შპს „მობიტელსა“ და შპს „მაიფონს“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომს“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ შპს „სითი ტელეკომს“, შპს „ლაგს“, Premium Net International SRL-ის ფილიალს საქართველოში, შპს „ნიუ ვიჟენსა“ და შპს „ჯეონეთს“ შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 07, 2017 19:13
მიღების თარიღი მაისი 01, 2017
შპს „მობიტელსა“ და შპს „მაიფონს“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომს“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ შპს „სითი ტელეკომს“, შპს „ლაგს“, Premium Net International SRL-ის ფილიალს საქართველოში, შპს „ნიუ ვიჟენსა“ და შპს „ჯეონეთს“ შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის თანხმობის გარეშე საერთაშორისო ზარების ნაწილში ურთიერთჩართვის შეჩერებასთან დაკავშირებით, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიების: შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“, შპს „მობიტელის“, სს „სილქნეტისა“ და შპს „ახტელის“ წინააღმდეგ კომისიას საჩივრით მომართეს შემდეგმა კომპანიებმა: შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-მ (28.03.2017 №შ-6/2726-17), შპს „მაიფონმა“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომმა“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიამ“, შპს „სითი ტელეკომმა“, შპს „ლაგმა“ (ერთობლივი განცხადება 18.04.17 Nშ-6/3180-17), შპს „კავკასუს ონლაინმა“ (20.04.17 Nშ-6/3229-17), შპს „ჯეონეთმა“ (24.04.17 Nშ-6/3310-17), Premium Net International SRL”-ის ფილიალმა საქართველოში (13.04.17 Nშ-6/3133-17), შპს „ნიუ ვიჟენმა“ (18.04.17 შ-6/3171-17), შპს „სისტემ ნეტმა“ (26.04.17 Nშ-6/3374-17).
ვინაიდან, ზემოაღნიშნულ განცხადებებში/საჩივრებში მხარეებს ერთი და იგივე კომპანიები წარმოადგენენ, დავის საგანი და მოთხოვნები არის იდენტური, საქმის სრულყოფილად შესწავლისა და დავების სწრაფად განხილვის მიზნით, ერთ ადმინისტრაციულ წარმოებად გაერთიანდა შპს „მაიფონის“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომის“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“, შპს „სითი ტელეკომის“, შპს „ლაგის“, შპს „ჯეონეთის“, Premium Net International SRL”-ის ფილიალის საქართველოში და შპს „ნიუ ვიჟენის“ განცხადებები/საჩივრები შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ.
შპს „მაიფონის“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომის“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“, შპს „სითი ტელეკომის“ და შპს „ლაგის“ ერთობლივ განცხადებაში (18.04.17 Nშ-6/3180-17) აღნიშნულია, რომ აღნიშნულ ავტორიზებულ პირებს, რომლებიც ახორციელებდნენ საერთაშორისო ზარების დასრულებას შპს „მობიტელის“ ქსელში შეეზღუდათ მის ქსელთან დაშვება. მხარეები ურთიერთჩართულნი იყვნენ, თუმცა მოხდა მათი ურთიერთჩართვის შეჩერება ან/და შეწყვეტა; კერძოდ, 2017 წლის 13 აპრილიდან მათ შეეზღუდათ საერთაშორისო ზარების დასრულება შპს „მობიტელის“ ქსელში.
კომპანიების ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის 2014 წლის 09 ოქტომბრის N571/9 (საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ) გადაწყვეტილებით, კომისიამ მიიღო ახალი რეგულაცია, რომლის შესაბამისად დადგინდა, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, ასევე ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის (შპს „ჯეოსელი”, შპს „მაგთიკომი”, შპს „მობიტელი“, სს „სილქნეტი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს „ივერია ქსელი“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“). საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 გადაწყვეტილებით არ იქნა გაგრძელებული „საქართველოში საერთაშორისო ზარების დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილების მოქმედების ვადა. 2017 წლის 01 მარტიდან გაუქმდა, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, ასევე ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის კომისიის მიერ დადგენილი დროებითი რეგულაცია.
ერთობლივ განცხადებაში კომპანიები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე იურიდიულმა პირებმა, კომისიის გადაწყვეტილებების იგნორირებით, საერთაშორისო ზარების მათ ქსელში დასრულების ტარიფები დატოვეს უცვლელი, რითაც უკანონოდ ილახება ავტორიზებულ პირთა უფლებები და კანონიერი ინტერესები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს ავტორიზებული პირის მიერ ამ კანონით განსაზღვრული და კომისიის გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობას.
კომპანიების განცხადებით, კომისიის მარეგულირებელი გადაწყვეტილებების შეუსრულებლობით, სახეზეა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.
შპს „მაიფონმა“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომმა“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიამ“, შპს „სითი ტელეკომმა“, შპს „ლაგმა“ მოითხოვეს: 1. შპს „მობიტელისთვის“ კანონით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება, 2. შპს „მობიტელის“ მიერ ურთიერთჩართვის აღდგენა. 3. კომისიის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების ქმედებების შედეგად, საერთაშორისო სატელეფონო ტრანზიტის მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები კარგავენ საერთაშორისო პარტნიორებს, რადგან საერთაშორისო კომპანიებისთვის არამიმზიდველია არაპროგნოზირებადი ბაზარი, რომელიც არ არის დამყარებული კანონმდებლობისა და მარეგულირებელი ორგანოს რეგულაციებზე. საჩივრის ავტორთა განმარტებით, არსებული მოცემულობის გაგრძელების პირობებში გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შედეგად შენარჩუნდება ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის ამ სეგმენტზე არაკონკურენტული მდგომარეობა და კომისია მოკლებული იქნება შესაძლებლობას უზრუნველყოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულება - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება.
შპს „ჯეონეთის“ განცხადებაში (24.04.17 Nშ-6/3310-17) აღნიშნულია, რომ შპს „მობიტელმა“ კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებების იგნორირებით, საერთაშორისო ზარების თავიანთ ქსელში დასრულების ტარიფები დატოვა უცვლელი, რითაც შეილახა სხვა ავტორიზებული პირების უფლებები და კანონიერი ინტერესები. განცხადების თანახმად, შპს „ჯეონეთს“ 2017 წლის 13 აპრილიდან უკანონოდ შეეზღუდა საერთაშორისო ზარების დასრულება მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების და მათ შორის შპს „მობიტელის“ ქსელში.
შპს „ჯეონეთის“ მოთხოვნას, მსგავსად სხვა კომპანიებისა წარმოადგენს: 1. შპს „მობიტელისთვის“ კანონით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება, 2. შპს „მობიტელის“ მიერ ურთიერთჩართვის აღდგენა. 3. კომისიის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
კომისიის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას შპს „ჯეონეთი“ ითხოვს იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ აღსრულების გადადებით განმცხადებლის კანონიერი ინტერესები ილახება უკანონოდ და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი ადგება შპს „ჯეონეთს“. კომპანიის ინტერესების დაცვის მიზნით, სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, კომპანია, როგორც საერთაშორისო სატელეფონო ტრანზიტის მომსახურების მიმწოდებელი კომპანია დაკარგავს საერთაშორისო პარტნიორებს, პირდაპირ შემოსავლებს. შპს „ჯეონეთის“ განცხადებით, არსებული მოცემულობის გაგრძელების პირობებში გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შედეგად შენარჩუნდება ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის ამ სეგმენტზე არაკონკურენტული მდგომარეობა და კომისია მოკლებული იქნება შესაძლებლობას უზრუნველყოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულება - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება.
Premium Net International SRL”-ის ფილიალის საქართველოში (13.04.17 Nშ-6/3133-17, 24.04.17 Nშ-6/3350-17) განცხადებების თანახმად, კომპანიას მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ყველა ოპერატორმა და მათ შორის შპს „მობიტელმა“ შეუწყვიტა ურთიერთჩართვა საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „მობიტელის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, დაუშვებელია საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა კომისიის თანხმობის გარეშე. Premium Net International SRL”-ის ფილიალის საქართველოში მოთხოვნაა განიხილოს კომისიამ შპს „მობიტელის“ ქმედება, მისცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და დაავალოს უკანონოდ შეწყვეტილი ურთიერთჩართვის აღდგენა.
შპს „ნიუ ვიჟენის“ საჩივრის (18.04. 17 Nშ-6/3171-17) თანახმად, შპს „მობიტელმა“ 2017 წლის 12 აპრილს შეუჩერა ურთიერთჩართვა, იმ მიზეზით, რომ შპს „ნიუ ვიჟენი“ არ დაეთანხმა შპს „მობიტელის“ ოფერტას, რომელიც არ არის შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არის გამოქვეყნებული კომისიის მიერ. საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „მობიტელის“ მიერ მოთხოვნილია ხარჯების აღიარება და თანხების გადახდა მათ მიერ უკანონოდ ვადა გაგრძელებული ოფერტების საფუძველზე. შპს „ნიუ ვიჟენის“ განცხადებით, არა თუ არ ერიცხება დავალიანება არცერთი კომპანიის და მათ შორის შპს „მობიტელის“ მიმართ, არამედ, ავანსად აქვს გადახდილი თანხები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „ნიუ ვიჟენს“ მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების, მათ შორის შპს „მობიტელის“ ქმედება წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას და მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიერ ბაზარზე კონკურენციის მოსპობისა და დომინირებული მდგომარეობის გამყარების მიზნით შეთანხმებულ და მიზანმიმართულ ქმედებას.
შპს „ნიუ ვიჟენმა“ მოითხოვა კომისიის მიერ შესაბამისი ზომების მიღება და შეჩერებული ურთიერთჩართვის აღდგენა.
ზემოაღნიშნულ საჩივრებთან დაკავშირებით, კომისიის მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2017 წლის პირველ მაისს. სხდომების გამართვის თაობაზე შეტყობინებებით ეცნობათ მხარეებს და ეთხოვათ დავასთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მხარეებს ასევე განემარტათ მათი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.
კომისიის 2017 წლის პირველი მაისის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „მობიტელის“ წარმომადგენელი ი.ესართია, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომის“ წარმომადგენელი უ.სეთური შპს „მაიფონის“ წარმომადგენელი თ.ხონელია, შპს „სითი ტელეკომის“ დირექტორი ნ.ადეიშვილი, Premium Net International SRL”-ის ფილიალის საქართველოში წარმომადგენლები ი.გაფრინდაშვილი და ნ.აბუთიძე, შპს „ჯეონეთის“ დირექტორის მოადგილე ი.ლასურაშვილი, შპს „ჯეონეთის“ წარმომადგენელი მ. ყაულაშვილი შპს „ნიუ ვიჟენის“ წარმომადგენლები ნ.შეყელაძე, თ.მიქიაშვილი, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ დირექტორი გ.ხანჯალაძე.
კომისიის 2017 წლის პირველი მაისის მოსამზადებელ სხდომაზე მხარეებს დაევალათ ერთმანეთის ქსელში განხორციელებული ტრაფიკის თაობაზე (ე.წ. CDR) კომისიაში წარმოდგენა.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, ხოლო 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები.
ამდენად, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაიფონს“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომს“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“, შპს „სითი ტელეკომს“, შპს „ლაგს“, შპს „ჯეონეთს“, Premium Net International SRL”-ის ფილიალს საქართველოში და შპს „ნიუ ვიჟენსა“ და შპს „მობიტელს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს „მაიფონს“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომს“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“, შპს „სითი ტელეკომს“, შპს „ლაგს“, შპს „ჯეონეთს“, Premium Net International SRL”-ის ფილიალს საქართველოში და შპს „ნიუ ვიჟენსა“ და შპს „მობიტელს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვა დაინიშნოს 2017 წლის 04 მაისს, 15:00 საათზე;
- დავის განხილვის დღის შესახებ მხარეები გაფრთხილდნენ კომისიის 2017 წლის პირველი მაისის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის გაგზავნის უზრუნველყოფა;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
