შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „მაგთიკომს“-ს, შპს „ჯეოსელსა“ და შპს „მობიტელს“ შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 18, 2017 18:57
მიღების თარიღი აპრილი 27, 2017
შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „მაგთიკომს“-ს, შპს „ჯეოსელსა“ და შპს „მობიტელს“ შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2017 წლის 20 აპრილს შპს „კავკასუს ონლაინმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (შ-6/3229-17) შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელისა“ და შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ. შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 გადაწყვეტილებით 2017 წლის 1 მარტიდან ფაქტობრივად შეწყდა კომისიის დროებითი რეგულაციის მოქმედება საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის თაობაზე და საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მომსახურებისთვის ამავე თარიღიდან ამოქმედდა ის ზედა ზღვრული ტარიფები, რაც კომისიის გადაწყვეტილებებით დადგენილი აქვთ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირებს, მათ შორის შპს „მაგთიკომს” შპს „ჯეოსელსა”და შპს „მობიტელს” მათ ქსელში ზარების ტერმინაციის მომსახურებისთვის.
შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომი“, შპს „ჯეოსელი“ და შპს „მობიტელი“ დღემდე არ ასრულებენ 29.12.2016 N857/19 გადაწყვეტილებით მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს და საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარების დასრულების თაობაზე მოწვევის ოფერტები მომსახურების ტარიფების ნაწილში არ მოჰყავთ შესაბამისობაში კომისიის გადაწყვეტილებებთან და კანონმდებლობასთან შპს „კავკასუს ონლაინს” სთხოვენ გაწეული საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურებისთვის მათთან ანგარიშსწორებას ისეთი ტარიფებით, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება მათთვის დადგენილ ზედა ზღვრულ ტარიფს.
შპს „კავკასუს ონლაინმა“ სხვა ტრანზიტორ ოპერატორებთან ერთად ქსელის მფლობელ ოპერატორებს, მათ შორის, შპს „მაგთიკომს“, შპს „ჯეოსელსა“ და შპს „მობიტელს“ 2017 წლის 7 მარტს გაუგზავნა შეტყობინება 2017 წლის 1 მარტიდან საერთაშორისო ზარების დასრულების/ტერმინაციის სატარიფო რეგულირებასთან დაკავშირებით, სადაც დააფიქსირა საკუთარი პოზიცია სატარიფო რეგულაციასა და ტარიფების გამოთვლასთან დაკავშირებით. აღნიშნულ შეტყობინებას შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელისა“ და შპს „მობიტელის“ მხრიდან არ მოჰყოლია რაიმე რეაგირება.
შპს „კავკასუს ონლაინმა“ 2017 წლის 10 აპრილს, შპს „მაგთიკომისგან“ და შპს „ჯეოსელისგან“, ხოლო 2017 წლის 11 აპრილს შპს „მობიტელისგან“ მიიღო წერილი, რომლის თანახმად, თუ შპს „კავკასუს ონლაინი“ არ განაცხადებდა უპირობა თანხმობას/აქცეპტს მათ ოფერტაზე, შპს „კავკაუს ონლაინს“ შეუწყდებოდა მათ ქსელებში საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურების გაწევა მათი ოფერტებით განსაზღვრული პირობების უპირობოდ შესრულებამდე.
შპს „კავკასუს ონლაინი“ არ დაეთანხმა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების ზემოაღნიშნულ მოთხოვნას, რის შემდეგაც 2017 წლის 13 აპრილს თითოეულმა მათგანმა შეუწყვიტა შპს „კავკასუს ონლაინს“ მათ ქსელში საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურება.
შპს „კავკასუს ონლაინი“ საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურების შეწყვეტით შპს „მაგთიკომი“,შპს „ჯეოსელი“ და შპს „მობიტელი“ მოქმედებენ თვითნებურად და უკანონოდ, ითხოვენ მომსახურების ისეთ ტარიფებს, რომლებიც ეწინააღმდეგება კომისიის 29.12.2016 N857/19 გადაწყვეტილებას და წყვეტენ/ზღუდავენ შპს „კავკასუს ონლაინთან“ სატელეფონო ურთიერთჩართვას კომისიის თანხმობის გარეშე, რითაც არღვევენ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე მათთვის, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირებისათვის კომისიის მიერ დადგენილ სპეციფიკურ ვალდებულებებს.
შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელისა“ და შპს „მობიტელის“ მიერ ზემოაღნიშნული ქმედებები მნიშვნელოვან და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს შპს „კავკასუს ონლაინს“. კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას, საქართველოში დაასრულოს უცხოური პარტნიორებისგან ტრანზიტით შემოტანილი საერთაშორისო ზარები და შესაბამისად, ყოველდღიურად კარგავს საერთაშორისო პარტნიორების ნდობას და შემოსავლებს საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მომსახურების ბაზარზე. იმ შემთხვევაში თუ შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელისა“ და შპს „მობიტელის“ უკანონო ქმედებები კვლავ გაგრძელდება, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ კომპანია ვეღარ შეძლებს ან მნიშვნელოვნად გაურთულდება აღადგინოს პარტნიორული ურთიერთობები საერთაშორისო ოპერატორებთან, რაც გამოიწვევს იმას, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ დაკარგავს თავის წილს და ადგილს საქართველოში საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურების ბაზარზე, რაც მნიშვნელოვან მატერიულურ ზიანს მიაყენებს ონლაინის ინტერესებს, ასევე შელახავს ონლაინის საქმიან რეპუტაციას საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში.
შპს „კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნა:
შპს „მაგთიკომს“, შპს „ჯეოსელსა“ და შპს „მობიტელს“ დაევალოთ, დაუყოვნებლივ აღადგინონ შპს „კავკასუს ონლაინთან“ სატელეფონო ურთიერთჩართვა საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურების ნაწილში.
შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადების (20.04.2017 Nშ-6/3229-6) საფუძველზე, შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „მაგთიკომს“, შპს „ჯეოსელსა“ და შპს „მობიტელს“ შორის დავის განხილვის მიზნით, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება და მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 27 აპრილს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებებით ეცნობათ როგორც შპს „კავკასუს ონლაინს“, ისე შპს „მაგთიკომს“, შპს „ჯეოსელსა“ და შპს „მობიტელს“ და ეთხოვათ დავასთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მხარეებს ასევე განემარტათ მათი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.
2017 წლის 27 აპრილს კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები თ.ხარაზიშვილი და ი.ჭანტურია, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი დ.ძიძიგური, შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი ლ.გიორგაძე, არ გამოცხადდა შპს „მობიტელის“ წარმომადგენელი, რომელმაც კომისიის წინაშე წერილობით (27.04.17 Nშ-6/3401-17) იშუამდგომლა საკითხის გადადებასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ ჩანიშნული იყო მოსამზადებელი სხდომა და საკითხის არსებითი განხილვა გაიმართება მომდევნო სხდომაზე, შპს „მობიტელის“ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
კომისიის 2017 წლის 27 აპრილის მოსამზადებელ სხდომაზე მხარეებმა მხარი დაუჭირეს მათ მიერ კომისიაში წერილობით წარმოდგენილ პოზიციებს. კომისიამ მხარეებს შესთავაზა მორიგება.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, ხოლო 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები.
ამდენად, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინსა“ და მობილურ ოპერტატორებს: შპს „მაგთიკომს, შპს „ჯეოსელს“, შპს „მობიტელს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „მაგთიკომს, შპს „ჯეოსელსა“, შპს „მობიტელს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვა დაინიშნოს 2017 წლის 04 მაისს, 15:00 საათზე;
- დავის განხილვის დღის შესახებ მხარეები გაფრთხილდნენ კომისიის 2017 წლის 27 აპრილის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის გაგზავნის უზრუნველყოფა;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახა ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
