წვდომის მენიუ

შპს ,,მაგთიკომის“ 2017 წლის 20 აპრილის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ

ნომერი: 276 / 22

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2017 15:09

მიღების თარიღი აპრილი 21, 2017

შპს ,,მაგთიკომის“ 2017 წლის 20 აპრილის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიაში 2017 წლის 28 მარტს შემოვიდა შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს-ის“ საჩივარი (შ-6/2726-17; 28.03.2017) შპს „მაგთიკომის“ მიერ მასთან არსებული ურთიერთჩართვის ნაწილობრივ შეჩერებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მისი განცხადებით, 2017 წლის 24 მარტის დღის მეორე ნახევრიდან შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში არ ხდება შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის ქსელიდან საერთაშორისო ზარების დასრულება.

შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს-ის“ საჩივრის საფუძველზე კომისიამ 2017 წლის 6 აპრილს დანიშნა სხდომა შპს ,,მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის საჩივარის  განხილვის მიზნით. კომისიის სხდომის ჩატარების თარიღის, დროისა და ადგილის თაობაზე შეტყობინებები (№03/935-17; 03.04.2017; №03/936-17; 03/04.2017) შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს და შპს ,,მაგთიკომს“ ჩაბარდათ 2017 წლის 3 აპრილს.

კომისიის 2017 წლის 3 აპრილის შეტყობინებით შპს ,,მაგთიკომს“ მოეთხოვა კომისიის 2017 წლის 6 აპრილის სხდომამდე შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა: წერილობითი შეპასუხება და საჩივართან დაკავშირებით კომისიაში არსებული დოკუმენტაცია სრულად, ასევე, კომპანიაში დაცული საბილინგო მონაცემები შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ შპს „მაგთიკომის“ ქსელში 2017 წლის 28 თებერვლიდან 25 მარტამდე პერიოდში დასრულებულ საერთაშორისო ზარებთან დაკავშირებით (მობილური და ფიქსირებული ქსელების მიხედვით ცალ-ცალკე) დარიცხვის და მიღებული შემოსავლების თაობაზე (წუთების რაოდენობისა და დარიცხული თანხის მითითებით) იმგვარად, რომ წარმოდგენილი მონაცემებიდან მკაფიოდ ჩანდეს საავანსო ანგარიშზე რიცხული თანხის ნაშთი ლარებში ზემოთ მითითებული პერიოდის განმავლობაში, ყოველი დღისთვის ცალ-ცალკე.

კომისიის 2017 წლის 3 აპრილის შეტყობინებით შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის“ მოეთხოვა კომისიის 2017 წლის 6 აპრილის სხდომამდე შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა: საჩივართან დაკავშირებით კომპანიაში არსებული დოკუმენტაცია სრულად, მათ შორის, კომისიაში წარმოადგინოთ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ შპს ,,მაგთიკომისთვის“ გადახდილი ავანსებისა და მიღებული მომსახურების შესახებ ტექნიკური და ფინანსური ინფორმაცია ყოველდღიური ნაშთის მითითებით. ასევე, საჩივარში მითითებული 3817,18 ლარის ოდენობის დავალიანების წარმომავლობისა და ისტორიული მონაცემების განმარტება.

კომისიის 2016 წლის 6 აპრილის სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელი დ. ძიძიგური და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის წარმომადგენელი ზ. ლუტიძე. კომისიის სხდომაზე შპს ,,მაგთიკომმა“ იშუამდგომლა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ კომისიის მიერ 2017 წლის 3 აპრილის შეტყობინებით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენისთვის განსაზღვრული  2 სამუშაო დღე არ იყო საკმარისი მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენისთვის, ასევე, წერილობითი პოზიციის წარმოდგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვებისთვის. შპს ,,მაგთიკომის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საკითხის განხილვა გადაიდო 2017 წლის 13 აპრილისთვის. 2017 წლის 13 აპრილს დანიშნული სხდომა შპს ,,მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის საჩივარის  განხილვის თაობაზე გადაიდო 2017 წლის 20 აპრილისთვის, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილდნენ.

2017 წლის 20 აპრილის სხდომას ესწრებოდნენ  შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელი დ. ძიძიგური და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის წარმომადგენელი ზ. ლუტიძე. შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საკითხი ეხება ავტორიზებულ პირებს შორის დავის განხილვას და დავის განხილვის შემთხვევაში კომისიამ უნდა ჩანიშნოს მოსამზადებელი სხდომა. მისი განცხადებით, კომისიამ ამავე დღეს განიხილა ანალოგიური საკითხი სს ,,სილქნეტთან“ მიმართებაში და გადაწყვეტილება სს ,,სილქნეტს“ უნდა ეცნობოს 2 დრის ვადაში. შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მან კომისიის წინაშე იშუამდგომლა კომისიამ იმსჯელოს შპს ,,მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის საჩივარის  განხილვის მიზნით კომისიის მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის თაობაზე და აცნობოს შპს ,,მაგთიკომს“ აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის  თხოვნით, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, შუამდგომლობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანო 2 დღის ვადაში იღებს ერთერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობისას კოლეგიური საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესების გათვალისწინებით, კომისიამ 2017 წლის 21 აპრილს გამოაქვეყნა კომისიის №24 დღის წესრიგის პროექტი, რომელშიც შეტანილ იქნა შპს „მაგთიკომის“ 2017 წლის 20 აპრილის შუამდგომლობის განხილვის საკითხი და სხდომა აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით გამართა 2017 წლის 21 აპრილს.

კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების განხილვისა და გადაწყვეტის წესები განსაზღვრულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავით. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია მხარეებს აცნობებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას, მისი ჩატარების დღეს, დროსა და ადგილს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,მაგთიკომის“ 2017 წლის 20 აპრილის შუამდგომლობა შპს ,,მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის საჩივარის  განხილვის მიზნით კომისიის მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის თაობაზე  უნდა დაკმაყოფილდეს და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის წინააღმდეგ შპს ,,სითი ტელეკომის“ საჩივრის განხილვის მიზნით მოსამზადებელი სხდომა დაინიშნოს 2017 წლის 25 აპრილს, 15:00 საათზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 98-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.     დაკმაყოფილდეს შპს ,,მაგთიკომის“ 2017 წლის 20 აპრილის შუამდგომლობა შპს ,,მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის საჩივარის  განხილვის მიზნით კომისიის მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის თაობაზე;

2.     შპს ,,მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის საჩივარის  განხილვის მიზნით კომისიის მოსამზადებელი სხდომა დაინიშნოს 2017 წლის 25 აპრილს, 15:00 საათზე;

3.     გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,მაგთიკომისა“ და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ისთვის ჩაბარების დღიდან;

4.     გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5.     დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების შპს ,,მაგთიკომისთვის“ და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა.

კომისიის თავმჯდომარე                                                    ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                               ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                               კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                               გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                               მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები