წვდომის მენიუ

გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, უწყვეტი კვების წყაროს (UPS) გამარტივებული წესით შესყიდვის შესახებ

ნომერი: 314 / 22

გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2017 18:18

მიღების თარიღი მაისი 02, 2017

გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, უწყვეტი კვების წყაროს (UPS) გამარტივებული წესით შესყიდვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია") განიხილა კომისიის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათი (N შ-10/3536-17) კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ სასერვეროში 2017 წლის 30 აპრილს  უწყვეტი კვების წყაროს (13 კვტ)  მწყობრიდან გამოსვლის (რამაც გამოიწვია ქსელისა და სერვერების გარკვეული ნაწილის გათიშვა) შესახებ.  

კომისია აღნიშნავს, რომ უწყვეტი კვების წყაროს (UPS) აქვს ტექნიკური დაზიანება, რომლის იდენტიფიცირებაც დამატებით რამდენიმე დღეს საჭიროებს. ამასთან მაღალია ალბათობა იმისა, რომ  ტექნიკა შეკეთებას საერთოდ არ დაექვემდებაროს, ვინაიდან მოწყობილობა შეძენილია 2012 წელს და თითქმის 5 წელია 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად ფუნქციონირებს. შექმნილი მდგომარეობა ქმნის ძვირადღირებული ქსელური ინფრასტრუქტურის დაზიანების კრიტიკულ საფრთხეს. ზემოაღნიშნულის გამო გაჩერებულია რამდენიმე სერვერის მუშაობა, მათ შორის, „Big-Data“-ს პროექტისთვის განკუთვნილი სერვერი.

კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შესაძენი მოწყობილობის (უწყვეტი კვების წყარო) სიმძლავრის დაანგარიშება მოხდეს დღეის მდგომარეობით არსებული დატვირთვის ანალიზის შედეგად, რაც შეადგენს 5-6 კვტ-ს, შესაბამისად საჭიროა დაახლოებით 7–8 კვტ სიმძლავრის უწყვეტი კვების წყაროს შეძენა (მომავალში დატვირთვის გაზრდის გათვალისწინებით), რომელიც განკუთვნილი იქნება სასერვერო ინფრასტრუქტურისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის  შესაბამისად,  ზემოხსენებული ვითარება შეფასდეს უნდა, როგორც გადაუდებელი აუცილებლობა, რასაც კომისია წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანების“ მე-3  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაუყოვნებლივ განხორციელდეს 7-8 კვტ სიმძლავრის უწყვეტი კვების წყაროს გამარტივებული წესით შესყიდვის ორგანიზება, კომისიის ბალანსზე რიცხული უწყვეტი კვების წყაროს დაზიანების გამო შექმნილი ვითარების შედეგად დამდგარი გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის შესყიდვების ჯგუფს დაუყოვნებლივ განახორციელოს 7-8 კვტ სიმძლავრის უწყვეტი კვების წყაროს (UPS) გამარტივებული შესყიდვისათვის ბაზრის კვლევა და შესაბამისი მომწოდებლის მოძიება. ამასთანავე, შესასყიდი საქონლის ტექნიკური პარამეტრები შეთანხმდეს კომისიის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსთან;

3. ბაზრის კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე, ასევე შესასყიდი საქონლის პარამეტრების შეთახმების შემდგომ, ხელშეკრულების გაფორმებისა და საქონლის მოწოდების თარიღად განისაზღვროს არაუგვიანეს 2017 წლის 3 მაისი;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის შესყიდვების ჯგუფს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოახდინოს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული სახელმწიფო შესყიდვის შემდგომი შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს  ხელმოწერისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6)                             გადაწყვეტილების ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას  (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                     ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                     ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                     კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                     გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                          მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები