წვდომის მენიუ

სს „სილქნეტის“ 2017 წლის 20 აპრილის შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე

ნომერი: 277 / 22

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2017 15:07

მიღების თარიღი აპრილი 21, 2017

სს „სილქნეტის“ 2017 წლის 20 აპრილის შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიაში 2017 წლის 20 მარტს შემოვიდა შპს ,,სითი ტელეკომის“ საჩივარი (20.03.2017; Nშ-6/2541-17) სს ,,სილქნეტის“ მიერ შპს ,,სითი ტელეკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის  საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ნაწილში კომისიის თანხმობის გარეშე შეჩერებასთან დაკავშირებით. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი შპს ,,სითი ტელეკომის“ საჩივრის თაობაზე კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს რეაგირებისთვის გადაეცა 2017 წლის 10 აპრილს, რის შემდგომ კომისიის სხდომა სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ შპს „სითი ტელეკომის“ საჩივრის განხილვის მიზნით, სააღდგომო უქმე დღეების გათვალისწინებით, დაინიშნა 2017 წლის 20 აპრილს. კომისიის სხდომის ჩატარების თარიღის, დროისა და ადგილის თაობაზე შეტყობინებები (№03/1083-17; 18.04.2017; №03/1084-17; 18.04.2017) შპს ,,სითი ტელეკომს“ და სს ,,სილქნეტს“ ჩაბარდათ 2017 წლის 18 აპრილს. შეტყობინებით სს ,,სილქნეტს“ მოეთხოვა 2017 წლის 20 აპრილამდე შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა: წერილობითი შეპასუხება და საჩივართან დაკავშირებით კომპანიაში არსებული დოკუმენტაცია სრულად, სს ,,სილქნეტში“ დაცული საბილინგო მონაცემები შპს  ,,სითი ტელეკომის“ მიერ სს „სილქნეტის“ ქსელში 2017 წლის პირველი მარტიდან 20 მარტამდე პერიოდში დასრულებულ საერთაშორისო ზარებთან დაკავშირებით (მობილური და ფიქსირებული ქსელების მიხედვით ცალ-ცალკე) დარიცხვის და მიღებული შემოსავლების თაობაზე (წუთების რაოდენობისა და დარიცხული თანხის მითითებით) იმგვარად, რომ წარმოდგენილი მონაცემებიდან მკაფიოდ ჩანდეს საავანსო ანგარიშზე რიცხული თანხის ნაშთი ლარებში ზემოთ მითითებული პერიოდის განმავლობაში, ყოველი დღისთვის ცალ-ცალკე. შეტყობინებით, შპს „სითი ტელეკომს“ მოეთხოვა 2017 წლის 20 აპრილამდე შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა: საჩივართან დაკავშირებით შპს ,,სითი ტელეკომში“ დაცული დოკუმენტაცია სრულად,  მათ შორის, შპს ,,სითი ტელეკომის“ მიერ სს ,,სილქნეტისთვის“ გადახდილი ავანსებისა და მიღებული მომსახურების შესახებ ტექნიკური და ფინანსური ინფორმაცია ყოველდღიური ნაშთის მითითებით და ასევე, თქვენს საჩივარში მითითებული სს ,,სილქნეტის“ 2017 წლის 28 თებერვლის შეტყობინება შემომავალ საერთაშორისო ზარებზე ტარიფის დაანგარიშების პირობების თაობაზე. შპს „სითი ტელეკომმა“ მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომისიაში წარმოადგინა 2017 წლის 20 აპრილს, კომისიის სხდომამდე.

2017 წლის 20 აპრილის კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს „სითი ტელეკომის“ დირექტორი ნ. ადეიშვილი და კომპანიის წარმომადგენელი უ. სეთური, ასევე, სს „სილქნეტის“ წარმომადგენლები კ. ყურაშვილი და ნ. ნიჟარაძე.

კომისიის სხდომაზე სს ,,სილქნეტს“ გადაეცა შპს ,,სითი ტელეკომის“ მიერ კომისიის სხდომამდე წარმოდგენილი დოკუმენტაცია.

სს ,,სილქნეტმა“ წარმოადგინა შუამდგომლობა (№შ-6/3221-17; 20.04.2017; თანდართული დოკუმენტაცია: კომისიის 2017 წლის 20 აპრილის N12 ზეპირი მოსმენის დღის წესრიგი; კომისიის 2017 წლის 20 აპრილის N23 სხდომის დღის წესრიგი; მინდობილობა) საკითხის განხილვის გადადებისა და სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ შპს ,,სითი ტელეკომის“ საჩივრის განხილვის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 თავით დადგენილი წესით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

სს ,,სილქნეტის“ განცხადებით, მიმდინარე წლის 18 აპრილს სს ,,სილქნეტს“ ჩაბარდა კომისიის 2017 წლის 18 აპრილის შეტყობინება, სადაც აღნიშნულია, რომ 2017 წლის 20 აპრილის 15:00 საათზე კომისიაში განიხილება შპს ,,სითი ტელეკომის“ საჩივარი სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ. ამავე შეტყობინებით, კომისიის მიერ 20 აპრილამდე მოთხოვნილ იქნა წერილობითი შეპასუხებისა და დოკუმენტაციის წარმოდგენა, კერძოდ, სს ,,სილქნეტში“ დაცული საბილინგო მონაცემები შპს  ,,სითი ტელეკომის“ მიერ სს „სილქნეტის“ ქსელში 2017 წლის პირველი მარტიდან 20 მარტამდე პერიოდში დასრულებულ საერთაშორისო ზარებთან დაკავშირებით (მობილური და ფიქსირებული ქსელების მიხედვით ცალ-ცალკე) დარიცხვის და მიღებული შემოსავლების თაობაზე (წუთების რაოდენობისა და დარიცხული თანხის მითითებით) იმგვარად, რომ წარმოდგენილი მონაცემებიდან მკაფიოდ ჩანდეს საავანსო ანგარიშზე რიცხული თანხის ნაშთი ლარებში ზემოთ მითითებული პერიოდის განმავლობაში, ყოველი დღისთვის ცალ-ცალკე.

სს ,,სილქნეტის“ განცხადებით, კომისიის 2017 წლის 18 აპრილის შეტყობინებით მოთხოვნილი  ზემოაღნიშნული ინფორმაცია და დოკუმენტაცია საჭიროებს კომპანიის მხრიდან მომზადებას და აღნიშნულისთვის ერთი სამუშაო დღე (19 აპრილი) საკმარისი არ არის. სს ,,სილქნეტის“ განმარტებით, კომპანიაში ფიზიკურად ვერ მოესწრება ყველა იმ დოკუმენტაციის და ინფორმაციის მომზადება, რაც კომისიის მიერ არის მოთხოვნილი. აღნიშნული 1 სამუშაო დღე ასევე არ არის საკმარისი კომპანიის მხრიდან განსახილველ საკითხთან დაკავშირებით პოზიციისა და ახსნა-განმარტებების მოსამზადებლად. ამასთან, კომისიის სხდომაზე მისთვის გადაცემული შპს ,,სითი ტელეკომის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და შესაბამისი არგუმენტაციის მომზადების მიზნით, სჭირდება დრო.

სს ,,სილქნეტის“ განცხადებით, სს ,,სილქნეტის“ მიერ კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 28 თებერვლის №08/634-17, 2017 წლის 2 მარტის №08/678-17 და 2017 წლის 10 მარტის №08/748-17 წერილები, რომლითაც ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, სს ,,სილქნეტს“ განემარტათ საერთაშორისო ზარების დასრულების ტარიფის შემადგენლობა, რაც სს ,,სილქნეტის“ განმარტებით, კომისიის მხრიდან ნიშნავს ავტორიზებული პირებისთვის საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურებაზე ტარიფის დადგენას, გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. სს ,,სილქნეტის“ განცხადებით, კომპანიას ასევე დაყენებული აქვს შუამდგომლობა აღნიშნული წერილების მოქმედების შეჩერების თაობაზე სასამართლო დავის დასრულებამდე და ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ მიუღია პასუხი შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

სს ,,სილქნეტის“ განცხადებით, კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია კომისიის 2017 წლის N12 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგი და N23 ძირითადი სხდომის დღის წესრიგი. სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ შპს ,,სითი ტელეკომის“ საჩივრის განხილვის საკითხი არც ერთ ზემოაღნიშნულ გამოქვეყნებულ დღის წესრიგში გათვალისწინებული არ არის. გარდა ამისა, სს „სილქნეტის“ განმარტებით, მათთვის გაუგებარია რა პროცედურების მიხედვით იხილავს კომისია შპს ,,სითი ტელეკომის“ საჩივარს.

სს ,,სილქნეტის“ განცხადებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს შორის დავები (მათ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავები) კომისიამ უნდა განიხილოს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 თავით დადგენილი წესით. კანონი, დავის განხილვის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ითვალისწინებს ჯერ მოსამზადებელი სხდომის ჩანიშვნას, ხოლო შემდგომ უკვე დავის განხილვას; კერძოდ, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში თუ კომისია იხილავს შპს ,,სითი ტელეკომის“ საჩივარს, რომელიც დაკავშირებულია შპს „სითი ტელეკომსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის ურთიერთჩართვის შეჩერებასთან, (როგორც ამას თვლის კომისია), კომისია ვალდებულია აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით ჯერ ჩაინიშნოს მოსამზადებელი სხდომა, ხოლო შემდგომ მოსამზადებელ სხდომაზე იმსჯელოს დავის განხილვის დღის წესრიგის დანიშვნის თაობაზე.

სს ,,სილქნეტმა“ თავის შუამდგომლობაში ასევე მიუთითა კომისიაში დავის განხილვის შეჯიბრებითობის პრინციპზე, ასევე, ადმინისტრაციული წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარის მიერ მტკიცებულებების, საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით შუამდგომლობების წარმოდგენის უფლებაზე და ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაზე თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, სს ,,სილქნეტმა“ კომისიის წინაშე დააყენა შემდეგი შუამდგომლობა:

  1. კომისიამ გადადოს საკითხის განხილვა ისე, რომ სს ,,სილქნეტს“ ჰქონდეს გონივრული ვადა  განსახილველ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის ჩამოსაყალიბებლად და ახსნა-განმარტებებისა და მტკიცებულებების წარმოსადგენად;
  2. კომისიამ სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ შპს სითი ტელეკომის“ საჩივრის განხილვა აწარმოოს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 თავით დადგენილი წესით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის  თხოვნით, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, შუამდგომლობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანო 2 დღის ვადაში იღებს ერთერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობისას კოლეგიური საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესების გათვალისწინებით, კომისიამ 2017 წლის 21 აპრილს გამოაქვეყნა კომისიის №24 დღის წესრიგის პროექტი, რომელშიც შეტანილ იქნა სს „სილქნეტის“ 2017 წლის 20 აპრილის შუამდგომლობის განხილვის საკითხი და სხდომა აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით გამართა 2017 წლის 21 აპრილს.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ,,სილქნეტის“ შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე დაკმაყოფილდა კომისიის 2017 წლის 20 აპრილის სხდომაზე და კომისიის სხდომის გამართვის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 25 აპრილი, ხოლო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 თავით დადგენილი წესით სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ შპს ,,სითი ტელეკომის“ საჩივრის განხილვის წარმოების მოთხოვნასთან დაკავშირებით კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების განხილვისა და გადაწყვეტის წესები განსაზღვრულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავით. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია მხარეებს აცნობებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას, მისი ჩატარების დღეს, დროსა და ადგილს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს ,,სილქნეტის“ 2017 წლის 20 აპრილის  შუამდგომლობა  სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ შპს ,,სითი ტელეკომის“ საჩივრის განხილვის  მიზნით კომისიის მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ შპს ,,სითი ტელეკომის“ საჩივრის განხილვის მიზნით მოსამზადებელი სხდომა დაინიშნოს 2017 წლის 25 აპრილს, 15:00 საათზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე, 53-ე და 98-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. დაკმაყოფილდეს სს ,,სილქნეტის“ 2017 წლის 20 აპრილის შუამდგომლობა  სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ შპს ,,სითი ტელეკომის“ საჩივრის განხილვის  მიზნით კომისიის მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის თაობაზე;
  2. სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ შპს ,,სითი ტელეკომის“ საჩივრის განხილვის მიზნით კომისიის მოსამზადებელი სხდომა დაინიშნოს 2017 წლის 25 აპრილს, 15:00 საათზე;
  3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის სს ,,სილქნეტისთვის“ და შპს ,,სითი ტელეკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;
  4. გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
  5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების სს ,,სილქნეტისთვის“ და შპს ,,სითი ტელეკომისთვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა.

კომისიის თავმჯდომარე                                               ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                               ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                               კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                               გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                               მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები