წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 8 დეკემბრის №796/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ

ნომერი: 29 / 19

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2017 17:07

მიღების თარიღი იანვარი 17, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 8 დეკემბრის №796/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/11981-16, 10.11.2016) მიმართა შპს „ივერია ქსელმა” და შპს „ახალმა ქსელებმა“, შპს „ივერია ქსელის” სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსის უფლების (სულ 1000 სააბონენტო ნომერი - 25 6000-25 6999) შპს „ახალი ქსელების” სასარგებლოდ დათმობის თაობაზე. 

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ივერია ქსელი” კომისიის 2007 წლის 12 ოქტომბრის №575/1 გადაწყვეტილებით და №N107 ლიცენზიის მოქმედების ვადით (2017 წლის 12 ოქტომბრამდე) ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ფლობდა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ქ. ზუგდიდში  6116 სააბონენტო ნომერზე  (25XXXX).  

კომისიის 2016 წლის 8 დეკემბრის №796/22 გადაწყვეტილებით, შპს „ივერია ქსელისა” და შპს „ახალი ქსელების“ ერთობლივი განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/11981-16, 10.11.2016) საფუძველზე გაუქმდა შპს  „ივერია ქსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N107 ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობის უფლება და ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2007  წლის 12 ოქტომბრის  №575/1 გადაწყვეტილება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 22 დეკემბერს კომისიას განმეორებით, ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-6/13259-16) მიმართა შპს „ივერია ქსელმა” და შპს „ახალმა ქსელებმა“. კომპანიებმა აღნიშნული წერილით დააზუსტეს მოთხოვნა და განმარტეს, რომ შპს „ივერია ქსელი” შპს „ახალი ქსელების“ სასარგებლოდ თმობს 1000 სააბონენტო ნომერს და იტოვებს  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას 5116 სააბონენტო ნომერზე (თანდართული სიის შესაბამისად)  № N107 ლიცენზიის მოქმედების ვადით (2017 წლის 12 ოქტომბრამდე).

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან დგინდება, რომ შპს ,,ივერია ქსელისა“ და შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ 2016 წლის 10 ნოემბრის განცხადებიდან გამომდინარე, შპს ,,ივერია ქსელს“ სურდა ნუმერაციის რესურსის ნაწილობრივ დათმობა და არა მთლიანად, რისი უფლებაც მას აქვს ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესის“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით, ხოლო კომისია 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლისას უნებლიედ დაშვებული შეცდომის შედეგად გასცდა განმცხადებლის მოთხოვნის ფარგლებს და ნუმერაციის რესურსის უფლების ნაწილობრივ გაუქმების ნაცვლად, სრულად გააუქმა რესურსით სარგებლობის უფლება. შესაბამისად, კომისიამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომლის მიღება განმცხადებელს არ მოუთხოვია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახეზეა, კომისიის 2016 წლის 8 დეკემბრის N796/22 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველი. კერძოდ შპს „ივერია ქსელს“ ქ. ზუგდიდში მის მფლობელობაში არსებული 6116 სააბონენტო ნომრიდან  სარგებლობაში უნდა დარჩეს 5116 სააბონენტო ნომერი და უნდა გაუუქმდეს ფლობის უფლება 1000 საბონენტო ნომერზე 25 6000-დან 25 6999-ის ჩათვლით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების და 62-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი კომისიის 2016 წლის 8 დეკემბრის N796/22 გადაწყვეტილება “შპს „ივერია ქსელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმებისა და შპს „ახალი ქსელებისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ” და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ნაწილობრივ გაუქმდეს შპს „ივერია ქსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N 107 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება 1 000 სააბონეტო ნომერზე - 995415256XXX და ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2007 წლის 12 ოქტომბრის №575/1 გადაწყვეტილება „შპს ”ივერია ქსელი” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“.“

2 კომისიის 2016 წლის 8 დეკემბრის N796/22 გადაწყვეტილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შპს „ივერია ქსელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების ნაწილობრივ გაუქმებისა და შპს „ახალი ქსელებისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს  სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა (მ. ქადეიშვილი);

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს „ივერია ქსელისთვის“ გაგზავნა (ი. ხარებავა);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ივერია ქსელისთვის“ წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში.

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;                                                      

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                        ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                        ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                        კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                        გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                        მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები