წვდომის მენიუ

ქ. მარტვილში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 308 / 10

გამოქვეყნების თარიღი მაისი 29, 2017 11:10

მიღების თარიღი მაისი 02, 2017

. მარტვილში კერძო პეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად  

გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N116/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი ქ. მარტვილში მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში (სიხშირეზე 93,5მჰც) კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N116/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 23 მარტის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2017 წლის 28 მარტი 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2017 წლის 27 აპრილი 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად –2017 წლის 2 მაისი 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 1377.00 (ერთი ათას სამასსამოცდაჩვიდმეტი და 00) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და  2017 წლის  23 თებერვლის N115/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ ი/მ „აკაკი შველიძემ“ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/2632-17, 23.03.2017წ).

კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 28 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე, რომელსაც ი/მ „აკაკი შველიძე“ ესწრებოდა ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ  წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N116/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს. კერძოდ წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადებაში არ იყო მითითებული ი/მ „აკაკი შველიძის“ იურიდიული მისამართი და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თარიღი. ასევე თანდართულ დოკუმენტაციაში არ იყო წარმოდგენილი პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა.

კომისიის 2017 წლის 28 მარტის №198/10 გადაწყვეტილების შესაბამისად ი/მ „აკაკი შველიძეს“ დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2017 წლის 4 აპრილის 19:00 საათამდე. ი/მ „აკაკი შველიძის“ მიერ 2017 წლის 28 მარტს (წერილი №6/2739-17) წარმოდგენილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია.

ზეპირი მოსმენა ქ. მარტვილში (სიხშირეზე 93,5მჰც) კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2017 წლის 27 აპრილს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა ი/მ „აკაკი შველიძე“.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №10/3314-17, 24.04.2017) კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, ი/მ „აკაკი შველიძის“ მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ8) ქვეპუნქტის თანახმად, სპეციალიზებული მაუწყებლობა არის ერთი თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა. შეესაბამისად თუ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში შემოთავაზებულია ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები, აღნიშნული ლიცენზიის მაძიებლის დისკვალიფიკაციის საფუძველია.

ი/მ „აკაკი შველიძის“ სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ეთერში განთავსდება შემდეგი გადაცემები:

,, დილა“ –დასაწყისი:  08:00 სთ-ზე;

გადაცემის ტიპი: შემეცნებითი და გასართობი;

პროგრამა მიზნად ისახავს ყოველი დილის 08:00 საათიდან მიაწოდოს აუდიტორიას ინფორმაცია ასტროლოგიური პროგნოზი, სპორტის სიახლეები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე. ინფორმაცია მიმდინარე დღის ამინდის შესახებ. გააცნოს იმ დღეს დაბადებული ხელოვანი ადამიანები და დღესასწაულები. გადაცემიდან გამომდინარე დაისმება დილის ვიქტორინისთვის შესაფერისი შეკითხვა. ამავდროულად მსმენელებს მიეცემათ საშუალება მოუსმინონ ადგილობრივ შემოქმედ ადამიანებს. 

„მონატრებული ჰანგები“დასაწყისი 12:00 სთ-ზე;

დანიშნულება - ძველი ჰანგების გაცოცხლება და მსმენელებისათვის მივიწყებული მუსიკის შემეცნება.

გადაცემა დაეფუძნება 60-70-იან წლებში არსებულ სიმღერებს. დაიყოფა მუსიკალური ჟანრების მიხედვით (ქართული და უცხოური ჰიტები). ამასთანავე აუდიტორია ინფორმირებული იქნება შემსრულებლის ბიოგრაფიითა და მოღვაწეობით. გადაცემიდან გამომდინარე დაისმება კითხვები და პასუხი გაეცემა მსმენელებისაგან. 

SMS სურვილები და სატელეფონო ჩართვები - 15:00 სთ-ზე;

დანიშნულება: გასართობი;

ეთერში გაჟღერდება მსმენელის მიერ მოთხოვნილი სიმღერები. 

„ვიმღეროთ ერთად“ - დასაწყისი 17:00 საათზე;

მიზანი: სიმღერის ნიჭით დაჯილდოვებული მსმენელების გამოვლენა. გადაცემის მსვლელობისას მსმენელი ცოცხლად ასრულებს ნებისმიერი მომღერლის სიმღერას სურვილისა და შესაძლებლობებისამებრ. გამოყენებული იქნება კარაოკე. შემსრულებლის ოსტატობას ეთერში პირდაპირი ჩართვებით შეაფასებს მსმენელი. 

„საავტორო გადაცემა“ – 18:00 საათზე;

შერჩეული გადაცემები გადანაწილდება კვირის განმავლობაში (გასვლის ხანგრძლივობა 1 საათი), ყოველთვის ერთსა და იმავე დროს, სხვადასხვა ტიპის გადაცემა გავა ეთერში შემდეგი რიგითობით:

„ჯანმრთელობა“

ჯანდაცვა ერთ-ერთი აუცილებელი სფეროა, რომელიც მრავალ სფეროს განსაზღვრავს და არეგულირებს. აუდიტორიის ინტერესის შესწავლის საფუძველზე შერჩეული იქნა გადაცემა სახელწოდებით „ჯანმრთელობა“. გადაცემას წარუძღვება კომპეტენტური პიროვნება (ექიმი). გადაცემის მსვლელობის დროს მსმენელებს მიეცემათ საშუალება გამოიყენონ პირდაპირი ეთერი, დაუსვან კითხვები მათთვის საინტერესო თემებზე, დაავადებებზე, სიმპტომებზე, რასაც სწორი ამომწურავი პასუხები გაეცემა სტუდიაში მყოფი მოწვეული სტუმრისგან. 

„საბავშვო გადაცემა“ 

გადაცემის მომზადებასა და მის შემდგომ განხორციელებაში მთავარ მონაწილეობას იღებს მარტვილის მუნიციპალიტეტში არსებული მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი. პროექტი მოიცავს მოსწავლე ახალგაზრდობის თანამონაწილეობას ახალგაზრდულ ინიციატივებში. მოსწავლე ახალგაზრდობას მიეცემა საშუალება საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისა, ისწავლიან თავისუფალი დროის მიზანმიმართულ გამოყენებას. 

SMS სურვილები და სატელეფონო ჩართვები - 19:00 სთ-ზე;

დანიშნულება: გასართობი, აუდიტორიასთან კონტაქტი;

ტიპი: გასართობ-შემეცნებითი. 

„ღამის ზღაპარი“ - 20:00 საათზე;

ბავშვები ჩვენი მომავალია, ბავშვის გონება კი ნოყიერი ნიადაგია, მოცემული გადაცემა ეხება ხალხური ზღაპრების გავლენას ბავშვის მორალურ განვითარებაზე, რადიოს სურვილია არსებულ ლიტერატურაზე დაყრდნობით და ქართული ზღაპრების ინტერპრეტაციული ანალიზის საფუძველზე, შევქმნათ საბავშვო ზღაპარი, მოგეხსენებათ, რომ ზღაპრებს მეტაფორების საშუალებით მნიშვნელოვანი სოციალური და მორალური ფუნქციის  შესრულება შეუძლიათ ბავშვის   განვითარებაში.  ზღაპარში არსებული ვიზუალური ხატები, არა მხოლოდ ასახავენ რეალობას, არამედ  წარმოადგენენ მეტაფორებს, რომლებიც სწორი არჩევანის გაკეთებას და სწორი გადაწყვეტილების მიღებას უწყობს ხელს, ასეთი მეტაფორები ბავშვებს მათთვის გასაგებ ენაზე გადასცემენ მნიშვნელოვან მორალურ და ცხოვრებისეულ გაკვეთილებს, შემუშავებულია საბავშო ზღაპრის პროექტი, რომელსაც პირდაპირ ეთერში წაიკითხავს გამოცდილი პროფესიონალი. 

„სხვას რასა აქვს ფასი, თუ არა ხელოვნებას“ (სტუმარი ეთერში);

გადაცემა მიზანად ისახავს ადამიანის შემოქმედების გამოხატვას. საუბარი იქნება ხელოვნების დარგებზე, გადაცემის პირდაპირი ეთერი დაეთმობა მოწვეულ ხელოვან ადამიანებს: მხატვრებს, მწერლებს, მომღერლებს, პოეტებსა და ა.შ. მოხდება ცოდნის გაზიარება აუდიტორიის მიმართ. გადაცემის მსვლელობისას თემის შესაბამისად მოწვეული სტუმრისგან დაისმება კითხვა. გადაცემის მიზანია გამოვავლინოთ და გავაცნოთ საზოგადოებას ხელოვნების მიმართ ნიჭიერი და შემოქმედი ადამიანები. 

„თურმე ასეც ხდება ხანდახან“ (სტუმარი ეთერში);

გადაცემა იუმორისტული ჟანრისაა. გადაცემაში მოწვეული იქნებიან რეგიონში ცნობილი სახეები, ერთი საათით განსხვავებულ ამპლუაში. საუბარი იქნება მომხდარ კურიოზებზე. გადაცემა მიზნად ისახავს თუნდაც ცოტა ხნით აუდიტორიის ყოველდღიური პრობლემების გარკვეული დროით დავიწყებას და მსმენელებთან დაახლოებას. 

„ურთიერთობა“ - დასაწყისი-00:00 სთ-ზე;

გადაცემის ხანგრძლივობა განისაზღვრება მსმენელის აქტივობის დასრულებამდე. საუბარი იქნება არჩეულ თავისუფალ თემებზე, მუსიკალური ჭრებით და სატელეფონო სურვილებით. 

„ღამის მუსიკა“ – დასაწყისი 03:00 სთ-ზე. ხანგრძლივობა დილამდე;

ტიპი: თავისუფალი, სატელეფონო ჭრების გარეშე.                

გადაცემის წამყვანები შერჩეულნი იქნებიან პროფესიონალიზმის მიხედვით, ყველა გადაცემას ეყოლება შესაბამისი მონაცემების მქონე წამყვანი. დროის ხანგრძლივობა თითოეული გადაცემისათვის განისაზღვრება საჭიროებისამებრ.

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი ქ. მარტვილში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2017 წლის 2 მაისს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა  ი/მ „აკაკი შველიძე“.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა ი/მ „აკაკი შველიძის“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე კომისიამ მიიჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ8) ქვეპუნქტის მოთხოვნებს.

კომისია დამატებით მიუთითებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის  მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.

კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ „აკაკი შველიძემ“ სალიცენზიო გადასახდელის - 1377.00 (ერთი ათას სამასსამოცდაჩვიდმეტი და 00) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის  43-ე მუხლისა და კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N116/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  ქ. მარტვილში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს ი/მ „აკაკი შველიძე”;

2.  უზრუნველყოს ი/მ „აკაკი შველიძემ“ ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის  20%-ის - 275.40 (ორასსამოცდათხუთმეტი და 40 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22

სახაზინო  კოდი - 300193062

3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში;

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

5.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის ანუ 963.90 (ცხრაასსამოცდასამი და 90 თეთრი) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) ი/მ „აკაკი შველიძესთვის“ წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების ი/მ „აკაკი შველიძესთვის“ ჩაბარების დღიდან.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                              ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                              კახი ბექაური

კომისიის წევრი                                              გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                              მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები