შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ შპს „მაიფონის“, შპს „სითი ტელეკომისა“ და შპს „ჯეონეთის“ საჩივრებთან დაკავშირებით დავის განხილვისა და შპს „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 02, 2017 17:17
მიღების თარიღი მაისი 11, 2017
შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ შპს „მაიფონის“, შპს „სითი ტელეკომისა“ და შპს „ჯეონეთის“ საჩივრებთან დაკავშირებით დავის განხილვისა და შპს „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის თანხმობის გარეშე საერთაშორისო ზარების ნაწილში ურთიერთჩართვის შეჩერებასთან დაკავშირებით, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიების: შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“, შპს „მობიტელის“, სს „სილქნეტისა“ და შპს „ახტელის“ წინააღმდეგ კომისიას საჩივრით მომართეს შემდეგმა კომპანიებმა: შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-მ (28.03.2017 №შ-6/2726-17), შპს „მაიფონმა“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომმა“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიამ“, შპს „სითი ტელეკომმა“, შპს „ლაგმა“ (ერთობლივი განცხადება 18.04.17 Nშ-6/3180-17), შპს „კავკასუს ონლაინმა“ (20.04.17 Nშ-6/3229-17), შპს „ჯეონეთმა“ (24.04.17 Nშ-6/3310-17), Premium Net International SRL”-ის ფილიალმა საქართველოში (13.04.17 Nშ-6/3133-17), შპს „ნიუ ვიჟენმა“ (18.04.17 შ-6/3171-17), შპს „სისტემ ნეტმა“ (26.04.17 Nშ-6/3374-17).
ვინაიდან, ზემოაღნიშნულ საჩივრებში მხარეებს ერთი და იგივე კომპანიები წარმოადგენენ, დავის საგანი და მოთხოვნები არის იდენტური, საქმის სრულყოფილად შესწავლისა და დავების სწრაფად განხილვის მიზნით, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიერ სხვა ავტორიზებულ პირთათვის საერთაშორისო ზარების ნაწილში ურთიერთჩართვის შეწყვეტასთან დაკავშირებით კომისიაში შემოსული საჩივრების (განცხადებების) განხილვა, თითოეული მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის: შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“, შპს „მობიტელის“, სს „სილქნეტისა“ და შპს „ახტელის“ მიმართ, გაერთიანდა ერთ ადმინისტრაციულ წარმოებად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისიამ განიხილა დავა ერთი მხრივ შპს „მობიტელსა“ და მეორე მხრივ შპს „მაიფონს“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომს“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“, შპს „სითი ტელეკომს“, შპს „ლაგს“, შპს „კავკასუს ონლაინს“, შპს „ჯეონეთს“, Premium Net International SRL”-ის ფილიალს საქართველოში და შპს „ნიუ ვიჟენს“ შორის.
შპს „მაიფონის“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომის“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“, შპს „სითი ტელეკომის“ და შპს „ლაგის“ ერთობლივ განცხადებაში (18.04.17 Nშ-6/3180-17) აღნიშნულია, რომ აღნიშნულ ავტორიზებულ პირებს, რომლებიც ახორციელებდნენ საერთაშორისო ზარების დასრულებას შპს „მობიტელის“ ქსელში შეეზღუდათ მის ქსელთან დაშვება. მხარეები ურთიერთჩართულნი იყვნენ, თუმცა მოხდა მათი ურთიერთჩართვის შეჩერება ან/და შეწყვეტა; კერძოდ, 2017 წლის 13 აპრილიდან მათ შეეზღუდათ საერთაშორისო ზარების დასრულება შპს „მობიტელის“ ქსელში.
კომპანიების ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის 2014 წლის 09 ოქტომბრის N571/9 (საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ) გადაწყვეტილებით, კომისიამ მიიღო ახალი რეგულაცია, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, ასევე ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის (შპს „ჯეოსელი”, შპს „მაგთიკომი”, შპს „მობიტელი“, სს „სილქნეტი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს „ივერია ქსელი“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“). საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 გადაწყვეტილებით არ იქნა გაგრძელებული „საქართველოში საერთაშორისო ზარების დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილების მოქმედების ვადა. 2017 წლის 01 მარტიდან გაუქმდა, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, ასევე ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის კომისიის მიერ დადგენილი დროებითი რეგულაცია.
ერთობლივ განცხადებაში კომპანიები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე იურიდიულმა პირებმა, კომისიის გადაწყვეტილებების იგნორირებით, საერთაშორისო ზარების მათ ქსელში დასრულების ტარიფები დატოვეს უცვლელი, რითაც უკანონოდ ილახება ავტორიზებულ პირთა უფლებები და კანონიერი ინტერესები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს ავტორიზებული პირის მიერ ამ კანონით განსაზღვრული და კომისიის გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობას.
კომპანიების განცხადებით, კომისიის მარეგულირებელი გადაწყვეტილებების შეუსრულებლობით, სახეზეა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.
შპს „მაიფონმა“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომმა“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიამ“, შპს „სითი ტელეკომმა“, შპს „ლაგმა“ მოითხოვეს: 1. შპს „მობიტელისთვის“ კანონით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება, 2. შპს „მობიტელის“ მიერ ურთიერთჩართვის აღდგენა. 3. კომისიის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების ქმედებების შედეგად, საერთაშორისო სატელეფონო ტრანზიტის მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები კარგავენ საერთაშორისო პარტნიორებს, რადგან საერთაშორისო კომპანიებისთვის არამიმზიდველია არაპროგნოზირებადი ბაზარი, რომელიც არ არის დამყარებული კანონმდებლობისა და მარეგულირებელი ორგანოს რეგულაციებზე. საჩივრის ავტორთა განმარტებით, არსებული მოცემულობის გაგრძელების პირობებში გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შედეგად შენარჩუნდება ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის ამ სეგმენტზე არაკონკურენტული მდგომარეობა და კომისია მოკლებული იქნება შესაძლებლობას უზრუნველყოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულება - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება.
შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადებაში (20.04.17 Nშ-6/3229-17) აღნიშნულია, რომ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 გადაწყვეტილებით 2017 წლის 1 მარტიდან ფაქტობრივად შეწყდა კომისიის დროებითი რეგულაციის მოქმედება საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის თაობაზე და საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მომსახურებისთვის ამავე თარიღიდან ამოქმედდა ის ზედა ზღვრული ტარიფები, რაც კომისიის გადაწყვეტილებებით დადგენილი აქვთ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირებს, მათ შორის შპს „მობიტელს“ მათ ქსელში ზარების ტერმინაციის მომსახურებისთვის.
შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადებაში (20.04.17 Nშ-6/3229-17) აღნიშნულია, რომ შპს „მობიტელი“ დღემდე არ ასრულებს კომისიის 29.12.2016 N857/19 გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარების დასრულების თაობაზე მოწვევის ოფერტა მომსახურების ტარიფების ნაწილში არ მოჰყავს შესაბამისობაში კომისიის გადაწყვეტილებებთან და კანონმდებლობასთან, შპს „კავკასუს ონლაინს” სთხოვს გაწეული საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურებისთვის მასთან ანგარიშსწორებას ისეთი ტარიფებით, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება კომისიის მიერ დადგენილ ზედა ზღვრულ ტარიფს.
შპს „კავკასუს ონლაინმა“ სხვა ტრანზიტორ ოპერატორებთან ერთად ქსელის მფლობელ ოპერატორებს, მათ შორის, შპს „მობიტელს“ 2017 წლის 7 მარტს გაუგზავნა შეტყობინება 2017 წლის 1 მარტიდან საერთაშორისო ზარების დასრულების/ტერმინაციის სატარიფო რეგულირებასთან დაკავშირებით, სადაც დააფიქსირა საკუთარი პოზიცია სატარიფო რეგულაციასა და ტარიფების გამოთვლასთან დაკავშირებით. აღნიშნულ შეტყობინებას შპს „მობიტელის“ მხრიდან არ მოჰყოლია რაიმე რეაგირება.
შპს „კავკასუს ონლაინმა“ 2017 წლის 10 აპრილს, შპს „მობიტელისგან“ მიიღო წერილი, რომლის თანახმად, თუ შპს „კავკასუს ონლაინი“ არ განაცხადებდა უპირობო თანხმობას/აქცეპტს შპს „მობიტელის“ ოფერტაზე, შპს „კავკასუს ონლაინს“ შეუწყდებოდა მის ქსელებში საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურების გაწევა ოფერტით განსაზღვრული პირობების უპირობოდ შესრულებამდე.
შპს „კავკასუს ონლაინი“ არ დაეთანხმა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების ზემოაღნიშნულ მოთხოვნას, რის შემდეგაც 2017 წლის 13 აპრილს შპს „მობიტელმა“ შეუწყვიტა შპს „კავკასუს ონლაინს“ მის ქსელში საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურება.
შპს „კავკასუს ონლაინი“ საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურების შეწყვეტით შპს „მობიტელი“, მოქმედებს თვითნებურად და უკანონოდ, ითხოვს მომსახურების ისეთ ტარიფს, რომელიც ეწინააღმდეგება კომისიის 29.12.2016 N857/19 გადაწყვეტილებას და წყვეტს/ზღუდავს შპს „კავკასუს ონლაინთან“ სატელეფონო ურთიერთჩართვას კომისიის თანხმობის გარეშე, რითაც არღვევს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე მისთვის, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირისთვის კომისიის მიერ დადგენილ სპეციფიკურ ვალდებულებებს.
შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „მობიტელის“ მიერ ზემოაღნიშნული ქმედებები მნიშვნელოვან და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს შპს „კავკასუს ონლაინს“. კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას, საქართველოში დაასრულოს უცხოური პარტნიორებისგან ტრანზიტით შემოტანილი საერთაშორისო ზარები და შესაბამისად, ყოველდღიურად კარგავს საერთაშორისო პარტნიორების ნდობას და შემოსავლებს საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მომსახურების ბაზარზე. იმ შემთხვევაში თუ შპს „მობიტელის“ უკანონო ქმედებები კვლავ გაგრძელდება, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ კომპანია ვეღარ შეძლებს ან მნიშვნელოვნად გაურთულდება აღადგინოს პარტნიორული ურთიერთობები საერთაშორისო ოპერატორებთან, რაც გამოიწვევს იმას, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ დაკარგავს თავის წილს და ადგილს საქართველოში საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურების ბაზარზე, რაც მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს მიაყენებს შპს „კავკასუს ონლაინის“ ინტერესებს, ასევე შელახავს კომპანიის საქმიან რეპუტაციას საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში.
შპს „კავკასუს ონლაინმა“ მოითხოვა დაევალოს შპს „მობიტელს“ შპს „კავკასუს ონლაინთან“ სატელეფონო ურთიერთჩართვის საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურების ნაწილში დაუყოვნებლივ აღდგენა.
შპს „ჯეონეთის“ განცხადებაში (24.04.17 Nშ-6/3310-17) აღნიშნულია, რომ შპს „ჯეოსელმა“ კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებების იგნორირებით, საერთაშორისო ზარების თავიანთ ქსელში დასრულების ტარიფები დატოვა უცვლელი, რითაც შეილახა სხვა ავტორიზებული პირების უფლებები და კანონიერი ინტერესები. განცხადების თანახმად, შპს „ჯეონეთს“ 2017 წლის 13 აპრილიდან უკანონოდ შეეზღუდა საერთაშორისო ზარების დასრულება მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების და მათ შორის შპს „მობიტელის“ ქსელში.
შპს „ჯეონეთის“ მოთხოვნას, მსგავსად სხვა კომპანიებისა წარმოადგენს: 1. შპს „მობიტელისთვის“ კანონით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება, 2. შპს „მობიტელის“ მიერ ურთიერთჩართვის აღდგენა“. 3. კომისიის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
კომისიის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას შპს „ჯეონეთი“ ითხოვს იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ აღსრულების გადადებით განმცხადებლის კანონიერი ინტერესები ილახება უკანონოდ და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი ადგება შპს „ჯეონეთს“. კომპანიის ინტერესების დაცვის მიზნით, სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, კომპანია, როგორც საერთაშორისო სატელეფონო ტრანზიტის მომსახურების მიმწოდებელი კომპანია დაკარგავს საერთაშორისო პარტნიორებს, პირდაპირ შემოსავლებს. შპს „ჯეონეთის“ განცხადებით, არსებული მოცემულობის გაგრძელების პირობებში გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შედეგად შენარჩუნდება ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის ამ სეგმენტზე არაკონკურენტული მდგომარეობა და კომისია მოკლებული იქნება შესაძლებლობას უზრუნველყოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულება - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება.
Premium Net International SRL”-ის ფილიალის საქართველოში (13.04.17 Nშ-6/3133-17, 24.04.17 Nშ-6/3350-17) განცხადებების თანახმად, კომპანიას მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ყველა ოპერატორმა და მათ შორის შპს „მობიტელმა“ შეუწყვიტა ურთიერთჩართვა საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, დაუშვებელია საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა კომისიის თანხმობის გარეშე. Premium Net International SRL”-ის ფილიალის საქართველოში მოთხოვნაა განიხილოს კომისიამ შპს „მობიტელის“ ქმედება, მისცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და დაავალოს უკანონოდ შეწყვეტილი ურთიერთჩართვის აღდგენა.
შპს „ნიუ ვიჟენის“ საჩივრის (18.04. 17 Nშ-6/3171-17) თანახმად, შპს „მობიტელმა“ 2017 წლის 12 აპრილს შეუჩერა ურთიერთჩართვა, იმ მიზეზით, რომ შპს „ნიუ ვიჟენი“ არ დაეთანხმა შპს „მობიტელის“ ოფერტას, რომელიც არ არის შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არის გამოქვეყნებული კომისიის მიერ. საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „მობიტელის“ მიერ მოთხოვნილია ხარჯების აღიარება და თანხების გადახდა მათ მიერ უკანონოდ ვადა გაგრძელებული ოფერტების საფუძველზე. შპს „ნიუ ვიჟენის“ განცხადებით, არა თუ არ ერიცხება დავალიანება არცერთი კომპანიის და მათ შორის შპს „მობიტელის“ მიმართ, არამედ, ავანსად აქვს გადახდილი თანხები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „ნიუ ვიჟენს“ მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების, მათ შორის შპს „მობიტელის“ ქმედება წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას და მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიერ ბაზარზე კონკურენციის მოსპობისა და დომინირებული მდგომარეობის გამყარების მიზნით შეთანხმებულ და მიზანმიმართულ ქმედებას.
შპს „ნიუ ვიჟენმა“ მოითხოვა კომისიის მიერ შესაბამისი ზომების მიღება და შეჩერებული ურთიერთჩართვის აღდგენა.
ზემოაღნიშნულ საჩივრებთან დაკავშირებით, კომისიამ არსებითად იმსჯელა 2017 წლის 4 მაისის და 11 მაისის სხდომებზე. სხდომების გამართვის თაობაზე შეტყობინებებით ეცნობათ მხარეებს და ეთხოვათ დავასთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მხარეებს ასევე განემარტათ მათი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.
კომისიის 2017 წლის 4 და 11 მაისის სხდომებზე გამოცხადდნენ: შპს „მობიტელის“ წარმომადგენელი ე.ესართია, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომის“ წარმომადგენელი უ.სეთური შპს „მაიფონის“ წარმომადგენელი თ.ხონელია, შპს „სითი ტელეკომის“ დირექტორი ნ.ადეიშვილი, Premium Net International SRL”-ის ფილიალის საქართველოში წარმომადგენლები ი.გაფრინდაშვილი და ნ.აბუთიძე, შპს „ლაგის“ წარმომადგენლები ზ. მჭედლიშვილი და გ.მისაბიშვილი, შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები თ.ხარაზიშვილი, ი.ჭანტურია, შპს „ჯეონეთის“ დირექტორის მოადგილე ი.ლასურაშვილი, შპს „ნიუ ვიჟენის“ წარმომადგენლები ნ.შეყელაძე, თ.მიქიაშვილი, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ დირექტორი გ.ხანჯალაძე.
შპს „მაიფონმა“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომმა“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიამ“, შპს „სითი ტელეკომმა“, შპს „ლაგმა“, შპს „კავკასუს ონლაინმა“, შპს „ჯეონეთმა“, Premium Net International SRL”-ის ფილიალმა საქართველოში და შპს „ნიუ ვიჟენმა“ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიაში წარმოადგინეს შპს „მობიტელის“ მიმართულებით განუხორციელებელი ზარების (ე.წ. ლოგები) თაობაზე ინფორმაცია. კომპანიების მიერ ელექტრონულად წარმოდგენილი ინფორმაციები შეისწავლა კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტმა და წარმოადგინა დასკვნა სამსახურებრივი ბარათის სახით (08.05.18 Nშ-10/3685-17), რომლის თანახმად დასტურდება, რომ შპს „მობიტელს“ მოდავე კომპანიებთან შეჩერებული ჰქონდა ურთიერთჩართვა საერთაშორისო ზარების ნაწილში 2017 წლის 13 აპრილიდან.
კომისიის 2017 წლის 11 მაისის სხდომაზე, შპს „მაიფონმა“ და შპს „სითი ტელეკომმა“ მოითხოვეს შპს „მობიტელის“ სანქცირება, შეჩერებული ურთიერთჩართვის აღდგენა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. შპს „ჯეონეთის“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ ურთიერთჩართვა აღდგენილია მის კომპანიასა და შპს „მობიტელს“ შორის და მოითხოვა შპს „მობიტელის“ სანქცირება. შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომმა“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიამ“, შპს „ლაგმა“, შპს „კავკასუს ონლაინმა“, შპს „ჯეონეთმა“, Premium Net International SRL”-ის ფილიალმა საქართველოში და შპს „ნიუ ვიჟენმა“ განაცხადეს, რომ საკითხის განხილვის დღისთვის ურთიერთჩართვა აღდგენილია შპს „მობიტელთან“ და შესაბამისად, უარი განაცხადეს შპს „მობიტელის“ მიმართ თავიანთ მოთხოვნებზე.
კომისიის სხდომაზე შპს „მობიტელის“ წარმომადგენელმა ი.ესართიამ განმარტა, რომ აღნიშნული კომპანიები შპს „მობიტელის“ მიერ გათიშულნი იქნენ დავალიანების გამო.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. შპს „მობიტელის“ 2016 წლის პირველი აგვისტოს მოწვევის ოფერტა;
2. შპს „მაიფონის“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომის“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“, შპს „სითი ტელეკომის“, შპს „ლაგის“ ერთობლივი განცხადება (18.04.17 Nშ-6/3180-17) თანდართული დოკუმენტაციით;
3. შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადება (20.04.17 Nშ-6/3229-17) თანდართული დოკუმენტაციით;
4. შპს „ჯეონეთის“ განცხადება (24.04.17 Nშ-6/3310-17) თანდართული დოკუმენტაციით;;
5. Premium Net International SRL”-ის ფილიალის საქართველოში განცხადება (13.04.17 Nშ-6/3133-17) თანდართული დოკუმენტაციით;
6. შპს „ნიუ ვიჟენის“ განცხადება (18.04.17 შ-6/3171-17) თანდართული დოკუმენტაციით;
7. შპს „სისტემ ნეტის საჩივარი (26.04.17 Nშ-6/3374-17) თანდართული დოკუმენტაციით;
8. შპს „მაიფონის“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომის“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“, შპს „სითი ტელეკომის“, შპს „ლაგის“, შპს „კავკასუს ონლაინის“, შპს „ჯეონეთის“, Premium Net International SRL”-ის ფილიალის საქართველოში და შპს „ნიუ ვიჟენის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი მტკიცებულებები მათ მიერ შპს „მობიტელის“ ქსელში განუხორციელებელი ზარების თაობაზე (ე.წ. „ლოგები“);
9. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (08.05.18 Nშ-10/3685-17);
10. კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის № 571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
11. კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილება მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ;
12. შპს „მაიფონის“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომის“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“, შპს „სითი ტელეკომის“, შპს „ლაგის“, შპს „კავკასუს ონლაინის“, შპს „ჯეონეთის“, Premium Net International SRL”-ის ფილიალის საქართველოში, შპს „ნიუ ვიჟენის“ და შპს „სისტემ ნეტის“ წარმომადგენლების მიერ კომისიის 2017 წლის 4 და 11 მაისის სხდომებზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები;
13. შპს „მობიტელის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის 2017 წლის 4 და 11 მაისის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები;
14. შპს „მაიფონის“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომის“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“, შპს „სითი ტელეკომის“, შპს „ლაგის“, შპს „კავკასუს ონლაინის“, შპს „ჯეონეთის“, Premium Net International SRL”-ის ფილიალის საქართველოში და შპს „ნიუ ვიჟენის“ შესახებ მონაცემები ავტორიზებულ პირთა შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
15. შპს „მობიტელის“ შესახებ მონაცემები ავტორიზებულ პირთა შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,,მობიტელი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი 26.08.2005. ხელახალი რეგისტრაციის თარიღი: 12.02.2012.) ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება; მონაცემთა გადაცემა; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება);
2. შპს „მაიფონი“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომი“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯია“, შპს „სითი ტელეკომი“, შპს „ლაგი“, შპს „კავკასუს ონლაინი“, შპს „ჯეონეთი“, Premium Net International SRL”-ის ფილიალი საქართველოში და შპს „ნიუ ვიჟენი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და ახორციელებენ საერთაშორისო ზარების დასრულებას შპს „მობიტელის“ ქსელში.
3. „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების (ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით) მე-3 პუნქტის თანახმად, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შპს „მობიტელი“ დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ. ამავე გადაწყვეტილების 4.1 პუნქტის თანახმად, მას დაეკისრა ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, ხოლო 4.5 პუნქტის შესაბამისად, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება. ასევე, 4.5 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს: შპს „მაგთიკომს“, შპს „ჯეოსელს“ და შპს „მობიტელს“, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაუდგინდა სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 3,5 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს და აქციზის ჩათვლით. აღნიშნული ტარიფის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა საერთაშორისო შემომავალი და გამავალი ტარიფები და მასთან დაკავშირებული დანახარჯები;
4. კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებით საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის (შპს „ჯეოსელი”, შპს „მაგთიკომი“, შპს „მობიტელი“) 1 წუთზე დადგინდა 0,20 აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N446/19 გადაწყვეტილებით კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში შევიდა ცვლილება მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებს - შპს ,,ჯეოსელი”, შპს „მაგთიკომი“, შპს „მობიტელი“, სს „სილქნეტი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს „ივერია ქსელი“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ მიეცეთ კუთვნილ საკომუნიკაციო ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) ტარიფისაგან განსხვავებული (საფეხურებრივი) ტარიფის დაწესების უფლება შემდეგი პირობებით: ა) მოძრავ და ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში საერთაშორისო ზარის ტერმინაციაზე საფეხურებრივი ტარიფი უნდა დადგინდეს ოპერატორის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტრაფიკის მოცულობის მიხედვით; ბ) მეორე და შემდგომ საფეხურზე დადგენილი ტარიფი უნდა იყოს პირველ საფეხურზე დადგენილ ტარიფზე 25 %-ით მეტი; გ) მოძრავი და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე დაწესებული ტარიფი არ უნდა იყოს მის მიერ მეორე საფეხურზე დადგენილ ტარიფზე ნაკლები;
5. 2016 წლის 29 ივლისს კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა შპს „მობიტელის“ 2016 წლის პირველი აგვისტოს მოწვევის ოფერტა ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შესახებ კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N446/19 გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით;
5. კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით მოქმედების ვადა არ გაუგრძელდა ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებას. შესაბამისად, გაუქმდა საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისთვის საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის დასრულებისთვის დადგენილი დროებითი რეგულაციები და 2017 წლის 1 მარტიდან საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურებისთვის ამოქმედდა კომისიის მიერ მობილურ ქსელში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის საბითუმო ბაზრის სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფი - 3,5 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს და აქციზის ჩათვლით;
6. კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით, შპს ,,მობიტელს“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, დაევალა 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა 2017 წლის 1 მარტამდე;
7. 2017 წლის 28 თებერვალს კომისიაში შემოვიდა შპს ,,მობიტელის“ წერილი (Nშ-6/1984-17), რომლითაც კომპანიამ ითხოვა ცვლილების შეტანა 2016 წლის პირველი აგვისტოს მოწვევაში. აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებდა 2017 წლის პირველი აგვისტოს მოწვევის ოფერტის მოქმედების განსაზღვრას 2016 წლის პირველი აგვისტოდან 2017 წლის პირველ ივლისამდე. შპს ,,მობიტელის“ მოწვევის ოფერტა აღნიშნული პირობებით არ გამოქვეყნდა კომისიის ვებ-გვერდზე, ვინაიდან ის ეწინააღმდეგებოდა კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 და 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილებებს და მოქმედ კანონმდებლობას;
8. კომისიის 28.02.17 N08/633/17, 02.03.17 N08/680-17, 10.03.17 N08/748-17 წერილებით შპს „მობიტელს“ განემარტა, რომ კომისიის 2016 წლის N857/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, 2017 წლის 1 მარტიდან საქართველოში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე მოქმედებს მობილურ და ფიქსირებულ ქსელში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურებაზე დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფები (კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილებები). ასევე განემარტა, რომ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისათვის ტარიფის დაწესებისას ოპერატორებმა უნდა გაითვალისწინონ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთაშორისო ზარის საქართველოში მობილურ და ფიქსირებულ ქსელში დასრულების მომსახურებაზე დაწესებული აქციზის გადასახადი. შესაბამისად, მიერ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისათვის ტარიფის დაწესებისას, კომისიის მიერ დადგენილ ზედა ზღვრულ ტარიფს უნდა დაემატოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული აქციზის გადასახადი. ამასთან, შპს ,,მობიტელს“ ეთხოვა, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა;
9. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს შპს ,,მობიტელს“ კომისიაში გამოსაქვეყნებლად არ წარმოუდგენია მასზე დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებთან და კომისიის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანილი მოწვევის ოფერტა;
10. შპს „მობიტელს“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომისიის 13.04.2017 N260/18 გადაწყვეტილებით მიეცა გაფრთხილება;
11. შპს „მობიტელმა“ შპს „მაიფონს“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომს“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“, შპს „სითი ტელეკომს“, შპს „ლაგს“, შპს „კავკასუს ონლაინს“, შპს „ჯეონეთს“, Premium Net International SRL”-ის ფილიალს საქართველოში და შპს „ნიუ ვიჟენს“ შეუჩერა ურთიერთჩართვა საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში;
12. შპს ,,მობიტელს“ არ მოუმართავს კომისიისთვის შპს „მაიფონთან“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომთან“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთან“, შპს „სითი ტელეკომთან“, შპს „ლაგთან“, შპს „კავკასუს ონლაინთან“, შპს „ჯეონეთთან“, Premium Net International SRL”-ის ფილიალთან საქართველოში და შპს „ნიუ ვიჟენთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მოპოვების მიზნით და არ მიუღია კომისიისგან თანხმობა აღნიშნული ურთიერთჩართვის შეჩერებაზე;
13. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისთვის შპს „მობიტელს“ ურთიერთჩართვა აღდგენილი აქვს შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომთან“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთან“, შპს „ლაგთან“, შპს „კავკასუს ონლაინთან“, შპს „ჯეონეთთან“, Premium Net International SRL”-ის ფილიალთან საქართველოში და შპს „ნიუ ვიჟენთან“. აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით აღნიშნულმა კომპანიებმა მოხსნეს მოთხოვნები შპს „მობიტელთან“ მიმართებაში.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ამოცანაა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა მიერ იმ სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი, რომლებიც მათ შეიძლება დაეკისროს ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად;
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით;
6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომის“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“, შპს „ლაგის“, შპს „კავკასუს ონლაინის“, Premium Net International SRL”-ის ფილიალის საქართველოში და შპს „ნიუ ვიჟენის“ მიერ შპს „მობიტელის“ მიმართ მოთხოვნების მოხსნის გათვალისწინებით, აღნიშნული კომპანიების განცხადებებთან/საჩივრებთან დაკავშირებით უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება.
კომისია აღნიშნავს, რომ არ იზიარებს შპს „მობიტელის“ არგუმენტაციას დავალიანების გამო კომპანიებთან ურთიერთჩართვის შეჩერებიასთან დაკავშირებით, ვინაიდან, შპს „მობიტელს“ არსებული ურთიერთჩართვის შეჩერების უფლება, თუნდაც დავალიანების არსებობის შემთხვევაში წარმოეშობოდა, მხოლოდ კომისიისთვის მომართვისა და კომისიისაგან შესაბამისი თანხმობის მიღების შემდეგ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელის“ მიერ შპს „მაიფონთან“, შპს „სითი ტელეკომთან“ და შპს „ჯეონეთთან“, კომისიის თანხმობის გარეშე საერთაშორის ზარების ნაწილში ურთიერთჩართვის შეჩერებით, დარღვეული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი, რის გამოც შპს „მობიტელს“ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. შპს „ჯეოსელის“ მიმართ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის სანქცია გამოყენებული არ ყოფილა, შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შპს „მობიტელს“ უნდა დაეკისროს წერილობითი გაფრთხილება.
კომისია აღნიშნავს, რომ ჩადენილი დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, შპს „მობიტელს“ უნდა დაევალოს შპს „მაიფონთან“ და შპს „სითი ტელეკომთან“ საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში შეჩერებული ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენა „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებებისა და საქართველოს კანონმდებლობით (მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსით) განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულების გადადებით განმცხადებლების კანონიერი ინტერესები ილახება უკანონოდ და ადგებათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. იმ შემთხვევაში, თუ დიდ და პატარა ოპერატორებს შორის არ მოხდება შეწყვეტილი/შეჩერებული ურთიერთჩართვის აღდგენა დაუყოვნებლივ , განცხადებების/საჩივრების ავტორი კომპანიები, როგორც საერთაშორისო სატელეფონო ტრანზიტის მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები, დადგებიან შემოსავლების მიუღებლობისა და საერთაშორისო პარტნიორების დაკარგვის საშიშროების წინაშე, რაც აღნიშნული კომპანიების მუშაობას გახდის შეუძლებელს. განცხადებების/საჩივრების ავტორი კომპანიების შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს საერთაშორისო ზარების მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი. სახეზეა აღნიშნული ავტორიზებული პირების საკომუნიკაციო ბაზრიდან გაქრობის საშიშროება, რაც დამაზიანებელი იქნება, როგორც ამ კომპანიებისთვის, ისე ამ კომპანიაში დასაქმებული ადამიანებისთვის, რადგან გარდაუვალი იქნება სამუშაო ადგილების დაკარგვა. წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შედეგად შენარჩუნდება მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების მხრიდან მათზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების დარღვევა და კომისია მოკლებული იქნება შესაძლებლობას უზრუნველყოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულება - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, რაც დიდ ზიანს მიაყენებს საკომუნიკაციო ბაზარს.
ამდენად, წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულების გადადებით ვერ მოხდება განცხადებების/საჩივრების ავტორთა კანონიერი უფლებების რეალიზაცია და სამომავლოდ ასევე შეუძლებელი გახდება მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და იმ მიზნით, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს მიერ (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ) ქვეპუნქტის გათვალსიწინებით) არ იქნას შეჩერებული კომისიის გადაწყვეტილება, კომისიამ მიიჩნია, რომ აუცილებელია წინამდებარე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 გადაწყვეტილებისა და „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომის“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“, შპს „ლაგის“, შპს „კავკასუს ონლაინის“, Premium Net International SRL”-ის ფილიალის საქართველოში და შპს „ნიუ ვიჟენის“ განცხადებებთან/საჩივრებთან დაკავშირებით;
2. შპს „მაიფონის“, შპს „სითი ტელეკომის“ და შპს „ჯეონეთის“ განცხადებები/საჩივრები დაკმაყოფილდეს;
3. შპს „მობიტელს“ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის დარღვევის გამო;
4. შპს „მობიტელს“ დაევალოს შპს „მაიფონისთვის“ და შპს „სითი ტელეკომისთვის“ საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში შეჩერებული ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენა „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებებისა და საქართველოს კანონმდებლობით (მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსით) განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
5. წინამდებარე გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) დაინტერესებული მხარეებისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
8. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
9. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს ,,მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
