წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შპს „BLACK SEA TELECOM“-ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 313 / 12

გამოქვეყნების თარიღი მაისი 29, 2017 10:46

მიღების თარიღი მაისი 02, 2017

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შპს „BLACK SEA TELECOM“-ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებით მიმართა შპს „BLACK SEA TELECOM“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №7/2929-17, 04.14.2017), რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 4 მაისის №232/1 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „BLACK SEA TELECOM“-ი ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 3483.5 მჰც ÷ 3494.0 მჰც და 3583.5 მჰც  ÷ 3594.0 მჰც სიხშირული ზოლები ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” დანართ №6-ის მე-2 - მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ ადგილობრივი მომსახურების ზონებში;  

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 4 მაისამდე;

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ.

შპს „BLACK SEA TELECOM“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2017 წლის 4 მაისს. შესაბამისად, შპს „BLACK SEA TELECOM“-ის მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში წარმოდგენასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად“, 3400-3600 მჰც დიაპაზონის განაწილება პერსპექტივაში უნდა მოხდეს ევროკომისიის 2008/411/EC, 2014/276/EU და CEPT-ის ECC/DEC (11)06 გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ტექნიკური პირობების შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისათვის განკუთვნილი მიწისზედა სისტემებისთვის.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 473 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 47მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ჰარმონიზებული ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების შესაბამისად დაგეგმვისა და დანაწილების მიზნით „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ისეთი ცვლილების შეტანისას, რომელიც შეუძლებელს ხდის არსებული და  ახალდაგეგმილი ან დანაწილებული რადიოსიხშირეების ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების ერთად შენარჩუნებას, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თანაარსებობას, კომისია უფლებამოსილია ამგვარი რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს:

ა) არ გაუგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა. ამის  შესახებ ლიცენზიის მფლობელს უნდა ეცნობოს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა 3 წლით ადრე;

ბ) თუ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 3 წელზე ნაკლები, გაუგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა 10 წელზე  ნაკლები ვადით. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია:

ბ.ა) შეატყობინოს ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიის მოქმედების ვადის 10 წელზე ნაკლები ვადით გაგრძელების განზრახვის თაობაზე. ლიცენზიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ლიცენზიის მფლობელის მიერ შეტყობინების მიღებიდან 3 წელზე ნაკლები;

ბ.ბ) ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა გაიანგარიშოს ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის (წელი, თვე) მიხედვით;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „BLACK SEA TELECOM“-ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 473 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, 2017 წლის 28 მარტს გაეგზავნა წერილი (№16/900-17) და ეცნობა, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანია გამოხატავს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების სურვილს, ლიცენზიას ვადა გაუგრძელდება 2020 წლის 4 მაისამდე, ხოლო ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობას კომისია გაიანგარიშებს ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის მიხედვით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის  შესაბამისად:

ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

ბ) თუ იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით  სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი) განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

გ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში − ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

დ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულია მხოლოდ 1 აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის ამ აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურს;

ე) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი არ გამართულა, ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გასამართი აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით;

ვ) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 1,000.00 (ერთი ათას) ლარს.  შპს „BLACK SEA TELECOM“-ის მიერ 2017 წლის 26 აპრილს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი (1,000.00 ლარი).

კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის 2017 წლის 24 აპრილის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/934-176), რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშების თაობაზე. სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად ზემოაღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დათვლა განხორციელდა „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების მე-10 მუხლის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის გ) ქვეპუნქტში აღნიშნული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად, დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლი“ არის 3400-3600 მგჰც რადიოსიხშირული ზოლი.

კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების შესაბამისად, 3400-3600 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში ჩატარებულია სამი აუქციონი (გეოგრაფიული  ზონა - საქართველო), რომლებშიც გამარჯვებულად გამოვლინდნენ სს „ქლიარსტრიმ ჯორჯია”, შპს „BLACK SEA TELECOM“-ი და  შპს „ფიუჩერკომ ინვესტი“.

აუქციონებში დაფიქსირებული ფასების გათვალისწინებით, 3400-3600 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში 1 მგჰც-ის ფასი საქართველოს მასშტაბით შეადგენს 359,199.00 ლარს. გამომდინარე იქიდან, რომ №F49 ლიცენზია გაცემულია 21 მგჰც სიხშირულ ზოლზე, შესაბამისად ლიცენზიის 10 წლის ვადით - 2017 წლის 4 მაისიდან 2027 წლის 4 მაისამდე (სულ 3652 დღე) გაგრძელების საფასური შეადგენს 7,543.179.05 ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „BLACK SEA TELECOM“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიას მოქმედების ვადა უგრძელდება 2020 წლის 4 მაისამდე, რაც, 2017 წლის 4 მაისიდან შეადგენს 1096 დღეს, შესაბამისად  ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასური 1096 დღეზე პროპორციულად შეადგენს 2,263 779.91 (1096/3652)* 7,543 179.05=2,263 779.91) ლარს.  

კომისიის 2017 წლის 27 აპრილის სხდომას ესწრებოდნენ შპს „BLACK SEA TELECOM“-ს  დირექტორი ზურაბ ჩიგოგიძე და იურისტები ლიკა გახარია და ირაკლი ჟორჟოლიანი.

კომისიის 2017 წლის 27 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა შესვენება და საკითხის განხილვა გაგრძელდა 2017 წლის 2 მაისს. 2017 წლის 2 მაისის სხდომას ესწრებოდა შპს „BLACK SEA TELECOM“-ს წარმომადგენელი ლიკა გახარია. ლიკა გახარიამ კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის კომისიის მიერ განსაზღვრული თანხის ოდენობის (2,263 779.91 ლარი) გადახდა მაშინ როცა ლიცენზიას ვადა უგრძელდება მხოლოდ სამი წლით არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად, შესაბამისად კომპანიას არ სურს აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  49-ე მუხლის მე–4 პუნქტის, მე–5 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტების, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის მე–14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. განუხილველად დარჩეს შპს „BLACK SEA TELECOM“-ს განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №7/2929-17, 04.14.2017) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე;  

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „BLACK SEA TELECOM“-სთვის გაგზავნა (ი. ხარებავა);

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „BLACK SEA TELECOM“-სთვის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                   ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                   ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                   კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                   გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                   მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები