შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 18, 2017 18:23
მიღების თარიღი აპრილი 25, 2017
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში ,,კომისია“) აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№შ-10/2397-17; 14.03.2017) თანახმად, კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით მოქმედების ვადა არ გაუგრძელდა ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებას, რომლითაც საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის დადგენილი იყო საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისთვის ქვედა ზღვრული ტარიფი, რომელიც განსხვავდებოდა ურთიერთჩართვის მომსახურებაზე დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფისაგან. შესაბამისად, 2017 წლის 1 მარტიდან საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურებისთვის ამოქმედდა კომისიის მიერ მობილურ და ფიქსირებულ ქსელში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის ურთიერთჩართვის მომსახურებაზე დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფები.
კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს: შპს ,,ჯეოსელს”, შპს ,,მაგთიკომს”, შპს ,,მობიტელს“, სს „სილქნეტს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“, შპს „ივერია ქსელს“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, დაევალათ 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მათზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა 2017 წლის 1 მარტამდე. აღნიშნულის მიუხედავად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებმა კომისიაში წარმოადგინეს „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 30 ივლისის №446/19 გადაწყვეტილების შესაბამისი მოწვევის ოფერტა.
მოხსენებითი ბარათის (№შ-10/2397-17; 14.03.2017) თანახმად, საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მომსახურების პირობებთან დაკავშირებით კომისიის არაერთი ზეპირსიტყვიერი თუ წერილობითი (2017 წლის 28 თებერვალი, 2 მარტი და 10 მარტი) განმარტებისა, რაც ასევე ეყრდნობოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან კომისიისათვის გამოგზავნილ წერილობით რეკომენდაციებს, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები თავს არიდებენ კომისიის გადაწყვეტილებასთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანონ მოწვევის ოფერტები და გამოსაქვეყნებლად წარმოადგინონ კომისიაში. ამავე დროს, დღემდე განაგრძობენ საერთაშორისო ზარებზე ე.წ. „კომერციული ტარიფებით“ მომსახურების საფასურის მოთხოვნას და მომსახურებისათვის საგარანტიო თანხებისა და ავანსის ოდენობის განსაზღვრა ხდება ე.წ. „კომერციული ტარიფიდან“ გამომდინარე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ადგილი აქვს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ კომისიის გადაწყვეტილებების უგულვებელყოფას, რაც ამავე დროს იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (შN-10/2772-17; 29.03.2017) დამატებით ირკვევა, რომ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ზარების ტერმინაციასთან დაკავშირებით, ავტორიზებულ პირებს დაევალათ 2017 წლის 1 მარტიდან მოწვევის ოფერტის ახალ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც მნიშვნელოვანმა საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირებმა: შპს „ახალმა ქსელებმა“, შპს „ახტელმა“, შპს „მაგთიკომმა“, შპს „ჯეოსელმა“, შპს „მობიტელმა“, სს „სილქნეტმა“, შპს „CGC“-იმ და შპს „ივერია ქსელმა“ არ შეასრულეს. ამავე დროს, სს „სილქნეტმა“, შპს „მაგთიკომმა“, შპს „ჯეოსელმა“, შპს „ახალმა ქსელებმა“, „CGC“-იმ ავტორიზებულ პირებს გაუგზავნეს შეტყობინებები 2017 წლის 1 მარტიდან მოქმედი ტარიფებისა და პირობების თაობაზე, რაც ეწინააღმდეგება კომისიის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათზე (შN-10/2772-17; 29.03.2017) თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ კომისიაში შემოვიდა შპს „კავკასუს ონლაინის“, შპს „მაიფონის“, შპს „სითი ტელეკომის“, „Premium Net Internetional“-ის ფილიალი საქართველოში, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების-გუდვილკომის“, შპს „ნიუ ვიჟენის“ და შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის ერთობლივი განცხადება (შ-6/2254-17; 07.03.17) თანდართული დოკუმენტაციით, სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N875/19 გადაწყვეტილებით 2017 წლის პირველი მარტიდან საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაცია გაუქმდა და მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირებს დაევალათ ამ გადაწყვეტილების შესაბამისი მოწვევის ოფერტის კომისიაში გამოსაქვეყნებლად წარმოდგენა 2017 წლის პირველ მარტამდე. კომისიის 2017 წლის 28 თებერვლის N08/639-17 წერილის შესაბამისად, საერთაშორისო ზარების ტერმინაციისათვის გამოიყენება კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილებებით დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფი. ამავე წერილში მითითებულია, რომ ოპერატორებმა ზედა ზღვრულ ტარიფთან ერთად მხედველობაში უნდა მიიღონ საგადასახადო კოდექსით საერთაშორისო ზარებისათვის გათვალისწინებული აქციზის გადასახადი და დაამატონ ეს გადასახადი ტარიფს. აღნიშნულის მიუხედავად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიერ არ მომხდარა ახალი ოფერტის გამოქვეყნება. ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპერატორებისაგან 27-28 თებერვალს მიიღეს ელექტრონული შეტყობინებები, სადაც მითითებულია, რომ საერთაშორისო ზარების ტერმინაციისათვის მოქმედებს 2017 წლის პირველ მარტამდე მოქმედი ტარიფი, ლიმიტების გათვალისწინებით, ხოლო პირობის მიუღებლობის შემთხვევაში მოხდება ზარების გათიშვა (მტკიცებულების სახით წარმოდგენილია ელექტრონული მიმოწერის ამონაბეჭდი, მათ შორის შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ელექტრონული წერილი).
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათზე (შN-10/2772-17; 29.03.2017) თანდართული დოკუმენტაციიდან ასევე ირკვევა, რომ შპს „კავკასუს ონლაინმა“, შპს „მაიფონმა“, შპს „სითი ტელეკომმა“, „Premium Net Internetional“-ის ფილიალმა საქართველოში, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების-გუდვილკომმა“, შპს „ნიუ ვიჟენმა“ და შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-იმ მიმართეს (შ-6/2255-17; 07.03.2017), შპს „ჯეოსელს“, შპს „მაგთიკომს“ შპს „მობიტელს“, სს „სილქნეტს“ შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ შპს „ივერია ქსელს“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ და განუმარტეს, რომ დასრულებული საერთაშორისო სატელეფონო ზარებისთვის გაწეული მომსახურების ღირებულება უნდა დაანგარიშდეს და ანაზღაურდეს ზედა ზღვრულ ტარიფზე გაანგარიშებით.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათისა (№შ-10/1559-17; 17.02.2017) და სამსახურებრივი ბარათის (შN-10/2772-17; 29.03.2017) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 13 აპრილი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინება (N03/982-17; 06.04.2017) კომპანიას ჩაბარდა 2017 წლის 10 აპრილს.
2017 წლის 13 აპრილს კომისიაში შემოვიდა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3123-17; 13.04.2017), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის #857/19 გადაწყვეტილებით შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას" დაევალა 2017 წლის 01 მარტიდან ახალი მოწვევის ოფერტის გამოქვეყნება, რაც კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა კომისიაში 2017 წლის 1 მარტის # 2,3/101/ნშმკ წერილით. როგორც კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, ვინაიდან ახალი მოწვევის ოფერტები იგივე პირობებით იყო წარმოდგენილი, რაც 2017 წლის 1 მარტამდე, კომისიამ უარი განაცხადა ოფერტების გამოქვეყნებაზე. როგორც შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ განცხადებაშია აღნიშნული, კომისიის უარი ოფერტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით კომპანიას არ მიუღია. გაცხადებაში ასევე, აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში ნათქვამია, რომ კომპანია თავს არიდებს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანილი ოფერტების წარდგენას კომისიაში და რომ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარების დასრულებისათვის კომპანიას მოთხოვნილი აქვს ე.წ. ,,კომერციული ტარიფი“, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარს აცხადებენ მომსახურების გაწევაზე. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებაში აღნიშნიშნულია, რომ წარმოდგენილი მასალებით აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება.
კომისიის 2017 წლის 28 თებერვლის, 6 მარტის და 10 მარტის განმარტებითი წერილები საერთოშორისო ზარის ტერმინაციის ტარიფთან დაკავშირებით, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონი ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ ადგენს, რომ ზღვრული ტარიფის დადგენა ხდება მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების გზით. კომისიის 2017 წლის 28 თებერვლის, 6 მარტის და 10 მარტის წერილები არ წარმოადგენენ კომისიის გადაწყვეტილებებს. კომისიის ზემოაღნიშნული წერილები კომპანიას გასაჩივრებული აქვს სასამართლოში, რისი განხილვაც სასამართლოს ჯერ არ დაუწყია, თუმცა როგორც მათვის ცნობილია, იგივე წერილები გასაჩივრებულ იქნა შპს ,,მაგთიკომის“ მიერ, რაზეც სასამართლომ უკვე იმსჯელა და მიიჩნია, რომ კომისიის თავჯდომარის წერილი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს. შესაბამისად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ვიდრე სასამართლოს სხვაგვარი გადაწყვეტილება არ მიუღია, მიჩნეულ უნდა იქნას, რომ ზემოაღნიშნული წერილები არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ აქტს, რომლის შესრულების ვალდებულებაც ეკისრებათ ავტორიზებულ პირებს.
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ განცხადების თანახმად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება შპს "საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ კომისიის #857/19 გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ითხოვს შეწყდეს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
კომისიის 2017 წლის 13 აპრილისა და 20 აპრილის სხდომები, რომლებსაც ესწრებოდა შპს „საქართველოც ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენელი მალხაზ ალბორაშვილი, სამუშაო დროის დასრულების გამო გაგრძელდა 2017 წლის 25 აპრილს.
კომისიის 2017 წლის 25 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენელი მალხაზ ალბორაშვილი.
კომისიის 2017 წლის 25 აპრილის სხდომას ასევე ესწრებოდა შპს „ახტელის“ და შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელი ხათუნა ინჯია, რომელმაც განაცხადა, რომ კომისიის სხდომაზე ერთობლივად წარმოადგენს შპს „ახტელის, შპს „ახალი ქსელების“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ პოზიციას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან არსობრივად იდენტური საკითხებია და ერთიანი სამართლებრივი პოზიცია აქვთ, რასაც დაეთანხმა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენელი მალხაზ ალბორაშვილი.
ხ.ინჯიამ აღნიშნა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 6 აპრილს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს, რადგან შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ არ ყოფილა დარღვეული შეტყობინებაში მითითებული კანონის ნორმები, შესაბამისად, არ არსებობდა კომპანიების სანქცირების საფუძვლები. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის საფუძველზე შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ვალდებულნი იყვნენ მოეხდინათ საკუთარი ქსელის დაშვების და ურთიერთჩართვის პირობების საჯაროდ გამოქვეყნება, რაც მათ განახორციელეს. კერძოდ, კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ 2017 წლის პირველი მარტიდან ახალი ურთიერთჩართვის მოწვევის ოფერტა გამოქვეყნებულ იქნა საკუთარ ვებ გვერდზე. ასევე, მათ პირველ მარტს წერილობითი თხოვნით მიმართეს კომისიას, რათა კომისიას საკუთარ ვებგვერდზე გამოექვეყნებინა კომპანიის მოწვევის ოფერტები. შესაბამისად, კანონის მოთხოვნა, რომელიც მავალდებულებელი ხასიათისაა და ავტორიზებული პირის ქმედებაზეა დამოკიდებული, შპს „ახტელის“, შპს „ახალი ქსელების“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ შესრულებული იქნა. ამ ვალდებულების სხვაგვარად შესრულება კომპანიების მიერ ვერ განხორციელდება. მათ ფიზიკურად არ აქვთ შესაძლებლობა კომისიის ვებგვერდზე გამოაქვეყნონ რაიმე, თუ ამის ნება თავად კომისიამ არ გამოხატა. ამასთან, კანონი ვერ დაავალდებულებს მხარეს ისეთი ქმედების განხორციელებას ან განუხორციელებლობას, რომელიც მის ნებაზე არ არის დამოკიდებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ არ აქვთ დარღვეული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით დადგენილი ვალდებულება ურთიერთჩართვის პირობების საჯაროდ გამოცხადების თაობაზე.
ხ.ინჯიამ ასევე აღნიშნა, რომ კომისიის წერილობითი უარი შპს „ახტელს“, შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ ოფერტების გამოქვეყნების თაობაზე არ მიუღია. ასეთი უარის არსებობის შემთხვევაში, კომისიის მხრიდან ოფერტების გამოქვეყნებაზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო დასაბუთებული, სადაც კონკრეტულად მიუთითებდა კომისია თუ მოწვევის ოფერტის რა ნაწილი არ შეესაბამებოდა კანონს. შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ მუხლით შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ სანქცირება, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.
ხ. ინჯიამ აღნიშნა, რომ შეტყობინებაში მითითებულ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის დარღვევის საკითხზე აღარ ისაუბრებს, ვინაიდან მისთვის წინა სხდომიდან ცნობილი გახდა, რომ ზემოაღნიშნული მუხლის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყვეტილია. ხოლო, რაც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის დარღვევას, ხ. ინჯიამ აღნიშნა, რომ არც ამ მუხლის დარღვევისთვის არსებობს სანქცირების საფუძველი, ვინაიდან, კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაშვებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ დაწესებულმა ტარიფმა, ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში კომისიის მიერ დადგენილმა ზღვრულმა ტარიფმა უნდა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გრძელვადიანი და ქმედუნარიანი კონკურენცია. კანონის ამ დანაწესს ემატება ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პ) ქვეპუნქტის პირობა - კომისიას ევალება ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიანი რეგულაციების დადგენა. შესაბამისად, კანონი ადგენს და უზრუნველყოფს ავტორიზებულ პირთა უფლებას ქვეყნის შიდა და გარე ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით მოახდინოს მომსახურების კონკურენტული ტარიფის დადგენა. ამდენად, კანონის ეს მიდგომა ერთმნიშვნელოვნად განასხვავებს ურთიერთჩართვის ორ დამოუკიდებელ სეგმენტს საერთაშორისო და ადგილობრივი ზარის დასრულების ნაწილში. სწორედ, ამის დადასტურებაა საგადასახადო კოდექსში 2014 წლის 11 დეკემბერს განხორციელებული ცვლილება, რომლის საფუძველზეც, ერთ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით განხორციელებული ურთიერთჩართვა არ წარმოადგენს აქციზით დაბეგვრის ბაზას, ხოლო მეორე შემთხვევაში, საერთაშორისო ზარის ტერმინაცია, განიხილება, როგორც ცალკე მომსახურების სახე, რომლიდანაც მიღებული შემოსავალი იბეგრება აქციზით. ხ.ინჯიამ აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ ტენდენციაა ევროპის ქვეყნების, არამედ, ITU-ს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალი IFC-ს (საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის) მიერ მომზადებული დოკუმენტის, რომელიც წარმოადგენს - „სატელეკომუნიკაციო რეგულატორების სახელმძღვანელოს“ პირდაპირი რეკომენდაცია. მან აღნიშნა, რომ ამ სახელმძღვანელოს ის ნაწილი რომელიც შეეხებოდა ურთიერთჩართვის ნაწილს, მან ნოტარიულად თარგმნილი დაურთო კომპანიების სამართლებრივ პოზიციას და წარმოადგინა კომისიაში. აღნიშნული სახელმძღვანელო დოკუმენტის 5.5. პუნქტი ეხება საერთაშორისო ზარის ტერმინაციას ანუ საზღვრის მიღმა ურთიერთჩართვას. ხ.ინჯიამ აღნიშნა, რომ ეს არის ურთიერთჩართვის ერთ-ერთი სახე, მხოლოდ ამ სახის რეგულირების მეთოდები და პოლიტიკა მის მიმართ არის განსხვავებული და კანონი ამაზე მიუთითებს. ეს არის ურთიერთჩართვის ნაწილი, რომლის სეგმენტიც არის საერთაშორისო ზარის ტერმინაცია. ეს სეგმენტი განმასხვავებელია იმიტომ, რომ მისი რეგულირებაც განსხვავებულად მოხდეს. ამაზე მიუთითებს კანონი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები. მისი რეგულაცია აბსოლიტურად განსხვავდება ქვეყნის შიგნით განხორციელებული ურთიერთჩართვისგან, რის გამოც, ამ მომსახურებაზე საერთაშორისო ზარის ტერმინაციაზე, არ გამოიყენება ურთეირთჩართვის ტარიფის გაანგარიშების მეთოდები, კერძოდ ე.წ. LRIC მეთოდი. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ტარიფი არ არის ხარჯზე ორიენტირებული ანუ მის კალკულაციაში არ იღებს მონაწილეობას ამ მომსახურებისთვის კომპანიის მიერ გაწეული ხარჯი.
ხ.ინჯიამ აღნიშნა, რომ აღნიშნულ სახელმძღვანელოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ფასის დადგენისას ძირითადად გამოიყენება ორი მეთოდი: 1. ეს არის სწორედ ავტორიზებულ პირთა მიერ ტარიფის დადგენა, რაც საქართველოს მარეგულირებელმა კომისიამ ერთხელ გამოიყენა და შემდეგ ამის დერეგულაცია მოახდინა 2. ეს არის ქვეყნის შიდა ოპერატორების მიერ საზღვარგარეთის ოპერატორებთან გამართული ვაჭრობის შედეგად დადგენილი ტარიფი. შესაბამისად, აღნიშნულ საერთაშრისო რეკომენდაციები და მიდგომები, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით დადგენილი პრინციპების შესაბამისად - თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მართვის გამოცდილების დანერგვის პრინციპი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საერთაშორისო ინტეგრაციების და - აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპი, და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, რომლის წევრიც საქართველოა, სავალდებულოა შესასრულებლად კომისიისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ხ.ინჯიას მიაჩნია, რომ შპს „ახალი ქსელების“, „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ არ დარღვეულა საერთაშორისო ზარის ტერმინაციის საფასურის დადგენის კანონით დადგენილი პრინციპები და ვალდებულებები. მათ მიერ დადგენილი ტარიფები კონკურენტულია და ამით არ არღვევენ კანონის მოთხოვნებს.
ხ.ინჯიამ კომისიის მიერ გამოგზავნილ, საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ტარიფის გაანგარიშების განმარტებით წერილებთან დაკავშირებით (2017 წლის 28 თებერვლის, 6 მარტის და 10 მარტის წერილები) აღნიშნა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს, რომ ზღვრული ტარიფის დადგენა ხდება მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების გზით. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პ) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საერთაშორისო ზარის დასრულების საფასურის დადგენა კომისიამ უნდა განახორციელოს საერთაშორისო ან/და რეგიონალური ბაზრის შესწავლის, ნეგატიური და არაგარდამავალი ტენდენციების შეჯერების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით. ზემოაღნიშნული წერილები კი არ წარმოადგენს კომისიის საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, შესაბამისად, მათ ვერ მიიჩნევენ მხარისათვის სავალდებულოდ შესასრულებელ კომისიის გადაწყვეტილებას, რადგან გადაწყვეტილების მიღების სხვა ფორმას ითვალისწინებს კანონი და ამ შემთხვევაში დგება აქტის ფორმალური კანონიერების საკითხიც.
ხ.ინჯიამ აღნიშა, რომ გარდა ზემოთ მოყვანილი გარემოებებისა, ასევე მნიშვნელოვანია კომისიის მიერ ავტორიზებულ პირთა სანქცირების და მათთვის გარკვეული ვალდებულებების დაკისრებისას კომისიის მიერ გათვალისწინებულ იქნას ადმინისტრაციული წარმოების ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, რომელიც შეეხება კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობას (ბალანსს) და რომელსაც თანაზომიერების პრინციპსაც უწოდებენ. მოცემულ წარმოებაში შეფასებულ უნდა იქნას გადაწყვეტილების ეკონომიკური შედეგები საჯარო და კერძო ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი ეკონომიკური გათვლით, იმ შემთხვევაში, თუ კომისია ავტორიზებულ პირებს დაავალდებულებეს, რომ საერთაშორისო ზარის ტერმინაციის საფასური გაუთანაბრდეს შიდა ზარების ტერმინაციის ფასს, როგორც ბიუჯეტი, ისე კერძო მეწარმეეები მიიღებენ ძალიან დიდ ზარალს და ეს ზარალი გამოწვეული იქნება ქვეყნიდან ნაღდი ფულის საზღვარგარეთ გადინებით. სწორედ, ამ უარყოფით ტენდენციებზე მიუთიეთებს კანონი, და მათ მიერ მოყვანილი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, როდესაც განსხვავებული რეგულაციის დაწესების საშუალებას იძლევა საერთაშორისო ზარის ტერმინაციის დროს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჯარო და კერძო ინტერესები ურთერთთანხვედრაშია და კიმისიის მიერ, სწორედ ამ რეგულაციის მიზნიდან გამომდინარე, არ შეიძლება არ იქნას გათვალისწინებული მიღებული გადაწყვეტილების უარყოფითი ეკონომიკური შედეგები, რაც მათი აზრით, გადაწყვეტილების კანონიერებას კიდევ უფრო დიდი ეჭვის ქვეშ დააყენებს.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/2397-17; 14.03.2017);
- კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (შN-10/2772-17;29.03.2017) თანდართული დოკუმენტაციით (ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ერთობლივი განცხადება Nშ-6/2254-17; 07.03.17 და შპს „კავკასუს ონლაინის“, შპს „მაიფონის“, შპს „სითი ტელეკომის“, „Premium Net Internetional“-ის ფილიალი საქართველოში, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების-გუდვილკომის“, შპს „ნიუ ვიჟენის“ და შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებთან გაგზავნილი წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2255-17; 07.03.2017);
- 2017 წლის პირველ მარტამდე მოქმედი შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მოწვევის ოფერტა;
- შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი მოწვევის ოფერტა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2034-17; 01.03.2017);
- კომისიის წერილები გაგზავნილი შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ და აღნიშნული წერილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (N08/638-17, 28.02.2017; N08/711-17, 06.03.2017 და N08/748-17; 10.03.2017);
- „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილება;
- „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილება;
- „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 გადაწყვეტილება;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შესახებ;
- 2017 წლის 13 აპრილს კომისიაში წარმოდგენილი შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3123-17; 13.04.2017);
- შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2017 წლის 13, 20 და 25 აპრილის სხდომებზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ 2010 წლის 15 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ) პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა: საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.1ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: დგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება ; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;WiFi; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
- შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, ფიქსირებული სადენიანი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვების და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“; ამავე გადაწყვეტილების 8.1 პუნქტის თანახმად, დადგინდა ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, ხოლო 8.5 პუნქტის თანახმად, დადგინდა სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება. ამავე გადაწყვეტილების 8.5 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაუდგინდა სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 2 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნული ტარიფის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა საერთაშორისო შემომავალი და გამავალი ტრაფიკი და მასთან დაკავშირებული დანახარჯები;
- კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებით საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის (მათ შორის შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვი“) 1 წუთზე დადგინდა 0,12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N446/19 გადაწყვეტილებით კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში შევიდა ცვლილება მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებს - შპს ,,ჯეოსელი”, შპს ,,მაგთიკომი”, შპს ,,მობიტელი“, სს „სილქნეტი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს „ივერია ქსელი“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ მიეცათ კუთვნილ საკომუნიკაციო ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) ტარიფისაგან განსხვავებული (საფეხურებრივი) ტარიფის დაწესების უფლება შემდეგი პირობებით: ა) მოძრავ და ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში საერთაშორისო ზარის ტერმინაციაზე საფეხურებრივი ტარიფი უნდა დადგინდეს ოპერატორის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტრაფიკის მოცულობის მიხედვით; ბ) მეორე და შემდგომ საფეხურზე დადგენილი ტარიფი უნდა იყოს პირველ საფეხურზე დადგენილ ტარიფზე 25 %-ით მეტი; გ) მოძრავი და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე დაწესებული ტარიფი არ უნდა იყოს მის მიერ მეორე საფეხურზე დადგენილ ტარიფზე ნაკლები;
- კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით მოქმედების ვადა არ გაუგრძელდა ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებას. შესაბამისად, 2017 წლის 1 მარტიდან საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურებისთვის ამოქმედდა კომისიის მიერ მობილურ და ფიქსირებულ ქსელში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის საბითუმო ბაზრის სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფები - 2 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს ჩათვლით;
- კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, დაევალა 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა 2017 წლის 1 მარტამდე;
- 2017 წლის პირველ მარტს, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ კომისიას წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2034-17; 01.03.2017) მიმართა და მოითხოვა კომისიის ვებგვერდზე შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საკუთარი ქსელით საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის სატელეფონო ზარების (წამოწყება/დასრულება) მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) გამოქვეყნება. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მოწვევის ოფერტა (პუნქტი 2.3) წარმოდგენილი იყო შემდეგი პირობებით:საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის ურთიერთჩართვის (ზარის წამოწყება/დასრულების) მომსახურების ტარიფი მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შეადგენს: ა) პირველი საფეხური, 10, 000 (ათი ათასი) ჭუთამდე, პირდაპირი ურთიერთჩართვის შემთხვევაში, 0.12 აშშ დოლარის ექვიფვალენტს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გადასახადების ჩათვლის - 1 წუთზე; ბ) არაპირდაპირ ორი ურთიერთჩართვის შემთხვევაში და მეორე საფეხურზე (10 000 (ათი ათასი) წუთს ზევით ) 0.15 აშშ დოლარის ექვივალენტს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გადასახადების ჩათვლით -1 წუთი. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მოწვევის ოფერტა აღნიშნული პირობებით არ გამოქვეყნდა კომისიის ვებგვერდზე, ვინაიდან ის ეწინააღმდეგებოდა კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 და 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილებებს და კანონმდებლობას;
- შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ შეტყობინება გაუგზავნა ავტორიზებულ პირებს 2017 წლის 1 მარტიდან მოქმედი ტარიფებისა და პირობების თაობაზე („ 2017 წლის 01 მარტიდან საერთასორისო ზარების ტერმინაციასთან დაკავშირებული პირობები რჩება უცვლელი, კერძოდ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფი შეადგენს 0.12 აშშ დოლარს 10 000 წუთამდე, ხოლო 10 000 წუთის ზევით 0.15 აშშ დოლარს);
- კომისიის მიერ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ წერილობით (N08/638-17, 28.02.2017; N08/711-17, 06.03.2017 და N08/748-17; 10.03.2017) განემარტა, რომ კომისიის 2016 წლის N857/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, 2017 წლის 1 მარტიდან საქართველოში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე მოქმედებს მობილურ და ფიქსირებულ ქსელში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურებაზე დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფები (კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილებები). ასევე განემარტა, რომ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისათვის ტარიფის დაწესებისას ოპერატორებმა უნდა გაითვალისწინონ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთაშორისო ზარის საქართველოში მობილურ და ფიქსირებულ ქსელში დასრულების მომსახურებაზე დაწესებული აქციზის გადასახადი. შესაბამისად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისათვის ტარიფის დაწესებისას, კომისიის მიერ დადგენილ ზედა ზღვრულ ტარიფს უნდა დაემატოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული აქციზის გადასახადი. ამასთან, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ ეთხოვა, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა;
- ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ კომისიაში გამოსაქვეყნებლად არ წარმოუდგენია მასზე დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებთან და კომისიის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანილი მოწვევის ოფერტა;
- შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ამოცანაა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა მიერ იმ სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი, რომლებიც მათ შეიძლება დაეკისროს ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი მე-2 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს ავტორიზებული პირის მიერ ამ კანონის V თავით განსაზღვრული და კომისიის გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ობიექტურად განაპირობებს ავტორიზებული პირისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის ხასიათს და მიზეზებს, ეკისრება ავტორიზებულ პირს. ობიექტურად დასაბუთებული მტიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის ხასიათის გათვალისწინებით ცვლილებები შეიტანოს ამ ვალდებულებების პირობებში. ხოლო, კომისიის მიერ დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებში ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ცვლილებების შეტანა არ ათავისუფლებს ავტორიზებულ პირს სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობისაგან;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალეობა და საჯაროდ გამოაქვეყნოს: ა) მისი საქმიანობის ამსახველი ფინანსური საანგარიშგებო დოკუმენტაცია; ბ) ქსელის შესაბამისი ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, ფუნქციონალური რესურსებისა და ინტერფეისების აღწერილობა, აგრეთვე ინფორმაცია თავისუფალი სიმძლავრეების შესახებ; გ) ქსელის ტექნიკური მახასიათებლები, მათ შორის, გამოყენებული ინტერფეისების აღწერილობა, თანალოკაციის ფართობები და ურთიერთჩართვის წერტილები; დ) ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების პირობები, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნების გათვალისწინებით; ე) დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფები, ანგარიშსწორების პირობები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდება უნდა განახორციელოს დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ დაწესებული ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს მომსახურებისათვის გამოყენებულ ქსელის შესაბამის ელემენტებზე, რესურსების და სიმძლავრეების უზრუნველყოფაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას, ოპერატორის უფლებას, მიიღოს გაწეულ ინვესტიციებზე გონივრული უკუგება, და ოპერატორის საკომუნიკაციო ქსელების შემდგომი განვითარებისა და გაფართოების გრძელვადიან ტენდენციას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი - შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალობა და საჯაროდ გამოაქვეყნოს რიგი ინფორმაცია, მათ შორის, ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების პირობები, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნების გათვალისწინებით და დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფები, ანგარიშსწორების პირობები. ამასთან, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ დაშვების/ურთიერთჩართვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდებისას უნდა განახორციელოს დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფით, რაც კომისიის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ არ განახორციელა. შესაბამისად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) და ე) ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილების 8.1 პუნქტი და 8.5 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა იგივე/მსგავს დარღვევას, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს. ამავდროულად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა დაევალოს მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან და კომისიის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა 5 სამუშაო დღის ვადაში.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტების, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) და ე) ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 გადაწყვეტილების და „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის დ) და ე) ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის და „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილების 8.1 პუნქტის და 8.5 პუნქტის გ) ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევის გამო;
2. დაევალოს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან და კომისიის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
