შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წინააღმდეგ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის საჩივრის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 08, 2017 17:01
მიღების თარიღი აპრილი 20, 2017
შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წინააღმდეგ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის საჩივრის განხილვის თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (22.03.2017 Nშ-6/2607-17) მიმართა შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია მეგა-ტვ“-იმ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან დაშვების განხორციელებაზე უარის თქმის გამო.
შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის საჩივარში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 21 მარტს კომპანიამ N019-17 განცხადებით მიმართა შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 522 მუხლის შესაბამისად განეხორციელებინა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან დაშვება, კომისიის მიერ განსაზღვრული დაშვების ტარიფის და შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ გამოქვეყნებული ოფერტის შესაბამისად. შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“ 2017 წლის 21 მარტის N33-17 წერილით უარი განაცხადა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის კანონიერი მოთხოვნის შესრულებაზე შესაბამისი რესურსის არარსებობის გამო.
მ ო თ ხო ვ ნ ა:
დაევალოს შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის სატელევიზიო სიგნალის ქუთაისის მულტიპლექსით გავრცელება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ სამაუწყებლო სტუდიის ტექნიკური შესაძლებლობების შესწავლის მიზნით, 2016 წლის 16 ნოემბერს, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი ინჟინერი ზ. გუძუაძე მივლინებულ იქნა ქ. ქუთაისში. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმით შესაძლებელია 22.12 მბტ/წმ სიჩქარით სატელევიზიო პროგრამის გადაცემის უზრუნველყოფა.
კომისიის მიერ საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 20 აპრილი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინებები ფოსტით გაეგზავნათ შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ და შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის. შეტყობინებებით, კომპანიებს განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისიის 2017 წლის 20 აპრილის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ დირექტორი თ. ღვინიანიძე და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის წარმომადგენელი ნ. თოშხუა.
შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ დირექტრომა კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ზე ადრე ავტორიზაცია (25.08.16) ქ. ქუთაისში მაუწყებლობაზე გაიარა შპს „ტელეკომპანია კავკასიამ“ (23.06.16) და შპს „სტარვიზიამ“ (9.06.16), თუმცა, მხოლოდ შპს „დამოუკიდებელმა კომპანია მეგა-ტვ“-იმ გამოხატა წერილობით სურვილი შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მულტიპლექსში განთავსების თაობაზე (შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის წერილი N069-16;19.09.2016). თამარ ღვინიანიძის განმარტებით იმ პერიოდში შპს „ტელერადიოკომპანია რიონში“ მიმდინარეობდა ტექნიკური სამუშაოები HD ფორმატზე გადასასვლელად, შესაბამისად, არ იყო ცნობილი მულტიპლექსში თავისუფალი რესურსის თაობაზე.
თამარ ღვინიანიძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია მეგა-ტვ“-იმ 2016 წლის 28 დეკემბერს კომისიაში შეიტანა საჩივარი შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წინააღმდეგ. 2017 წლის 9 თებერვლის სხდომაზე დავა მათ შორის მორიგებით დასრულდა. თამარ ღვინიანიძის განმარტებით, კომისიამ შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის განუსაზღვრა 4 თვიანი ვადა მულტიპლექსში განსათავსებლად, რომელიც კომპანიის მიერ იქნა გაშვებული, ხოლო აღნიშნულის გადასაფარად, შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია მეგა-ტვ“-იმ ახალი განცხადებით მიმართა კომისიას 2017 წლის თებერვლის თვეში და მოითხოვა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ გამოქვეყნებულ ოფერტაში დადგენილი ტარიფის შესწავლა.
კომისიის 2017 წლის 20 აპრილის სხდომაზე, თამარ ღვინიანიძემ დამატებით განმარტა, რომ ა/წ თებერვლის თვეში შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“ გაიარა ავტორიზაცია მუსიკალურ გასართობ არხზე (შპს „რიონი 2“), რომელიც 2017 წლის 16 თებერვლიდან მაუწყებლობს HD – 1080i/25 ფორმატში (შპს „რიონი I” – 11 მგბ/წმ, შპს „რიონი II“-10 მგბ/წმ). შესაბამისად, თავისუფალი რესურსის არარსებობის გამო ვერ განხორციელდა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
კომისიის 2017 წლის 20 აპრილის სხდომაზე შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის წარმომადგენელმა ნ. თოშხუამ განაცახადა, რომ შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია მეგა-ტვ“-იმ 2016 წლის 25 აგვისტოს გაიარა ავტორიზაცია ქ. ქუთაისის მულტიპლექსით მაუწყებლობაზე, რის შემდეგ კომპანიამ შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ მიმართა წერილით (19.09.2016) მოქმედი კანონდებლობისა და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად მოეხდინა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის მაუწყებლობის არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებითა და ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით დაშვება შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის საშუალებით. შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“ უარი განაცხადა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის კანონიერი მოთხოვნის შესრულებაზე, ვინაიდან თვითონ შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ მაუწყებლობდა საკუთარი მულტიპლექსით HD ფორმატით და სხვა არხის გატარების ტექნიკური საშუალება არ გააჩნდა. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ სამაუწყებლო სტუდიის ტექნიკური შესაძლებლობების შესწავლის მიზნით, კომისიის მიერ 2016 წლის ნოემბრის თვეში ჩატარებულ იქნა მონიტორინგი, რის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ საკუთარი პროგრამების გადაცემისათვის გამოყენებული სიჩქარით (15.3 მბტ/წმ), სატელევიზიო გადამცემის დარჩენილი რესურსით (22.12 – 15.3 = 6.82 მბტ/წმ) შესაძლებელია მინიმუმ სამი სტანდარტული გარჩევადომის (SD ფორმატში, 2.15 მბტ/წმ) სატელევიზიო პროგრამის გადაცემის უზრუნველყოფა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ არ განხორციელდა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეტა-ტვ“-ის დაშვება.
ნანა თოშხუამ დამატებით აღნიშნა, რომ 2017 წლის 31 იანვარს შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ გამოქვეყნდა ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლების თავისუფალ რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რითაც მიღწეულ იქნა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის მიზანი, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-იმ უარი განაცხადა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წინააღმდეგ შეტანილ განცხადებაზე და მოითხოვა განცხადების (30.12.2016 Nშ-6/13462-16) თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა, რასაც შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ გენერალური დირექტორი თამარ ღვინიანიძე დაეთანხმა.
შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ მიუხედავად იმასა, რომ კომპანია არ ეთანხმებოდა 2017 წლის 31 იანვრის მოწვევის ოფერტაში გამოქვეყნებულ დაშვების ტარიფს, 2017 წლის 13 თებერვალის N011/18 წერილით შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია მეგა-ტვ“-იმ ისევ მოთხოვა არხის SD ფორმატით გავრცელება, რაზეც შპს „ტელერადიოკომპანია რიონისგან“ უარი მიიღო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ი ითხოვს კომისიამ დაავალდებულოს შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის სატელევიზიო სიგნალის ქუთაისის მულტიპლექსით გავრცელება.
კომისიის 2017 წლის 20 აპრილის სხდომაზე რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის უფროსმა ს. შავგულიძემ აღნიშნა, რომ ევროპული სტანდარტი HD TV-სთვის ითვალისწინებს სამ მოდელს: HD-720p/50, 2HD-1080i/25 და HD1080p/50. EBU-ს (European Broadcasting Union) ტექნიკური ანგარიშის 015 მიხედვით HD – 1080i/25 H.264/AVC მოდელისთვის (აღნიშნულ მოდელს იყენებს შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“) ტიპიური მოთხოვნა ერთ პროგრამაზე განკუთვნილ ჯამურ სიჩქარეზე შეადგენს 9.1 მბტ/წმ-ს და არა 10 მბტ/წმ და 11 მბტ/წმ.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
- შპს ,,დამოუკუდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის საჩივარი (N6/2607-17; 22.03.2017);
- შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის 2017 წლის 21 მარტის N019-17 მიმართვა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მულტეპლექსთან დაშვების თაობაზე;
- შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონის“ 2017 წლის 21 მარტის N33-17 წერილი;
- კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2016 წლის 19 დეკემბრის N10/13106-16 მოხსენებითი ბარათი;
- კომისიის 2017 წლის 16 მარტის N8/784-17 წერილი შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ ქსელის თავისუფალ რესურსთან დაშვების მომსახურების ტარიფის შესახებ;
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ -ს შესახებ მონაცემები;
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელე რადიო კომპანია რიონის“ შესახებ მონაცემები;
- 2017 წლის 20 აპრილის კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის უფროსის ს. შავგულიძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება;
- 2017 წლის 20 აპრილის კომისიის სხდომაზე შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის წარმომადგენლების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ 2010 წლის 31 მარტიდან წარმოადგენს ელექტრონულ კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება; B.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი);
- შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ წარმოადგენს მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს 2015 წლის 14 ივლისიდან (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის ნომერი BR-243; მაწყებლობის ხანგძლივობა: 12 საათი; მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია: ციფრული (მეგა ტვ-ის მულტიპლექსი, სენაკის მულტიპლექსი, ქუთაისის მულტიპლექსი (25.08.2016; 15:08 საათი), ინტერნეტი და სხვა);
- შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ 2015 წლის 14 ივლისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა);
- შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ წარმოადგენს მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს 2015 წლის 14 ივლისიდან (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის ნომერი BR-219; მაწყებლობის ხანგრძლივობა: 12 საათი; მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია: ციფრული (რიონის მულტიპლექსი), ინტერნეტი და სხვა);
- კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 16 ნოემბერს შემოწმებულ იქნა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ სამაუწყებლო სტუდიის ტექნიკური მონაცემები, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ:
ა) შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ საკუთარი პროგრამების გადაცემისათვის გამოყენებული სიჩქარით (15.3 მბტ/წმ) სატელევიზიო გადამცემის დარჩენილი რესურსით (22.12 – 15.3 = 6.82 მბტ/წმ) შესაძლებელია მინიმუმ სამი სტანდარტული გარჩევადომის (SD ფორმატში, 2.15 მბტ/წმ) სატელევიზიო პროგრამის გადაცემის უზრუნველყოფა;
ბ) შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმით შესაძლებელია 22.12 მბტ/წმ სიჩქარით სატელევიზიო პროგრამის გადაცემის უზრუნველყოფა;
6. კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილებით - „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“, შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ მიენიჭა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული გეოგრაფიული კოორდინატებისა და ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით (ქ. ქუთაისში), 2015 წლის 17 ივნისიდან 10 წლის ვადით;
7. კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილების - „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“ მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ ვალდებულია მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მულტიპლექს- პლატფორმის სრულად ფორმირება და მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან მსურველი (საქართველოს ფარგლებში ავტორიზებული) მაუწყებლების არადისკრიმინაციული დაშვება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №862 განკარგულებით მოწონებული ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში (მოთხოვნიდან არაუგვიანეს 4 თვის ვადა).
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ–ერთი ფუნქციაა, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 522 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი და ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირი ვალდებული არიან, ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლები დაუშვან არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებით და ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით, აგრეთვე მიაწოდონ მათ ერთგვაროვანი ხარისხის მომსახურება;
5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილების - „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის“ მე-5 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ქსელის ლიცენზირებული/ავტორიზებული ოპერატორი ვალდებულია ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან ავტორიზებული მაუწყებლები დაუშვან არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებით და ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით, აგრეთვე მიაწოდოს მათ ერთგვაროვანი ხარისხის მომსახურება, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ქსელის ლიცენზირებული/ავტორიზებული ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან ავტორიზებული მაუწყებლის დაშვება, დაშვების წესით განსაზღვრული რიგითობის პროცედურის დაცვით;
6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილების - „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის“ მე-9 მუხლის შესაბამისად, ავტორიზებულ მაუწყებელსა და ქსელის ლიცენზირებულ/ავტორიზებულ ოპერატორს შორის დავას დაშვებასთან დაკავშირებით განიხილავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დააკისროს ჯარიმა;
კომისია განმარტავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 522 მუხლი (ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისა და ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლის დაშვების წესი) და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილება - „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესი“ განსაზღვრავს ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებულ მაუწყებელთა დაშვების პროცესში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისა“ და ავტორიზებული მაუწყებლების უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს, დაშვების წესს, დაშვების რიგითობას და პროცედურებს. ამასთან, განსაზღვრავს იმ სუბიექტების წრეს, ვისაც წარმოეშვება ღია საეთერო მულტიპლექსპლატორმებთან დაშვების მოთხოვნის უფლება. კერძოდ, აღნიშნული უფლება წარმოეშვებათ: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საეთერო მაუწყებლებს.
კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილებით - „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“, 21 ადგილობრივ მაუწყებელს, მათი გავრცელების არეალის მიხედით, მიენიჭათ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფორმირებისთვის და განესაზღვრათ მთელი რიგი ვალდებულებები. აღნიშნული გადაწყვეტილებით, შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ მიენიჭა სიხშირული რესურსი ქ.ქუთაისში მულტიპლექსპატფორმის ფორმირებისათვის, საკუთარი სამაუწყებლო არხის გავრცელებისთვის და დაეკისრა ვალდებულება ქსელის ფარგლებში არსებული რესურსის ღია საეთერო ან/და მომხმარებლისთვის უფასო კრიპტოკოდირებული (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული/ლიცენზირებული მაუწყებლის) სატელევიზიო პროგრამის გასავარცელებლად და მოთხოვნის არსებობის შემთხევაში ქსელის ფარგლებში არსებულ რესურსთან შესაბამის ზონაში მოქმედი ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლის არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებითა და ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით დაშვება და ერთგვაროვანი ხარისხის მომსახურების სახეების შეთავაზება.
კომისია განმარტავს, რომ კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილების - „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესი“ მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული მაუწყებელი ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში ჩართვის უფლების მოპოვების მიზნით ვალდებულია: წერილობით მიმართოს ქსელის ლიცენზირებულ/ავტორიზებულ ოპერატორს დაშვების თაობაზე; ამ მუხლით დადგენილი წესით გააფორმოს ხელშეკრულება დაშვების თაობაზე ქსელის ლიცენზირებულ/ავტორიზებულ ოპერატორთან; ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) შესაბამისად, ქსელის ლიცენზირებულ/ავტორიზებულ ოპერატორს მიაწოდოს მაუწყებლობის სიგნალი ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში განსათავსებლად საკუთარი ხარჯით, უწყვეტად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ი წარმოადგენს საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაციის ფარგლებში მოპოვებული აქვს უფლება გავრცელდეს, როგორც საკუთარი მულტიპლექსით ხონის ტერიტორიაზე, ასევე შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მულტიპლექსით ქუთაისის ტერიტორიაზე. პირველად შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია მეგა-ტვ“-იმ 2016 წლის 19 სექტემბერს N069-16 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის: N6/10083-16; 21.09.2016) მიმართა შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 522 მუხლის შესაბამისად განეხორციელებინა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებითა და ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფით ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან დაშვება. შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“ 2016 წლის 23 სექტემბრის N83-16 წერილით უარი განაცხადა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის კანონიერი მოთხოვნის შესრულებაზე, შესაბამისი რესურსის არარსებობის გამო. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის დასკვნიდან (N10/13106-16, 19.12.2016) გამოვლინდა, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ საკუთარი პროგრამების გადაცემისათვის გამოყენებული სიჩქარით (15.3 მბტ/წმ), სატელევიზიო გადამცემის დარჩენილი რესურსით (22.12 – 15.3 = 6.82 მბტ/წმ) საკუთარ მულტიფლექსში დარჩენილი ჰქონდა თავისუფალი რესურსი, რაც სამი სტანდარტული გარჩევადობის სატელევიზიო პროგრამის გადაცემის შესაძლებლობას აძლევდა. შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია მეგა-ტვ“-იმ 2016 წლის 20 დეკემბერს N6/13462-16 საჩივრით მიმართა კომისიას შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან დაშვების განხორციელებაზე უარის თქმის გამო. კომისიის 2017 წლის 9 თებერვლის N91/16 გადაწყვეტილებით შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის განცხადების (30.12.2016 Nშ-6/13462-16) თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა, შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ მოწვევის ოფერტის გამოქვეყნების და მხარეების მორიგების გამო.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2016 წლის 18 მაისს, საქართველოს მთავრობის №862 განკარგულებით მოწონებულ იქნა ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და შესაბამისი რეკომენდაციების II ეტაპი, რომლითაც, არსებული მდგომარეობისა და ადგილობრივი მაუწყებლების თხოვნის გათვალისწინებით, ადგილობრივ მაუწყებლებს/ადგილობრივ მაუწყებელთა გაერთიანებებს ადგილობრივი მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის/მულტიპლექს პლატფორმის სრულად ფორმირების ვადად განესაზღვრათ, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმისა და კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული ვადა, არაუგვიანეს 2017 წლის 1 მარტი, ხოლო მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, მულტიპლექსპლატფორმის სრულად ფორმირებისათვის და მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან მსურველი (საქართველოს ფარგლებში ავტორიზებული) მაუწყებლების არადისკრიმინაციული დაშვებისათვის, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 4 თვის ვადა.
შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია მეგა-ტვ“-იმ 2016 წლის 25 აგვისტოს გაირა ავტორიზაცია შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მულტიპლექსით მაუწყებლობაზე. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილების - „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის“ მე-5 მუხლით დადგენილია მიმართვის ორ თვიანი ვადა, რომლის დაცვითაც, 2016 წლის 19 სექტემბერს N069-16 წერილით შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია მეგა-ტვ“-იმ მიმართა შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ „ელექტრონული კომოუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 522 მუხლის შესაბამისად, განეხორციელებინა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან დაშვება. შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ მომართვიდან 4 თვის ვადაში უნდა მოეხდინა საკუთარი მულტიპლექსპლატფორმის ფორმირება, მოწვევის ოფერტის გამოქვეყნება, შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ისთან ხელშეკრულების გაფორმება და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის მიერ მიტანილი სიგნალის შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მულტიპლექსით გავრცელება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ მოწვევის ოფერტა გამოქვეყნდა ვადების დარღვევით (2017 წლის 31 იანვარს) და მხოლოდ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის მიერ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წინააღმდეგ კომისიაში შემოტანილი საჩივრის შემდეგ.
შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-იმ 2017 წლის 3 თებერვლის N03/17 წერილით კომისიისგან (კომისიაში რეგისტრაციის: N6/10661-17, 3.02.17) მოითხოვა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ 2017 წლის 31 იანვრის შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ ზონაში მოქმედი ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლების თავისუფალ რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადებაში გამოქვეყნებული დაშვების ტარიფის (1 მგბ/წმ-ით 2360 ლარი) შესწავლა დანახარჯებზე ორიენტირებულობის ნაწილში, ხოლო დასკვნის წარმოდგენამდე 13 თებერვლის N011/18 წერილით თანხმობა განუცხადა შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ 2017 წლის 31 დეკემბრის ოფერტაში გამოქვეყნებული დაშვების ტარიფით გაეფორმებინათ ხელშეკრულება. 2017 წლის 14 თებერვლის N13-17 წერილით შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“ კვლავ უარი განუცხადა შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის საკუთარ მულტიპლექსში დაშვებაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მოწვევის ოფერტაში გამოქვეყნებული დაშვების ტარიფი. შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ ქსელის თავისუფალ რესურსთან დაშვების მომსახურების ტარიფის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ ქსელის თავისუფალ რესურსებთან დაშვების დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფი ღია ეთერით 1 მგბ/წმ-ით გავრცელებისთვის თვეში, არ უნდა აღემატებოდეს 753 ლარს (გადასახადების გარეშე) (2017 წლის 31 იანვრის ოფერტაში 2,360 ლარი), შესაბამისად სტანდარტული გარჩევადობის ერთ SD არხზე (2,15 მგბ/წმ) დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს თვეში 1,620 ლარს (გადასახადების გარეშე) (კომისიის 2017 წლის 16 მარტის N8/784-17 წერილი).
აღნიშნულის შესაბამისად შპს „ტელერადიოკომპანი რიონმა“ ცვლილება შეიტანა 2017 წლის 31 იანვრის მოწვევის ოფერტაში და ქუთაისის ზონაში ღია ეთერით 1 მგბ/წმ-ით გავრცელების ტარიფად 753 ლარი (გადასახადების გარეშე) დაადგინა.
2017 წლის 21 მარტს, შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია მეგა ტვ“-იმ კიდევ ერთხელ მიმართა შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 522 მუხლის შესაბამისად განეხორციელებინა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან დაშვება, კომისიის მიერ განსაზღვრული დაშვების ტარიფის და შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ გამოქვეყნებული ოფერტის შესაბამისად. შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“ 2017 წლის 21 მარტის N33-17 წერილით უარი განაცხადა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის კანონიერი მოთხოვნის შესრულებაზე, შესაბამისი რესურსის არარსებობის გამო.
კომისია აღნიშნავს, რომ EBU-ს ტექნიკური ანგარიშის 015 მიხედვით HD–1080i/25 H.264/AVC ფორმატით გავრცელებისთვის ერთ პროგრამაზე განკუთვნილი ჯამური სიჩქარე შეადგენს 9.1 მბტ/წმ-ს, შესაბამისად, შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ საკუთარი მულტიპლექსით ორი სამაუწყებლო არხის (შპს „რიონი I“ და შპს „რიონი II“) გადაცემის შემთხვევაშიც კი ათვისებული იქნება 18.22 მბტ/წმ სიჩქარე, ხოლო მულტიპლექსში დარჩენილი რესურსით (3.92 მბტ/წმ) შესაძლებელია ერთი სტანდარტული გარჩევადობის (SD ფორმატში 2.15 მბტ/წმ) სატელევიზიო არხის გადაცემის უზრუნველყოფა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ უარი შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის კანონიერი მოთხოვნის შესრულებაზე, რესურსის არარსებობის გამო, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
კომისიას აღნიშნავს, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იკვეთება შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 522 მუხლით და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილებით - „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესი“ - გათვალისწინებული, ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან მოქმედი საეთერო მაუწყებლის დაშვების წესების შეუსრულებლობა, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ ადგილი არ აქვს ბოლო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას, კომპანია წერილობით უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის საჩივარი, ხოლო შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ უნდა დაევალოს: შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის სამაუწყებლო სიგნალის შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში (ქუთაისის მულტიპლექსი) არსებულ თავისუფალ რესურსთან დაშვება.
კომისია ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვადლებულებაზე ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ანალოგური მიწისზედა ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე მიგრაცია სახელმწიფო მნიშვნელობის ფართომასშტაბიან რეფორმა იყო, რომელიც მთავრობის მიერ განსაზღვრული სამოქმედო გეგმისა და რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა. აღნიშნული რეფორმის მთავარ მიზანს გამოხატვის თავისუფლებისა და მედია პლურალიზმის ხელშეწყობა, სამაუწყებლო ბაზრის, საქართველოში წარმოებული სამაუწყებლო კონტენტის განვითარება, მრავალფეროვანი და მაღალხარისხიანი საეთერო სამაუწყებლო კონტენტის მომხმარებელისთვის წვდომის უზრუნველყოფა და საქართველოში ინფორმაციული საზოგადოების განვითარება წარმოადგენდა. ადგილობრივი მაუწყებლების ინტერესების გათვალისწინებით, ადგილობრივ საეთერო მაუწყებლებს სახელმწიფომ უსასყიდლოდ მიანიჭა სიხშირეები ადგილობრივი მულტიპლექსპლატფორმის ფორმირებისთვის, საკუთარი სამაუწყებლო სიგნალის გავრცელებისთვის და მედია პლურალიზმის უზრუნველყოფისთვის დააკისრა მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში სხვა სამაუწყებლო სიგნალის უპირობო გავრცელების ვალდებულება. ვინაიდან, შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მხრიდან შვიდი თვის განმავლობაში ადგილი აქვს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის კანონიერი ინტერესის (შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მულტიპლექსით გავრცელება) უგულველყოფას, რაც სრულ წინააღმდეგობაშია ზემოაღნიშნულ რეფორმის მიზნებთან, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის გადაწყვეტილება „შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წინააღმდეგ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის საჩივრის განხილვის თაობაზე“ მიქცეულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ აღსრულებისათვის.
V. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 522 მუხლის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილების - „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“ შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 522 მუხლის, კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილების - „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“ დარღვევის გამო;
- შპს „ტელერადიოკომპაია რიონმა“ უზრუნველყოს ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის დაშვება 7 კალენდარული დღის ვადაში;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელერადიოკომპანია რიონისათვის“ და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ისთვის გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ი. ხარებავა);
- აღნიშნული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსრულებისათვის;
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელერადიოკომპანია რიონისათვის“ და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ისთვის ჩაბარებისთანავე;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., N6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
