შპს „ივერია ქსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 18, 2017 18:29
მიღების თარიღი აპრილი 25, 2017
შპს „ივერია ქსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში ,,კომისია“) აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№შ-10/2397-17; 14.03.2017) თანახმად, კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით მოქმედების ვადა არ გაუგრძელდა ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებას, რომლითაც საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის დადგენილი იყო საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისთვის ქვედა ზღვრული ტარიფი, რომელიც განსხვავდებოდა ურთიერთჩართვის მომსახურებაზე დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფისაგან. შესაბამისად, 2017 წლის 1 მარტიდან საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურებისთვის ამოქმედდა კომისიის მიერ მობილურ და ფიქსირებულ ქსელში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის ურთიერთჩართვის მომსახურებაზე დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფები.
კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს: შპს ,,ჯეოსელს”, შპს ,,მაგთიკომს”, შპს ,,მობიტელს“, სს „სილქნეტს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“, შპს „ივერია ქსელს“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, დაევალათ 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მათზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა 2017 წლის 1 მარტამდე. აღნიშნულის მიუხედავად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებმა კომისიაში წარმოადგინეს „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 30 ივლისის №446/19 გადაწყვეტილების შესაბამისი მოწვევის ოფერტა.
მოხსენებითი ბარათის (№შ-10/2397-17; 14.03.2017) თანახმად, საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მომსახურების პირობებთან დაკავშირებით კომისიის არაერთი ზეპირსიტყვიერი თუ წერილობითი (2017 წლის 28 თებერვალი, 2 მარტი და 10 მარტი) განმარტებისა, რაც ასევე ეყრდნობოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან კომისიისათვის გამოგზავნილ წერილობით რეკომენდაციებს, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები თავს არიდებენ კომისიის გადაწყვეტილებასთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანონ მოწვევის ოფერტები და გამოსაქვეყნებლად წარმოადგინონ კომისიაში. ამავე დროს, დღემდე განაგრძობენ საერთაშორისო ზარებზე ე.წ. „კომერციული ტარიფებით“ მომსახურების საფასურის მოთხოვნას და მომსახურებისათვის საგარანტიო თანხებისა და ავანსის ოდენობის განსაზღვრა ხდება ე.წ. „კომერციული ტარიფიდან“ გამომდინარე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ადგილი აქვს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ კომისიის გადაწყვეტილებების უგულვებელყოფას, რაც ამავე დროს იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (შN-10/2772-17; 29.03.2017) დამატებით ირკვევა, რომ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ზარების ტერმინაციასთან დაკავშირებით, ავტორიზებულ პირებს დაევალათ 2017 წლის 1 მარტიდან მოწვევის ოფერტის ახალ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც მნიშვნელოვანმა საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირებმა: შპს „ახალმა ქსელებმა“, შპს „ახტელმა“, შპს „მაგთიკომმა“, შპს „ჯეოსელმა“, შპს „მობიტელმა“, სს „სილქნეტმა“, შპს „CGC“-იმ და შპს „ივერია ქსელმა“ არ შეასრულეს. ამავე დროს, სს „სილქნეტმა“, შპს „მაგთიკომმა“, შპს „ჯეოსელმა“, შპს „ახალმა ქსელებმა“, „CGC“-იმ ავტორიზებულ პირებს გაუგზავნეს შეტყობინებები 2017 წლის 1 მარტიდან მოქმედი ტარიფებისა და პირობების თაობაზე, რაც ეწინააღმდეგება კომისიის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათზე (შN-10/2772-17; 29.03.2017) თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ კომისიაში შემოვიდა შპს „კავკასუს ონლაინის“, შპს „მაიფონის“, შპს „სითი ტელეკომის“, „Premium Net Internetional“-ის ფილიალი საქართველოში, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების-გუდვილკომის“, შპს „ნიუ ვიჟენის“ და შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის ერთობლივი განცხადება (შ-6/2254-17; 07.03.17) თანდართული დოკუმენტაციით, სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N875/19 გადაწყვეტილებით 2017 წლის პირველი მარტიდან საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაცია გაუქმდა და მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირებს დაევალათ ამ გადაწყვეტილების შესაბამისი მოწვევის ოფერტის კომისიაში გამოსაქვეყნებლად წარმოდგენა 2017 წლის პირველ მარტამდე. კომისიის 2017 წლის 28 თებერვლის N08/639-17 წერილის შესაბამისად, საერთაშორისო ზარების ტერმინაციისათვის გამოიყენება კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილებებით დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფი. ამავე წერილში მითითებულია, რომ ოპერატორებმა ზედა ზღვრულ ტარიფთან ერთად მხედველობაში უნდა მიიღონ საგადასახადო კოდექსით საერთაშორისო ზარებისათვის გათვალისწინებული აქციზის გადასახადი და დაამატონ ეს გადასახადი ტარიფს. აღნიშნულის მიუხედავად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიერ არ მომხდარა ახალი ოფერტის გამოქვეყნება. ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპერატორებისაგან 27-28 თებერვალს მიიღეს ელექტრონული შეტყობინებები, სადაც მითითებულია, რომ საერთაშორისო ზარების ტერმინაციისათვის მოქმედებს 2017 წლის პირველ მარტამდე მოქმედი ტარიფი, ლიმიტების გათვალისწინებით, ხოლო პირობის მიუღებლობის შემთხვევაში მოხდება ზარების გათიშვა.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათზე (შN-10/2772-17; 29.03.2017) თანდართული დოკუმენტაციიდან ასევე ირკვევა, რომ შპს „კავკასუს ონლაინმა“, შპს „მაიფონმა“, შპს „სითი ტელეკომმა“, „Premium Net Internetional“-ის ფილიალმა საქართველოში, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების-გუდვილკომმა“, შპს „ნიუ ვიჟენმა“ და შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-იმ მიმართეს (შ-6/2255-17; 07.03.2017), შპს „ჯეოსელს“, შპს „მაგთიკომს“ შპს „მობიტელს“, სს „სილქნეტს“ შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ შპს „ივერია ქსელს“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ და განუმარტეს, რომ დასრულებული საერთაშორისო სატელეფონო ზარებისთვის გაწეული მომსახურების ღირებულება უნდა დაანგარიშდეს და ანაზღაურდეს ზედა ზღვრული ტარიფზე გაანგარიშებით.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათისა (№შ-10/1559-17; 17.02.2017) და სამსახურებრივი ბარათის (შN-10/2772-17; 29.03.2017) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ივერია სელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 13 აპრილი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „ივერია ქსელს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინება (N03/986-17; 06.04.2017) კომპანიას ჩაბარდა 2017 წლის 11 აპრილს.
2017 წლის 13 აპრილს კომისიაში შემოვიდა შპს „ივერია ქსელის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3110-17 ), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 გადაწყვეტილებით შპს „ივერია ქსელს“ დაევალა 2017 წლის 1 მარტიდან ახალი მოწვევის ოფერტის გამოქვეყნება, რაც კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა კომისიაში. როგორც კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, ვინაიდან ახალი მოწვევის ოფერტები იგივე პირობებით იყო წარმოდგენილი, რაც 2017 წლის 1 მარტამდე, კომისიამ უარი განაცხადა ოფერტის გამოქვეყნებაზე. როგორც შპს „ივერია ქსელის“ განცხადებაშია აღნიშნული, კომისიის უარი ოფერტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით კომპანიას არ მიუღია. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში ნათქვამია, რომ კომპანია თავს არიდებს კომისიის გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანილი ოფერტის წარმოდგენას და რომ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარების დასრულებისათვის კომპანიას მოთხოვნილი აქვს ე.წ „კომერციული ტარიფი“, წინააღმდეგ შემთხვევაში უარს აცხადებენ მომსახურების გაწევაზე. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შპს „ივერია ქსელის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი მასალებით აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება.
კომისიის 2017 წლის 28 თებერვლის, 6 მარტის და 10 მარტის განმარტებითი წერილები საერთოშორისო ზარის ტერმინაციის ტარიფთან დაკავშირებით, შპს „ივერია ქსელის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს, რომ ზღვრული ტარიფის დადგენა ხდება მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების გზით. კომისიის 2017 წლის 28 თებერვლის, 6 მარტის და 10 მარტის წერილები არ წარმოადგენენ კომისიის გადაწყვეტილებებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპნაიისათვის ცნობილია, რომ ზემოაღნიშნული წერილები გასაჩივრებულ იქნა შპს „მაგთიკომის“ მიერ, რაზეც სასამართლომ უკვე იმსჯელა და მიიჩნია, რომ კომისიის თავმჯდომარის წერილი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს. შესაბამისად, შპს „ივერია ქსელს“ მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული წერილები არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ აქტს, რომლის შესრულების ვალდებულებაც ეკისრება ავტორიზებულ პირს. შპს „ივერია ქსელის“ 2017 წლის 13 აპრილის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება შპს „ივერია ქსელის“ მიერ კომისიის 857/19 გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, კომპანია ითხოვს შპს „ივერია ქსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას.
კომისიის 2017 წლის 13 აპრილისა და 20 აპრილის სხდომებზე შპს „ივერია ქსელის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა. ხოლო, საკითხის გადადებისა და შპს „ივერია ქსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის თაობაზე კომპანიას ეცნობა კომისიის 2017 წლის 18 აპრილის N03/1085-17 და 2017 წლის 21 აპრილის N03/1139-17 შეტყობინებებით, რომელიც კომპანის გაეგზავნა ელექტრონულ მისამართზე (iveriakseli@rambler.ru ). ზემოაღნიშნული შეტყობინებები კომპანიას ჩაბარდა 2017 წლის 19 და 25 აპრილს.
კომისიის 2017 წლის 25 აპრილის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ივერია ქსელის“ წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ კომპანიას ჩაბარდა (წარმოდგენილია ელექტრონული დასტური შეტყობინებების ჩაბარების თაობაზე). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. კომისიას მიაჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ივერია ქსელის“ დაუსწრებლად.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/2397-17; 14.03.2017);
- კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (შN-10/2772-17;29.03.2017) თანდართული დოკუმენტაციით (ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ერთობლივი განცხადება Nშ-6/2254-17; 07.03.17 და შპს „კავკასუს ონლაინის“, შპს „მაიფონის“, შპს „სითი ტელეკომის“, „Premium Net Internetional“-ის ფილიალი საქართველოში, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების-გუდვილკომის“, შპს „ნიუ ვიჟენის“ და შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებთან გაგზავნილი წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2255-17; 07.03.2017);
- 2017 წლის პირველ მარტამდე მოქმედი შპს „ივერია ქსელის“ მოწვევის ოფერტა;
- კომისიის წერილები გაგზავნილი შპს „ივერია ქსელისთვის“ და აღნიშნული წერილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (N08/637-17, 28.02.2017 და N08/748-17; 10.03.2017);
- „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილება;
- „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილება;
- „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 გადაწყვეტილება;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ივერია ქსელის“ შესახებ;
- შპს „ივერია ქსელის“ 2017 წლის 13 აპრილის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3110-17; 13.04.17);
- კომისიის 2017 წლის 6 აპრილის N03/986-17 შეტყობინება და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი:AP01002306907);
- კომისიის 2017 წლის 18 აპრილის N03/1085-17 შეტყობინება გაგზავნილი ელექტრონული ფოსტის მისამართზე (iveriakseli@rambler.ru) და აღნიშნული წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- კომისიის 2017 წლის 21 აპრილის N03/1139-17 შეტყობინება გაგზავნილი ელექტრონული ფოსტის მისამართზე (iveriakseli@rambler.ru) და აღნიშნული წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- შპს „ივერია ქსელი“ 2010 წლის 12 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფ; ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:
- სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL));
- შპს „ივერია ქსელი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, ფიქსირებული სადენიანი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვების და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ შპს „ივერია ქსელი“; ამავე გადაწყვეტილების 8.1 პუნქტის თანახმად, დადგინდა ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, ხოლო 8.5 პუნქტის თანახმად, დადგინდა სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება. ამავე გადაწყვეტილების 8.5 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაუდგინდა სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 2 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნული ტარიფის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა საერთაშორისო შემომავალი და გამავალი ტრაფიკი და მასთან დაკავშირებული დანახარჯები;
- კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებით საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის (მათ შორის შპს „ივერია ქსელისთვის“) 1 წუთზე დადგინდა 0,12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N446/19 გადაწყვეტილებით კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში შევიდა ცვლილება მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებს - შპს ,,ჯეოსელი”, შპს ,,მაგთიკომი”, შპს ,,მობიტელი“, სს „სილქნეტი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს „ივერია ქსელი“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ მიეცათ კუთვნილ საკომუნიკაციო ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) ტარიფისაგან განსხვავებული (საფეხურებრივი) ტარიფის დაწესების უფლება შემდეგი პირობებით: ა) მოძრავ და ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში საერთაშორისო ზარის ტერმინაციაზე საფეხურებრივი ტარიფი უნდა დადგინდეს ოპერატორის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტრაფიკის მოცულობის მიხედვით; ბ) მეორე და შემდგომ საფეხურზე დადგენილი ტარიფი უნდა იყოს პირველ საფეხურზე დადგენილ ტარიფზე 25 %-ით მეტი; გ) მოძრავი და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე დაწესებული ტარიფი არ უნდა იყოს მის მიერ მეორე საფეხურზე დადგენილ ტარიფზე ნაკლები;
- კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით მოქმედების ვადა არ გაუგრძელდა ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებას. შესაბამისად, 2017 წლის 1 მარტიდან საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურებისთვის ამოქმედდა კომისიის მიერ მობილურ და ფიქსირებულ ქსელში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის საბითუმო ბაზრის სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფები - 2 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს ჩათვლით;
- კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით, შპს „ივერია ქსელს“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, დაევალა 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა 2017 წლის 1 მარტამდე;
- 2017 წლის პირველ მარტამდე მოქმედის შპს „ივერია ქსელის“ მოწვევის ოფერტის (პუნქტი 2) შესაბამისად, საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის ურთიერთჩართვის (ზარის წამოწყება/დასრულების) მომსახურების ტარიფი მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შეადგენს: ა) პირველი საფეხური, 1000 (ათასი) წუთამდე, პირდაპირი ურთიერთჩართვის შემთხვევაში, 0.9 აშშ დოლარის ექვიფვალენტს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთზე; ბ) პირდაპირი ურთიერთჩართვის შემთხვევაში და მეორე საფეხურზე (1 000 (ათასი) წუთს ზევით ) 0.11.25 აშშ დოლარის ექვივალენტს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში -1 წუთი; ხოლო, ოფერტის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის პირველი აგვისტოდან 6 თვის ვადით, თუ მხარემ ვადის გასვლამდე არ შეიტანა მასში ცვლილებები იგი ავტომატურად გრძელდება იგივე ვადითა და პირობებით; შპს „ივერია ქსელის“ მოწვევის ოფერტა აღნიშნული პირობებით ეწინააღმდეგებოდა კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 და 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილებებს და კანონმდებლობას;
- კომისიის მიერ შპს „ივერია ქსელს“ წერილობით (N08/637-17, 28.02.2017 და N08/748-17; 10.03.2017) განემარტა, რომ კომისიის 2016 წლის N857/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, 2017 წლის 1 მარტიდან საქართველოში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე მოქმედებს მობილურ და ფიქსირებულ ქსელში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურებაზე დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფები (კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილებები). ასევე განემარტა, რომ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისათვის ტარიფის დაწესებისას ოპერატორებმა უნდა გაითვალისწინონ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთაშორისო ზარის საქართველოში მობილურ და ფიქსირებულ ქსელში დასრულების მომსახურებაზე დაწესებული აქციზის გადასახადი. შესაბამისად, შპს „ივერია ქსელის“ მიერ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისათვის ტარიფის დაწესებისას, კომისიის მიერ დადგენილ ზედა ზღვრულ ტარიფს უნდა დაემატოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული აქციზის გადასახადი. ამასთან, შპს „ივერია ქსელს“ ეთხოვა, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა;
- ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს შპს „ივერია ქსელს“ კომისიაში გამოსაქვეყნებლად არ წარმოუდგენია მასზე დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებთან და კომისიის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანილი მოწვევის ოფერტა;
- შპს „ივერია ქსელის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
- IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ამოცანაა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა მიერ იმ სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი, რომლებიც მათ შეიძლება დაეკისროს ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი მე-2 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს ავტორიზებული პირის მიერ ამ კანონის V თავით განსაზღვრული და კომისიის გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ობიექტურად განაპირობებს ავტორიზებული პირისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის ხასიათს და მიზეზებს, ეკისრება ავტორიზებულ პირს. ობიექტურად დასაბუთებული მტიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის ხასიათის გათვალისწინებით ცვლილებები შეიტანოს ამ ვალდებულებების პირობებში. ხოლო, კომისიის მიერ დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებში ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ცვლილებების შეტანა არ ათავისუფლებს ავტორიზებულ პირს სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობისაგან;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალეობა და საჯაროდ გამოაქვეყნოს: ა) მისი საქმიანობის ამსახველი ფინანსური საანგარიშგებო დოკუმენტაცია; ბ) ქსელის შესაბამისი ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, ფუნქციონალური რესურსებისა და ინტერფეისების აღწერილობა, აგრეთვე ინფორმაცია თავისუფალი სიმძლავრეების შესახებ; გ) ქსელის ტექნიკური მახასიათებლები, მათ შორის, გამოყენებული ინტერფეისების აღწერილობა, თანალოკაციის ფართობები და ურთიერთჩართვის წერტილები; დ) ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების პირობები, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნების გათვალისწინებით; ე) დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფები, ანგარიშსწორების პირობები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდება უნდა განახორციელოს დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ დაწესებული ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს მომსახურებისათვის გამოყენებულ ქსელის შესაბამის ელემენტებზე, რესურსების და სიმძლავრეების უზრუნველყოფაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას, ოპერატორის უფლებას, მიიღოს გაწეულ ინვესტიციებზე გონივრული უკუგება, და ოპერატორის საკომუნიკაციო ქსელების შემდგომი განვითარებისა და გაფართოების გრძელვადიან ტენდენციას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი - შპს „ივერია ქსელი“ ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალობა და საჯაროდ გამოაქვეყნოს რიგი ინფორმაცია, მათ შორის, ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების პირობები, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნების გათვალისწინებით და დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფები, ანგარიშსწორების პირობები. ამასთან, შპს „ივერია ქსელმა“ დაშვების/ურთიერთჩართვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდებისას უნდა განახორციელოს დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფით, რაც კომისიის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად შპს „ივერია ქსელმა“ არ განახორციელა. შესაბამისად, შპს „ივერია ქსელის“ მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) და ე) ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილების 8.1 პუნქტი და 8.5 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა იგივე/მსგავს დარღვევას, შპს „ივერია ქსელი“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს. ამავდროულად, შპს „ივერია ქსელს“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა დაევალოს მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან და კომისიის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა 5 სამუშაო დღის ვადაში.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტების, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) და ე) ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 გადაწყვეტილების და „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „ივერია ქსელს“ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა, 31-ე მუხლის დ) და ე) ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის და „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილების 8.1 პუნქტის და 8.5 პუნქტის გ) ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევის გამო;
2. დაევალოს შპს „ივერია ქსელს“ წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან და კომისიის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ივერია ქსელისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ივერია ქსელისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ივერია ქსელისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ივერია ქსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
