წვდომის მენიუ

შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ისა და შპს ,,მაგთიკომს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 279 / 16

გამოქვეყნების თარიღი მაისი 18, 2017 18:39

მიღების თარიღი აპრილი 25, 2017

შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ისა და შპს ,,მაგთიკომს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით დავის განხილვის დღის დანიის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის საჩივარი (№შ-6/2726-17; 28.09.2017), რომლის თანახმად, 2017 წლის 24 მარტს შპს „მაგთიკომმა“ შეტყობინებისა და გაფრთხილების გარეშე შეუჩერა მას ურთიერთჩართვა შპს „მაგთიკომის“ ქსელში საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში.

საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომის“ 2016 წლის პირველი აგვისტოს მოწვევის ოფერტის ვადა განისაზღვრა 2017 წლის პირველ მარტამდე, ხოლო ახალი ოფერტა არ არის გამოქვეყნებული. ამასთან, შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის განცხადებით, 2017 წლის პირველი მარტის მდგომარეობით შპს „მაგთიკომს“ ერიცხება შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის დავალიანება 3817,18 ლარის ოდენობით.

შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის განცხადებით, შპს „მაგთიკომს“ ურთიერთჩართვის შეჩერების მოთხოვნით  არ მიუმართავს კომისიისთვის და არც კომისიას გაუცია შესაბამისი თანხმობა. აქედან გამომდინარე, შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომმა“ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის დარღვევით შეაჩერა მოქმედი ურთიერთჩართვა, რაც მის მიმართ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს-ის“ საჩივრის საფუძველზე კომისიამ 2017 წლის 6 აპრილს დანიშნა სხდომა შპს ,,მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის საჩივარის  განხილვის მიზნით. კომისიის სხდომის ჩატარების თარიღის, დროისა და ადგილის თაობაზე შეტყობინებები (№03/935-17; 03.04.2017; №03/936-17; 03/04.2017) შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს და შპს ,,მაგთიკომს“ ჩაბარდათ 2017 წლის 3 აპრილს.

კომისიის 2017 წლის 3 აპრილის შეტყობინებით შპს ,,მაგთიკომს“ მოეთხოვა კომისიის 2017 წლის 6 აპრილის სხდომამდე შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა: წერილობითი შეპასუხება და საჩივართან დაკავშირებით კომპანიაში არსებული დოკუმენტაცია სრულად, ასევე, კომპანიაში დაცული საბილინგო მონაცემები შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ შპს „მაგთიკომის“ ქსელში 2017 წლის 28 თებერვლიდან 25 მარტამდე პერიოდში დასრულებულ საერთაშორისო ზარებთან დაკავშირებით (მობილური და ფიქსირებული ქსელების მიხედვით ცალ-ცალკე) დარიცხვის და მიღებული შემოსავლების თაობაზე (წუთების რაოდენობისა და დარიცხული თანხის მითითებით) იმგვარად, რომ წარმოდგენილი მონაცემებიდან მკაფიოდ ჩანდეს საავანსო ანგარიშზე რიცხული თანხის ნაშთი ლარებში ზემოთ მითითებული პერიოდის განმავლობაში, ყოველი დღისთვის ცალ-ცალკე.

კომისიის 2017 წლის 3 აპრილის შეტყობინებით შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის“ მოეთხოვა კომისიის 2017 წლის 6 აპრილის სხდომამდე შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა: საჩივართან დაკავშირებით კომპანიაში არსებული დოკუმენტაცია სრულად, მათ შორის, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ შპს ,,მაგთიკომისთვის“ გადახდილი ავანსებისა და მიღებული მომსახურების შესახებ ტექნიკური და ფინანსური ინფორმაცია ყოველდღიური ნაშთის მითითებით. ასევე, საჩივარში მითითებული 3817,18 ლარის ოდენობის დავალიანების წარმომავლობისა და ისტორიული მონაცემების განმარტება.

კომისიის 2016 წლის 6 აპრილის სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელი დ. ძიძიგური და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის წარმომადგენელი ზ. ლუტიძე. კომისიის სხდომაზე შპს ,,მაგთიკომმა“ იშუამდგომლა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ კომისიის მიერ 2017 წლის 3 აპრილის შეტყობინებით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენისთვის განსაზღვრული  2 სამუშაო დღე არ იყო საკმარისი მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენისთვის, ასევე, წერილობითი პოზიციის წარმოდგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვებისთვის. შპს ,,მაგთიკომის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საკითხის განხილვა გადაიდო 2017 წლის 13 აპრილისთვის. 2017 წლის 13 აპრილს დანიშნული სხდომა შპს ,,მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის საჩივარის  განხილვის თაობაზე გადაიდო 2017 წლის 20 აპრილისთვის, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილდნენ.

2017 წლის 11 აპრილს კომისიაში შემოვიდა შპს „მაგთიკომის“ წერილობითი შეპასუხება (№შ-6/3077-17; 11.04.2017), რომლის თანახმად, შპს ,,მაგთიკომი“შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის საერთაშორისო ზარის მომსახურებას აწვდის მოძრავი და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მომსახურების შეთავაზების წინადადების საფუძველზე. ოფერტის 4.6 პუნქტის თანახმად, შპს ,,მაგთიკომთან“ ურთიერთჩართული პირები, რომელთაც სურთ მიიღონ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურება, ვალდებულნი არიან წინასწარ ჩარიცხონ შპს ,,მაგთიკომის“ ანგარიშზე საგარანტიო თანხა ან წარმოადგინონ საბანკო გარანტია, ხოლო 4.9 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთჩართული პირი დაარღვევს 4.6 პუნქტში მითითებულ ვალდებულებას ან ტრაფიკის გაზრდის შემთხხვევაში პროპორციულად არ გაზრდის საგარანტიო თანხის/საბანკო გარანტიის მოცულობას, შპს ,,მაგთიკომი“ უფლებამოსილია ასეთ პირს შეუჩეროს საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მიწოდება.

შპს ,,მაგთიკომის“ განცხადებით, შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურება არ მიუღია 2016 წლის ივლისიდან, ხოლო განაახლა 2017 წლის 15 მარტის 20:30 საათიდან, რის დასადასტურებლად შპს „მაგთიკომმა“ წარმოადგინა მონაცემები შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-იდან მის ქსელში დასრულებული ზარების თაობაზე CDR-სა და ამონაბეჭდის სახით, მომსახურების საფასურის დარიცხვის, ავანსის ამოწურვისა და წუთების რაოდენობის მითითებით.

შპს „მაგთიკომის“ განცხადებით, კომპანიის წარმომადგენელმა 2017 წლის 21 და 22 მარტს შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის წარმომადგენელს ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეატყობინა ტრაფიკის გაზრდის თაობაზე და ოფერტის შესაბამისად მოსთხოვა ოფერტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება (დეპოზიტზე თანხის განთავსება), რის დასადასტურებლად შპს „მაგთიკომმა“ წარმოადგინა ელექტრონული წერილების ამონაბეჭდი. შპს „მაგთიკომის“ განცხადებით, არც ერთ შეტყობინებაზე შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ისგან არ მიუღია პასუხი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოფერტის 4.6 და 4.9 პუნქტების თანახმად, 2017 წლის 24 მარტს შპს „მაგთიკომმა“ გამოიყენა უფლებამოსილება და შეუჩერა შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურება, ხოლო ურთიერთჩართვის შეწყვეტას შპს „მაგთიკომის“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

შპს „მაგთიკომის“ წერილობით შეპასუხებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების ოფერტებში გათვალისწინებულია საავანსო თანხის/საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება სხვადასხვა ფორმითა და პირობებით. აღნიშნული ოფერტები, მათ შორის, შპს ,,მაგთიკომის“ ოფერტაც შეთანხმდა კომისიასთან (რაც დასტურდება ოფერტის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებით). შპს ,,მაგთიკომის“ განმარტებით, საავანსო პირობების დადგენა ემსახურება დიდი ოდენობის უარყოფითი ბალანსის წარმოშობის პრევენციას და ამავე დროს მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების ინტერესების დაცვას, რათა არ შეექმნათ პრობლემები გაწეული მომსახურების ღირებულების მიღებისას. შპს „მაგთიკომის“ წერილობით შეპასუხებაში აღნიშნულია, რომ ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული აქციზის გადასახადის გადამხდელია ის პირი, რომლის ქსელშიც სრულდება საერთაშორისო ზარი. მოცემულ შემთხვევაში,  შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ შპს „მაგთიკომის“ ქსელში მხოლოდ 9 დღის განმავლობაში დასრულებულმა საერთაშორისო ზარების ოდენობამ გადააჭარბა 200 000 წუთს, რაც გულისხმობს იმას, რომ მარტო აქციზის სახით შპს „მაგთიკომის“  გადასახდელმა თანხამ 9 დღის განმავლობაში შეადგინა 30 000 ლარზე მეტი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. შპს „მაგთიკომი“ იძულებული იყო შეეჩერებინა აღნიშნული მომსახურების მიწოდება.

2017 წლის 20 აპრილის სხდომას ესწრებოდნენ  შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელი დ. ძიძიგური და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის წარმომადგენელი ზ. ლუტიძე. შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საკითხი ეხება ავტორიზებულ პირებს შორის დავის განხილვას და დავის განხილვის შემთხვევაში კომისიამ უნდა ჩანიშნოს მოსამზადებელი სხდომა. მისი განცხადებით, კომისიამ ამავე დღეს განიხილა ანალოგიური საკითხი სს ,,სილქნეტთან“ მიმართებაში და გადაწყვეტილება სს ,,სილქნეტს“ უნდა ეცნობოს 2 დღის ვადაში. შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მან კომისიის წინაშე იშუამდგომლა კომისიამ იმსჯელოს შპს ,,მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის საჩივარის  განხილვის მიზნით კომისიის მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის თაობაზე და აცნობოს შპს ,,მაგთიკომს“ აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის  თხოვნით, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, შუამდგომლობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანო 2 დღის ვადაში იღებს ერთერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობისას კოლეგიური საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესების გათვალისწინებით, კომისიამ 2017 წლის 21 აპრილს გამოაქვეყნა კომისიის №24 დღის წესრიგის პროექტი, რომელშიც შეტანილ იქნა შპს „მაგთიკომის“ 2017 წლის 20 აპრილის შუამდგომლობის განხილვის საკითხი და სხდომა აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით გამართა 2017 წლის 21 აპრილს.

კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების განხილვისა და გადაწყვეტის წესები განსაზღვრულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავით. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია მხარეებს აცნობებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას, მისი ჩატარების დღეს, დროსა და ადგილს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ 2017 წლის 21 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება (№276/22; 21.04.2017) შპს „მაგთიკომის“ 2017 წლის 20 აპრილის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ და შპს ,,მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის საჩივარის  განხილვის მიზნით კომისიის მოსამზადებელი სხდომის დანიშნა 2017 წლის 25 აპრილს, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ.

2017 წლის 25 აპრილის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის წარმომადგენელი ზ. ლუტიძე და შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი დ. ძიძიგური. კომისიის სხდომაზე შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის წარმომადგენელმა დაადასტურა კომპანიის საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ ის ითხოვდა შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ისთვის შეჩერებული ურთიერთჩართვის აღდგენას.

კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი განცხადების,  მხარეთა მიერ კომისიაში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და კომისიის სხდომებზე მხარეთა წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

2.  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;

3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით;

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ი და შპს ,,მაგთიკომი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და მათ შორის არსებობს დავა ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა შედის კომისიის კომპეტენციაში და შესაბამისად, კომისიაში უნდა დაიწყოს დავის განხილვა შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-სა“ და შპს ,,მაგთიკომს“ შორის.  კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვის დღედ და დროდ უნდა განისაზღვროს 2017 წლის 27  აპრილი, 15:00 საათი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის, 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ისა და შპს ,,მაგთიკომს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით არსებული დავის განხილვა დაინიშნოს 2017 წლის 27 აპრილს, 15:00 საათზე;

2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ი და შპს ,,მაგთიკომი“ გაფრთხილდნენ 2017 წლის 25 აპრილის მოსამზადებელ სხდომაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ. ბერია).

კომისიის თავმჯდომარე                                  ვახტანგ  აბაშიძე

კომისიის წევრი                                                  ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                  კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                  გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                  მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები