წვდომის მენიუ

შპს „ტ-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 274 / 18

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2017 11:57

მიღების თარიღი აპრილი 20, 2017

შპს „ტ-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში: „კომისია“) აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის 2017 წლის 10 აპრილის N10/3014-17 მოხსენებითი ბარათისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N000116 ოქმის საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტ-ნეტის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო, შპს „ტ-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში მითითებულია, რომ შპს „ტ-ნეტის“ მიერ ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში ავტორიზაციის გარეშე ტყიბულისა და ტყიბულის გარშემო დასახლებაში ინტერნეტ მომსახურების მიწოდება დაახლოებით 500 აბონენტზე, რაც წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, რასაც დაეთანხმა შპს „ტ-ნეტის“ დირექტორი რევაზ აბულაძე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 10 აპრილი, 15:00 საათი, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა  შპს „ტ-ნეტს“ (10.04.2017, N03/992-17). შპს „ტ-ნეტს“ გაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და  განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება, აგრეთვე ის, რომ  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

კომისიის 2017 წლის 13 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტ-ნეტის“ დირექტორი რევაზ აბულაძე.   საკითხის განხილვა, დამატებითი მოკვლევის მიზნით,  კომისიის გადაწყვეტილებით გადატანილ იქნა 2017 წლის 20 აპრილს, რის თაობაზეც რევაზ აბულაძე გაფრთხილდა კომისიის სხდომაზე.

შპს „ტ-ნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2017 წლის 20 აპრილის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა კომპანიის დირექტორი რევაზ აბულაძე. შპს „ტ-ნეტის“ დირექტორმა აღიარა ავტორიზაციის გარეშე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა, კერძოდ, ფიზიკური პირებისათვის უსადენო ინტერნეტ (WiFi) მომსახურებების მიწოდება შესაბამისი ნებართვის გარეშე. რევაზ აბულაძემ კომისიის სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ შპს „ტ-ნეტმა“ ავტორიზაცია ინტერნეტ მომსახურებაზე 2017 წლის 7 აპრილს გაიარა.

II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

  1.  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/3014-17, 10.04.2017);
  2. 2017 წლის 7 აპრილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000116;
  3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტ-ნეტის“ შესახებ მონაცემები;
  4. შპს „ტ-ნეტის“ დირექტორის მიერ კომისიის 2017 წლის 20 აპრილის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III. კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

  1. შპს „ტ-ნეტი“ 2017 წლის 7 აპრილიდან  არის ავტორიზებული პირი  (ავტორიზაციის სახეები: A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: WiFi);
  2. 2017 წლის 7 აპრილს შპს „ტ-ნეტის“ მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N000116, მის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობისთვის, კერძოდ, ტყიბულის რაიონში ფიზიკური პირებისათვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდებისთვის;
  3. შპს „ტ-ნეტის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხის (ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა) განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში; 2017 წლის 20 აპრილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმი №000116  შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლები ც. უჯმაჯურიძე და სამართალდამრღვევი შპს „ტ-ნეტის“ დირექტორი რ. აბულაძე, რომელსაც წარედგინა აღნიშნული ოქმი.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;

2.  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის 141-ე, 142-ე, 1441 და 1443–1445 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას;

4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 1441 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 7 დღის ვადაში; ხოლო, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ განხილვა უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე 7 დღის ვადაში;

6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას ორგანო (თანამდებობის პირი) წყვეტს შემდეგ საკითხებს: 1) განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა; 2) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები; 3) ეცნობათ თუ არა საქმის განხილვის მონაწილე პირებს საქმის განხილვის დრო და ადგილი; 4) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები; 5) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, დაზარალებულის, კანონიერი წარმომადგენლების, ადვოკატის შუამდგომლობები;

7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტ-ნეტის“  მიერ 2016 წლის თებერვლის თვიდან 2017 წლის 7 აპრილამდე  ბოლო მომხმარებლისთვის (აბონენტისთვის) ინტერნეტ მომსახურების მიწოდებით, აღნიშნულ მომსახურებაზე შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე,   დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა, რაც იწვევს პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით 5000 ლარის ოდენობით, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტ-ნეტს“ უნდა დაეკისროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა - 5000 ლარი.

V. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის,  228-ე მუხლის, 260-ე მუხლის და 264-ე მუხლის,  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-16 და მე-18 პუნქტების და 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაეკისროს ჯარიმა შპს „ტ-ნეტს“ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის, კერძოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობისთვის;

2. უზრუნველყოს შპს „ტ-ნეტმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300273251

3. უზრუნველყოს შპს „ტ-ნეტმა“ ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტ-ნეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5.   გადაწყვეტილება ძალაში შედის შპს „ტ-ნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტს (ნ. დევდარიანი).

კომისიის თავმჯდომარე                                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                კახი  ბექაური

კომისიის წევრი                                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები