შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 07, 2017 19:16
მიღების თარიღი მაისი 01, 2017
შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის თანხმობის გარეშე საერთაშორისო ზარების ნაწილში ურთიერთჩართვის შეჩერებასთან დაკავშირებით, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიის შპს „ჯეოსელის“ წინააღმდეგ, კომისიას საჩივრით (26.04.17 Nშ-6/3374-17) მომართა შპს „სისტემ ნეტმა“.
შპს „სისტემ ნეტის“ საჩივრის თანახმად, შპს „ჯეოსელის“ მიერ 2017 წლის 12 აპრილს გაითიშა შპს „სისტემ ნეტთან“ ურთიერთჩართვა საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „სისტემ ნეტმა“ შპს „ჯეოსელს“ განუცხადა უპირობო აქცეპტი საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების პირობებზე და შეასრულა ოფერტით ნაკისრი ვალდებულებები. მიუხედავად ამისა, ურთიერთჩართვა არ იქნა აღდგენილი შპს „ჯეოსელის“ მიერ, თუმცა დავალიანება შპს „სისტემ ნეტს“ შპს „ჯეოსელის“ მიმართ არ გააჩნია და დეპოზიტის თანხაც სრულად აქვს დაფარული.
შპს „სისტემ ნეტმა“ მოითხოვა შპს „ჯეოსელის“ ქსელში ურთიერთჩართვის აღდგენა და კომპანიის სანქცირება კანონის შესაბამისად.
შპს „სისტემ ნეტის“ საჩივართან დაკავშირებით, კომისიის მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2017 წლის პირველ მაისს. სხდომის გამართვის თაობაზე შეტყობინებებით ეცნობათ მხარეებს და ეთხოვათ დავასთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მხარეებს ასევე განემარტათ მათი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.
კომისიის 2017 წლის პირველი მაისის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი ლ.გიორგაძე, და შპს „სისტემ ნეტის“ წარმომადგენელი ხ.ინჯია.
კომისიის 2017 წლის პირველი მაისის მოსამზადებელ სხდომაზე მხარეებს დაევალათ ერთმანეთის ქსელში განხორციელებული ტრაფიკის თაობაზე (ე.წ. CDR-ები) კომისიაში წარმოდგენა.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, ხოლო 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები.
ამდენად, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვა დაინიშნოს 2017 წლის 04 მაისს, 15:00 საათზე;
- დავის განხილვის დღის შესახებ მხარეები გაფრთხილდნენ კომისიის 2017 წლის პირველი მაისის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის გაგზავნის უზრუნველყოფა;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
