რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2017 12:11
მიღების თარიღი აპრილი 25, 2017
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს „სტუდია მაესტრომ” (კომისიაში რეგისტრაციის N7/2830-17 31.03.2017წ.; N6/3201-17 19.04.2017წ), ქ. თბილისში მობილური ჩართვებისთვის და მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან – საკაბელო ქსელის სათაო სადგურამდე (ქ. თბილისი, ნ. ბოხუას ქ. N6) საჭირო სიხშირულ რესურსზე (4482 მჰც ± 14 მჰც და 5886 მჰც ± 14 მჰც) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტუდია მაესტრო” წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით შესაბამისად ავტორიზებულ პირს, რომელსაც გავლილი აქვს ავტორიზაცია (BR-385, 13.07.12) საერთო ტელემაუწყებლობაზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლებას საჭიროების შემთხვევაში მოიპოვებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის წესით, ლიცენზიის საფუძველზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის და მე-18 მუხლის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.
კომისიამ შეისწავლა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების საკითხი და აღნიშნავს, რომ შესაძლებელია გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 4482 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: ქ. თბილისის ტერიტორიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; სიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; მობილური ჩართვების განსახორციელებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;
ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 5886 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან – საკაბელო ქსელის სათაო სადგურამდე (ქ. თბილისი, ნ. ბოხუას ქ. N6); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;
კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ (სამსახურებრივი ბარათი N10/2972-17, 06.04.2017), ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების შესაბამისად, წარმოდგენილ იქნა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა, რომელმაც შეადგინა 5,932.00 (ხუთი ათას ცხრაას ოცდათორმეტი) ლარი.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს პირს, რომელიც აუქციონის გამოცხადების მომენტისათვის დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად არის ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტულ მონაკვეთზე (რადიოსიხშირულ დიაპაზონზე) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობაზე აუქციონის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი.
კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონი ცხადდება სიხშირულ რესურსზე, რომელიც კომპანიას ესაჭიროება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის და არ ცხადდება ავტორიზაციით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო საქმიანობის განსახორციელებლად, შესაბამისად აუქციონის გამოცხადების დროს არ არის მიზანშეწონილი რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალური ოდენობის დადგენა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის და მე-18 მუხლის, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა” და კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 4482 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: ქ. თბილისის ტერიტორიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; სიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; მობილური ჩართვების განსახორციელებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;
ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 5886 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან – საკაბელო ქსელის სათაო სადგურამდე (ქ. თბილისი, ნ. ბოხუას ქ. N6); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;
2. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 5,932.00 (ხუთი ათას ცხრაას ოცდათორმეტი) ლარის ოდენობით;
3. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2017 წლის 25 მაისი 13:00 საათი;
4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2017 წლის 11 მაისის 17:00 საათამდე;
5. აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 297.00 (ორას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარს;
6. ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება:
ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების შესაბამისად გამოყენება;
ბ) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა;
გ) რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;
7. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი განცხადებით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სახის სარგებლობის ლიცენზიის მიღებას ითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;
8. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები. განცხადებას ასევე თანდართული უნდა ჰქონდეს ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყო კონკრეტულად ყველა იმ უფლებამოსილების თაობაზე, რა უფლებამოსილებითაც აღჭურვილია წარმომადგენელი აუქციონში მონაწილეობასთან დაკავშირებით;
ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე სს ”თი-ბი-სი” ბანკში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;
ა/ანგარიში - GE 11 TB 06 000 000 006 093 26;
ბანკი - სს ,,თი-ბი-სი ბანკი’’;
ბანკის კოდი - TBCBGE22;
თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%, გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;
გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის შესაბამისი საბანკო რეკვიზიტების მოპოვების მიზნით დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს. ტელ: +995 32 239 40 29);
9. სალიცენზიო განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისია ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას აუქციონის პირობებთან. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან კვლავ არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სააუქციონო სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის აუქციონში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ;
10. რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში. 1 თვის ვადაში რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება ბე-ს სახით გადახდილი თანხა. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე იღებს რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით, რა დროსაც ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველი მორიგი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
11. აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;
12. დაევალოს კომისიის პრეს–სპიკერს აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა (ხ. ყურაშვილი);
13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
14. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
15. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
