შპს „ქართული რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2017 11:05
მიღების თარიღი აპრილი 27, 2017
შპს „ქართული რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/2728-17; 28.03.17) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2017 წლის 18 აპრილს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ქართული რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (Nშ-10/2949-17; 05.04.2017) ირკვევა, რომ აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2017 წლის თებერვლის და მარტის თვეების პერიოდში განხორციელდა შპს „ქართული რადიოს“ ბრენდული რადიოს „რადიო მაესტროს“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი სპონსორობის წესებისა და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით, როგორც კომპანიის მიერ კომისიაში მყარ დისკზე წარმოდგენილი საარქივო ჩანაწერების შემოწმების საფუძველზე, ასევე კომისიაში არსებული რესურსების გამოყენებით კამერალური შემოწმების გზით. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სპონსორზე მითითება:
1. „სამედიცინო ამბების სპონსორია პოტენციის ასამაღლებელი და სქესობრივი დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატი „იანტგერო2“. ექიმის კონსულტაცია...ტელეფონი...“იანტგერო2“ - ინტიმური ცხოვრების გახანგრძლივების გარანტი“ (17 მარტის ჩანაწერი);
2. „სამედიცინო ამბების სპონსორია „ინფლუციდი“. „ინფლუციდი“ დაიცავს გაციებისგან და გრიპისგან, როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს ერთი წლიდან“ (17 მარტის ჩანაწერი).
ზემოაღნიშნული ჩანაწერების შესწავლის საფუძველზე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ პროგრამებში სპონსორზე მითითება ხდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევით.
შპს ,,ქართული რადიოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 27 აპრილს, რის თაობაზეც შეტყობინებით (03/1086-17) ეცნობა შპს ,,ქართულ რადიოს“.
კომისიის 2017 წლის 27 აპრილის სხდომას ესწრებოდა შპს ,,ქართული რადიოს“ წარმომადგენელი ი. კიკაბიძე, რომელმაც აღიარა დარღვევა და განმარტა, რომ შპს „ქართული რადიოს“ ბრენდული სახელწოდების „რადიო მაესტროს“ ეთრით გადაიცემოდა პროგრამები სპონსორობის წესების დარღვევით.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი თანდართული CD-ით (შ-10/2728-17; 28.03.2017);
2. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „ქართული რადიოს“ შესახებ;
3. შპს „ქართული რადიოს“ წარმომადგენლის ი. კიკაბიძის მიერ კომისიის 2016 წლის 27 აპრილის კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ქართული რადიო“ გარდა სხვა რადიომაუწყებლობის ლიცენზიებისა, კომისიის 2007 წლის 1 ივნისის N300/1 გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოადგენს N B90 რადიომაუწყებლობის ლინცენზიის მფლობელ პირს;
2. შპს „ქართული რადიოს“ კუთვნილი რადიო ბრენდული სახელწოდების „რადიო მაესტროს“ გადაცემის - „სამედიცინო ამბების“ სპონსორები არიან: სამკურნალო პრეპარატი „იანტგერო2“ და პრეპარატი „ინფლუციდი“. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტის თვეში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ სპონსორზე მითითების ფარგლებში ადგილი აქვს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას და სასპონსორო მითითება შეიცავს სარეკლამო შეტყობინებას. კერძოდ:
ა) 17 მარტის 15:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე - „სამედიცინო ამბების სპონსორია პოტენციის ასამაღლებელი და სქესობრივი დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატი „იანტგერო2“. ექიმის კონსულტაცია...ტელეფონი...“იანტგერო2“ - ინტიმური ცხოვრების გახანგრძლივების გარანტი“;
ბ) 17 მარტის 15:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე - „სამედიცინო ამბების სპონსორია „ინფლუციდი“. „ინფლუციდი“ დაიცავს გაციებისგან და გრიპისგან, როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს ერთი წლიდან“;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი და თანდართული CD
3. შპს „ქართული რადიოს“ მიმართ იგივე დარღვევებისათვის ერთი წლის მანძილზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის შესაბამისად, სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით;
4. კომისიის 2007 წლის 1 ივნისის N300/1 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „ქართული რადიოს“ სალიცენზიო ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლობის პროცესში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დაცვა;
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით“;
6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით. სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება არ შეიცავდეს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას;
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ქართული რადიოს“ კუთვნილი რადიოს ბრენდული სახელწოდებით „რადიო მაესტროს“ ეთერში განთავსებულ გადაცემაში - ,,სამედიცინო ამბების“ სასპონსორო მითითებებისას ადგილი აქვს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას პროდუქტზე სპეციალური მითითებით და ამასთან, სასპონსორო მითითებები შეიცავენ სარეკლამო შეტყობინებებს, რითაც კომპანიის მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები და კომისიის 2007 წლის 1 ივნისის N300/1 გადაწყვეტილება - „შპს „ქართული რადიო” -სთვის კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის , მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ), ვ) და ი) ქვეპუნქტების, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 70-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა, 71-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „ქართულ რადიოს“ მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევის გამო;
2. შპს „ქართულმა რადიომ“ წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში შეწყვიტოს სპონსორობის და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევის შემცველი პროგრამის გავრცელება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) ამ გადაწყვეტილების შპს ,,ქართული რადიოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) გადაწყვეტილების შპს „ქართული რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ქართული რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
