წვდომის მენიუ

შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 300 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2017

მიღების თარიღი აპრილი 27, 2017

შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/2949-17; 05.04.17) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში 2017 წლის 18 აპრილს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,რადიო ჰოლდინგ ფორტუნასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (Nშ-10/2949-17; 05.04.2017) ირკვევა, რომ აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2017 წლის  თებერვლის და  მარტის თვის  პერიოდზე განხორციელდა შპს  „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ ბრენდული რადიოების „ფორტუნა“ და „არ დაიდარდოს“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი სპონსორობის წესებისა და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით, როგორც კომპანიის მიერ კომისიაში მყარ დისკზე წარმოდგენილი საარქივო ჩანაწერების შემოწმების საფუძველზე, ასევე კომისიაში არსებული რესურსების გამოყენებით კამერალური შემოწმების  გზით. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში  აღნიშნულია, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.  შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“  ბრენდული რადიოს „ფორტუნას“  ეთერში მთელი დღის მანძილზე  განთავსებულია სხვადასხვა დასახელების  რუბრიკები: „ქართული ჰიტი“ (ყოველდღე ყოველი საათის დასაწყისში),  „საუნდტრეკი“ (ყოველდღე ყოველი საათის შუაგულში ან ბოლოს),  „ამინდის პროგნოზი“ (ყოველდღე ყოველი საათის მეორე ნახევარში). აღნიშნულ რუბრიკებს წარმოადგენენ შესაბამისი სპონსორები, რომელთაგან ზოგიერთი  შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“  ბრენდული რადიოს „ფორტუნას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ მყარ დისკებზე არ ფიქსირდება. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა 05 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით კომპანიის მიერ წარმოდგენილი საარქივო მასალა. კომისიის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ პარალელურად განხორციელდა რადიო „ფორტუნას“ მონიტორინგი  საკუთარი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლის შედეგად დადგინდა, რომ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ზემოაღნიშნულ რუბრიკებს წარმოადგენენ შესაბამისი სპონსორები. კერძოდ, „ბიუბჰენი“,  „მალიუტკა“,  „პე-ეს-პე“,  „ქარვა“,  „გოტიე“. კომპანიის მიერ წარმოდგენილ მყარ დისკებზე ფიქსირდება მხოლოდ „ამინდის პროგნოზის სპონსორი  -  „გოტიე“  და გადაცემა „პულსის“  სპონსორი  „ავერსი“. დანარჩენი სპონსორები მყარ დისკებზე არ აღმოჩნდა.

2.  სპონსორზე მითითება რადიო „ფორტუნა“:

2.1. „საუნდტრეკის სპონსორია  „ბიუბჰენი“. შეხვდი გაზაფხულს „ბიუბჰენთან“  ერთად.  საბავშვო, გერმანული, ჰიპოალერგიული კოსმეტიკა დაბადებიდან. „ბიუბჰენი“  -  კანს ეს მოსწონს.“

„საუნდტრეკის სპონსორია ჰოლანდიური ხარისხის ფაფები  „მალიუტკა“. შეხვდი გაზაფხულს „მალიუტკასთან“  ერთად.  „მალიუტკა“  -  ახალი დიზაინი, ახალი ფასები. როცა ორი გული ძგერს, როგორც ერთი  -  „მალიუტკა“ (9-15 მარტი, 08:49, 09:14, 18:35, 18:38 სთ.);

2.2. „ქართული ჰიტის სპონსორია „პე-ეს-პეს“ გრანდიოზული ფასდაკლებების აქცია ფრანგულ კოსმეტიკაზე. პე-ეს-პე  -  ჩემი ოჯახის აფთიაქი“ (9-15 მარტი, 18:19, 09:21 სთ.);

3. შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“  ბრენდული რადიოს „არ დაიდარდოს“  ეთერში დილის 8 საათიდან  განთავსებულია სხვადასხვა დასახელების გადაცემები რუბრიკებით: „ახალი ჰიტი“ (ყოველდღე ყოველი საათის შუაგულში),  „უწყვეტი მუსიკა“ (ყოველდღე ყოველი საათის ბოლოს),  „ამინდი“ (ყოველდღე ყოველი საათის მეორმოცე წუთს). ზემოაღნიშნულ რუბრიკებს წარმოადგენენ შესაბამისი სპონსორები. კერძოდ,  „ამინდის პროგნოზის პსონსორია „პე-ეს-პე“  გრანდიოზული ფასდაკლებების აქცია ფრანგულ კოსმეტიკაზე. „პე-ეს-პე“  -  ჩემი ოჯახის აფთიაქი.“

4. შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“  ბრენდული რადიოს „არ დაიდარდოს“   დილის გადაცემის ფარგლებში წარმოდგენილია რუბრიკა „დილის ჰიტი“, რომლის ფორმატშიც გადაცემის წამყვანი მსმენელთან უშუალო კომუნიკაციის საშუალებით ავლენს ვიქტორინაში გამარჯვებულს და გადასცემს მას პრიზებს. პრიზების დასახელების დროს წამყვანი იყენებს ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა: „არაჩვეულებრივი და ფანტასტიური კომპანია „ბორან ლაითი“,  „ეს პროდუქტი ორივე ჩემს სახლში გახლავთ მოხმარების საგანი“,  „ვწევ საოცარ პროპაგანდას იმისას, რომ აუცილებლად მოიხმარონ „ლინუსის“ ნათურები“  და ა.შ ( 27 თებერვალი, დრო დისკზე  -  09:00 სთ.+11წთ.54 წმ.).

ზემოაღნიშნული ჩანაწერების შესწავლის საფუძველზე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, წინამდებარე სამსახურებრივი ბარათის მე-4 პუნქტში მითითებულ პროგრამაში ირღვევა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე–2 პუნქტი, ვინაიდან სიუჟეტში პროდუქტს ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა და ხშირ შემთხვევაში შეიცავს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ წინამდებარე სამსახურებრივი ბარათის მე-2 და მე-3 პუნქტებში ჩამოთვლილ პროგრამებში სპონსორზე მითითება ხდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევით.

ამავდოულად, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს, მიაჩნია, რომ შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“  ბრენდული რადიოების - „ფორტუნასა“ და „არ დაიდარდოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად უნდა ჩაითვალოს არასწორ ან არასრული ინფორმაციის მიწოდებად, რადგან კომისიაში წარმოდგენილ საარქივო ჩანაწერებში არ მოიძებნა სპონსორზე მითითების ინფორმაცია, რომელიც ფიქსირდება რადიო „ფორტუნასა“ და რადიო „არ დაიდარდოს“ პირდაპირ ეთერში მონიტორინგის დროს.

შპს ,,რადიო ჰოლდინგ ფორტუნასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 27 აპრილს, რის თაობაზეც შეტყობინებით (03/1087-17) ეცნობა შპს ,,რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“.

კომისიის სხდომაზე კომისიის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ი. მახარაძის მიერ დაყენებული იქნა შუამდგომლობა ინფორმაციის არასრულად წარმოდგენის კუთხით მოხსნის თაობაზე, აღნიშნული დარღვევის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო.

კომისიის 2017 წლის 27 აპრილის სხდომას ესწრებოდა შპს ,,რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ იურისტი ირაკლი ჩხიკვაძე, რომელმაც კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ 2017 წლის თებერვალი და მარტის  თვეებში შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ ბრენული რადიოების - „ფორტუნა“ და „არ დაიდარდოს“ ეთერით ვრცელდებოდა  სპონსორობის და პროდუქტის განთავსების წესების დაღვევით პროგრამები.

II.    გამოკვლეული მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი თანდართული CD-ით (შ-10/2949-17; 5.04.2017);
  2. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ შესახებ;
  3. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ იურისტის ირაკლი ჩხიკვაძის  მიერ კომისიის 2016 წლის 27 აპრილის კომისიის  სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III.   დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ გარდა სხვა რადიომაუწყებლობის ლიცენზიებისა, კომისიის  2012 წლის 30 იანვრის N108/6 გადაწყვეტილების და 2015 წლის 25 მარტის N152/6 გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოადგენს  N B63 და N B78 რადიომაუწყებლობის ლინცენზიების მფლობელ პირს;

2. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“  კუთვნილი რადიო ბრენდული სახელწოდებით „არ დაიდარდოს“  (ლიცენზია N B78)  გადაცემის (ამინდის) სპონსორია „პე-ეს-პე“. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტისმ მიერ 2017 წლის მარტის თვეში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ სპონსორზე მითითების ფარგლებში ადგილი აქვს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას  და სასპონსორო მითითება შეიცავს სარეკლამო შეტყობინებას. კერძოდ:

10 მარტი, 08:34 სთ - „ამინდის პროგნოზის პსონსორია „პე-ეს-პე“  გრანდიოზული ფასდაკლებების აქცია ფრანგულ კოსმეტიკაზე. „პე-ეს-პე“  -  ჩემი ოჯახის აფთიაქი“;

3. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“  კუთვნილი რადიო ბრენდული სახელწოდებით „არ დაიდარდოს“  (ლიცენზია N B78) ეთერში განთავსებულ დილის გადაცემაში წამყვანი მსმენელთან უშუალო კომუნიკაციის საშუალებით ავლენს ვიქტორინაში გამარჯვებულს და გადასცემს მას პრიზებს. პრიზების დასახელების დროს წამყვანი იყენებს ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა: „არაჩვეულებრივი და ფანტასტიური კომპანია „ბორან ლაითი“,  „ეს პროდუქტი ორივე ჩემს სახლში გახლავთ მოხმარების საგანი“,  „ვწევ საოცარ პროპაგანდას იმისას, რომ აუცილებლად მოიხმარონ „ლინუსის“ ნათურები“  და ა.შ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სიუჟეტში პროდუქტს ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა და ადგილი აქვს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას;

4. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კუთვნილი რადიო ბრენდული სახელწოდებით „ფორტუნას“ (ლიცენზია N B63) რიგი გადაცემების (ქართული ჰიტი, საუნდტრეკი, ამინდის და ა.შ.) სპონსორიები არიან - „ბიუბჰენი“, „მალუტკა“, „პე-ეს-პე“, „ქარვა“ და „გოტიე“. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების დეპარტამენტისმ მიერ 2017 წლის მარტის თვეში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ სპონსორზე მითითების ფარგლებში ადგილი აქვს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას  და სასპონსორო მითითება შეიცავს სარეკლამო შეტყობინებას. კერძოდ:

ა) 9-15 მარტი, 08:49, 09:14, 18:35, 18:38 სთ - „საუნდტრეკის სპონსორია  „ბიუბჰენი“. შეხვდი გაზაფხულს „ბიუბჰენთან“  ერთად.  საბავშვო, გერმანული, ჰიპოალერგიული კოსმეტიკა დაბადებიდან. „ბიუბჰენი“  -  კანს ეს მოსწონს“;

ბ) „საუნდტრეკის სპონსორია ჰოლანდიური ხარისხის ფაფები  „მალიუტკა“. შეხვდი გაზაფხულს „მალიუტკასთან“  ერთად.  „მალიუტკა“  -  ახალი დიზაინი, ახალი ფასები. როცა ორი გული ძგერს, როგორც ერთი  -  „მალიუტკა“;

გ) 9-15 მარტი, 18:19, 09:21 სთ. - „ქართული ჰიტის სპონსორია „პე-ეს-პეს“ გრანდიოზული ფასდაკლებების აქცია ფრანგულ კოსმეტიკაზე. პე-ეს-პე  -  ჩემი ოჯახის აფთიაქი“;

მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი და თანდართული CD

5. შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ მიმართ იგივე დარღვევებისათვის ბოლო ერთი წლის მანძილზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
  2.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ17) ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
  4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის შესაბამისად, სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი  სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით;
  5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით;
  6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით“;
  7. კომისიის 2012 წლის 30 იანვრის N108/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის და 2015 წლის 25 მარტის N152/6 გადაწყვეტილების მე- 4 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ სალიცენზიო ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლობის პროცესში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დაცვა;
  8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით. სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება არ შეიცავდეს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას;
  9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ:

1. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“  კუთვნილი რადიო ბრენდული სახელწოდებით „არ დაიდარდოს“  (ლიცენზია N B78) ეთერში 2017 წლის 27 თებერვალს განთავსებულ დილის გადაცემაში  პროდუქტს ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა და სიუჟეტი შეიცავს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას, რითაც შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“   მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტები და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, ასევე 2015 წლის 25 მარტის N152/6 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი;

2. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“  კუთვნილი რადიო ბრენდული სახელწოდებით „არ დაიდარდოს“  ეთერში 2017 წლის 10 მარტს  განთავსებულ გადაცემაში - ,,ამინდის პროგნოზის“  სასპონსორო მითითებებისას ადგილი აქვს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას პროდუქტზე სპეციალური მითითებით და ამასთან, სასპონსორო მითითებები შეიცავენ სარეკლამო შეტყობინებებს, რითაც კომპანიის მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები;

3.   შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“  კუთვნილი რადიო ბრენდული სახელწოდებით „ფორტუნას“  ეთერში 2017 წლის 9 მარტიდან 15 მარტის პერიოდში განთავსებულ გადაცემებში - „საუნდტრეკის“ და  „ქართული ჰიტის“ პროგნოზის“  სასპონსორო მითითებებისას ადგილი აქვს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას პროდუქტზე სპეციალური მითითებით და ამასთან, სასპონსორო მითითებები შეიცავენ სარეკლამო შეტყობინებებს, რითაც კომპანიის მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი,  „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები და 2012 წლის 30 იანვრის N108/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია,  შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს, ხოლო დარღვევების აღმოსაფხვრელად მიეცეს გონივრული ვადა 5 დღის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე,  98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) და ჰ17) ქვეპუნქტების , მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ), ვ) და ი) ქვეპუნქტების,  67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 691 მუხლის მე-2 პუნქტის.  70-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტებისა,  71-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 691 მუხლი მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების,   კომისიის 2012 წლის 30 იანვრის N108/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის და 2015 წლის 25 მარტის N152/6 გადაწყვეტილების მე- 4 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევის გამო;

2. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნამ“  წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში შეწყვიტოს სპონსორობის  და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევის შემცველი  პროგრამის გავრცელება;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) ამ გადაწყვეტილების შპს ,,რადიო ჰოლდინგ ფორტუნასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) გადაწყვეტილების შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნასთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნასთვის“   ჩაბარების დღიდან;

7. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                 ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                 კახი  ბექაური

კომისიის წევრი                                                                 გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                 მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები