წვდომის მენიუ

შპს „ახტელის“ წინააღმდეგ Premium Net International SRL”-ის ფილიალის საქართველოში განცხადებასთან დაკავშირებით დავის შეწყვეტისა და შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 334 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 19, 2017 18:03

მიღების თარიღი მაისი 11, 2017

შპსახტელისწინააღმდეგ  Premium Net International SRL”-ის ფილიალის საქართველოში განცხადებასთან დაკავშირებით დავის შეწყვეტისა და შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის თანხმობის გარეშე საერთაშორისო ზარების ნაწილში ურთიერთჩართვის შეჩერებასთან დაკავშირებით, ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიის - შპს „ახტელის“ წინააღმდეგ, კომისიას საჩივრით მომართა „Premium Net International SRL”-ის ფილიალმა საქართველოში (13.04.17 Nშ-6/3133-17).

„Premium Net International SRL”-ის ფილიალის საქართველოში (13.04.17 Nშ-6/3133-17, 24.04.17 Nშ-6/3350-17) განცხადებების თანახმად, კომპანიას მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ყველა ოპერატორმა და მათ შორის შპს „ახტელმა“ შეუწყვიტა ურთიერთჩართვა საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „ახტელის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, დაუშვებელია საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა კომისიის თანხმობის გარეშე. Premium Net International SRL”-ის ფილიალის საქართველოში მოთხოვნაა განიხილოს კომისიამ შპს „ახტელის“ ქმედება, მისცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და დაავალოს უკანონოდ შეწყვეტილი ურთიერთჩართვის აღდგენა.

„Premium Net International SRL”-ის ფილიალის საქართველოში საჩივართან დაკავშირებით, კომისიაში მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2017 წლის პირველ მაისს, ხოლო ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიამ არსებითად იმსჯელა 2017 წლის 4 მაისის და 11 მაისის სხდომებზე. სხდომების გამართვის თაობაზე შეტყობინებებით ეცნობათ მხარეებს და ეთხოვათ დავასთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მხარეებს ასევე განემარტათ მათი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

კომისიის 2017 წლის პირველი მაისის მოსამზადებელ სხდომაზე, შპს „ახტელის“ წარმომადგენელმა ხ.ინჯიამ განმარტა, რომ შპს „Premium Net International SRL“-ის საქართველოში ფილიალის წარმომადგენლის ქსელიდან შპს „ახტელის“ ქსელში დაუდგენელი ნომრებიდან  შემოდიოდა ზარები, რასთან დაკავშირებითაც კომპანიას მომხმარებლებმა მომართეს პრეტენზიით, რაც გახდა  „Premium Net International SRL“-ის საქართველოში ფილიალთან ურთიერთჩართვის შეჩერების მიზეზი. „Premium Net International SRL“-ის საქართველოში ფილიალის წარმომადგენელმა ი.გაფრინდაშვილმა განმარტა, რომ მისი მარწმუნებლისთვის ცნობილი არ იყო აღნიშნული ფაქტის თაობაზე.

კომისიის 2017 წლის 4 და 11 მაისის სხდომებზე გამოცხადდნენ: შპს „ახტელის“ წარმომადგენელი  ხ. ინჯია და ლ.ამაშუკელი, „Premium Net International SRL”-ის ფილიალის საქართველოში წარმომადგენლები ი.გაფრინდაშვილი და ნ.აბუთიძე.

კომისიის 2017 წლის 11 მაისის სხდომაზე  „Premium Net International SRL”-ის საქართველოში ფილიალის საქართველოში წარმომადგენელმა ი. გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ შპს „ახტელთან“ ურთიერთჩართვა აღდგენილია და „Premium Net International SRL”-ის ფილიალი საქართველოში უარს აცხადებს თავის მოთხოვნაზე.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. „Premium Net International SRL”-ის ფილიალის საქართველოში განცხადება (13.04.17 Nშ-6/3133-17) თანდართული დოკუმენტაციით;

2. „Premium Net International SRL”-ის საქართველოში ფილიალის მიერ კომისიაში წარმოდგენილი მტკიცებულებები მის მიერ შპს „ახტელის“ ქსელში განუხორციელებელი ზარების თაობაზე (ე.წ. „ლოგები“);

3. შპს „ახტელის“ მიერ კომისიაში ელექტრონულად (02.05.17) წარმოდგენილი, მომხმარებელთა პრეტენზიების ამსახველი აუდიო ჩანაწერები;

4. შპს „ახტელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია (29.03.17 Nშ-6/2775-17)  იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ქსელიდანაც შპს „ახტელის“ ქსელში ხორციელდებოდა გაურკვეველი წარმოშობის ზარები;

5.  „Premium Net International SRL“-ის ფილიალის საქართველოში წარმომადგენლის მიერ კომისიის 2017 წლის პირველი, 4 და 11 მაისის სხდომებზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები;

6. შპს „ახტელის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის 2017 წლის პირველი, 4 და 11 მაისის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები;

7. „Premium Net International SRL”-ის ფილიალის საქართველოში შესახებ მონაცემები ავტორიზებულ პირთა შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

8. შპს „ახტელის“ შესახებ მონაცემები ავტორიზებულ პირთა შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „ახტელი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი 10.02.2010, ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა;  ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა: საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის სხვა საქმიანობის სახეები; ინტერნეტ მომსახურება;  ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand) და სხვა;

2. „Premium Net International SRL”-ის ფილიალი საქართველოში წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და ახორციელებენ საერთაშორისო ზარების დასრულებას შპს „ახტელის“ ქსელში;

3. „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, ფიქსირებული სადენიანი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვების და ურთიერთჩართვის  (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის   სეგმენტებზე  დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ შპს „ახტელი“;

4. შპს „ახტელმა“ „Premium Net International SRL”-ის ფილიალს საქართველოში შეუჩერა მოქმედი ურთიერთჩართვა საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში;

5. შპს „ახტელს“ არ მოუმართავს კომისიისთვის „Premium Net International SRL”-ის ფილიალთან საქართველოში მოქმედი  ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მოპოვების მიზნით და არ მიუღია კომისიისგან თანხმობა აღნიშნული ურთიერთჩართვის შეჩერებაზე;

6. შპს „ახტელსა“ და „Premium Net International SRL”-ის საქართველოში ფილიალს შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის კომისიაში განხილვის დღისათვის, აღნიშნულ კომპანიებს შორის ურთიერთჩართვა აღდგენილი იქნა სრულად და „Premium Net International SRL”-ის საქართველოში ფილიალმა უარი განაცხადა შპს „ახტელის“ მიმართ მოთხოვნაზე.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისიის ამოცანაა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა მიერ იმ სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი, რომლებიც მათ შეიძლება დაეკისროს ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად;

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით;

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები;

7.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

კომისია არ იზიარებს შპს „ახტელის“ არგუმენტაციას დაუდგენელი ზარების გამო შპს „ახტელის“ ქსელში „Premium Net International SRL”-ის საქართველოში ფილიალის ურთიერთჩართვის შეჩერებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, შპს „ახტელს“ ურთიერთჩართვის შეჩერების უფლება, წარმოეშობოდა მხოლოდ კომისიისთვის მომართვისა და კომისიისაგან შესაბამისი თანხმობის მიღების შემდეგ.

კომისია აღნიშნავს, რომ „Premium Net International SRL”-ის საქართველოში ფილიალის მიერ შპს „ახტელის“ მიმართ, ურთიერთჩართვის აღდგენის მოთხოვნის მოხსნის გათვალისწინებით, შპს „ახტელსა“ და  „Premium Net International SRL”-ის საქართველოში ფილიალს შორის დავასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.   შპს „ახტელის“ მიერ „Premium Net International SRL”-ის ფილიალთან საქართველოში, კომისიის თანხმობის გარეშე  საერთაშორის ზარების ნაწილში ურთიერთჩართვის შეჩერებით, დარღვეული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი, რის გამოც შპს „ახტელს“ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. შპს „ახტელის“ მიმართ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის სანქცია გამოყენებული არ ყოფილა, შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შპს „ახტელს“ უნდა დაეკისროს წერილობითი გაფრთხილება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე  98-ე და 99-ე მუხლების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „ახტელსა“ და „Premium Net International SRL”-ის საქართველოში ფილიალს შორის ურთიერთჩართვის დავასთან დაკავშირებით.

2. შპს „ახტელს“ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის დარღვევის გამო;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) დაინტერესებული მხარეებისთვის  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                             ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                           კახი ბექაური

კომისიის წევრი                                           ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                           გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                           მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები