„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2017 12:46
მიღების თარიღი იანვარი 17, 2017
„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებით, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირების მიერ გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე ინფორმაციის კომისიაში წარდგენის ფორმები, კერძოდ: დადგენილების დანართი N1-რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისათვის, დადგენილების დანართი N11 - რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევას და დანართი N2 - რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირისთვის.
კომისიის რეგულირებაში შემავალ პირთა მიერ, კომისიაში ყოველთვიურად წარსადგენი რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმების შევსებისა და წარდგენის გამარტივების მიზნით, კომისიამ შეიმუშავა რეგულირების საფასურის გაანგარიშების ელექტრონული ფორმა, რომელიც საერთო იქნება კომისიის რეგულირებაში შემავალი ყველა პირისათვის. ახალი ელექტრონული ფორმის დანერგვის მიზნით, კომისია იწყებს საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილების შეტანის მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
- დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;
- ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2017 წლის 16 თებერვალს, 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
- დაევალოს კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (რ.სხირტლაძე), კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ.დევდარიანი) და კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია), დადგენილების პროექტის მომზადება და საჯარო გაცნობისათვის გამოსაქვეყნებლად წარმოდგენა;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და დადგენილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
- გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
