ქ. ზუგდიდში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2017 12:43
მიღების თარიღი მაისი 02, 2017
ქ.ზუგდიდში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N115/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადდა 1კონკურსი ქ. ზუგდიდში მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში (სიხშირეზე 99,1მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N115/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 23 მარტის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2017 წლის 28 მარტი 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2017 წლის 27 აპრილი 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად –2017 წლის 2 მაისი 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 6075.00 (ექვსი ათას სამოცდათხუთმეტი ლარი და 00 თეთრი)ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და 2017 წლის 23 თებერვლის N115/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ შპს ”ჩვენმა რადიომ“ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/2647-17, 23.03.2017წ).
კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 28 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე, რომელსაც შპს ”ჩვენი რადიოს” უფლებამოსილი წარმომადგენელი ნოდარ მოდებაძე ესწრებოდა ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N115/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს. კერძოდ წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადში არ იყო მითითებული შპს „ჩვენი რადიოს“ იურიდიული მისამართი, არასწორად იყო მითითებული მონაცემები პარტნიორთა შესახებ ასევე თანდართულ დოკუმენტაციაში ხარვეზით იყო წარმოდგენილი მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია, კერძოდ დეკლარაციაში კომპანიის 100%-იანი პარტნიორის ქონების ნაცვლად მითითებული იყო ბენეფიციარი მესაკუთრეების ქონება.
კომისიის 2017 წლის 28 მარტის №197/10 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ”ჩვენ რადიოს” დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2017 წლის 4 აპრილის 19:00 საათამდე. შპს ”ჩვენი რადიოს” მიერ 2017 წლის 31 მარტს (წერილი №6/2835-17) წარმოდგენილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია.
ზეპირი მოსმენა ქ. ზუგდიდში (სიხშირეზე 99,1მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2017 წლის 27 აპრილს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს ”ჩვენი რადიოს” დირექტორი გოგა სამუშია.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №10/3313-17, 24.04.2017) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, შპს “ჩვენი რადიოს” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - საერთო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ”საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა”. შესაბამისად, თუ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში არ არის შემოთავაზებული ახალი ამბებისა ან/და საზოგადოებრივ პოლიტიკური თემატიკის პროგრამები, აღნიშნული ლიცენზიის მაძიებლის დისკვალიფიკაციის საფუძველია.
შპს “ჩვენი რადიოს” სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, რადიო ,,კომერსანტის“ საინფორმაციო სამსახური მსმენელს შესთავაზებს პოლიტიკის, ბიზნესის და ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეებს საათში სამჯერ, ყოველ 20 წუთში. მთავარი საინფორმაციო გამოშვება - ყოველ სრულ საათზე; მოკლე საინფორმაციო გამოშვებები - საათის 20 და 40 წუთებზე.
კონცეფციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ბიზნეს ამბები ხდება კომერსანტის საინფორმაციო გამოშვების თემა და მასალა. საზოგადოებისთვის მუდმივად აქტუალური თემების უწყვეტი მონიტორინგი, აგრეთვე ჟურნალისტების ჩართვები პირდაპირ ეთერში მოვლენის ადგილიდან და საზოგადოების ყველა სფეროს ჩართულობა ინტერაქტივით, მთლიანად უზრუნველყოფს საინფორმაციო გამოშვების თემატურ მრავალფეროვნებას. კომერსანტში ჩამოყალიბდა პროფესიონალი ჟურნალისტებით, ანლიტიკოსებით და ექსპერტებით დაკომპლექტებული სარედაქციო ჯგუფი, რომლებიც წლებია წარმატებით აწვდის მსმენელს კვალიფიციურ, პრაქტიკულ ინფორმაციას და ანალიზს ბიზნესის და ეკონომიკის სფეროში, რომელიც ადვილად აღსაქმელია და გასაგებია ყველა ტიპის მსმენელისთვის. საინფორმაციო გამოშვების ყოველ 20 წუთში ერთხელ - დინამიკა, მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის ინფორმაციას. რადიოს საინფორმაციო ჯგუფი მაქსიმალური ყურადღებით სწავლობს და ამოწმებს ყველა მოვლენას თუ ფაქტს რესპოდენტთა ჩართულობით და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო თუ ადმინიასტრაციულ სტრუქტურების მონაწილეობით.
,,დღის ბოლოს” - დღის მთავარი თოქშოუ. ყოველ საღამოს, 17:00- დან 19:00 -მდე ეთერში გავა დღის შემაჯამებელი გამოშვება, სადაც სარედაქციო ჯგუფის მიერ შერჩეული დღის ყველაზე აქტუალური თეემები განიხილება მოწვეულ სტუმრებთან; სახელმწიფოს, ბიზნესის და ეკონომიკის სექტორების იმ წარმომადგენლებთან, ვისაც უშუალოდ ეხება კონკრეტული მოვლენა თუ თემა.
რადიო „კომერსანტის“ გადაცემები:
გადაცემა „პროფესიონალები“ – ეთერში გავა ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 16:10 საათზე. გადაცემის წამყვანები არიან ბიზნესის და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროების პროფესიონალები, რომლებიც მათივე სფეროში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ ამავე დარგის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და სფეროში მოღვაწე სხვა პროფესიონალებთან. ქრონომეტრაჟი 45 წუთი. გადაცემა „პროფესიონალების“ წამყვანები და თემატიკა:
„ნავთობიმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი. გადაცემაში განიხილება საწვავის ქართულ და მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები, საწვავის და ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლის მექნიზმები. საავტომობილო ბაზარზე არსებული სიტუაცია.
„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ პრეზიდენტი ირაკლი მაკალათია. გადაცემაში მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილავს საქართველოს და მსოფლიო ეკონომიკაში არსებულ სიახლეებს, მაკრო და მიკრო ეკონომიკის პრობლემებს და გამოწვევებს.
„ილიაუნის ბიზნესის“ სკოლის წარმომადგენელი თამთა გველესიანი – ამ გადაცემაში მსმენელს სთავაზობს კვლევებს ეკონომიკის და ბიზნესის კონკრეტული მიმართულებების შესახებ. ამ კვლევის შედეგებს განიხილავენ ექსპერტებთან ან კვლევაში მონაწილე კომპანიებთან ერთად.
,,საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის“ დირექტორი ნუგზარ ბერიძე – სემეკის წარმომადგენელი თავის გადაცემებში დარგის სპეციალისტებთან და ენერგეტიკული კომპანიების, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად საუბრობს ენერგეტიკულ სექტორში არსებულ ვითარებაზე.
„ეიჩარ პროფესიონალთა გილდიის“ აღმასრულებელი დირექტორი ლილი ბიბილაშვილი – გადაცემის წამყვანი სხვადასხვა კომპანიის ეიჩარ სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად საუბრობს კონკრეტული კომპანიის ეიჩარ–პოლიტიკაზე და დასაქმების ბაზარზე, სფეროში არსებულ პრობლემებზე და ტენდენციებზე.
გადაცემა „სოციალური პოლიტიკა“ ვახო სანაიასთან ერთად– ეთერში გადის ყოველ ორშაბათს და პარასკევს 12:10 საათზე. გადაცემის წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია კომპეტენტურ სტუმრებთან ერთად საუბრობს საზოგადოებისთვის სოციალურად მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ შორისაა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, მომსახურების ხარისხი, პენსიები, საკანონმდებლო ცვლილებები ამ კუთხით და სხვა აქტუალური საკითხები
გადაცემა ,,პოლიტკომერსანტი‘’ კვირის შემაჯაებელი თოქ–შოუ ვახო სანაიასთან და ნინო ჟიჟილაშვილთან ერთად. დრო - პარასკევი 12:10 საათზე. ხანგრძლივობა - 40 წთ. გადაცემის ფორმატი - საუბარი ბიზნესმენთან სოციალურ, პოლიტიკურ და ფინანსურ თემებზე. გადაცემის ფრაგმენტები ვიდეოს და ინტერვიუს ფორმით აიტვირთება საიტებზე "კომერსანტი" და "პოლიტკომერსანტი".
გადაცემა „ეკონომისტის დრო“, ხუთშაბათობით. საუბარი მნიშვნელოვან და აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებზე
გადაცემა „ბიზნესის ადვოკატი“ ორშაბათობით. მასში მიმოიხილავენ ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საგადასახადო და საკანონმდებლო ცვლილებებს.
გადაცემა „კომერსანტის“ დროით – ყოველ ოთხშაბათს, 14:10 საათზე. გადაცემაში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა მიერ დასმულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.
გადაცემა „მაირესტი – გადაცემა ეთერში გავა ყოველ ოთხშაბათს 19:19 საათზე. მსმენელი მოისმენს ინფორმაციას რესტორნების და სხვა კვების ობიექტების სიახლეებზე. მიიღებს საინტერესო რჩევებს იმის შესახებ როგორ დაგეგმოს სამუშაო დღის დასრულების შემდეგ თავისუფალი დრო.
რადიო „კომერსანტის“ რუბრიკები:
რუბრიკა „ბიზნესი და ეკონომიკა“, რომლის ავტორი და წამყვანია საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი. ყოველდღე, ქრონომეტრაჟი 5-7 წუთი. წამყვანი ახდენს გლობალური ეკონომიკის და ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების კომპეტენტურ ანალიზს. ავტორი მსმენელს სთავაზობს მსოფლიოს გავლენიანი გამოცემების სტატიების მიმოხილვას. რუბრიკის მსმენელები ყოველთვის საქმის კურსში იქნებიან იმ მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, რომლებიც წამყვანი მედიის ყურადღების ცენტრში ხვდება.
პარასკევობით 18:10 საათზე ეთერში გავა რუბრიკა „ამერიკა და მსოფლიო“ – საერთაშორისო კომენტატორ გიორგი ჩხუბიანიშვილის საავტორო რუბრიკა. წამყვან გამოცემებზე დაყრდნობით, წამყვანი მიმოიხილავს მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის – ამერიკის აქტუალურ სიახლეებს, შეერთებული შტატების ბიზნეს და ეკონომიკურ ურთიერთობას დანარჩენ მსოფლიოსთან.
„ბიზნეს–კონსულტანტ დავით კენჭაძის რჩევები“. ამ რუბრიკაში მსმენელი მოისმენს ბიზნეს-ტრენერ დავით კენჭაძის რჩევებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
რუბრიკა „მოტივაცია“, რომელიც მზადდება ინტერნეტ–ჟურნალ მოტივაციას მასალებზე დაყრდნობით.
რუბრიკა „ტექნოლოგიები“ ეთერში გავა ყოველ სამუშაო დღეს და ამ რუბრიკის საშუალებით მსმენელი გაეცნობა მსოფლიოს და საქართველოს ტექნოლოგიურ სიახლეებს, არსებულ ტენდენციებს, ინოვაციებს.
ორშაბათობით 11:15 საათზე ეთერში გავა რუბრიკა „მწვანე ბიზნესი“. კომერსანტის და გარემოსდაცვითი ინფორმაციების ცენტრის ერთობლივი რუბრიკა, რომლის საშუალებითაც მსმენელს მივაწვდით ინფორმაციას განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ.
„თბილისის გზები“ – რადიო „კომერსანტის“ და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთობლივი რუბრიკა, რომლის საშუალებითაც მსმენელი გაეცნობა დედაქალაქის მასშტაბით გზებზე არსებულ ვითარებას.
„დილის აფიშა“ –თეატრების აფიშა.
დილის პრესა – ქართული პრესის მიმოხილვა.
„ტურ–ინფო“ – ეთერში ყოველ სამუშაო დღეს. ამ რუბრიკის საშუალებით მსმენელ მიიღებს ინფორმაციას სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების შესახებ.
ვალუტის კურსი – ყოველდღიური ინფორმაცია ვალუტის კურსის შესახებ.
საწვავის ფასები –ყოველდღიური ინფორმაცია საწვავის ბაზარზე არსებული ფასების შესახებ.
ამინდის პროგნოზი – ამინდის პროგნოზი ყოველდღიურად. პროგნოზი კურორტებიდან და ეკონომიკურად აქტიური რეგიონებიდან – სადაც შეიძლება ბიზნეს აკეთებდეთ.
პოეზიის 365 დღე – უნიკალური ლიტერატურული პროექტი კომერსანტზე, ყოველ დღე ქართველი პოეტების ლექსები, რომლებსაც ახალგაზრდა ქართველი მსახიობები წაიკითხავენ.
კომერსანტის სპორტული ამბები – ყოველდღიური რუბრიკა. საქართველოს და მსოფლიო სპორტის მოვლენები. სპორტში განხორციელებული ინვესტიციები და ქართულ სპორტში მიმდინარე რეფორმები.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი ქ. ზუგდიდში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2017 წლის 2 მაისს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს ”ჩვენი რადიოს” დირექტორი გოგა სამუშია.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს “ჩვენი რადიოს” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე კომისიამ მიიჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) პუნქტისა და პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებს.
კომისია დამატებით მიუთითებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ჩვენი რადიოს“ დირექტორმა გოგა სამუშიამ სალიცენზიო გადასახდელის - 6075.00 (ექვსი ათას სამოცდათხუთმეტი ლარი და 00 თეთრი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლისა და კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N115/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ქ. ზუგდიდში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს “ჩვენი რადიო”;
2. უზრუნველყოს შპს “ჩვენმა რადიომ” ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის - 1,215.00 (ერთი ათას ორასთხუთმეტი და 00) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300773062
3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში;
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის ანუ 4,252.50 (ოთხი ათას ორასორმოცდათორმეტი და 50) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) შპს „ჩვენი რადიოსთვის” წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჩვენი რადიოსთვის” ჩაბარების დღიდან.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
