოპერატორის უფლებას, მიიღოს გაწეულ ინვესტიციებზე გონივრული უკუგება, და ოპერატორის საკომუნიკაციო ქსელების შემდგომი განვითარებისა და გაფართოების გრძელვადიან ტენდენციას.
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი - სს „სილქნეტი“ ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალობა და საჯაროდ გამოაქვეყნოს რიგი ინფორმაცია, მათ შორის, ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების პირობები, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნების გათვალისწინებით და დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფები, ანგარიშსწორების პირობები. ამასთან, სს „სილქნეტმა“ დაშვების/ურთიერთჩართვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდებისას უნდა განახორციელოს დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფით, რაც კომისიის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად სს „სილქნეტმა“ არ განახორციელა. შესაბამისად, სს „სილქნეტის“ მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) და ე) ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილების 8.1 პუნქტის და 8.5 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა იგივე/მსგავს დარღვევას, სს „სილქნეტი“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს. ამავდროულად, სს „სილქნეტს“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა დაევალოს მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან და კომისიის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა 5 სამუშაო დღის ვადაში.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტების, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) და ე) ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 გადაწყვეტილების და „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. სს „სილქნეტს“ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 31-ე მუხლის დ) და ე) ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის და „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილების 8.1 პუნქტის და 8.5 პუნქტის გ) ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევის გამო;
2. დაევალოს სს „სილქნეტს“ წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან და კომისიის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სს „სილქნეტისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
